ფუტკრის მოვლა წელიწადის სხვადასხვა დროს

ფუტკარი, მოვლა, მეფუტკრეობა

სტატიაში მოცემულია ფუტკრის ოჯახის განვითარების დინამიკა წლის სხვადასხვა პერიოდში, რაც დამოკიდებულია გარემო პირობებზე (ჰაერის ტემპერატურა, თაფლოვანი ფლორის არსებობა, გამრავლებისა და საკვების მოპოვების ინსტინქტი), რომელიც განსაზღვრავს მეფუტკრის მთელ საქმიანობას და ფუტკრისადმი დამოკიდებულებას.

ფუტკრის ოჯახის მდგომარეობა წლის სხვადასხვა პერიოდში ძალზე მერყეობს იმის გამო, რომ იგი დამოკიდებულია გარემო პირობებზე, რომელთაგან უმთავრესი ფაქტორებია: ჰაერის ტემპერატურა და საკვები ბაზა, ე.ი. საბოლოო ჯამში აქტიურ სეზონზე იგი მისადაგებულია მცენარეული სამყაროს განვითარებასთან.

ოჯახის წლიურ ციკლში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე პერიოდი, როცა ოჯახის წევრი ფუტკრების ფიზიოლოგიური მდგომარეობა და მათი აქტივობა ძირეულად განსხვავებულია.

I პერიოდი მოიცავს ზამთრობის ბოლოს და ადრე გაზაფხულს (თებერვალი – აპრილის დასაწყისი).

ამ პერიოდში ფუტკრის ოჯახი, როგორც წესი, იწყებს განვითარებას, რაც გამოიხატება თავდაპირველად ოჯახში ბარტყის (კვერცხი და თავღია ბარტყი – მატლობის სტადიაში მყოფი ინდივიდები) გაჩენით.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ, განსაკუთრებით თბილი ზამთრის პირობებში, თებერვალი შეიძლება აღმოჩნდეს ძალზე სუსხიანი და ძლიერ შეცვალოს განვითარების მიმდინარეობა, მაგრამ საბოლოო ჯამში მდგომარეობა არსებითად მაინც არ იცვლება. ბარტყიანობის ზრდის კვალად თანდათან ქრება ის თაობა, რომელმაც ოჯახი შეინარჩუნა ზამთრის პერიოდში. ამ მოვლენას ზოგჯერ

ძალზე რადიკალური ხასიათი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფუტკარმა ზამთარი აქტიურად გაატარა ამინდის პირობების (სითბო) გამო. როგორც წესი, ამას თან სდევს ბარტყის გაჩენა დეკემბერ-იანვარში, ხოლო თებერვალში, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში, მოზამთრე ფუტკარი ისევ კრავს გუნდს და დაუცველი ბარტყი იღუპება. ამის გამო ოჯახი ძალზე სუსტდება და ადრე გაზაფხულზე (მარტი) შეიძლება დაიღუპოს, რაც ძირითადად სუსტ მოზამთრე ოჯახებს აზარალებს.

ამის გათვალისწინებით, გამოცდილმა მეფუტკრემ სუსტი ოჯახები უნდა გააერთიანოს აქტიური სეზონის დამთავრებისთანავე, ან უზრუნველყოს მათი გაძლიერება ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა თაობის გაჩენით, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ღალიანობის სეზონისათვის კონდიციური ოჯახების ყოლას.

ამრიგად, უკვე გამოზამთრებული ფუტკრის ცხოვრებაში ყველაზე კრიტიკულია ადრე გაზაფხული, ფუტკრის მოზამთრე თაობა ქრება, ხოლო ახალგაზრდა თაობა რაოდენობრივად ჯერ მცირეა.

მეფუტკრის ხელოვნებამ ამ მდგომარეობაში უნდა დაძლიოს სირთულეები აუცილებელი სამუშაოების ჩატარებით (ბუდის შემჭიდროება და დამატებითი დათბუნება, კვება, სამკურნალო ღონისძიებები, უფრო გვიან – დამხმარე ნაყრების შედგენა და სხვა)

I I პერიოდი, რომლის დასაწყისში ოჯახმა უნდა მიაღწიოს თავისი განვითარების მაქსიმუმს და შემდეგ შეძლოს თაფლოვანი მცენარეების სანექტრე პროდუქციის ათვისება, მოიცავს მაის – ივლისის თვეებს.

ამ პერიოდისათვის ხშირად დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ქართული ფუტკარი ნექტრის უხვი წყაროების გაჩენისას მკვეთრად ზღუდავს ახალგაზრდა თაობის გამოზრდას და თითქმის მთლიანად საკვების მოპოვებაზეა გადასული.

გაზაფხულ-ზაფხულის მუშა ფუტკრის თაობა ხანმოკლე სიცოცხლიანისუნარიანობით (1 თვემდე) გამოირჩევა, მისი ორგანიზმი მინიმალური ოდენობით შეიცავს სამარაგო საზრდო ნივთიერებებს (პროტეინი, ცხიმი).

თუ ბუნებრივი საკვების მოტანის ასეთი პირობები დიდხანს გაგრძელდა, ფუტკარი სკაში რაოდენობრივად მცირდება და ღალიანობის ბოლოს ძალზე დასუსტებულია, რის შედეგებსაც მეფუტკრე გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში მოიმკის.

თუ ღალიანობის პირობები განსხვავებულია, ე.ი. მცენარეთა სანექტრე პროდუქტიულობა სუსტია, ოჯახი დიდი რაოდენობით ზრდის ბარტყს და რაოდენობრივად ძლიერია, მაგრამ საკვების მარაგი ამის გამო მცირდება და სეზონის ბოლოს არასაკმარისი აღმოჩნდება. დაგვიანებული კვების პირობებში ამან შეიძლება გააძლიეროს ფუტკრის ცვეთა და ზამთრობაში დასუსტებული თაობა შევიდეს.

თუ მეორე პერიოდის ბოლოს (ივლისი-აგვისტო) ღალიანობა ნაადრევად შეწყდა, იგი დედა ფუტკრის კვერცხდების ნაადრევად შეწყვეტას იწვევს და თავისთავად გვიანი შემოდგომის (ანუ მოზამთრე) თაობა ისევ ხანდაზმული აღმოჩნდება.

I I I პერიოდში (აგვისტო – ოქტომბერი) უნდა დასრულდეს პროდუქტიული სეზონი (თაფლის მოპოვება), საშემოდგომო თაობის გამოზრდა და მისი მომზადება ზამთრობისათვის.

ღალიანობის სეზონის დასასრულს (აგვისტო- სექტემბერი) ფუტკრის მიერ სკაში შესასრულებელ სამუშაოებში განიხილება:

ა) საგვიანო თაფლოვანი მცენარეების ღალის ათვისება და საზამთრე მარაგის შევსება;
ბ) საკვების უკმარისობის ან იაფი საკვებით სამარაგო თაფლის შეცვლის შემთხვევაში ამ უკანასკნელის გადამუშავება – დაბინავება ფიჭაში და გადაბეჭდვა,
გ) დედის მხრივ კვერცხდების ნაადრევად შეწყვეტისა და ოჯახის დამატებითი კვების პირობებში ახალგაზრდა თაობის გამოზრდა.

მუშა ფუტკრის შემოდგომის თაობა არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი მოღალე ფუტკრისაგან (ზაფხულის თაობა). ის, როგორც წესი, არ მონაწილეობს ბარტყის გამოზრდაში, საკვების მოპოვებაში, უხვად იკვებება სკაში დაგროვილი საკვებით (განსაკუთრებით ჭეოთი).

სხეულში სამარაგო საზრდო ნივთიერებების დაგროვების წყალობით იზრდება მის ორგანიზმში მშრალი ნივთიერების (20,2-დან 24,7-მგ-მდე 1 ფუტკარში), ცილისა (2,46-დან 3,26 მგ-მდე), და ცხიმის (1,38-დან 1,65მგ-მდე) შემცველობა, იგი რჩება ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა, რაც მომდევნო გაზაფხულზე უზრუნველყოფს მის მიერ ახალგაზრდა თაობის გამოზრდას (Лебедев, 2001).

I V პერიოდში შედის ფუტკრის ზამთრობა ყველა ცოცხალი არსების გამძლეობის გამოცდის პერიოდი, როდესაც თავს იჩენს აქტიურ სეზონზე მეფუტკრის მიერ დაშვებული უზუსტობანი და შეცდომები.

ზამთრობის პერიოდს ფუტკრის სუსტი ოჯახი ხშირად ვერ უძლებს. მოზამთრე გუნდმა ტემპერატურული რეჟიმი რომც შეინარჩუნოს, ერთეულ მასაზე იგი გაცილებით მეტ საკვებს (ენერგია) ხარჯავს, ვიდრე ძლიერი ოჯახი, სუსტი ოჯახის ინდივიდები ფიზიოლოგიურად უფრო უარესად არიან მომზადებული, შეიცავენ ნაკლებ სამარაგო ნივთიერებებს, სიცოცხლისუნარიანობა უფრო ნაკლებია და საბოლოო ჯამში უფრო ნაკლებ ფუტკარს ზრდიან ადრე გაზაფხულზე. შესაბამისად ოჯახის მიერ მოპოვებული პროდუქცია შეიძლება მხოლოდ საარსებო საკვები იყოს.

გახსოვდეთ!

ფუტკრის ოჯახის სიძლიერე, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს მუშა ფუტკრის ჯანმრთელ, ფიზიოლოგიურად უკეთესად მომზადებულ მრავალრიცხოვან მასას, სიცოცხლისუნარიან, მაღალნაყოფიერ დედა ფუტკარს და საკვების უხვ მარაგს, ის აუცილებელი პირობაა, რომელიც განსაზღვრავს ოჯახის პროდუქტიულობას და მის მდგრადობას არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი.

ავტორი: გიორგი მაძღარაშვილი/მეფუტკრეობა

იხილეთ: ფუტკრის ოჯახების მოვლა თვეების მიხედვით

თქვენი რეკლამა