წლიდან წლამდე ერთი და იმავე სახეობის მცენარის ერთსა და იმავე ნაკვეთზე წარმოების შედეგად, ნიადაგში პათოგენები შეიძლება დაგროვდეს იმ რაოდენობით, რომ კულტურის მოყვანამ დაკარგოს ეკონომიკური აზრი, თუ მიმღებიანი ჯიშები არ იქნება შეცვლილი გამძლე ჯიშებით. ასეთი დაავადებების მაგალითად ითვლება: სელის ჭკნობა, კარტოფილის ქეცი, კომბოსტოს სიყვითლე, მზესუმზირას თეთრი სიდამპლე და სხვ. შეიძლება ზოგიერთი პათოგენი არსებობდეს ნიადაგში მთავარი პატრონ-მცენარის გარეშე ერთიდან 10 წლამდე და უფრო მეტიც.
მონოკულტურის შემთხვევაში, ისეთი პათოგენებიც კი, რომლებიც არ არსებობენ ნიადაგში, მაგალითად ხორბლოვანთა ზოგიერთი გუდაფშუტების გამომწვევები, კარტოფილის ფიტოფტოროზის გამომწვევი, მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის ვირუსული დაავადებები ავლენენ ძლიერ მავნეობას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინოკულუმის რაოდენობის გადიდებით, პატრონ-მცენარის განმეორებითი დაავადებით, სარეველა მცენარეების არსებობით და გადამტანი მწერების პოპულაციათა ზრდით. ინფექციის ზრდას შეიძლება ჰქონდეს არამარტო ადგილობრივი მნიშვნელობა, ვინაიდან პათოგენები ნაკვეთებიდან შეიძლება გავრცელდნენ მეზობელ ფართობზე.
თესლბრუნვა აუცილებელია ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად, სტრუქტურის გასაუჯობესებლად, ნიადაგის წყლის შეკავების უნარის გასაზრდელად და დაავადებებისაგან გამოწვეული დანაკარგებისაგან დასაცავად.
ეს ღონისძიება გამორიცხავს პათოგენების დაგროვების შესაძლებლობას მინდორში, ზღუდავს და ლიკვიდირებას უკეთებს საინფექციო საწყისის მარაგს ნიადაგში. ამ დროს ერთ წელზე მეტს არ აჩერებენ ერთსა და იმავე კულტურას ერთ მინდორზე. ცდილობენ ისე განალაგონ კულტურები თესლბრუნვაში, რომ წინამორბედი კულტურა და შემდგომი კულტურა არ ავადდებოდნენ საერთო დაავადებებით, რომელთა გამომწვევ პათოგენებს შეუძლიათ გამოიზამთრონ ნიადაგში და შემდგომ წელს დააავადონ ახალი კულტურა.
აუცილებელია ყოველი კულტურა, განსაკუთრებით ის კულტურები, რომელთაც აქვთ საერთო დაავადებები, დაბრუნდნენ ყოფილ ადგილზე 2-3-4 წლის შემდეგ. მაგალითად, სიმინდის ბუშტოვანი გუდაფშუტას წინააღმდეგ რეკომენდებულია ისეთი თესლბრუნვა, რომელშიც სიმინდი მოთავსდება ყოფილ ადგილზე 3-4 წლის შემდეგ, და სათესლე ნაკვეთთან არ უნდა იყოს 1 კმ-ზე ახლოს, რომელზეც სიმინდი იზრდებოდა წინა წელს სარგებლობენ თესლბრუნვის ამა თუ იმ ფორმით, მასში დაგეგმილი უნდა იყოს მცენარეთა დაცვა დაავადებებისგან და მავნებლებისაგან. თესლბრუნვა არის ერთ-ერთი საშუალება დაავადებისაგან მცენარეთა დასაცავად. თესლის დაავადებების შემთხვევაში ის მცენარეთა დაცვის მთავარი საშუალებაა.
ზოგიერთ სოკოებს, განსაკუთრებით ფესვების სუსტად სპეციალიზებულ პარაზიტებს, შეუძლიათ ნიადაგში დარჩნენ გარკვეული დროის მანძილზე, როგორც თავისუფლად მცხოვრები საპროფიტები. ნიადაგში სწრაფად იღუპებიან მაღალი ცელულოზოლიტური აქტივობის მქონე სოკოები. მრავალი პათოგენური სოკოების სახეობები ნიადაგში ინახებიან მდგრადი პროპაგატიული სხეულის სახით ან მცენარეულ ნარჩენებში. ასევე, ოღონდ მცირე რაოდენობით შეიძლება შეინახოს მიწისზედა ორგანოების დაავადების გამომწვევი სოკოები.
ნიადაგში პათოგენების შენახვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათი მოზამთრე ფორმების დღეგრძელობაზე, ნიადაგის მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ პირობებზე და სხვა ფაქტორებზე. ეს მნიშვნელოვანია თესლბრუნვის ეფექტურობისათვის, ვინაიდან დაავადებისაგან დაცვა შეიძლება იყოს წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებიანი კულტურების ნათესებს შორის ინტერვალი მეტია, ვიდრე პათოგენის ცხოვრების ვადა. თესლბრუნვა თითქმის არასოდეს არ იწვევს პათოგენის აღმოფხვრას, რადგან ეს უკანასკნელი ინახება მიმღებიან სარეველებში ან მდგრადი ფორმით ნიადაგის ფენაში, სადაც მისი ბიოლოგიური აქტივობა მკვეთრად დაქვეითებულია.
თესლბრუნვის როლი დაავადებისაგან მცენარეთა დაცვაში განისაზღვრება იმით, რომ მცირდება პათოგენის შემცველობა ნიადაგში იმ დონემდე, რომლის დროსაც ის გამოიწვევს მცირე ზარალს ან ინოკულუმის რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდება დაავადებისათვის. „უსაფრთხო“ ინტერვალი მიმღებიან კულტურებს შორის უნდა განისაზღვროს მხოლოდ მინდვრის ცდებით. სასარგებლო ცნობები ამის შესახებ შეიძლება არსებობდეს აგრონიმების მიერ თესლბრუნვებზე ჩატარებულ ცდებში. იმ პათოგენების მიმართ, რომლებიც ინახებიან ნიადაგში დიდი ხნის განმავლობაში, საკითხი წყდება სხვანაირად. ფერმერმა იშვიათად შეიძლება ისარგებლოს ორ კულტურას შორის 7 ან 10 წლიანი ინტერვალით.
თესლბრუნვით სარგებლობისას დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვისას უნდა ვიცოდეთ მოცემული პათოგენის პატრონ-მცენარეთა წრე. თუ პათოგენი აავადებს მცენარეთა მრავალ სახეობას, როგორც ველურს, ისე კულტურულს, ის შეიძლება შენახული იქნას სარეველებზე და სხვა კულტურებზე მოცემული თესლბრუნვის დროს. მაგალითად, სოკო – Phymatotrichum omnivorum აავადებს 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეს, რომელთაგან მრავალი ითვლება ჩვეულებრივ სარეველად. ეს სოკო ასევე ივითარებს მრავალრიცხოვან სკლეროციუმებს ნიადაგში ორ მეტრსა და მეტ სიღრმეზე და ინახება იქ 12 წლამდე. ამ შემთხვევაში მარტო ერთი თესლბრუნვა ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას, მას უნდა შევუხამოთ სხვა ღონისძიებებიც – ღრმად ხვნა ნიადაგის გამოშრობისათვის (ამ დროს სკლეროციუმები იღუპება), ორგანული სასუქების დიდი რაოდენობით შეტანა, რომელიც აძლიერებს ნიადაგის სხვა მიკროორგანიზმების აქტივობას.
თესლბრუნვამ საუკეთესო ეფექტი შეიძლება მოგვცეს სპეციალიზებული პარაზიტების შემთხვევაში, რომელთაც არა აქვთ უნარი დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდნენ საპროფიტული ცხოვრების წესს ნიადაგში. სამწუხაროდ, მრავალი ამ პარაზიტთაგან ივითარებს მდგრად პროპაგატიულ სხეულს – სკლეროციუმებს, ქლამიდოსპორებს, ოოსპორებს, რომლებიც მრავალი წელი ინახება მოსვენებულ მდგომარეობაში. ისინი თანდათან მწიფდებიან და შემდეგ ფესვების გამონაყოფების გავლენით ღივდებიან.
მცენარემ, რომელიც ჩართული იქნება თესლბრუნვაში, უნდა მოახდინოს ასეთი პროპაგატიული სხეულის გაღივების სტიმულირება და თან უნდა იყოს გამძლე მოცემული პათოგენის მიმართ. მაშინ პათოგენი დაიღუპება ნაადრევი გაღივების შედეგად, ვერ შეხვდება მიმღებიან ფესვებს. ფესვების დამაავადებელი სოკოებისათვის ასეთი პირობების შექმნა რთულია. გარკვეულ წარმატებას შეიძლება მივაღწიოთ ამ ხერხით ფესვის დამაავადებადი ყვავილოვანი პარაზიტების მიმართ. ამისათვის სარგებლობენ ე. წ. მისატყუარი კულტურებით. თესლბრუნვაში რთავენ ისეთ კულტურებს, რომლებიც ფილოგენეტიკურად არ არიან ახლობლები, რათა ისინი ძლიერ განსხვავდებოდნენ თავისი მოთხოვნებით საკვებ ნივთიერებებზე და არ უნდა ავადდებოდნენ ერთი და იგივე პათოგენით.
თესლბრუნვა ძალზე სასარგებლო ღონისძიებაა დაავადებისაგან მცენარეთა დასაცავად. განსაკუთრებით კარგ შედეგებს იძლევა იგი ნიადაგის პათოგენებთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა მრავალი პათოგენის, ნემატოდებისა და მავნე მწერების წინააღმდეგ. თესლბრუნვის საშუალებით მიიღწევა სივრცითი იზოლაცია მინდორში წინა წელს დარჩენილ ინოკულუმებსა და იმ კულტურებს შორის, რომლითაც დაავადებულია მინდორი მიმდინარე წელს.
ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.
იხილეთ გარეთვე: თესლბრუნვა, კულტურათა მონაცვლეობა, თესლბრუნვების კლასიფიკაცია