ცრუდედიანობა საფუტკრეებში ხშირად გვხვდება და გამოწვეულია მეფუტკრის მიერ ფუტკრის მოვლა – პატრონობის ნორმალური პირობების დარღვევით.
მეფუტკრეობის პრაქტიკაში, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, ხშირად გვხვდება, რომ დედა ფუტკარი იწყებს გაუნაყოფიერებელი კვერცხის დებას. ასეთ დედა ფუტკრებს გაცრუებულს უწოდებენ. მათ მიერ დადებული კვერცხიდან მხოლოდ მამლები იჩეკებიან და თუ მეფუტკრე დროულად არ მიიღებს შესაბამის ზომებს, ფუტკრის ოჯახი განწირულია დასაღუპად.
ცრუდედიანი ხდება ფუტკრის ოჯახი, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო დაკარგა დედა ფუტკარი და არ ჰქონდა ახალი დედა ფუტკრის გამოყვანის შესაძლებლობა.
ცრუ დედები აქტიურები არიან, სწრაფად მოძრაობენ ფიჭაზე, უჯრედებში იყურებიან, შემოაქვთ ნექტარი და მტვერიც, თავიანთ თავს თვითონ გამოკვებავენ და სხვა ფუტკრები მათ არ აწვდიან საკვებს, არც ამალა არ დასდევთ. გარდა ამისა, ცრუ დედები უჯრედებს ასუფთავებენ და ბარტყის გაჩენისთანავე ბუდის ვენტილაციას აქტიურად აწარმოებენ.
ბიოლოგიურ დედასთან შედარებით ცრუ დედებს საგრძნობლად მოკლე და პატარა მუცლები აქვთ, ისინი ვერ სწვდებიან უჯრედის ფსკერს და ამიტომ კვერცხის დასადებად არჩევენ სამუშე უჯრედებს. ფრთებით და ფეხებით ებჯინებიან უჯრედის კედლებს და ნამდვილი დედისგან განსხვავებით არა უჯრედის ფსკერზე, არამედ კედლებზე ან ძირზე ჩაყრიან, ერთდროულად რამოდენიმე კვერცხს. მომვლელი ფუტკრები უჯრედიდან ამოიღებენ და გადმოყრიან, შიგნით ტოვებენ თითოს და ამიტომ, კვერცხი შეიძლება ვნახოთ სამამლე და მტვერჩატკეპნილ უჯრედებში და მოცურავე მდგომარეობაშიც თაფლიანი უჯრედების ზედაპირზეც.
ცრუდედიანი ოჯახის ძირითად დამახასიათებელ ნიშნად ითვლება ფიჭაზე კუზიანი ბარტყის არსებობა, როცა სამუშე უჯრედში ჩადებული კვერცხიდან სამამლე კვერცხი ვითარდება, სხეულის დიდი ზომის გამო, ფიჭის უჯრედს ფუტკარი წამოაშენებს და ამობურცული ქუდისებურად ხურავს, ამიტომაც ბარტყს კუზიანი ჰქვია.
ცრუდედიანობის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია სათადარიგო დედების არსებობა!
მეფუტკრემ ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგს:
– როცა ბუდეში არ არის კვერცხი, მაგრამ ოჯახში ღია ბარტყია, სავარაუდოა, რომ დედა სამი – ხუთი დღის წინაა მკვდარი;
– თუ ოჯახში არც კვერცხები, არც ღია ბარტყი და მარტო გადაბეჭდილი ბარტყია, ეს იმას ნიშნავს, რომ დედა ერთი კვირის დაკარგულია, ანუ ფუტკრის ოჯახი ერთი კვირის უდედოა;
– თუ ოჯახში არცერთი ასაკის ბარტყი არ აღინიშნება, მაშინ დედა სამ კვირაზე მეტია, რაც დაკარგულია, ანუ ოჯახი უდედოდაა დარჩენილი.
ცრუდედიანი ოჯახები უფრო ხშირად სუსტები არიან, რომლებიც უნდა შეუერთონ რომელიმე ოჯახს ან გააუქმონ. ცრუ დედებიან ოჯახებში ახალ განაყოფიერებულ დედას არ ღებულობენ და კლავენ.
ბრძოლის ღონისძიებები
ცრუდედებიანი ოჯახების ფუტკრების სხვა ოჯახებში გადასანაწილებლად სკას მოაცილებენ თავის სადგომ ადგილს, ფუტკარს დაუბოლებენ, შეუქმნიან საშიშროების ინსტიქტს, რის გამოც ისინი თაფლით იტვირთებიან,
ჩარჩოზე მსხდომთ დაბერტყავენ საფუტკრის შორიახლოს მიწაზე და საკვებით ჩიჩახვებგავსებულ, გზააბნეულ ფუტკრებს საფუტკრეში მდგომ სხვა ოჯახებში დარაჯი ფუტკრები შეუზღუდველად შეუშვებენ და მათი მკვიდრნი ხდებიან. ცრუდედებიანი ოჯახის ჩარჩოები და სკები შეუზღუდველად შეიძლება იქნას გამოყენებული.
უმეტეს შემთხვევაში ახდენენ ოჯახის ლიკვიდაციას, რომლისთვისაც ფუტკრები პირდაპირ უნდა დაიფერთხოს მიწაზე, ხოლო ცარიელი სკა კი გადატანილი იქნეს სხვა ადგილას. დაფერთხილი ფუტკრები თვითონ შეუერთებიან მახლობელ ოჯახებს.
ზოგიერთი მოყვარული მეფუტკრე ცდილობს ცრუდედიანი ოჯახების გამოსწორებას. ასეთი ოჯახის გამოსწორების ერთ-ერთი გზაა სკაში არსებული ყველა სამამლე ბარტყიანი ჩარჩოებიდან ფუტკრის ჩაფერთხვა, ხოლო მათ მაგივრად ნორმალური ფუტკრის ოჯახიდან 2-3 ჩარჩო ღია ბარტყის მიცემა. მეორე-მესამე დღეს უნდა მოხდეს დამატება ღია ბარტყიანი ჩარჩოების და მიეცეს დედა ფუტკარს გალიით ან რაიმე სხვა დამცავი საშუალებით. საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა დედა ფუტკრის მაგივრად მწიფე სადედის მიცემა დამცავი ზამბარით ან სადედის პლასტმასის პროტექტორით.
როდესაც დედების გასანაყოფიერებელ ნუკლეუსებში ადგილი აქვს ცრუდედების არსებობას, ამ დროს სხვა ნუკლეუსებიდან ფუტკრის რაოდენობის მიხედვით გადმოტანილი უნდა იქნეს ღია ბარტყიანი ჩარჩოები და იქვე დაემაგროს დამცავ პროტექტორში მოთავსებულ მწიფე სადედეს. შედეგად, ორი კვირის შემდეგ, ასეთი ნუკლეუსების უმეტესობა გამოსწორებული იქნება.
წყარო: მეფუტკრეობა