სიმინდის მოსავლის აღება

510 Views

სიმინდის მოსავალი უნდა ავიღოთ სრული სიმწიფის ფაზაში. სრულ სიმწიფეში შესული სიმინდის ღერო თითქმის მთლიანად (ან უმეტეს ნაწილში მაინც) გაყვითლებულია, ღეროსა და ტაროს ირგვლივ შემოხვეული ფუჩეჩი გაყვითლებული და ძრითადად გამხმარია. სიმინდის მარცვალი იღებს ჯიშისა და ჰიბრიდისათვის დამახასიათებელ ფერს და ფორმას, მაგრდება და მტკიცედ არის დამაგრებული ტაროზე. ტარო (განსაკუთრებით გრძელყუნწიანი) ნაწილობრივ იხრება და შედარებით ადვილად ცილდება ღეროს.

თავთავიანი პურეულებისაგან განსხვავებით, დამწიფებული სიმინდის ღერო, ტაროს ნაქუჩი და თვით მარცვალიც შედარებით უფრო მეტი წყლის შემცველობით ხასიათდება. სრული სიმწიფის პერიოდში მარცვალში წყლის რაოდენობა, როგორც წესი, 25 %–ზე ნაკლები არ არის, ზოგჯერ კი 30% აჭარბებს.

სიმინდს მარცვლის ჩაცვენა არ ახასიათებს, მიუხედავად ამისა, დამწიფების შემდეგ მოსავლის აღების დაგვიანება არ არის მიზანშეწონილი. ნალექებით მდიდარი შემოდგომის პირობებში ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჩალის, ისე მარცვლის გაფუჭება – დაავადება და მათი ხარისხის გაუარესება. ამასთანავე ძნელდება მათი გამოშრობა და შენახვა.

სიმინდის მოსავლის აღების დაგვიანება მიუღებელია იმიტომაც, რომ ეს იწვევს ნასიმინდარის მოხვნის დაგვიანებას, განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებშიც სიმინდი საშემოდგომო ხორბლის, ან საშემოდგომო ქერის წინამორბედს წარმოადგენს. ამას თან სდევს საშემოდგომო თავიანებისათვის ნიადაგის მომზადებისა და მათი დათესვის დაგვიანება.

მოსავლის აღების პერიოდში სიმინდის მარცვლის ტენიანობა, უმეტეს შემთხვევაში, 25%–ზე ნაკლები არ არის. ასეთი ტენიანი მარცვლები შენახვისას ჩახურების გამო ადვილად ზიანდება, ამიტომ შენახვამდე საჭიროა სიმინდის ტაროებისა და მარცვლის კარგად გამოშრობა – ფუჩეჩგაცლილი ტაროები უნდა გაიშალოს თხელ ფენად, სანამ მარცვლის ტენიანობა 13–14%–მდე არ იქნება დაყვანილი.

სიმინდის ტაროები უნდა შევინახოთ ძარებში, სპეციალურ სასიმინდეებში, ან კარგი ვენტილაციის მქონე შენობაში. სასიმინდეში ტაროების ხვავის სიმაღლე 1,4 –2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს, შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში საჭიროა თვალ-ყურის დევნება – ხვავის გაშლა, განიავება, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ჩატარება და სხვა.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

იხილეთ აგრეთვე: სიმინდის მოვლა-მოყვანის ინტენსიური აგროტექნოლოგია

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB