კუნძა – ქართული ვაზის ჯიში – იმერეთი

კუნძა, ვაზი, იმერეთი

კუნძა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ძირითადად ქვემო იმერეთში და იძლევა სუფრის ორდინარულ ღვინოს.

მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის კუნძა ცნობილია აგრეთვე კუმსას და მწვანეს სახელწოდებით.

კუნძა უძველესი ვაზის ჯიშია, თავისი მორფოლოგიური ნიშნებით და სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით მეტად ახლო დგას ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთად მიეკუთვნება prol. pontica Negr. ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.

იგი გამოსულია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ადგილობრივი  კოლხეთის კერიდან. ძირითადი სახელწოდება კუნძა და დამატებითი კუმსა ჯიშს მიღებული აქვს მტევნების მეტად კუმსი აგებულების გამო და მართლაც, ჯიში კუნძა მჭიდროდ მარცვალჩასხმულ, მოკლე, განიერ კონუსისებრი ფორმის მკვრივ მტევნებს ისხამს, რომლებიც თავისი მოყვანილობით კუნძს წააგავს.

იმერეთის ზოგიერთ სოფლებში გავრცელებული დამატებითი სახელწოდება მწვანე იმერულ მწვანესთან მსგავსების გამო უნდა ჰქონდეს შერქმეული.

სუფთა ნარგავების სახით ჯიში გავრცელებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. შედარებით დიდი ფართობი ჯიშს უკავია, ძირითადად, ქვემო იმერეთში, სახელდობრ: წყალტუბოს, ტყიბულის, ბაღდადის, ქუთაისის და ვანის რაიონებში.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია იმერეთში ბაღდადის რაიონში სოფ. ობჩაში ვენახში, რომელიც გაშენებულია ფერდობზე კირნარ-თიხნარ ნიადაგზე. ვაზი შპალერზეა გამართული და გაფორმებულია ქართული წესით ორ მოპირისპირე გრძელ 8-10 კვირტიან საკავებელზე და ორ მოკლე 2-3 კვირტიან ნეკზე.

ახალგაზრდა ყლორტი (15_20 სმ). მოზარდი ყლორტის გვირგვინი პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი, ფოთოლაკის ჩათვლით შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით, უფრო ძლიერ ფოთლის ქვედა მხრიდან. იგი მოთეთრო ფერისაა და სუსტი მოვარდისფრო იერი ახლავს გვირგვინისა და პირველი ორი ფოთოლაკის ირგვლივ. მესამე ფოთლიდან დაწყებული ზედა მხარის შებუსვა კლებულობს და იგი მონარინჯისფრო-ყვითელი ხდება, ხოლო ქვედა მხრიდან მეოთხე ფოთოლაკამდე მორუხო თეთრი ფერის შებუსვა რჩება. ყლორტის ზედა ნაწილიც შებუსვილია, უფრო ინტენსიურად წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა. კარგად შემოსული ერთწლიანი რქა მოყვითალო ყავისფერია. მუხლთაშორისები საშუალოდ 12_15 სმ სიგრძისაა. მუხლები მუხლთაშორისებთან შედარებით უფრო მუქად არის შეფერილი. ზოლები მუხლთაშორისების გასვწრივ კარგად ემჩნევა.

ფოთოლი. შუა იარუსის (9-12) ფოთლები საშუალოზე დიდი ზომისაა, მათი სიგრძე საშუალოდ 17-18 სმ, ხოლო სიგანე 18 სმ უდრის. ფოთლის მოხაზულობა მომრგვალოა, იშვიათად ოვალური ან განიერ ოვალურია. ფოთოლი თითქმის დაუნაკვთავი ან სამნაკვთიანი და მუქი მწვანე ფერისაა. ფოთლის ზედაპირი სწორი, ან ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად იგი მსხვილბურთულებიანია. ფოთლის შუა ნაკვთი უფრო ხშირად ბლაგვკუთხიანია. ფოთლის მოხაზულობა ბუნებრივ პირობებში ღარისებრია და ნაკვთების ბოლოები უფრო ხშირად ძირსაა დახრილი.

ზედა ამონაკვეთები ღიაა, უფრო ხშირად ზეზეურებია, შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმისაა, იშვიათად გვხვდება საშუალო სიღრმის პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ამონაკვეთები, მათზე უფრო იშვიათად ოდნავ შესამჩნევი და კვერცხისმაგვარი თვლიანი დახურული ამონაკვეთები გვხვდება. ამონაკვეთების ფუძე უფრო ხშირად მახვილია.

ქვედა ამონაკვეთები ნაკლებადაა გამოსახული, ჩვეულებრივ იგი ოდნავ შესამჩნევი ნაპრალისებრია ან შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმისაა, ხშირად ქვედა ამონაკვეთები სულ არაა გამოსახული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, შვილდისებრი ფორმისა, ზოგჯერ იგი ჩანგისმაგვარია მახვილი ფუძით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე დახურული ელიფსისებრთვლიანი ამონაკვეთები.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება სწორი მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით, ცალ მხარეზე ან ორივე მხარეზე გამოწეულგვერდებიანი მახვილწვერიანი კბილებით, იშვიათად გუმბათისმაგვარი ფორმის კბილებიც გვხვდება. გვერდითი კბილები უფრო ხშირად ხერხისკბილებისებრი ფორმისაა ცალ ან ორივე მხარეზე გამოწეული გვერდებით.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაო სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, რომლის ქვემოთ მოფენილია მოკლე ჯაგრისებრი ბუსუსი, რაც ერთად ქმნის საკმაო სქელ ქეჩისებრ შებუსვილობას. ფოთლის ყუნწი შუა ძარღვზე ოდნავ მოკლეა, ან მას უდრის. ყუნწი გლუვია და ღია მწვანე ღერისაა.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია. ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანაა. მტვრიანები სწორმდგომია, მათი სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,15-1,50 შეადგენს. ბუტკო კონუსისმაგვარი ფორმისაა, სვეტი კარგად გამოსახულია, იგი მთავრდება ორად ან სამად გაყოფილი დინგით.

მტევნები. მტევნები საშუალო სიდიდისაა, რომელთა სიგრძე მერყეობს 8-დან 15 სმ-მდე. ხოლო განი 7-დან 12 სმ-მდე. საშუალო სიდიდის მტევნის ზომა 11X9 სმ უდრის. მტევნების ფორმა განიერი კონუსისებრია, ხშირად მხრიანია, იშვიათად უფორმო მტევნებიც გვხვდება. მტევნები ძალზე მკვრივია, იშვიათად მკვრივი მტევნებიც გვხვდება. მტევნის ყუნწი მოკლეა, საშუალოდ მისი სიგრძე 1,5-2,0 სმ უდრის, იგი ბალახისებრია, ხოლო რქასთან შეერთების ადგილას ხევდება და რქის ფერს იღებს.

მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე 5-7 მმ უდრის, იგი დაფარულია რუხი ხორკლებით. მარცვლის ბალიში ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ყავისფერი ხორკლებით.

მარცვალი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 1,6-დან 2,0 სმ-მდე. ხოლო განი 1,5_დან 2,0 სმ_მდე. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,8X1,75 სმ უდრის.

მარცვალი მომრგვალოა, იშვიათად შეზნექილია, ზოგჯერ ოდნავ ოვალური ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მტევნის სიმკვრივის გამო მარცვლის უდიდესი განი მის ბოლოსაკენ ინაცვლებს, რის გამო ხშირად მარცვალი შებრუნებული კვერცხისმაგვარ ფორმას იღებს. მარცვალი ღია ყვითელი ფერისაა და დაფარულია ცვილისებრი ფიფქით. მარცვლის კანი სქელი და უხეშია, გემო ჩვეულებრივია, რბილობი წვნიანი, ხოლო წვენი უფერული.

წიპწა. მარცვალში უფრო ხშირად ერთი ან ორი წიპწაა. წიპწა მომრგვალოა და ყავისფერი, ხოლო ნისკარტი არეში და მუცლის მხარეზე მონარინჯისფრო-ყვითელია. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალური ფორმისაა და ოდნავ გამოზნექილია გარეთ. ღარი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ კარგად გამოსახულია, ხოლო ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ ვიწრო და ოდნავ შესამჩნევია.

მუცლის მხარე ქედიანია. მუცლის მხარის ღარები საკმაოდ ღრმაა და პარალელურად მიემართება ნაწიბურის გასწვრივ. ღარის ფუძე მოყვითალოა. ნისკარტი კარგად გამოსახულია, მისი სიგრძე 1,6-1,8 მმ უდრის, ფორმით იგი ცილინდრულ-კონუსისებრია და ნარინჯისფერი აქვს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა. დაკვირვებები კუნძას ფენოფაზების მსვლელობაზე წარმოებდა იმერეთში საქარის საცდელ სადგურზე ქ. ზესტაფონში და კახეთში  მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ქ. თელავის მახლობლად. (დახასიათება ძველია, თუმცა გამოსადეგი)

იმერეთში წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლის დასაწყისიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 185, ხოლო კახეთში 165 დღეს უდრიდა. კუნძას ყურძენი სრულ სიმწიფეს იმერეთში (საქარა) საშუალოდ 11 ოქტომბერს აღწევს, ხოლო კახეთში (ქ. თელავი) 6 ოქტომბერს.

კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი იმერეთში 3790º შეადგენდა, ხოლო კახეთში  3244º. ამ მონაცემების მიხედვით კუნძა შეიძლება მიეკუთვნოს სიმწიფის III პერიოდის ჯიშებს. იმერეთის სტანდარტული ვაზის ჯიშებთან ციცქასა და ცოლიკოურთან შედარებით კუნძა 10-12 დღით (ერთი პერიოდით) უფრო ადრე მწიფდება.

იმერეთისა და კახეთის პირობებში კუნძას ერთწლიანი რქები ყურძნის მასობრივი სიმწიფის პერიოდისათვის იღებს საშემოდგომო შეფერვას, ხოლო ფოთოლცვენის დროისათვის სავსებით მწიფდება და კარგად შემოსული გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს. ვაზის ზრდის სიძლიერე ნიადაგისა და ჰავის პირობების მიხედვით საგრძნობლად ცვალებადობს. ქვემო იმერეთის ალუვიურ ნიადაგებზე კუნძას ზრდა საშუალოზე ძლიერია, ხოლო შუა იმერეთში იგი საშუალოა.

მოსავლიანობა. კუნძას ნამყენები შედარებით ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. დარგვიდან მეორე წელს კუნძა იძლევა ნიშანს, ხოლო მესამე, მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს. საწარმოო ვენახებში კუნძას მოსავლიანობა საგრძნობლად მერყეობს ნაკვეთების მდებარეობის, ნიადაგის თვისებებისა და ფორმირება-დატვირთვის მიხედვით.

ქვემო იმერეთის ალუვიურ ნიადაგებზე 2,25 კვ.მ კვების არეზე, ვაზების ორი მოპირისპირე საკავებელზე და ნეკზე გასხვლის შემთხვევაში, კუნძას მოსავლიანობა 80-100 ცენტნერს აღწევს, ხოლო შუა იმერეთის გაეწრებულ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე მთისა და გორაკების ფერდობებზე კუნძას მოსავლიანობა შედარებით ნაკლებია და საშუალოდ შეადგენს 60_80 ცენტნერს ჰექტარზე.

კარგი მოსავლიანობით ხასიათდება კუნძა აფხაზეთშიაც. მევენახეობის ინსტიტუტის დასაყრდენ პუნქტის ნაკვეთზე (სოფ. ახალსოფელი, გუდაუთის რ-ნი) კუნძას მოსავალი 100-120 ცენტნერს აჭარბებს ჰექტარზე. კახეთში მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (ქ. თელავი) კუნძას საშუალო მოსავალი კი ერთ ძირზე 2,82 კგ უდრიდა, რაც ჰექტარზე გადაყვანით 90_100 ც შეადგენს.

კუნძა კარგი მსხმოიარობის მაჩვენებლებით ხასიათდება, მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,5-2,0_მდე მერყეობს, ხოლო საშუალო 1,6 უდრის. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 150_დან 175 გ_მდე, ხოლო კარგად განვითარებული მსხვილი მტევნების წონა 250-300 გ აღწევს. ამ მონაცემების მიხედვით ერთი ძირი ვაზის მოსავალი 15-20 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში 4-5 კგ აღწევს, მაგრამ რადგანაც გაანგარიშებული მოსავალი მუდამ ნაკლებია ფაქტიურზე კუნძას საშუალო მოსავალი უნდა ვივარაუდოთ 80-100 ცენტნერამდე ჰექტარზე.

ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა

მევენახეობის საქარის საცდელ სადგურზე და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთებზე წარმოებულ დაკვირვებათა, აგრეთვე ადგილობრივი სპეციალისტების, დაკვირვებების მიხედვით კუნძა შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება სოკოვან ავადმყოფობათა (განსაკუთრებით ჭრაქის) მიმართ.

ძირითადად ამით უნდა აიხსნას კუნძას მომეტებულად გავრცელება ქვემო იმერეთისა და ნაწილობრივ აფხაზეთის ჭარბტენიან რაიონებში. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება კუნძა აგრეთვე ფილოქსერის წინააღმდეგაც, თუმცა თავის გამძლეობით იგი ჩამორჩება ციცქას და ამ თვისებით უახლოვდება მჭკნარა დონდღლაბს.

საძირეებთან მონათესაობა. საქართველოში გავრცელებულ საძირეთაგან საცდელ და სამეურნეო დაწესებულებათა დაკვირვება-გამოცდილებით კუნძა შედარებით კარგ შედეგს იძლევა თითქმის ყველა სტანდარტულ საძირეზე. ნიადაგის ცალკეულ ტიპების მიხედვით უკეთეს შედეგს კუნძა იძლევა რიპარიაXრუპესტრის 3306 და 101/14 საძირეებზე, ძირითადად, ნოყიერ ალუვიურ ნიადაგებზე. ნეშომპალა_კარბონატულ ნიადაგებზე კარგ შედეგს კუნძა რიპარია-ბერლანდიერი 420ა-ზე იძლევა, ხოლო მწირ ხირხატ ნიადაგებზე – რუპესტრის დულოზე.

შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება კუნძა გარემო პირობების მიმართაც, განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს ყინვებისა და გვალვის მიმართ მისი შედარებით კარგი გამძლეობა. წარმოებული დაკვირვებით იმერულ ვაზის ჯიშებს შორის კუნძა კრახუნას შემდეგ ყველაზე გამძლეა ზამთრის ყინვების მიმართ.

ნიადაგების მიმართ კუნძა განსაკუთრებულ მოთხოვნას არ აყენებს, მაგრამ უხვი მოსავალი და ძლიერი ზრდა მას ალუვიურ ნიადაგებზე ახასიათებს.

ტექნოლოგიური დახასიათება

ყურძნის მექანიკური შედგენილობა. მტევნების გარეგნული შეხედულებით, მტევნის მექანიკური ნაწილების შედგენილობითა და წვენის შეცულობით კუნძა უდავოდ საღვინე ვაზის ჯიშია.

ლაბორატორიულ პირობებში ყურძნის წვენის გამოსავალი 78%-დან 83%-მდე მერყეობს. წარმოების პირობებში წვენის გამოსავალი საგრძნობლად ნაკლებია და 1 ტ ყურძნიდან საშუალოდ მიიღება 74 დეკალიტრი წვენი და 182 კგ ჭაჭა, საშუალოდ ყურძნის წვენის გამოსავალი შეადგენს 76%, ხოლო ჭაჭისა 24%.

ყურძნის წვენის შედგენილობა. იმერეთის რაიონებში კუნძა საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. ზოგიერთ წლების ხელშემწყობ ბუნებრივ პირობებში კუნძა 22% და უფრო მეტ შაქარს აგროვებს.

სუფრის ღვინის დასაყენებლად ყურძენი იკრიფება სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე, როცა ყურძნის შაქრიანობა 20-22% და მჟავიანობა 8-7% -მდე მიაღწევს.

კუნძასაგან დამზადებული ღვინო ღია ჩალისფერია, მოოქროსფრო იერით; იგი დიდი ენერგიით, საკმაო სხეულით და სიხალისით ხასიათდება. ჩვეულებრივ კუნძა კარგი ღირსების ორდინალურ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ წლებში ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე იგი ხარისხოვან ღვინოსაც კი იძლევა. კუნძას ღვინო შედარებით ადრე მწიფდება. იგი უნდა მოხმარებულ იქნეს 2-3 წლის განმავლობაში, რადგან უფრო ხანგრძლივად შენახვისას ღვინოს გემური თვისებები და არომატი არ უმჯობესდება.

ყურძნის წვენისა და ღვინის ქიმიური ბუნების მაჩვენებლების მიხედვით კუნძა პერსპექტიულია აგრეთვე უალკოჰოლო ყურძნის წვენის დასამზადებლად; მისი შედარებით მაღალი შაქრიანობა და საკმაო მაღალი მჟავიანობა მეტად სასარგებლო და მიმზიდველია. ჯიში შეიძლება რეკომენდებული იქნეს აგრეთვე ხარისხოვანი საკონიაკე მასალის დასამზადებლად.

კუნძა, ვაზი, იმერეთიფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

საერთო შეფასება და დარაიონება

კუნძა ადგილობრივი, იმერული ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ძირითადად ქვემო იმერეთის რაიონებში.

საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში იგი არ შედის, იძლევა იმერული ტიპის სუფრის ორდინარულ და ალაგალაგ ხარისხოვან ღვინოს.

ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება მისი შედარებით უხვი მოსავლიანობა, სოკოვან ავადმყოფობათა (ჭრაქი) და ნაწილობრივ ფილოქსერის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა და იმერეთში შედარებით ნაადრევი სიმწიფე და კარგი ყინვაგამძლეობა; მისი ქვემო იმერეთის რაიონებში მომეტებულად გავრცელება ჩამოთვლილი დადებითი თვისებებით აიხსნება.

ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება მისი პროდუქციის არამაღალი ხარისხი და შედარებით მცირედ გამოყენება.

ქვემო იმერეთის ტენიან რაიონებისათვის ჯიში პერსპექტიულია მასობრივი მოხმარების სუფრის ღვინის, უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და საკონიაკე ღვინომასალების დასამზადებლად.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი.

თქვენი რეკლამა