ხანჭკოლა (ლათ. Lupinus) – მოჰყავთ ძირითადად, როგორც მწვანე სასუქი, რადგანაც ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აგროვებს აზოტს და ნიადაგში ტოვებს ორგანულ ნივთიერებებს.
ხანჭკოლა ერთ ჰექტარზე (საშუალო მოსავალი 5-6 ტონა მწვანე მასა) 180-200 კგ ორგანულ ნივთიერებებს აგროვებს.
ფესვთა სისტემა საკმაოდ ღრმად ჩადის ნიადაგში და იქიდან ძნელად ხსნად ფოსფორს ითვისებს და ამოაქვს სახნავ ფენაში. თეთრი ხანჭკოლას თესლი 50%-მდე ცილებს შეიცავს.
მაღალმოსავლიანია ყვითელი ხანჭკოლა, ახალი უალკალოიდო სამარცვლე მიმართულების ფორმები ბარდასთან შედარებით ორჯერ მეტ ცილას იძლევიან.
ხანჭკოლა ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორმდგომია, შებუსული, 1-1,5 მ სიმაღლის, უხვად შეფოთლილი (5-11 ფოთოლი). ყვავილედი გრძელი 50 სმ-მდე.
ხანჭკოლას 200-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, მაგრამ მათგან ძირითადად გავრცელებულია:
ლურჯი ანუ ვიწრო ფოთლიანი ხანჭკოლა – ერთწლოვანი, მაღალ მოზარდი მცენარეა. ფესვები ღრმად ჩადის ნიადაგში, კოჟრები უხვად აქვს განვითარებული, 1000 მარცვლის მასა 160-200გრ. მწვანე მასის მოსავალი 50 ც/ჰა-ზე, თესლისა 2 ც/ჰა-ზე.
ყვითელი ხანჭკოლა – ერთწლოვანია, კარგად შეფოთლილი, მეტწილად ჯვარედინდამამტვერიანებელია. 1000 მარცვლის მასა 120-150 გრ. მწვანე მასის მოსავალი 60-80 ც/ჰა-ზე, თესლისა 3ც/ჰა.
თეთრი ხანჭკოლა – მაღალმოზარდია (1-1,5მ) 1000 მარცვლის მასა 350-450 გრ. მწვანე მასის მოსავალი 30 ც/ჰა, თესლის 5,1 ც/ჰა.
მრავალწლოვანი ანუ მრავალფოთლიანი ხანჭკოლა მწვანე მასის მოსავალს იძლევა 30 ტ/ჰა, თესლისა 0,4-0,6ტ/ჰა. ერთ ადგილზე მას შეუძლია 8-10 წელი იცოცხლოს და მოსავალი მოგვცეს. სამხრეთის რაიონებში წელიწადში 3-4 განათიბს იძლევა.
წინამორბედად ხელსაყრელია ანეული, აგრეთვე სათოხნი კულტურები. ითესება ადრე გაზაფხულზე, ჩვეულებრივ მწკრივებში 1-1,3 მლნ. მარცვალი ჰექტარზე (200-250 კგ/ჰა) 3-5 სმ სიღრმეზე.
მრავალწლოვან ხანჭკოლას თესავენ თესლბრუნვის გარეშე, სადაც ის 5-6 წელი და მეტი ხნით ყოვნდება.
სათესლედ ხანჭკოლისა მიზანშეწონილია დაითესოს ფართო მწკრივებად (45X15 სმ), რაც აჩქარებს თესლის გამრავლებას და არ საჭიროებს საფარქვეშ თესვას.
კარგ შედეგს იძლევა სათესლე ნაკვეთებზე ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების შეტანა და აგრეთვე ნიტრაგინი. თესლის მოსავალს იღებენ მცენარის სიცოცხლის მეორე წლიდან. ამ დროისათვის თესლის მოსავლიანობა 0,6-0,8 ტ/ჰა-ზე აღწევს.
ს.მ მეცნიერებათა დოქტორი თინათინ დარსაველიძე /მინდვრის კულტურების ეკოლოგიური და ჯიშური აგროტექნილოგია/.
იხილეთ აგრეთვე: რა არის მწვანე სასუქი (სიდერატები და სიდერაცია)