პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებები) კლასიფიკაცია

პესტიციდები

ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მცენარეთა მავნებლების, დაავადებების, სარეველების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისათვის მავნე მიკროორგანიზმების, ადამიანისა და ცხოველის პარაზიტების და ინფექციის გადამტანების წინააღმდეგ გამოიყენება, აქვთ ერთი საერთო სახელწოდება – პესტიციდები.

პესტიციდების კლასიფიკაცია ხდება მიზნობრივი დანიშნულებისა და მათი გამოყენების ობიექტების მიხედვით, აგრეთვე – მავნე ორგანიზმებში შეჭრის გზებისა და მათზე მოქმედების ხასიათის მიხედვით. არსებობს ქიმიური და ჰიგიენური კლასიფიკაცია.

პესტიციდები იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:

ფუნგიციდები – მცენარეთა სოკოვანი დაავადებების გამომწვევი ორგანიზმების და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ინსექტიციდები – მავნე მწერების საწინააღმდეგო პრეპარატები;

აკარიციდები – ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ინსექტოაკარიციდები – მავნე მწერების და ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატები;

აფიციდები – ბუგრების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ლარვიციდები – მავნე მწერების მატლების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ოვიციდები – მავნე მწერების კვერცხების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ნემატიციდები – მავნე ნემატოდების (მრგვალი ჭიების) საწინააღმდეგო პრეპარატები;

ლიმაციდები – ლოკოკინების (ლოფორთქინების) საწინააღმდეგო პრეპარატები;

როდენტიციდები – მავნე მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ჰერბიციდები – სარეველა მცენარეების საწინააღმდეგო პრეპარატები;

არბორიციდები – არასასურველი მერქნოვანი და ბუჩქოვანი მცენარეულობის საწინააღმდეგო პრეპარატები;

ალგიციდები – წყალსაცავებში წყალმცენარეებისა და სარეველების საწინააღმდეგო პრეპარატები.

პესტიციდებს მიეკუთვნებიან, აგრეთვე, ფოთოლცვენის გამომწვევი პრეპარატები – დეფოლიანტები, მწვანე ნაწილების წყალწამრთმევი პრეპარატები – დესიკანტები, პრეპარატები, რომლებსაც იყენებენ მწერების დასაფრთხობად (რეპელენტები), მისატყუებლად (ატრაქტანტები) და სტერილიზაციის მიზნით (ქემოსტერილიანტები).

მცენარეთა დაცვის საშუალებებს მიეკუთვნებიან, აგრეთვე, მცენარეთა ზრდის სტიმულატორები და რეგულატორები.

მცენარეთა სოკოვანი დაავადებების გამომწვევებზე მოქმედების გზების მიხედვით, ანსხვავებენ კონტაქტურ და სისტემურ, ხოლო მავნებლების შემთხვევაში კი – კონტაქტური, ნაწლავური და ფუმიგანტური ხასიათის ქიმიურ საშუალებებს.

კონტაქტური პესტიციდები, მათთან შეხებისას (კონტაქტისას), იწვევენ მავნე ორგანიზმების განადგურებას ან განვითარების შეზღუდვას.

სისტემური მოქმედების პესტიციდები იჭრებიან მცენარეში, გადაადგილდებიან გამტარი ქსოვილებით და იწვევენ დაავადების გამომწვევების, მავნებლებისა და სარეველების განადგურებას.

კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების პრეპარატები იწვევენ მავნებლების განადგურებას მათ ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვედრისას.

ფუმიგანტები – ორთქლის ან გაზურ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერებები, მოქმედებენ მწერების და ტკიპების სასუნთქ ორგანოებზე.

ქიმიური შედგენილობის მიხედვით პესტიციდები იყოფიან – ორგანულ, არაორგანულ და ბიოლოგიურ (მიკრობული, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის) პრეპარატებად.

ავტორები:  ნოე ხოზრევანიძე, კობა კობალაძე,ზურაბ ლიპარტია, ზურაბ ხიდეშელი.

თქვენი რეკლამა