ძელშავი ადგილობრივი საკმაოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იძლევა კარგი ღირსების საკუპაჟე მასალას შამპანურისათვის და საშუალო ღირსების სუფრის ვარდისფერ ღვინოს.
სპეციალურ ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის ძელშავი ცნობილია აგრევე ძველშავისა და ობჩური ძელშავის სახელწოდებით.
ზემო იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (საჩხერის რ-ნი) ადგილობრივი ძველშავისა და საჩხერის ძველშავის სახელწოდებით გავრცელებული ჯიში სულ სხვაა და იგი ობჩური ძელშავისაგან საგრძნობლად განსხვავდება.
ძელშავი ადგილობრივი დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშია, იგი გამოსულია კულტურულ ვაზის ჯიშების წარმოქმნის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით იგი მეტად ახლო დგას იმერეთის ვაზის ჯიშებთან.
ჯიშის სახელწოდების ენობრივი ანალიზის საფუძველზე აკად. ივ. ჯავახიშვილი ძელშავს აკუთვნებს საქართველოს უძველეს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისი განმარტებით შორეულ წარსულში – დაახლოებით VI საუკუნემდე სიტყვა “ძელი” ფეხზე მდგომ მოუჭრელ ხესა ნიშნავდა, ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი “შავი” ვაზის ერთწლიანი რქების მოყავისფრო შეფერვის გამომხატველია. შემდეგ ძელი, როგორც მოჭრილი ხის აღმნიშვნელი სიტყვა გახდა და ამჟამადაც ამ მნიშვნელობით იხმარება. აღნიშნულის გამო ძელშავი VI საუკუნეზე უფრო ადრინდელ ჯიშად უნდა იქნეს მიჩნეული.
ამრიგად, ძველთაგანვე ამ ჯიშს ადგილობრივმა მევენახეებმა თავისი სახელწოდებით ერთწლიანი რქების მოყავისფრო შეფერვის გამო შეარქვეს, ისე როგორც ჯიშ რქაწითელს “რქაწითელი” ახალგაზრდა ყლორტების მოწითალო შეფერვის გამო. ჯიშის წარმოშობის ადგილის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებისა და გავრცელების არეალის მიხედვით ძელშავი იმერული ვაზის ჯიშია, რადგან როგორც ძველად, ისე ახლა მისი გავრცელება იმერეთის საზღვრებს არ სცილდება.
ძელშავი მოდის საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ჯიშის განურჩევლად, ე.ი. ობჩური ძელშავის და ადგილობრივი ძელშავის ფართობი ნაჩვენებია ერთად, მაგრამ ამ ორი სხვადასხვა ჯიშის გავრცელების ძირითადი არეალის მხედველობაში მიღებით შეიძლება მათი ფართობის ცალ-ცალკე გამოყოფა. ობჩური ძელშავი გავრცელებულია იმერეთის თითქმის ყველა რაიონში საჩხერისა და ჭიათურის რაიონების გამოკლებით, ხოლო ადგილობრივი ანუ საჩხერის ძელშავი, ძირითადად ჭიათურისა და საჩხერის რაიონში, შემდეგ ქართლში-ქარელისა და ხაშურის რაიონებში, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში გვხვდება ორივე სახეობის ძელშავი.
ბოტანიკური აღწერა
ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის მთის სუსტად დაქანებულ ფერდობზე სოფ. კურდღელაურში, ზღვის დონიდან 562,3 მ სიმაღლეზე. ვენახი გამართულია სარ-მავთულზე და გაფორმებულია ქართული წესით ორ ნეკსა და ორ მოპირისპირე საკავებელზე. (ეს ინფორმაცია ვენახის შესახებ არ არის ამჟამინდელი).
ვაზები 20 წლისაა, შტამბის სიმაღლე 50 სმ უდრის. ვაზები დამყნობილია რუპესტრის დულოზე.ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა 15-20 სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკები ორივე მხრიდან შებუსვილია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, მორუხო თეთრი ფერისაა და ბაცი ვარდისფერი არშია აკრავს გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის (3-4) ფოთლები ზედა მხრიდან კარგავს შებუსვას და იღებს მოყვითალო მწვანე ფერს მონარინჯისფრო იერით. ქვედა მხრიდან ფოთლების შებუსვა მცირდება და შეფერვა რუხი მოთეთრო ხდება.
