ნუკლეუსი და მისი დანიშნულება-მეფუტკრეობა

ნუკლეუსი, მეფუტკრეობა

ნუკლეუსი – პატარა ოჯახია 2-3 ჩარჩო ფუტკრით დატვირთული. აზიის ქვეყანებში ნუკლეუსის ტიპის სკებს ფუტკრის მცირერიცხოვანი ოჯახების შესანახად იყენებენ.

ჩვენთან კი ნუკლეუსი გამოიყენება – ახალგაზრდა დედების გასანაყოფიერებლად. ამიტომ უნდა განვმარტოთ, რომ არსებობს სხვადსხვა ტიპის ნუკლეუსები, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული და ეფექტურია ჩვეულებრივი სტანდარტული ჩარჩოებით დაკომპლექტებული.

მონაცემების მიხედვით სტანდარტული ჩარჩოებით დაკომპლექტებული ნუკლეუსების ეფექტურობა 88% უდრიდა, როცა ბუდის ¼ ჩარჩოზე შედგენილი ნუკლეუსის – 40%. სტანდარტული ჩარჩოებით დატვირთულ 12 ჩარჩოიან სკაში შეიძლება მოთავსდეს 3-4 ნუკლეუსი, წოლელა სკებში შესაბამისად უფრო მეტი.

ისინი ტიხრებით არიან ერთიმეორისაგან გამოყოფილი და თითოეულ მათგანს აქვს თავისი საფრენი ხვრელი, კარგად მორგებულ ტიხრებზე მიჭედებული საფარი ტილო, რათა სკაში მოთავსებული ნუკლეუსის ფუტკრებს ერთმანეთში გადასვლა და შერევა არ შეეძლოთ.

ფუტკარმა და გასანაყოფიერებლად გამოსულმა დედამ ადვილად რომ დაიმახსოვროს ადგილმდებარეობა, თითოეულ ნუკლეუსის კედელს ღებავენ სხვადასხვა ფერის – ლურჯი, თეთრი, ყვითელი – საღებავებით. ასეთი ტიპის ნუკლეუსებში ფუტკრები ერთმანეთს კარგად ათბობენ და ხარისხიანად ზამთრობენ.

მეფუტკრეს ნუკლეუსებში შეუძლია იყოლიოს მარაგი დედები და საჭიროებისამებრ გამოიყენოს – უდედო ოჯახებში მისაცემად, ხანდაზმული, უვარგისი დედების შესაცვლელად, ახალი ოჯახის შესადგენად და სხვა მიზნებისათვის.

ამასთან ერთად მეფუტკრეს უადვილდება მუშაობა, შეუძლია ნუკლეუსიდან ფუტკრის სხვა ოჯახის ბუდეში და პირიქით დაუზიანებლად ჩარჩოების გადატან-გადმოტანა.

ნუკლეუსის შედგენა აქტიური სეზონის მთელ პერიოდში შეიძლება, როცა ოჯახში ჯერ კიდევ არიან მამლები, მაგრამ ყველაზე უკეთესი დრო ნაყრიანობის პერიოდია.

ნუკლეუსების შედგენა უნდა მოხდეს კარგამინდში, შუა დღისით, როცა მოღალე ფუტკრის ძირითადი მასა სამუშაოდაა გასული და სკაში ძიძა ფუტკრებია დარჩენილი.

ნუკლეუსების შედგენა უნდა მოხდეს ძლიერი ოჯახიდან ამოღებული ფუტკრით და ბარტყით დატვირთულ ბუდის 2-3 ჩარჩოზე, რომელთა ამოღებისას ძირითად ოჯახში სანაცვლოდ ჩაიდგმება სახმარად ვარგისი კარგად აშენებული ბუდის მშრალი ფიჭები ან ფიჭების მშენებლობისას ხელოვნური ფიჭები.

ნუკლეუსში დამატებით უნდა ჩავბერტყოთ ან მისაფრენ ფიცარზე დავბერტყოთ 1-2 ჩარჩოზე მსხდომი ფუტკრები, რომლებსაც საფრენში შევდენით დაბოლებით, ჩარჩოებს კი დავაბრუნებთ თავის სკაში.

