მაღალი, მრავალსათიბი და საძოვრის კოინდარი

5026 Views

კოინდარი მარცვლოვანი საკვები ბალახი. განეკუთვნება ორ გვარს — Arrhenatherum-სა (მაღალი კოინდარი) და Lolium-ს (საძოვრის კოინდარი, მრავალსათიბი კოინდარი).

ცხოველთა კვების თვალსაზრისით მცენარე 3 სახეობით არის წარმოდგენილი: მაღალი კოინდარი, მრავალსათიბი კოინდარი, საძოვრის კოინდარი.

მაღალი-ფრანგული კოინდარი (ლათ. Arrhenatherum elatius)

მაღალი-ფრანგული კოინდარი არის მრავალწლიანი, მაღალი, უხვად შეფოთლილი, მეჩხერბუჩქიანი, 80-120 სმ სიმაღლის მარცვლოვანი მცენარე. იგი ნიადაგის მიმართ დიდი მომთხოვნელობით არ ხასიათდება. კარგად უძლებს სიცივესაც და გვალვასაც.

კოინდარი საგაზაფხულო მცენარეთა ტიპის ჯგუფს მიეკუთვნება. ივითარებს საკმაოდ მძლავრ ფუნჯა ფესვთა სისტემას. ახასიათებს კარგი შეფოთვლა.

მაქსიმალურ მოსავალს იძლევა სიცოცხლის მეორე წელს, ხოლო შემდეგ მოსავალი კლებულობს (6-8 ტონიდან 2.5-3 ტონამდე თივა).

სიცოცხლის ხანგრძლივობა 4, მაქსიმუმ, 5 წელია, ახასიათებს კარგი აქვიტის უნარი, თუ პირველი თიბვა ჩატარდა აღერების ფაზის დადგომამდე, თესვის წელს იძლევა ერთ მოსავალს. უარყოფითად მოქმედებს გრუნტის წყლების სიახლოვე და დატბორვა.

მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მწარე გემო აქვს, მწვანე მასას პირუტყვი კარგად ჭამს, მაღალყუათიანია.

მაღალი კოინდარი დათესვის წელსვე სწრაფად ვითარდება. თივისა და თესლის მაქსიმალურ მოსავალს თესვის მეორე წელს იძლევა. მესამე-მეხუთე წლიდან ბალახეულიდან ქრება. უმჯობესია მისი გამოყენება ნარევებში თესვისას.

ყვავილობის შემდეგ სწრაფად უხეშდება და ჩალისფერ-მოყვითალო ხდება. თივის საშუალო მოსავალი 60-80 ც-ს, ხოლო თესლისა 2-8 ც/ჰა-ს შეადგენს.

გათიბვის შემდეგ კარგად წამოიზრდება. აქვიტი შედგება დიდი რაოდენობით ვეგეტაციური ყლორტებისაგან და შესაძლებელია მისგან მეორე ნათიბის მიღება.

მაღალხარისხოვანი თივის მისაღებად საჭიროა, გაითიბოს ყვავილობის წინ ან დასაწყისში, მომდევნო ფაზებში გათიბული უხეშ თივას იძლევა. ნედლი პროტეინის რაოდენობა შეადგენს 11.7%-ს.

სუფთად თესვის შემთხვევაში (მობნევით) ჰექტარზე საჭიროა 15-18 კგ, ფართო მწკრივად თესვისას – 9 კგ, ხოლო ნარევებში თესვისას – 10-12 კგ/ჰა. მაღალყუათიანია. 100 კგ თივა შეიცავს 46 საკვებ ერთეულს და 2.1 კგ მონელებად ცილას.

მრავალსათიბი კოინდარი (ლათ. Lolium multiflorum)

მრავალსათიბი კოინდარი – მაღლარი, მრავალწლიანი, მარცვლოვანი ბალახია, სიმაღლით 20-100 სმ ღეროთი.

