საღ გარემოში ჯანსაღი მცენარეები, ცხოველები და ადამიანები ცხოვრობენ. მკურნალობა მხოლოდ მაშინ ხდება გარდაუვალი, როდესაც ადამიანები ქმნიან არაჯანსაღ გარემოს.
მასანობუ ფუკუოკა
„ერთი ღერი ნამჯის რევოლუცია“
ბიომეურნეობა (ორგანული) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და გასაღების მოწესრიგებული სისტემაა.
ეს გახლავთ საკვები პროდუქტების ეკოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო, ეფექტური წარმოება.
→ ბიომეურნეობა ითვალისწინებს მცენარეების, ცხოველებისა და ლანდშაფტების ბუნებრივ წარმადობას. იგი მიმართულია აგროწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და გარემოს შენარჩუნებაზე.
→ ბიომეურნეობაში მკვეთრად შეზღუდულია საწარმოო საშუალებების გარედან შემოტანა, როგორც წესი, არ გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები (სინთეზური სასუქები, ვეტერინარული პრეპარატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და საკვები დანამატები); პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერების, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის ასამაღლებლად და მთლიანად მეურნეობის მდგრადობისათვის, მისდევენ ბუნების კანონებს.
→ ბიომეურნეობები მთელ მსოფლიოში პრინციპულად მსგავსი წესების დაცვით ეწევიან მეურნეობას. უმნიშვნელო ცვლილებები გამოწვეულია ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური, გეოკლიმატური და კულტურული თავისებურებებით.
→ ბიომეურნეობის საყოველთაო სტანდარტი დაადგინა და მიიღო “ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციამ” (IFOAM-მა), რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ სისტემებს ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.
→ ბიომეურნეობაში აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