ნუკლეუსის შედგენისა და დამატებით ფუტკრის ჩაბერტყვისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რომ დედა ძირითადი ოჯახიდან არ გადაგვყვეს. ნუკლეუსს 4-6 საათის შემდეგ ვაძლევთ დედას, მწიფე სადედეს ან გაუნაყოფიერებელ დედას.

ფუტკრის ბარტყის ნორმალური გამოზრდისათვის ნუკლეუსის უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლით. რადგან მასში ძირითადად ძიძა ფუტკრებია, რომლებიც გარე სამუშაოებით არ არიან დაკავებულები, კერძოდ წყლის ან ნექტრის შემოტანით, მას უნდა ჩავუდგათ მცირე რაოდენობით წყალი, ან ჩავასხათ იგი ფიჭაში. მაგრამ თუ ფუტკარს შემოაქვს ნექტარი ან ფიჭის უჯრედებში გადაუბეჭდავი თაფლია, წყლის მიცემა საჭირო აღარ არის.

რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ნუკლეუსის ფუტკრები დაიწყებენ რა ღალაზე მუშაობას ან წყალზე გამოფრენას, მათ წყლის მიცემა აღარ სჭირდებათ.

ახლადშედგენილი ნუკლეუსის შემოწმება დედა ფუტკარზე უნდა მოვახდინოთ დილით ან საღამოთი, რადგან შუადღისით დედა შეიძლება გასანაყოფიერებლად იყოს გასული და ვერ ვნახოთ, ან გასინჯვისას დავაფრთხოთ და რადგან ისინი სინათლეს გაურბიან, ფუტკრებს შორის ან კედლის კუთხეში იმალებიან.

გასინჯვისას შეიძლება დამფრთხალი დედა ჰაერში აფრინდეს, ასეთ შემთხვევაში მუშაობა მაშინვე უნდა შევწყვიტოთ, საფარი ტილო ღიად დავტოვოთ, სკას მოვცილდეთ და დაველოდოთ დედის დაბრუნებას, რის შემდეგ საფარ ტილოს გადავაფარებთ და მეორე დღეს გავაგრძელებთ მუშაობას, ამიტომ სასურველია ნუკლეუსების გასინჯვისას საბოლებელი არ ვიხმაროთ.

ნუკლეუსი დედის არსებობაზე უნდა გავსინჯოთ დედის მიცემიდან მეორე-მესამე დღეს, ხოლო განაყოფიერებაზე ან კვერცხისდების დაწყებაზე – 11 დღის შემდეგ. თუ 15 დღის განმავლობაში დედა არ განაყოფიერდა, იგი უნდა შევცვალოთ ერთი-ორი დღის ახალგაზრდა გაუნაყოფიერებელი დედით ან მწიფე სადედით.

განაყოფიერებული დედების მიღების შემდეგ ნუკლეუსების ხელმეორედ გამოყენება შეიძლება დედების ამოყვანიდან 6-8 სთ შემდეგ, ან მეორე დღეს.

დედის მიერ დადებული კვერცხიდან ან 1-2 დღიან ჭიაზე ფუტკრების მიერ ჩამოშენებულ სადედეებს მოვუშლით ან ამოვჭრით და მივცემთ გაუნაყოფიერებელ დედას ან მწიფე სადედეს, ამასთან ერთად ნუკლეუსს გავაძლიერებთახალგაზრდა ფუტკრით.

იმ შემთხვევაში თუ ნუკლეუსებში გამოყვანილ დედებს გავხარჯავთ, მასში ერთ-ერთ მათგანს დავტოვებთ და ტიხრების ამოღებით გავაერთიანებთ ერთ ოჯახად. ასევე შეიძლება დედიანი ნუკლეუსების უდედო ოჯახთან შეერთებაც.

წყარო: მეფუტკრეობის სახელმძღვანელო-შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.

ნუკლეუსი

თქვენი რეკლამა