ქაცვის მოვლა-მოყვანა, გამოყენება

ქაცვი, აბლეპიხა

თავი I. ზოგადი ნაწილი

1. ქაცვის ზოგადი დახასიათება

ქაცვი (Облепиха) მიეკუთვნება ფშატისებრთა, Elaeagnaceae – ს ოჯახს.

იგი ხშირტოტებიანი, ეკლიანი ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა. მისი სიმაღლე 1, 5 – 6 მ – ია. ქაცვისთვის დამახასიათებელია დატოტვილი გაშლილი ვარჯი.

ძველი ტოტებისა და ღეროების ქერქი შესაძლოა იყოს მურა – მწვანე, მურა – ყვითელი, მუქი – მურა ან კიდევ შავი. ახალგაზრდა ყლორტები ვერცხლისფერი შეფერილობისაა,  დაფარულია ბუსუსებით. ტოტები ეკლებით ბოლოვდება.

ფოთლები მარტივია, მორიგეობითი, მოკლეყუნწიანი, სწორი ან სწორ – ლანცეტისებური. ფოთლები მოკლეყუნწიანია და კიდემთლიანი. მათი სიგრძე 9 სმ – მდეა, სიგანე 1 სმ – მდე. ფოთლის კიდეები ოდნავ შიგნითაა შექცეული, ზედაპირი კი რუხი – მუქ – მწვანეა, ქვემოდან – ოდნავ მოყვითალო ან მურა ვერცხლისფერი. მცენარე ორსქესიანია. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები განლაგებულია განსხვავებულ ბუჩქებზე.

ყვავილები წვრილია. მამრობითი ყვავილები (მტვრიანებიანი) ჭუჭყიანი ვერცხლისფერია და შეკრებილია მოკლე თავთავად. ყვავილსაფარი შედგება ორი მომრგვალო ელიფსური ფურცლისგან, რომელიც 4 მტვრიანაზეა შემოვლებული. მდედრობითი ყვავილები (ბუტკოიანი) მოყვითალოა, მილისებური ორფურცლიანი ყვავილსაფრით. მათი რაოდენობა 1 – 7 – ია ნასკვი ერთბუდიანია.

ნაყოფი წვნიანი მოყვითალო ან ნარინჯისფერი კურკაა. იგი ოვალური ან მოკლე ელიფსური ფორმისაა. ნაყოფსაფარი წვნიანი და არომატულია. კურკა გლუვია, ორივე მხრიდან ლაპლაპებს. იგი ღია ან მუქი წაბლისფერი, ზოგჯერ კი შავი შეფერილობისაა. 1000 ცალი ნაყოფის მასაა 200 – 780 გ, 1000 ცალი თესლის მასა კი – 10, 0 – 20, 0 გ.

ქაცვი ყვავილობს აპრილ – მაისში, ფოთლების გამოსვლამდე, შესაძლოა ფოთლების გამოსვლასთან ერთდროულადაც. იგი უხვად, მაგრამ არარეგურალურად ისხამს ნაყოფს. ნაყოფი მწიფს აგვისტო – სექტემბერში. ზოგჯერ მწიფე ნაყოფი მცენარეზე რჩება მომდევნო წლის გაზაფხულამდე, თუკი ფრინველებს გადაურჩა.

ქაცვი პოლიმორფულია. მისი ფორმები განსხვავდებიან ვარჯით, ნაყოფის სიდიდით და ფორმით, ეკლიანობით. სუსტი, ზედაპირული, ზონრისებური ფუნჯა ფესვთა სისტემა აქვს.

2. გავრცელება

ქაცვი გავრცელებულია, ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის მხარეში, აზიაში, ზღვის დონიდან 2100 მ – მდე. საქართველოში იგი გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ნაწილში: ქართლში, კახეთში, რაჭაში, გურიაში.

იგი კარგად იტანს სიცხეს და სიცივესაც. გვხვდება როგორც მდინარეთა ჭალებში, ნესტიან ადგილებში, ასევე მშრალ ფერდობებზეც. ქაცვი შეგვხვედრია ივრის ნაპირებზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ სიონში, სართიჭალაში, ყაზბეგში, არღუნის ხეობაში, ხევსურეთში, შატილში, თრუსოს ჭალებში.

3. ეკოლოგიური მდგომარეობა

ბუნებაში ქაცვს შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შემოტანილმა კულტურულმა სახეობებმა შესაძლოა გადააშენონ ადგილობრივი სახეობები.

ქაცვს ხშირად იყენებენ ჭიგოებად, სარებად, რაც საკმაო ზიანს აყენებს მის აღდგენასა და შენარჩუნებას. ქაცვის ნაყოფის შეგროვებისას ხშირად ადგილი აქვს მცენარის იმ ზომამდე დაზიანებას, რომ იგი კნინდება. სადღეისოდ ქაცვი წითელ წიგნშია შეტანილი.

დაქანებულ ნაკვეთებზე, რიგ შემთხვევებში, ქაცვის გაშენება კარგი საშუალებაა ნიადაგის ეროზიისგან დასაცავად. იგი ნაიდაგის სიღრმეში არ მიდის, მაგრამ კორომში, ზედაპირთან ახლოს ქმნის ფესვთა „ბადეს“, რომელიც ნიადაგს იცავს ეროზიისაგან, ამასთან მისი გამრავლება ძნელადმისაწვდომ ფერდებზე თესლის მოპნევითაც შეიძლება.

4. ქიმიური შემადგენლობა

ქაცვის ნაყოფის რბილობი შეიცავს 8% – მდე ცხიმოვან ზეთს. თესლებში მისი შემცველობა 12% – მდეა. ქაცვის ცხიმოვანი ზეთი წარმოადგენს ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის და პალმიტინის მჟავების ტრიგლიცერიდებს. ამის გარდა, ნაყოფი შეიცავს 1%-მდე ფოსფოლიპიდებს და 2% – მდე სტერინებს.

ქაცვის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით. ვიტამინურ კომპლექსში განსაკუთრებით ჭარბობს კაროტინოიდები. ქაცვის ზეთში კაროტინოიდების შემცველობა 250 მგ% – მდეა. ქაცვის ზეთი შეიცავს ასევე ლიკოპინსა და ზეაქსანტინს.

ქაცვის ნაყოფის რბილობის შემადგენლობაში შედის ასევე 3%-მდე ვაშლის და ღვინოქვის მჟავები, 7% – მდე შაქრები.

ქართველ მეცნიერთა მიერ, ქაცვში აღმოჩენილია: β- და γ-კაროტინი, გლუკოზა, ვაშლის მჟავა, ვიოლაქსანტინი, ვიტამინები K1, C, E, B1, B2, B6, P, ზეაქსანტინი, იზოკრიპტოქსანტინი, კატექინები, კრიპტოქსანტინი, ლიკოპინი, ლინოლენის მჟავა, ლინოლის მჟავა, ლუტეინი, მთრთილავი ნივთიერებები, მირისტინის მჟავა, მჟაუნის მჟავა, ნეოკაროტინი, ნეოქსანტინი, ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჟავა, პალმიტოლეინის მჟავა, პექტინი, პოლისაქარიდები, პოლიცისლიკოპინი-β, საქაროზა, სტეარინის მჟავა , ფიტოფლუინი, ფრუქტოზა, ღვინის მჟავა,

ბიოლოგიურად აქტიური შენაერთებით მდიდარია ქაცვის ყველა ნაწილი.

თავი II. კულტივირება

1. ნიადაგის შერჩევა და მომზადება

ქაცვი კარგად ეგუება ნებისმიერი ექსპოზიციიისა და ტიპის ნიადაგებს. თუმცა უპირატესობა ენიჭება მდინარისპირა ტერასებს, კარგად განათებულ ნოყიერ ნიადაგებს.

ქაცვის კულტივირებისათვის ხელსაყრელია შეირჩეს ნიადაგი, რომელსაც ნეიტრალური რეაქცია აქვს (PH=6, 5 – 7, 0) შესაძლებელია დაქანებული ნაკვეთის შერჩევაც. კულტივირებისათვის უვარგისია ის ნაკვეთები, რომლის ზედაპირთანაც გრუნტის წყლებია ახლოს. შერჩეულ ნიადაგს ხნავენ 20 – 25 სმ სიღრმეზე და ანოყიერებენ ორგანული და მინერალური სასუქებით.

2. გამრავლება

ბუნებაში ქაცვი მრავლდება როგორც თესლით ასევე ვეგეტაციურად. ასევეა შესაძლებელი მისი გამრავლება კულტურაშიც.

ქაცვს თესავენ სათბურში. დათესვა შესაძლებელია დაზამთრებამდე და ადრე გაზაფხულზე. დაზამთრებამდე დათესვისას ჩათესვის სიღრმე 2 სმ – ია, ადრე საგაზაფხულო დათესვისას 5 სმ.

საგაზაფხულო თესვისას საჭიროა თესლის 3 თვიანი სტრატიფიკაცია. დათესვა ხდება წინასწარ მომზადებულ ბუდეებში. ბუდეებს შორის მანძილი უნდა იყოს 25 – 30 სმ.

ერთწლიანი ნერგები უკვე ვარგისია ღია გრუნტში გადასატანად. გადასარგავად ვარგისია ნერგი, რომელსაც გააჩნია კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა; ამასთან ფესვების რაოდენობა ერთ ძირზე 4-5 ცალს არ უნდა აღემატებოდეს და მიწისზედა ნაწილი მოდგენილი უნდა იყოს ყლორტით. გადარგვა უმჯობესია შემოდგომით, შესაძლებელია გაზაფხულზეც.

დარგვამდე ნიადაგს წინასწარ მოამზადებენ, წინასწარ ამზადებენ 40×40 სმ ზომის ორმოებს; დარგვამდე ორმოს 1/3 ამოავსებენ მიწისა და სასუქის ნარევით. ქაცვის ნერგს ათავსებენ მომზადებულ ორმოში ვერტიკალურად. ნერგს გაასწორებენ ისე, რომ ნერგის ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირის დონეზე იყოს. ამის შემდეგ ორმოს ამოავსებენ მიწით და ყურადღებას აქცევენ, რომ ფესვის ყველა ნაწილი მიწაში მოექცეს და დატკეპნისას ფესვები არ დაზიანდეს. ახალდარგული ძირები საჭიროა მოირწყას.

დარგვისას ყოველ 4 – 5 მდედრობით მცენარეს უნდა მოსდევდეს ერთი ძირი მამრობითი მცენარე. მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 2-2, 5 მ. ქაცვის მდედრობითი და მამრობითი მცენარეების გამოცნობა შესაძლებელია გაზაფხულზე ყვავილობის დაწყებამდე ან შემოდგომით ფოთოლცვენის შემდეგ. მათი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ მამრობითი კვირტი 2-3-ჯერ მოზრდილია, ვიდრე მდედრობითი; მამრობით კვირტს გააჩნია 5-7 კვირტის მფარავი ქერცლი, მდედრობითს კი – 2.

3. მოვლა

ქაცვის ნარგავების მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას. ჩვეულებრივ, ვეგეტაციის პერიოდში ამას მიმართავენ 3-4-ჯერ. ამის გარდა ნიადაგის გაფხვიერება საჭიროა მორწყვისა და ძლიერი წვიმების შემდეგ. ნიადაგის გაფხვიერება საჭიროა 5-6 სმ სიღრმეზე, რიგთაშორისებში კი 8-10სმ სიღრმეზე. ნარგავები სისტემატიურად უნდა გასუფთავდეს გვერდითი ამონაყრებისგან. მიზანშეწონილია 2-3 წელიწადში ერთხელ კულტურის განოყიერება. 1მ2-ზე საჭიროა 10 კგ ორგანული სასუქი. მჟავე ტიპის ნაკვეთებზე საჭიროა კირის შემცველი სასუქების შეტანა.

როდესაც ქაცვის კულტურას ვაშენებთ, უნდა ვიზრუნოთ მისი ვარჯის ფორმირებაზე, იმისათვის, რომ მოსავლელად და ნედლეულის შესაგროვებლად მოხერხებული იყოს. დარგვის მომდევნო წლიდანვე ყოველწლიურად საჭიროა ქაცვის ვარჯის გასხვლა და ფორმირება ირგვლივ მისი თანაბრად განვითარებისთვის. იგი ნაყოფს ისხამს დარგვიდან 3-4 წლის შემდეგ.

4. ექსპერიმენტალური მონაცემები

ჩვენს საცდელ ნაკვეთებზე ქაცვს ვაშენებდით ფერდობიან და შავმიწა კარბონატულ ნიადაგებზე ახმეტის რაიონში. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ნაკვეთზე ისინი ხშირად ავადდებოდნენ და ძალზე ნელა იზრდებოდნენ, ამასთან მსხმოიარობაც ცუდი ჰქონდათ.

ამის შემდეგ ნერგების ნაწილი გადმოვიტანეთ მდინარე ალაზნის ალუვიურ ნიადაგებზე. გადარგვისას ყოველ 7 მდედრობითი მცენარის შემდგომ ვრგავდით 1 მამრობით ძირს. აქ მცენარეებმა უკეთ გაიხარეს და უხვი მსხმოიარობაც აღინიშნა. საცდელად შერეული გვქონდა ველური ქაცვის ნერგები, შეგნებულად ავარიდეთ თავი სელექციურ ჯიშებს. ჩვენი დაკვირვებით, მსუბუქ, ქვიშნარ, ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებზე ქაცვი იძლევა საუკეთესო მოსავალს.

გამრავლება შესაძლებელია კალმების დაფესვიანებით; სასურველია მათი დამუშავება დაფესვიანების სტიმულატორებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოზარდ ქაცვის ჯიშებს ახასიათებთ ვიტამინების, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინების მაღალშემცველობა (კურკაში).

5. დაავადებები და მავნებლები

ქაცვის მავნებლებიდან საქართველოში გავრცელებულია ქაცვის მწვანე მღილი და ჩრჩილი. ქაცვის მწვანე მღილი აზიანებს ფოთლებს. დაზიანებული ფოთლები შავდება და ხვეული ხდება. აღნიშნული მავნებლების წინააღმდეგ ეფექტურია ბაბუაწვერას, ხახვისა და თამბაქოს ექსტრაქტი. მის მოსამზადებლად საჭიროა თამბაქოს მტვერს დავასხათ 10 ლიტრა წყალი, დავუმატოთ 40 გრამი საყოფაცხოვრებო საპონი და გავაჩეროთ 48 სთ.

ხახვის გამოყენება ამ მიზნით შემდეგნაირად შეიძლება: 150 – 200 გ ხახვს დავასხათ 10 ლიტრა წყალი, გავაჩეროთ 5 დღის განმავლობაში და გავწუროთ.

ბაბუაწვერას გამოყენების შემთხვევაში 400 გ ფოთლებს ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და დააყენებენ 2 – 3 საათი.

მავნებლების წინააღმდეგ ვარგისია მხოლოდ ახლად დამზადებული ნაყენი. ჩრჩილის წინააღმდეგ მოწოდებულია ბიოლოგიური პრეპარატი ენდობაქტერინი. ამ პრეპარატის 50-100 გ-ს აზავებენ 10 ლიტრა წყალზე და წამლობენ კვირტების გაშლამდე.

ქაცვის ავადმყოფობებიდან საქართველოში გავრცელებულია ენდოლეიკოზი და ქაცვის ხმობა. ენდოლეიკოზით დაავადებულ ნაყოფს სიმწიფის დროს უჩნდება ღია ფერის ლაქები. ხმობისა და ენდოლეიკოზის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიება არ არსებობს, გარდა მექანიკური მეთოდებისა (დაავადებული ნაყოფისა და ძირის მოშორება ნაკვეთებიდან).

მავნებლებისა და დაავადებათა გაჩენის ალბათობა ნაკლებია თუ კულტივირებისთვის ნაკვეთი სწორად იქნა შერჩეული და კარგად იქნა მოვლილი.

6. ნედლეული და მისი შეგროვება

ქაცვის ნაყოფს აგროვებენ მისი მწიფობის დროს მანამ, სანამ ისინი დარბილდებოდეს. ნაყოფები უნდა მოიკრიფოს მშრალ ამინდში.

რეგიონებში, სადაც მშრალი შემოდგომა იცის და ყინვები ადრიანად იწყება, მოწოდებულია ქაცვის შეგროვება ტოტებზე ნაყოფის გაყინვის შემდეგ.რადგან ყინვების შედეგად ნაყოფი უფრო გამძლე ხდება, კარგავს ძელგ-მწარე გემოს და არომატული, სასიამოვნო მომჟავო ტკბილი ხდება. ჩვენს პირობებში შესაძლებელია ნედლი ნაყოფების შეგროვება.

ნედლეულისათვის დამახასიათებელია წვნიანი ნაყოფები კურკით. მათი ფორმა სფეროსებური ან მოგრძო – ელიფსურია, სიგრძით 4-12მმ; ნაყოფის ყუნწი მოკლეა; ფერი ყვითელი ან მუქი – ნარინჯისფერი. გემო მოტკბო – მჟავეა, მოტკბო სუნით, წააგავს ანანასის სუნს. ნაყოფები ადვილად იჭყლიტება.

ნედლეულში დასაშვებია ისეთი დაჭყლეტილი ნაყოფები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვს წვენი. დაუშვებელია ნედლეულში მწვანე, დიდი ხნის ნადები, გაშავებული, დაობებული ნაყოფი. ნედლ ნაყოფს ფუთავენ 150ლ ტევადობის ხის კასრებში. კასრი უნდა იყოს სუფთა და უსუნო. ნედლ ნაყოფს ინახავენ გრილ, სინათლესთან დაცულ ადგილას. მიმღებ პუნქტში ამ სახით მათი შენახვა დასაშვებია 3 დღე.

დამზადებას აძვირებს ეკლები. კრეფის თვითღირებულების შემცირება უპირველეს ყოვლისა უეკლო ჯიშების გაშენებით უნდა მოხდეს. ეკლიანი ჯიშების ხეები შეიძლება შევარხიოთ და ქვემოთ დაფენილ ცელოფანზე დაყრილი ნაყოფი მოვაგროვოთ. რთულ რელიეფში პოტებს აჭრიან მიაქვთ სათავსში და ნაყოფს იქ ხელით აცლიან.

თავი III. გამოყენება

ქაცვის ნაყოფისგან ამზადებენ ქაცვის ზეთს. ქაცვის ზეთი თავის მხრივ წარმოადგენს ღია – ნარინჯისფერ გამჭირვალე სითხეს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს ეპითელიზაციას და ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს გრანულაციის ზრდას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ამიტომაც ქაცვის ზეთი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს. მის სახვევებს იყენებენ დამწვრობისას, ნაწოლებზე, კანის სხივური დაზიანების დროს. ქაცვის ზეთი გამოიყენება პირის ღრუს დაზიანების, ნახეთქების, ეროზიების და კანის ზედაპირის სხვა დაზიანებების დროს. ეფექტურია მისი გამოყენება ფლეგმონური აკნეს დროს.

გარდა გარეგანი ფორმებისა, ქაცვის ზეთი გამიყენება შიგნით მისაღებადაც წყლულოვანი დაავადებების დროს; იგი აუმჯობესებს ღვიძლში ლიპიდურ ცვლას, იცავს ბიოლოგიურ მემბრანებს ქიმიური აგენტების მავნე მოქმედებისგან.

ქაცვის ზეთს იყენებენ კოლპიტების, ენდოცერვიციტების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს. ქაცვის ზეთი გამოიყენება შიგნით მისაღებად საყლაპავი მილის კიბოს დროს სხივიური თერაპიის შემთხვევაში,  როგორც პროფილაქტიკური საშუალება საყლაპავის დეგენერაციული ცვლილებების შემცირებისათვის.

რეკომენდებულია ქაცვის ზეთის ინჰალაციების გამოყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტების დროს ზედაყბის ფოსოში შეყავთ 4 – 5 მლ სტერილური ზეთი, ქრონიკული და მწვავე ლარინგიტების და ფარინგიტების დროს ლორწოვან გარსს შეაზელენ ზეთს ბამბის ტამპონის მეშვეობით ან უნიშნავენ ზეთის 15 წუთიან ინჰალაციას ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი შედგება 10 პროცედურისგან.

ქაცვის ნედლი ნაყოფი და წვენი ხასიათდებიან ბაქტერიოციდული მოქმედებით; იგი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. რეკომენდირებულია უმი ნაყოფისა და წვენის გამოყენება კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის დროს, ატონიური ყაბზობისას; გამოიყენება ასევე ტოქსიკური ჰეპატიტის კომპლექსურ მკურნალობაში,  და როგორც ვიტამინების ბუნებრივი წყარო.

ქაცვის ნაყოფის წვენი კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც სახის კანის დამარბილებელი, მატონიზირებული საშუალება.

საოჯახო პირობებში შესაძლებელია ქაცვის ზეთის დამზადება შემდეგნაირად: ნედლ ნაყოფებს გამოწურავენ წვენს. დარჩენილ მასას, რომელშიც შედის კურკები და ნაყოფის კანი, გამოაშრობენ, დააწვრილმანებენ და დაასხამენ თერმოსში მცენარეულ ზეთს 1:2 შეფარდებით. ზეთი 600C – მდე უნდა იყოს გაცხელებული. დაყოვნება საჭიროა 1 დღე – ღამე. შემდეგ თხევად მასას გადმოწურავენ. შესაძლებელია ზეთის მეორეჯერაც დასხმა. მეორედ მიღებული ზეთის გამოყენება სასურველია სალათებში, კოსმეტიკურ ნიღბებსა და კრემებში.

ქაცვის ნაყოფის გამოწურვით მიღებულ წვენს აყრიან შაქრის ფხვნილს 1:1, 5 ან შეფარდებით 1:2 და ინახავენ. იგი ვიტამინიზირებული საკვებია.

თავი IV. გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში

ოფიცინალური პრეპარატია Oleum Hippophaes – ქაცვის ზეთი. ბაზარზე რამდენიმე ხარისხის ქაცვის ზეთია. უმაღლესი ხარისხი მიიღება ქაცვისთესლის ცივი დაწნეხვით. უფრო დაბალი ხარისხის – თბური დაწნეხვით. კიდევ უფრო დაბალი ხარისხი მიიღება წვენგაცლილი გარენაყოფის (შროტის) ექსტრაქციით მზესუმზირას ზეთთან და ა.შ.

ქაცვის ზეთი თავისებური სუნის და გემოს, ნარინჯისფერ – წითელი სითხეა. გამოიყენების არეალი ფართეა: ათეროსკლეროზის,ზემოსასუნთქი გზების ანთება (ინჰალაცია), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადები, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ნაადრევი დაბერება, საშვილოსნოს ყელის ეროზია, სხივური თერაპიის შედეგად კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებები; გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ქსოვილების ეპითელიზაციის დამაჩქარებელი, ჰიპოვიტამინოზისა და სხვ. დროს.

თავი V. სანერგე

საქართველოში ქაცვის დეფიციტი არაა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, ქარხნისათვის მისი ღირებულება მაღალია. მაღალ ღირებულებას განაპირობებს ქაცვნარების ტერიტორიული გაფანტულება და ძნელად მისაწვდომობა. ველურად მოზარდი ბუჩქედან მოსავალიც მცირეა საწარმოო მიზნებისათვის, აუცილებელია თანამედროვე ჯიშებით პლანტაციების გაშენება.

აუცილებლად მიგვაჩნია სანერგე მეურნეობის შექმნა. რომელიც შემოიტანს და გაამრავლებს უეკლო, მაღალმოსავლიან ჯიშებს,  მოახდენს ადგილობრივი ჯიშების სელექციასაც.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქაცვის თვითღირებულება უეკლო ჯიშების შემთხვევაში დაახლოებით 30 პროცენტით მცირდება, რადგან მოკრეფა რთულია.

ავტორები: ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია ჟურნალი „Plants Science“; წყარო: medgeo.net.

იხილეთ აგრეთვე: ქაცვი – დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები

თქვენი რეკლამა