ნიადაგში ღრმად განვითარებული ფუნჯა ფესვთა სისტემით კარგად ეგუება თბილ და ნალექებით უზრუნველყოფილ გარემოს. კულტურაში დიდი ხანია ცნობილი. მას იყენებენ როგორც თივად, ასევე მწვანე სახით. თივა ნაზია და მაღალი კვებითი ღირებულებით ხასიათდება.

ყვავილობის პერიოდში შეიცავს 16.68% პროტეინს, 9.32% ცილას, 3.36% ცხიმს, 8.21% ნაცარს. ვერ უძლებს მკაცრ ზამთარს, ტენიანი და თბილი კლიმატის მცენარეა. სარწყავ პირობებში 5-6-ჯერ ითიბება, ჰექტარზე 150- 200 ცენტნერ თივას იძლევა.

დათესვის წელსვე სწრაფად ვითარდება. აღმოცენებას მე-7-10 დღეს იწყებს. 1.5 -2 თვის შემდეგ ყვავილობს. მეორე წლის გაზაფხულზე იძლევა 3 ნათიბს (40-60 ც/ჰა თივას), ბალახეულში 3-4 წელს ძლებს. საუკეთესოდ იყენებს ცხოველი როგორც მწვანე, ასევე თივის სახით.

ეს მცენარე სარწყავ პირობებში ორმაგ ბალახეულში ითესება 6-8 კგ/ჰა, ხოლო ურწყავ პირობებში – 12-14 კგ-ის ოდენობით. სამმაგ ნარევში სათითურასა და მაღალ კოინდართან ერთად სარწყავ პირობებში ითესება 4-6 კგ, ხოლო ურწყავ მიწებზე – 7-8 კგ/ჰა. სუფთად თესვისთვის საჭიროა 15-20 კგ/ჰა თესლი.

საძოვრის კოინდარი (ლათ. Lolium perenne)

საძოვრის კოინდარი – მრავალწლიანი, დაბლარი, ბუჩქი მეჩხერი, 20-80 სმ სიმაღლის, კარგად შეფოთლილი, მარცვლოვანია.

იზრდება ტენიან, ნაყოფიერ, თიხნარ მდელოებზე და მთის მდინარეების ჭალებში. ვერ ეგუება მჟავე, მძიმე ნიადაგებსა და გაეწრებულ ქვიშნარებს. იზრდება თბილი, ტენიანი კლიმატის პირობებში. ვერ იტანს გვალვასა და სიცივეს. ის არის ხანგრძლივი გამოყენების საძოვრების ძირითადი კომპონენტი.

საძოვრის კოინდარი საძოვრის ძვირფასი ბალახია. გამოიყენება მოლის, გაზონების, ბაღებისა და სხვათა გამწვანებისათვის. დათესვის წელსვე იძლევა მწვანე მასის დიდ მოსავალს – 40-50 ც/ჰა-ს.

საძოვრულ პერიოდში ყუათიანობა მაღალია, შეიცავს 12.7% პროტეინს, 11.6% ცილას, 4.1% ცხიმს, 29.1% უჯრედანას, 42.2% უაზოტო ექსტრაქტულ ნივთიერებას. 100 კგ თივა შეიცავს 55.2 საკვებ ერთეულსა და 4.4 კგ მონელებად ცილას. კარგად უძლებს გაძოვებასა და დატკეპნას, იძლევა კარგ წამონაზარდს.

სათიბად გამოყენების დროს ბალახეულში 3-4 წლის მეტს ვერ ძლებს.

საძოვრის კოინდარის სუფთად თესვისას საჭიროა 22-28 კგ/ჰა თესლი. 4-6 წლის სარგებლობის ბალახეულში ითესება სუფთად თესვის ნორმის 20-25%.

კოინდრის ჩათესვის სიღრმე ჯიშისა და ნიადაგის მდგომარეობის მიხედვით 1.5-3.5 სმ-ია.

სათიბ-საძოვრების ზედაპირული გაუმჯობესება/CENN

იხილეთ აგრეთვე: სამყურა – საქონლის საუკეთესო საკვები და თაფლოვანი მცენარე

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB