კაკალი – სამკურნალო თვისებები

კაკალი, ნიგოზი, სამკურნალო

კაკალი (Juglans regia L.) უნიკალური შემადგენლობითა და მრავალფეროვანი სამედიცინო მოქმედებით ხასიათდება. იგი მდიდარია მრავალგვარი მიკროელემენტით, ბიოაქტიური ნივთიერებებით.

კაკლის თვისებები ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა ხალხურ მედიცინაში მას „სიცოცხლის ხედ“ მოიხსენიებენ და მრავალი დაავადების სამკურნალოდაც იყენებენ.

ნიგოზი შეიცავს რა 77%-მდე ცხიმოვან ზეთს და 21%–მდე ცილას, კალორიების მიხედვით საუკეთესო ჯიშის ღორის ხორცზე მაღლა დგას.

კაკალში არის კაროტინი, C ვიტამინი,რომელიც ყველაზე მეტი არის უმწიფარი ნაყოფის ნაყოფედში (3%–მდე), B, E და E1 ჯგუფის ვიტამინები, რკინისა და კობალტის მარილები. C ვიტამინის რაოდენობით უმწიფარი ნაყოფი არ ჩამოუვარდება შავ მოცხარს და ასკილის ნაყოფს, ამიტომაც მათგან ამზადებენ ვიტამინურ კონცენტრატებს.

გარდა ამისა, ნაყოფებში გვაქვს ბევრი მთრიმლავი ნივთიერება და მღებავი ნივთიერება იუგლონი, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება.

ძველად სჯეროდათ, რომ ადამიანის ტვინის მსგავსი ფორმის კაკალი შველოდა თავის ტკივილს, ასაზრდოებდა გონებას. თანამედროვე მეცნიერებაც ამას ადასტურებს. განსაჯეთ: A, B1, B2, E, PP, C ვიტამინები, კობალტი, რკინა, თუთია, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი – ეს ხომ ნაჭუჭში მოქცეული მთელი აფთიაქია.

ნიგოზი მიკროელემენტ ბორის ერთადერთი წყაროა, რომელიც საჭიროა ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ამცირებს მოტეხილობის რისკს, სახსრების ტკივილს. ნიგოზი შეიცავს სპილენძს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის აწევას, ამდიდრებს უჯრედებს ჟანგბადით, განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, თუ დიდხანს გიწევთ გაუნიავებელ ოთახში ყოფნა.

ნიგოზში ბევრი მინერალი (კალიუმი, კალციუმი და სხვ.) და მიკროელემენტებია, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, ის მდიდარია უჯრედისებით, რომლებიც აწესრიგებენ ნაწლავთა მოქმედებას და სწრაფად გამოდევნიან ორგანიზმიდან წიდებს.

ლეციტინი, რომელსაც ნიგოზი შეიცავს, ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ხოლო მაგნიუმი – ებრძვის სტრესს. სელენი და იოდი ასტიმულირებენ ჯირკვლების ფუნქციას. ის შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯერ ცხიმებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ააქტიურებს სისხლის მოძრაობას.

სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ბოსტნეულის სალათებს დაამატოთ კაკლის ზეთი, რომ ქოლესტერინის დონე არა მარტო ნორმამდე მიიყვანოთ, არამედ რამდენიმე თვე სტაბილურობაც შეუნარჩუნოთ. დამტკიცებულია, რომ ვინც ყოველდღე ჭამს არანაკლებ 5 ცალ ნიგოზს, სისხლში ქოლესტერინის დონე 12%-ით უმცირდება.

დღეში რეკომენდებული 4–5 კაკალი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ვინაიდან E ვიტამინს შეიცავს. ნიგვზის ჭამას ურჩევენ ავიტამინოზის დროს, ასევე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ, როგორც ძლიერ აღმდგენ საშუალებას.

ის ბევრ უჯრედისსა და ცხიმს შეიცავს, რაც ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს.კაკალი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა პროფილაქტიკისა და დაავადებების სამკურნალოდ (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია), ასევე – ნერვული დაძაბულობისა და აშლილობის, უძილობის, დაღლილობის მოსახსნელად და იმუნიტეტის გასამაგრებლად.

ათეროსკლეროზის დროს დიეტურ კვებაში კაკლის დადებითი მოქმედება აიხსნება იმით, რომ მისი თესლის ზეთი მდიდარია არამიწიერი ცხიმმჟავებით.

კაკლის ზეთი და უჯრედისი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კაკალი ხანშიშესულ ასაკში და სიმსუქნისას, იგი სასარგებლოა გულის იშემიური და ღვიძლის დაავადებების დროსაც.

ძველთაგანვე კაკლის ყველა ნაწილს იყენებენ ბევრი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. მთავარი სამკურნალო მნიშვნელობა აქვს ფოთლებს, რომლებშიც გარდა მთრიმლავი ნივთიერებებისა, არის გლიკოზიდები, ფლავონოიდები, ეთერზეთი, იუგლონი, ინოზიტი, C, B, D ვიტამინები და ძალზე ბევრი კაროტინი;

ფოთლებს ამზადებენ ივნისში, როდესაც მათ ჯერ არ მიუღწევიათ საბოლოო განვითარებამდე, ამ პერიოდში მათში მეტი რაოდენობით არის C ვიტამინი (5%-მდე) და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

მშრალ ფოთლებს იყენებენ ნაყენის, ნახარშის, მალამოს დასამზადებლად. ფოთლების ნაყენს სვამენ, როგორც ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელ და საერთო გამამაგრებელ საშუალებას ავიტამინოზისა და ორგანიზმის გამოფიტვის დროს. ფოთლების ნახარშისა და ნაყენის გამოყენება

რეკომენდებულია თავის ტვინის ათეროსკლეროზის დროს. მათ ასევე იყენებენ როგორც შემკვრელს, ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებას.

კაკლის უმწიფარი ნაყოფი სხვა თვისებებთან ერთად ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედებითაც ხასიათდება. სწორედ ამიტომ აქვს მის გამოყენებას შედეგი წყლულოვანი დაავადების დროს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი
ავტორ-შემდგენლები: ლიანა ჯიქია, რაისა ქარაია, ვანო პაპუნიძე, ვლადიმერ უგულავა, ტრისტან ჯობავა, ნონა მიქაია.

*ამა თუ იმ პროდუქტის სამკურნალოდ გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

იხილეთ აგრეთვე: კაკალი – დარგვა, გამრავლება, მოვლა, ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა