ბიოლოგიურად საუკეთესო ურთიერთშემთავსებელ მცენარეებს შორისაც კი შერეულ ნათეს-ნარგავებში არსებობს კონკურენცია წყალზე, სინათლეზე და საკვებზე.
იმისათვის, რომ ეს კონკურენცია მინიმუმამდე დაიყვანოთ, ისარგებლეთ შევსებადობის პრინციპით. იგი გულისხმობს, რომ ერთ კვალზე უნდა იზრდებოდეს სინათლისადმი, საკვებისადმი და განვითარების პირობებისადმი სხვადასხვა მოთხოვნის მქონე მცენარეები.
მნიშვნელოვანია შევსებადობის პრინციპის რამდენიმე წესის გათვალისწინება:
წესი პირველი _ ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ ის სახეობები, რომლებიც საკვების მიმართ დიდად და მცირედ მომთხოვნი არიან.
ძირითადი კულტურა, ჩვეულებრივ, მომთხოვნია და მას კვლის შუაგული უნდა დაეთმოს, სადაც კვების უკეთესი პირობები ექნება.
თანამგზავრი კულტურა ნაკლებ მომთხოვნია და იგი კვლის ნაპირებში ან რიგთა შორის უნდა მოთავსდეს.
წესი მეორე _ გვერდიგვერდ უნდა შევათავსოთ ის მცენარეები, რომლებსაც ღრმა და ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვთ. ისინი საკვებს ნიადაგის სხვადასხვა ფენებიდან შთანთქავენ.
წესი მესამე _ ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ სხვადასხვა ფორმის მქონე მცენარეები, რომელთაც ფართობის მიმართაც განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ, ამით შევასუსტებთ მათს კონკურენციას სინათლის გამო.
ძირითადი კულტურის დიდი ტანის გადაშლილ მცენარეებს უნდა შევუთავსოთ უფრო პატარა, კომპაქტური, დამატებითი კულტურები, რომლებიც ძირითადად რიგთა შორის იკავებენ ადგილს.
წესი მეოთხე _ ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ სხვადასხვა სიმაღლის მცენარეები.
ზოგი კულტურა მგრძნობიარეა ქარის გავლენის მიმართ, მათი მდგომარეობა ბევრად უმჯობესდება თუ მათ მაღალი მცენარეების რიგი იცავს (მაგალითად, პარკოსნები და სიმინდი).
ძალზე მგრძნობიარე არიან ქარის მიმართ კიტრი, ნესვი, გოგრა, ლობიო, პომიდორი. საშუალოდ მგრძნობიარე არიან თავიანი კომბოსტო, სალათა, ისპანახი. მცირედ მგრძნობიარე არიან ხახვის ყველა სახეობა, ძირხვენები.
მაღალი მცენარეების სხვა ამოცანაა, მცირედ მოუჩრდილონ იმ ბოსტნეულ მცენარეებს, რომლებიც მგრძნობიარე არიან გადახურებისა და მზის პირდაპირი სხივების მიმართ. მოჩრდილვა სჭირდება სალათას, ლობიოსა და ისპანახს.
სიმინდი კარგი თანამგზავრია კიტრისა და გოგრისათვის, იგი ქარს აკავებს და ქვედა იარუსზე მზარდი მცენარეებისათვის მიკროკლიმატს აუმჯობესებს.
შევსებადობის პრინციპებში გამონაკლისია მცენარეთა შეთავსება წყლისა და სითბოს მოთხოვნილების მიხედვით.
რეკომენდებულია, რომ ერთ კვალზე რწყვის მიმართ ერთნაირი მოთხოვნილების მქონე მცენარეები შევუთავსოთ ერთმანეთს.
წყალი განსაკუთრებით უყვარს კომბოსტოს ყველა სახეობას და გოგრისებრთა ოჯახის ბოსტნეულს; ნაკლებ მომთხოვნი არიან სალათა, ისპანახი, ძირხვენები, პომიდორი; წყალი მცირედ სჭირდებათ ხახვის ყველა სახეობას, ლობიოს, ცერცვსა და მუხუდოს.
წყალზე განსხვავებული მოთხოვნილების მცენარეების ურთიერთშეთავსებას შეიძლება უსიამოვნო შედეგი მოჰყვეს.
ასეთივე ვითარებაა სითბოს მოთხოვნილების მხრივაც. წინამორბედი და მომდევნო კულტურების ადრეულ და საგვიანო ნათესებში მიმართავენ ბოსტნეულის იმ სახეობების ურთიერთშეთავსებას, რომლებიც სიცივეს უძლებენ. ეს სახეობებია: მინდვრის სალათა, მდოგვი, ისპანახი, წითელი მხალი, ბროკოლი, წიწმატი, პარკოსნები, ცერცვი, კოლრაბი, თვის ბოლოკი, ოხრახუში, სტაფილო, არდი, კატა ბალახა, .
მინდვრის სალათა ყველაზე ამტანი და ყინვაგამძლე კულტურაა (ძალზე მდიდარია C ვიტამინით). მას შუა ზაფხულში თესავენ და მოსავალს შემოდგომაზე იწევენ. აგვისტოს მიწურულს მინდვრის სალათას რიგებს შორის მწვანილს შეუთესავენ. მინდვრის სალათას ფოთლების დაკრეფა დათოვლილ კვლებშიც კი შეიძლება.
წინამორბედი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ კვალს უთმობენ სითბოს უფრო მეტად მოყვარულ ძირითად კულტურას. ასეთია კიტრი, ნესვი, ლობიო, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, კარტოფილი, სიმინდი.
ზოგადად კი, ბოსტნეულის მრავალი სახეობის გამძლეობა სიცივისადმი მეტწილად ჯიშზეა დამოკიდებული.
დამწიფების თვალსაზრისით მცენარეთა ურთიერთ შეთავსება საშუალებას გვიქმნის, რომ თავისებური “მწვანე კონვეიერი” შევქმნათ.
ზოგიერთი ბოსტნეული, როგორიცაა კომბოსტო, სიმინდი, გოგრა, პომიდორი საადრეო და საგვიანო ჯიშისაა. კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშის შემოსვლის ვადა 55-დან 105 დღემდე გრძელდება.
არის ისეთი საადრეო კულტურები, რომელთა მოსავლის აღებამდე 60 დღეზე მეტი დრო არ გადის. ესენია სალათა, ისპანახი, ბოლოკი, თალგამი, მდოგვი, მწვანე ლობიო, მწვანე ხახვი, კოლრაბი. ამავე კულტურებს შეიძლება მივაკუთვნოთ, აგრეთვე სტაფილო და ჭარხალი, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში საკვებად შეიძლება მანამ გამოვიყენოთ, სანამ ძირხვენები ზრდას დაამთავრებენ.
შემოსვლის სხვადასხვა ვადის ბოსტნეულის გამოყენება მანევრირების ნაირნაირ შესაძლებლობას გვიქმნის.
ადრეულ გაზაფხულზე შიძლება დავთესოთ სიცივის ამტანი რომელიმე საადრეო კულტურა _ ისპანახი, სალათა, თვის ბოლოკი, საადრეო ბოლოკი. მისი მოწევის შემდეგ კვალს იკავებს სითბოს მოყვარული და საგვიანო კულტურა, ვთქვათ, პომიდორი, კიტრი. შემდეგ მოჰყვება კატაბალახას, ძირთეთრას, ვარდკაჭაჭას საშემოდგომო ნათესები.
არის სხვა ვარიანტიც. პროდუქციის მიღება რომ დავაჩქაროთ, მეორე კულტურა პირველის აღებამდე უნდა შევთესოთ. დასათესად ირჩევენ იმ მცენარეებს, რომლებსაც ზრდის ადრეულ პერიოდში დიდი ადგილი არ სჭირდება.
ნაწილობრივი მოჩრდილვა და ტენიანობა, რომლებსაც პირველი კულტურის ფოთლები იწვევენ, ხელს უწყობს თესლების გაღივებას და აღმონაცენის ზრდას. იმ დროისათვის კი, როდესაც შეთესილ კულტურას მეტი სინათლე და ადგილი დასჭირდება, წინამორბედი სახეობა უნდა ავიღოთ.
კომპაქტური და საადრეო ბოსტნეული (სალათა, თვის ბოლოკი) შეიძლება არა მარტო წინამორბედ და მომდევნო, არამედ შუალედურ კულტურებად გამოვიყენოთ. მათ შეთესავენ ძირითადი კულტურის რიგთა შორის, სანამ ამ მცენარეს დიდი ადგილი არ უკავია და სრული ზრდისათვის არ მიუღწევია.
შუალედურ კულტურას რომ აიღებენ, ძირითადი კვალში რჩება, სადაც მას ზრდისა და განვითარების ხელსაყრელი პირობები არ დააკლდება.
ავტორი: ზურაბ კარბელაშვილი /ბიომეურნეობის სახელმძღვანელო/
იხილეთ აგრეთვე: ბოსტნეული კულტურების შეთავსებადობა, თანამიმდევრული მოყვანის წესები