გრეიპფრუტის (Citrus paradisi Macf) ხის სიმაღლე 9-15 მ-ს აღწევს. ვარჯი მრგვალი ან კონუსური ფორმის, ტოტებზე აქვს მცირე ზომის ეკლები.
ნაყოფი მომრგვალო ბრტყელი ფორისაა, კანი ღია ყვითელი ან მოყვითალო-ნარინჯისფერი, მკვრივი, 5-10 მმ სისქის, რომელიც რბილობს ძნელად სცილდება. რბილობი ნაზი, წვნიანი, თესლიანი. ნაყოფი გამოირჩევა სპეციფიური საგემოვნო თვისებებით, რომელშიც ერთდროულად თავმოყრილია სიმჟავე, შაქრიანობა და სიმწარე, რაც გაპირობებულია მისი ქიმიური შედგენილობით.
ჩვენს პირობებში გრეიფრუტი იკრიფება ყინვების დაწყების წინ _ დეკემბერში, როდესც ნაყოფი მოყვითალო ფერს მიიღებს. ყინვაგამძლეობისა და კლიმატური პირობებისადმი მოთხოვნით ყელაზე ახლოს არის ფორთოხალთან.
საქართველოში მხოლოდ გრეიპფრუტის საცდელი ნარგაობებია. სამრეწველო ჯიშები _ დუნკანი და უთესლო მარში ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის ინტროდუცირებული გასული საუკუნის ოციანი წლების ბოლოს.
ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიშია დუნკანი. მისი ნაყოფი მსხვილია, საშუალოდ 350 გ-მდე მასით, მობრტყო ფორმისაა; საკმაოდ სქელი, ყვითელი, ზოგჯერ მოყვითალო-ნარინჯისფერი კანით, რომელიც კარგად სცილდება რბილობს და ძლიერი არომატით ხასიათდება. რბილობი ღია ნარინჯისფერია, საკმაოდ წვნიანი, მომჟავო-მოტკბო, მომწარო გემოთი, შედგება 12-14 ლებნისაგან, მრავალთესლიანია. უთესლო მარშის ნაყოფი მომრგვალო ფორმისაა, ღია ყვითელი შეფერილობით, საშუალოდ 365 გ-მდე მასით, საშუალო სისქის სასიამოვნო არომატს მქონე კანით, რომელიც რბილობს კარგად სცილდება. რბილობი ყვითელი ფერის, წვნიანი, მომჟავო-მოტკბო, ნაკლებად მწარე გემოთი, მცირეთესლიანია, ზოგჯერ უთესლო.
ჩვენს პირობებში, ხშირ შემთხვევაში, გრეიპფრუტის ნაყოფი მცენარეზე ვერ ასწრებს ბიოქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების სრულყოფილად ჩამოყალიბებას, რის გამოც ახლადმოკრეფილი ნაყოფი მაღალი მჟავიანობით და სპეციფიური სიმწარით ხასიათდება.
გრეიპფრუტისათვის, ისევე როგორც სხვა ციტრუსოვანთა ნაყოფისათვის დამახასიათებელია შენახვის დროს დამწიფების გაგრძელების უნარი. ნაყოფი იღებს ჯიშის მწიფე ნაყოფისათვის დამახასიათებელ შეფერილობას და გემოს, რაც გასათვალისწინებელია მოსავლის აღების დროს.
გრეიპფრუტი ჩვენთან პირველად პირველად 1897 წელს შემოიტანეს, 1921 წლიდან შემოიტანეს ხელახლა. საქართველოში ძირითადად აჭარასა და აფხაზეთში გვხვდება.
თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი,
თამაზ მიქაძე, ტექნოლოგიების დოქტორი.