ერთწლიანი რქა. ერთწლიანი რქები ღია მიხაკისფერია. მუხლები უფრო მუქად არის შეფერილი, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისების სიგრძე მერყეობს 6-დან 12 სმ-მდე, ხოლო საშუალოდ 8-10 სმ უდრის. ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ ოდნავ არის გამოსახული.
ფოთოლი. საშუალო იარუსის (9- 12) ფოთლების ზომა საკმაოდ დიდია, მათი სიგრძე მერყეობს 16-დან 22 სმ-მდე, ხოლო განი 15-დან 20 სმ-მდე. საშუალო ფოთლის ზომა უდრის 18X16 სმ. ფოთოლი ოვალურია, იშვიათად მომრგვალო ფოთლებიც გვხვდება. უფრო ხშირად ფოთოლი სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანიც გვხვდება. ფოთლის შუა ნაკვთი ხშირად წინ წამოწეული და მახვილი სამკუთხედისებრია. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად მსხვილ ბურთულებიანია. ფოთლის მოხაზულობა უსწორმასწოროა, ხშირად ქვედა ნაკვთების ბოლოების ზევით აწევის გამო ფოთლის ფირფიტა ღარისებრ ფორმას იღებს.
ზედა ამონაკვთები ღრმაა, მათი სიგრძე ხშირად ფოთლის მთავარი ძარღვის სიგრძის ნახევარს აღწევს. უფრო ხშირად ამონაკვეთები დახურულია და ელიფსური ან კვერცხისმაგვარი თვალი აქვს. იშვიათად ღია ამონაკვეთებიც გვხვდება. ღია ამონაკვეთების ფორმა ნაპრალისებრი ან პარალელურგვერდებიანი ჩანგისებრია. ჩვეულებრივ გვხვდება ჩანგისებრი ფორმის ამონაკვეთები წამახვილებული, ან მომრგვალო ფუძით. უფრო იშვიათად ამონაკვეთების ფუძე ცალკბილიანია.
ქვედა ამონაკვეთები არაღრმა, ზეზეურია, ჩვეულებრივ ნაკლებად განვითარებული და ღიაა. ფორმით უფრო ხშირად პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად შეჭრილი კუთხისმაგვარიც გვხვდება. ამონაკვეთების ფუძე ხშირად წამახვილებულია.
ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისებრი ან თაღისებრი ფორმისაა მახვილი ან მომრგვალო ფუძით. უფრო იშვიათად გვხვდება შვილდისებრი ფორმის მახვილფუძიანი ამონაკვეთები. ხშირ შემთხვევაში ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ძლიერ იშვიათად გვხვდება დახურული და დეზიანი ამონაკვეთებიც.
ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაო სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და დაფარულია სქელი ჯაგრისებრი ბუსუსით, რაც ერთად ქმნის საშუალო სისქის ქეჩისებრ შებუსვას. ფოთლის კიდეების დაკბილვა სამკუთხედისებრია. ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მსხვილი, წინ წამოწეული მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი კბილებით. ფოთლის გვერდითი ძარღვები ბოლოვდება ხერხის კბილებისებრ მოხრილი, ცალგვერდგამოწეული სამკუთხედისმაგვარი მახვილწვერიანი კბილებით. გვერდითი კბილები არათანაბარია, გვხვდება მორიგეობით დიდი და პატარა ზომის კბილები.
ფოთლის ყუნწი, ჩვეულებრივ, ერთი მეოთხედით უფრო მოკლეა ფოთლის მთავარ ძარღვზე. იგი შებუსვილია თხელი სწორმდგომი ბუსუსით და ხშირად შეფერილია ღია ღვინისფრად. ჩვეულებრივ ყუნწი და ფოთლის ფირფიტა ერთ სიბრტყეში მდებარეობს.
ყვავილი. ნორმალური აგებულების ყვავილი ორსქესიანია. მტვრიანები სწორმდგომია. ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანაა. მტვრიანას ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან უდრის 1,25, იშვიათად ეს შეფარდება 1,50 აღწევს. ნასკვი მომრგვალო ფორმისაა კარგად გამოსახული სვეტით და დინგით.
მტევანი. მტევნები საშუალოზე დიდი ზომისაა, მათი სიგრძე მერყეობს 12-დან 20 სმ-მდე, ხოლო განი 8-დან 16 სმ-მდე. საშუალო მტევნის ზომა შეადგენს 15X9 სმ, ხოლო დიდი მტევნებისა 20X12 სმ. მტევანი განიერი კონუსისებრია, ხშირად დატოტვილი, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებურიც გვხვდება. იგი ოდნავ მკვრივი ან საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად ვაზზე უფრო მკვრივი და თხელი მტევნებიც გვხვდება. მტევნის ყუნწი მოკლეა, საშუალოდ მისი სიგრძე 2-3 სმ უდრის, იშვიათად 4-5 სმ აღწევს. ყუნწი ბალახისებრია და მხოლოდ რქასთან მიმაგრების ადგილას ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწის სიგრძე 6-8 მმ უდრის, იგი შეფერილია მწვანედ და ბოლოვდება განიერი კონუსისებრი ფორმის ბალიშით. ყუნწი თავისი ბალიშით დაფარულია ყავისფერი ხორკლებით.
მარცვალი. მარცვალი საშუალო და საშუალოზე მსხვილია. მარცვლების სიგრძე მერყეობს 1,6-დან 2,0 სმ-მდე, ხოლო განი 1,5-დან 1,9 სმ-მდე. საშუალო მარცვლის ზომა 1,7X1,6 სმ, ხოლო მსხვილი მარცვლებისა 2,0X1,9 სმ უდრის. მარცვლები მომრგვალოა, იშვიათად შეზნექილი ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მტევანში მარცვლები არათანაბარია და მცირეოდენი წვრილმარცვლიანობა ახასიათებს. მარცვლის კანი უხეშია, ადვილად შორდება მარცვლის რბილობს. რბილობი წვნიანი, წიპწებთან ოდნავ შესქელებულია, წვენი უფერულია, ტკბილი, ჯიშური არომატი ძლიერ სუსტად აქვს გამოსახული. მარცვალი მუქი წითელი, თითქმის შავი ფერისაა და დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით, რომელიც მას იისფერ იერს აძლევს.
წიპწა. მარცვალში უფრო ხშირად ერთი ან ორი წიპწაა, იშვიათად გვხვდება სამწიპწიანი მარცვლებიც. წიპწის სიგრძე საშუალოდ 6,0-6,5 მმ, ხოლო განი 4,0-5,0 მმ უდრის. წიპწის ტანი ღია ყავისფერია, ნისკარტსა და მუცლისმხარის ღარებს უფრო ღია მოყვითალო ფერი გადაჰკრავს. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილშია მოთავსებული, იგი ოვალური ფორმისაა, გარეთ გამოწეული, ოდნავ შეზნექილი ან სწორი ზედაპირი აქვს. ქალაძა შემოფარგლულია ირგვლივ ღარით, ღარტაფი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ საკმაოდ ღრმაა და კარგად გამოსახული. მუცლის მხარე ოდნავ ქედიანია, ნაწიბური კარგად გამოსახულია, ღარები მის მარჯვნივ და მარცხნივ არაღრმაა, ერთმანეთის პარალელურად მიემართება და იკარგება ნისკარტთან. ნისკარტი 1,5 მმ სიგრძისაა, ფორმით თითქმის ცილინდრულია და დაფარულია წვრილი, თვალის შეუმჩნევი ხორკლებით.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო პერიოდი და მისი ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა საქარის საცდელ სადგურზე -ზესტაფონში, მევენახეობა -მეღვინეობის ინსტიტუტის საკოელქციო ნაკვეთზე – ქ. თელავში და უკრაინის მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში – ქ. ოდესაში.
შუა იმერეთში (ბაღდადის, თერჯოლის და ზესტაფონის რაიონში) ძელშავი კვირტის გაშლას აპრილის პირველ დეკადაში, ხოლო სრულ მწიფობას სექტემბრის მეორე ნახევარში ან მის დამლევას იწყებს. კახეთში კვირტის გაშლას ჯიში აპრილის მესამე დაკადაში, ხოლო მწიფობას სექტემბრის ბოლოს იწყებს. უკრაინაში კვირტის გაშლას ძელშავი აპრილის მესამე დეკადაში, ხოლო მწიფობას სექტემბრის შუა რიცხვებში იწყებს.
ძელშავის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა საგრძნობლად მერყეობს. იმერეთში – საქარის საცდელ სადგურზე ძელშავის სრული სიმწიფისათვის საჭიროა 168 დღე 3477º აქტიურ ტემპერატურათა ჯამით, მაშინ როდესაც უკრაინაში მოკლე სავეგეტაციო პერიოდის პირობებში კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე ჯიში 146 დღეს ანდომებს და კმაყოფილდება 3,077º აქტიურ ტემპერატურათა ჯამით. კახეთში ძელშავი საშუალოდ 162 დღის განმავლობაში მწიფდება, რასაც 3174º აქტიურ ტემპერატურათა ჯამს ანდომებს.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის ასეთი მერყეობა გამოწვეულია ჰავის პირობებით. შედარებით უფრო გრილჰავიან უკრაინაში ძელშავი დაახლოებით 12 დღით უფრო გვიან იწყებს ვეგეტაციას და იძულებულია ათგრადუსიანი ტემპერატურის დადგომამდე დაამთავროს იგი.
ყურძნის მომწიფებას უკრაინაში ხელს უწყობს აგრეთვე ნალექების მცირე ჯამი. იმერეთის გრძელ სავეგეტაციო პერიოდს ძელშავი სრულად ვერ იყენებს, იგი მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევარში, მაშინ როდესაც სავეგეტაციო პერიოდი იმერეთში ოქტომბრის ბოლო რიცხვებამდე გრძელდება. ამ მონაცემების გათვალისწინებით ძელშავი სიმწიფის III პერიოდის ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება და იგი თამამად შეიძლება რეკომენდებული იქნეს იმერეთზე უფრო გრილჰავიან რაიონებში გასავრცელებლად.
ძელშავის ერთწლიანი რქები ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის თავისუფლად ასწრებენ მომწიფებას, როგორც იმერეთსა და კახეთში, ისე უკრაინაში (ოდესის ოლქი).
ძელშავის ვაზი ძლიერი ზრდით ხასიათდება. საკოლექციო ნაკვეთებზე წარმოებულ დაკვირვებით, ნიადაგის და ჰავის შედარებით თანაბარ პირობებში, ძელშავის ზრდის სიძლიერე ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით საშუალოზე უფრო დიდია.მოსავლიანობა. ძელშავი, მსგავსად მრავალი ადგილობრივი ჯიშისა, შედარებით ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს.
ძელშავის ნამყენები დარგვიდან მეორე წელს პირველ ნიშანს, მესამე წლიდან მოსავლის ნაწილს, ხოლო მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს იძლევა. ადგილობრივ იმერულ ვაზის ჯიშებთან შედარებით ძელშავი მაღალი მომსავლიანობით ხასიათდება. მოსავლის სიუხვე დამოკიდებულია რაიონის ჰავისა და ნიადაგის პირობებზე, კვების არის სიდიდეზე, ფორმირების წესზე და მოვლა-დამუშავების ხარისხზე. ასე, მაგალითად, მაიაკოვსკის რაიონში გაეწრებულ ტყის ნიადაგებზე (სოფ. ფერსათი) ძელშავი ვაზის ადგილობრივი წესით – 2-3 საკავებელზე ფორმირებისას 2,25-2,86 კვად. მ კვების არეზე იძლევა 80-100 ცენტნერ ყურძენს;
ტყის ღონიერ კარბონატულ ნიადაგებზე (სოფ. ობჩა) მისი მოსავალი საშუალოდ 150 ცენტნერს და მეტს აღწევს, ხოლო ეწერ ნიადაგებზე მოსავალი 50 ცენტნერს არ აღემატება. დანარჩენ რაიონებშიაც (ზესტაფონის, თერჯოლის) ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ძელშავის მოსავლიანობა მუდამ მეტია და თავისუფლად აღწევს 80-100 ცენტ. ყურძენს ჰექტარზე.
კახეთში – მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებულ აღრიცხვების მიხედვით ძელშავის მოსავლიანობა საშუალოდ ძირზე 2,0-2,5 კგ აღწევს, რაც ჰექტარზე გადაყვანით 70-80 ცენტნერს შეადგენს.
იმერეთში და კახეთში წარმოებულ აღრიცხვების მიხედვით ძელშავი მსხმოიარობის კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება. ნაყოფიანი რქების რაოდენობა მერყეობს 85-დან 90%-მდე; ერთმტევნიანი რქები 57,3%, ორმტევნიანი 40,7% და სამტევნიანები 2,0% შეადგენს. მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 1,0-დან 1,2-მდე იმერეთში, და 1,2- დან 1,4-მდე კახეთში.
მტევნის საშუალო წონა მერყეობს კახეთში 120-200 გ შორის; იმერეთში 100-დან 225 გ-მდე, ხოლო უკრაინაში იგი საშუალოდ 200 გ უდრის. დიდი, კარგად განვითარებული მტევნების წონა თავისუფლად 500 გ აღწევს. ამრიგად, ძელშავი როგორც იმერეთში, ისე კახეთსა და უკრაინაში ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება.
სოკოვან ავადმყოფობათა და გარემო პირობების მიმართ გამძლეობა
იმერეთის ჰავის პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს ჯიშის სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობას. ძელშავი შედარებით კარგად უძლებს ნაცარს, მაგრამ ადვილად ზიანდება ჭრაქისაგან. წვიმიან წლებში ერთი დამატებითი წამლობა ჭრაქის წინააღმდეგ ძელშავისათვის აუცილებელია. ვაკე და დაბლობ-ტენიან ადგილებში ძელშავის მარცვალი ადვილად ლპება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. ლპობის ხელს უწყობს მტევნის სიმკვრივე და თხელი კანი, რომელიც ადვილად ზიანდება მწერებისაგან.
ბაღდადის რაიონში ძელშავი სხვა ჯიშებთან ერთად საგრძნობლად ზიანდება ბუკნა ჭიისაგან. ზამთრის ყინვების მიმართ ძელშავი მაღალი გამძლეობით არ ხასიათდება, თუმცა იმერეთის პირობებში ყინვების იშვიათობის გამო ძელშავი მისგან არ ზიანდება. იმერეთში გავრცელებულ მთავარ საძირეებს ძელშავი კარგად ეგუება, უკეთეს შედეგს იძლევა რუპესტრის დულო, ხოლო კირნარ ნიადაგებზე ბერლანდიერი X რიპარიას ჰიბრიდები 5ბბ და 420ა.
ტექნოლოგიური დახასიათება
მტევნის გარეგნული შეხედულების, მისი მექანიკური შედგენილობისა და წვენის ქიმიური შეცულობის მიხედვით ძელშავი საღვინე ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება. მისი ღვინის ხასიათი-სიმსუბუქე, ხალისიანობა, სუსტი შეფერვა მიგვითითებს საშამპანურე ღვინომასალად გამოყენების უპირატესობაზე. მართლაც, როგორც ძველად, ისე ახლა, ძელშავს ძირითადად იყენებენ კუპაჟში საშამპანურე ღვინომასალის დამზადების დროს.ყურძნის მექანიკური შედგენილობა.
ლაბორატორიულ პირობებში წვენის გამოსავლიანობა საკმაოდ მაღალია და 80% აღწევს, ხოლო ჭაჭისა 20%. წარმოების პირობებში წვენის გამოსავალი საგრძნობლად ნაკლებია და იგი საშუალოდ 76-78% შეადგენს, ხოლო ჭაჭისა შესაბამისად 24-22% უდრის.
ძელშავი შაქრის დაგროვების კარგი უნარით ხასიათდება. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აგროვებს იგი შაქარს შუა და ქვემო იმერეთში, როცა მას სუფრის ღვინისათვის ამწიფებენ.
ზემო იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში ძელშავი უფრო ნაკლები რაოდენობით აგროვებს შაქარს და მას ამ რაიონებში შედარებით უფრო გვიანკრეფენ. დიდ შაქრიანობასთან ერთად ძელშავის ყურძნის წვენი შედარებით მაღალი მჟავიანობითაც ხასიათდება. წვენში შაქრისა და მჟავას სასურველმა შეფარდებამ განსაზღვრა მისი საშამპანურე მასალად გამოყენების უპირატესობა, რის გამოც დღესაც ძელშავს წარმატებით იყენებენ საშამპანურე მასალათა კუპაჟში. შაქრისა და მჟავას დაგროვების უნარის დასახასიათებლად ქვემოთ მოტანილია იმერეთში, კახეთსა და უკრაინაში წარმოებული გლუკოაციდომეტრიული ანალიზის შედეგები შამპანურისათვის და ჩვეულებრივი ღვინისათვის გადამუშავებული ყურძნის წვენისა.
ძელშავი საკმაოდ მაღალი შაქრიანობითა და მჟავიანობით ხასიათდება. ეს თვისება საშუალებას იძლევა რთველის შესაფერ ვადებში წარმოებით მისგან დამზადდეს, როგორც სუფრის ღვინო, ისე საშამპანურე ღვინომასალა.
სუფრის ღვინისათვის რთველი უნდა დაიწყოს სექტემბრის დამლევს და გაგრძელდეს ოქტომბრის მეორე დეკადამდე. ამ ვადებში ჩვეულებრივ ძელშავის მჟავიანობა 7-8,0‰ უდრის, ხოლო შაქრიანობა 20% და უფრო მეტს აღწევს. შამპანურისათვის ძელშავის რთველი უფრო ადრე უნდა დაიწყოს და დამთავრდეს სექტემბრის დამლევამდე, ამ დროს ძელშავის შაქრიანობა 18-19% აღწევს, ხოლო მჟავიანობა 9-10‰, რაც სავსებით საკმარისია საშამპანურე ღვინო მასალისათვის.
ყურძნის გამოყენება და ღვინის ხარისხი
ძელშავის მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებით მაიაკოვსკისა და ზესტაფონის რაიონებიდან მიღებული ძელშავის მოსავალი, უმთავრესად, მიდის საშამპანურე ღვინომასალების დასამზადებლად.
ძელშავისაგან დამზადებული სუფრის ღვინო საშუალო ღირსებისაა. შუა იმერეთში მისგან ღია წითელიან მოვარდისფრო ნაკლებსხეულიანი, მაგრამ ენერგიული და ხალისიანი ღვინო დგება, ხოლო ზემო იმერეთში და რაჭაში იგი უფრო თხელი და ნაკლებშინაარსიანია.
გაცილებით უკეთესი ხარისხის მასალას ძელშავი შამპანურისათვის იძლევა. ამ წესით დაყენებული ძელშავის ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერით, სიმსუბუქით და საკმაო ხალისიანობით, იგი კარგი საკუპაჟე მასალაა შამპანურისათვის.
ჩვეულებრივბ რთველის ვადების განსაზღვრა დამოკიდებულია წლის მეტეოროლოგიურ პირობებზე. შამპანურისათვის ძელშავი უნდა დაიკრიფოს მაშინ, როცა ყურძნის შაქრიანობა 18-19%, ხოლო მჟავიანობა 9-10‰ მიაღწევს. ეს შეფარდება ყურძენში უფრო ხშირად სექტემბრის მეორე ნახევარში დგება. სუფრის ღვინისათვის ძელშავი უფრო გვიან უნდა დაიკრიფოს, როცა ყურძნის შაქრიანობა 20-21%, ხოლო მჟავიანობა 7,5-9‰ მიაღწევს. ეს შეფარდება ძელშავის ყურძენში ჩვეულებრივ ოქტომბრის პირველ ნახევარში დგება.
გლეხურ მეურნეობებში სუფრის ღვინისათვის მოკრეფილ ყურძენს ათავსებენ საწნახელში, საჭყლეტ მანქანაში წინასწარ გატარებით ან ჭყლეტენ ფეხით და თავის კლერტთან და ჭაჭასთან ერთად სტოვებენ საწნახელში სადუღრად. დუღილის პერიოდში დროდადრო დურდოს დაურევენ საწნახელშივე სპეციალური სარევით. მძაფრი დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინო გადააქვთ სუფთად გარეცხილ ქვევრებში, მჭიდროდ ახურავენ სარქველს და ზემოდან თიხით გლესავენ. ზოგ მეურნეობაში ძელშავს თეთრი ღვინის მსგავსად აყენებენ. ყურძნის საწნახელში დაწურვის შემდეგ სუფთა წვენი გადააქვთ ქვევრებში სადუღრად. ქვევრებს უტოვებენ ჰაერის ამოსასვლელს და შემდეგ მჭიდროდ ახურავენ მათ სარქველს.
უფრო შეფერილი და სხეულიანი ღვინის მისაღებად საწნახელში დადუღებულ ღვინოს ქვევრებში გადაღების შემდეგ უმატებენ კლერტგაცლილ ოცხანურ საფერეს ჭაჭას თავისი წვენით, თითოეულ ჰექტოლიტრ ღვინოზე დაახლოებით 25 კგ რაოდენობით. ამის შემდეგ დროდადრო ქვევრს დაურევენ საღებავის უკეთ გაზავების მიზნით და ღვინოს სრული დადუღების შემდეგ გადაიღებენ და გამოაცლიან ჭაჭას.
შედარებით უკეთესი ხარისხის ღვინოს ძელშავი შუა იმერეთში იძლევა, განსაკუთრებით ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონის სოფლებში, ძირითადად, თიხნარ და ქვეთიხნარ კარბონატულ ნიადაგებზე. ზემო და ქვემო იმერეთის სოფლებში ძელშავი შედარებით უფრო მცირესხეულიან და ნაკლებშინაარსიან ღვინოს იძლევა.
შამპანურისათვის უკეთეს მასალას ძელშავი შუა იმერეთში იძლევა. გადმოცემის თანახმად ამ რაიონის ძელშავი ძველადაც მიდიოდა საშამპანურე მასალის კუპაჟში პინოებთან ერთად.
ძელშავის ღვინო საკმაოდ მდიდარი ქიმიური შედგენილობით ხასიათდება, მისი სიმაგრე ცალკეულ ადგილებისა და წლების მიხედვით 13,6º აღწევს, ხოლო სიმჟავე 6‰-ზე დაბლა იშვიათად ეცემა. ქიმიური მონაცემების მიხედვით ჯიში სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ღვინის მოთხოვნას. ამ თვისებებით მან უფრო მეტი გამოყენება შამპანურ მრეწველობაში ჰპოვა, უფრო სხეულიანი ღვინოების შესამსუბუქებლად და მათთვის სიხალისის მისაცემად. გარდა სუფრის ღვინისა ძელშავი დიდად პერსპექტიულია უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და საკონიაკე სპირტის დასამზადებლად.
საერთო შეფასება და დარაიონება
ძელშავი ადგილობრივი უხვომსავლიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რაიონებში, უფრო მეტად მის ცენტრალურ ნაწილში. ძელშავის ყურძნიდან მზადდება სუფრის ორდინალური წითელი ღვინო და ხარისხოვანი საკუპაჟე მასალა შამპანურისათვის. ხშირად, ჯიშის ნარევის სახით გავრცელების გამო, იგი სხვა ჯიშებთან მგალობლიშვილთან ან ოცხანურ საფერესთან ერთად იწურება წითელი ღვინის დასამზადებლად.
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
ჯიშის დადებით თვისებებს ეკუთვნის – უხვი მოსავლიანობა, ნაცრის მიმართ საკმაოდ კარგი გამძლეობა, შედარებით ნაადრევი სიმწიფე და მისი ვარგისობა სუფრის, შამპანური ღვინისა და ყურძნის წვენის დასამზადებლად.
ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება პროდუქციის არამაღალი ხარისხი, მილდიუმისა და ლპობის მიმართ სუსტი გამძლეობა.
ძელშავი პერსპექტიული ჯიშია შამპანურის კუპაჟებში გამოსაყენებლად. ამიტომ მისი როგორც დამატებითი ჯიშის შამპანურ მევენახეობის რაიონებში გავრცელება მიზანშეწონილია.
ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.