მწვანე ხახვის მოყვანა

692 Views

მწვანე ხახვის მოსაყვანად გამოყოფენ კარგად დრენაჟირებულ და ნაყოფიერ ნიადაგს, მაგრამ ისეთს, სადაც არ იყო შეტანილი ნედლი ნაკელი. ძირითადად თესავენ თესლით, ჭილით (თესლისაგან მიღებული ხახვის პატარა ბოლქვი) ან ჩითილით.

სასურველია, ნაკვეთი იყოს კარგად განათებული და დაცული ქარებისგან.  pH – არანაკლებ 6,5.

დაუშვებელია ხახვის მოყვანა ერთი და იმავე ადგილას, რამდენიმე წლის მანძილზე ზედიზედ, რადან ამ დროს ნიადაგში გროვდება პათოგენური მიკროორგანიზმები (თეთრი სიდამპლის გამომწვევი) და ნემატოდები.

შემოდომაზე ნიადაგს ხნავენ და შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუქები. 1მ2-ზე შეაქვთ ორგანული სასუქი 4-5 კგ (გამომწვარი ნაკელი) და 20 გ სუპერფოსფატი, 30-40 გ კალიუმის მარილი, 15 გ შარდოვანა ან 20 გ ამონიუმის გვარჯილა.

მინერალური სასუქების შეტანისას, კალიუმის დოზა თითქმის ორჯერ უნდა აჭარბებდეს აზოტის დოზას.

ხახვის თესლი აღმოცენებას იწყებს 4-70C. ოპტიმალური ტემპერატურა 22-260C. აღმონაცენი იტანს -1 -20C წაყინვას.

მცენარე სინათლის მოყვარულია, მიეკუთვნება გრძელი დღის მცენარეების ჯგუფს. ხახვი მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობის მიმართ. ვერ იტანს მარილიან ნიადაგს.

თესლს თესავენ კვლებში 1,0-1,5 სმ-ის სიღრმეზე, კვლებს შორის დაშორება 10-15 სმ-ია. თუ ნიადაგი მშრალია, კვლებს რწყავენ. აღმოცენების შემდეგ ახორციელებენ ნათესის გამარგვლას. მცენარეთა შორის ტოვებენ 3-4 სმ-ს. შემდეგ კვებავენ მინერალური სასუქით.

მწვანე ხახვის მისაღებად გამოიყენება მრავალბოლქვიანი ჯიშებიც, რომლებიც იძლევიან მეტ მწვანე მასას.

დარგვამდე ბოლქვების შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს 180C. ყველაზე უკეთესი მწვანე მასა მიიღება ბოლქვებით, რომელთა დიამეტრიც 3-4 სმ-ია.

დარგვის წინ სარგავ მასალას აფასოებენ, აცილებენ დაავადებულ და დაზიანებულ, წვრილ და მსხვილ ბოლქვებს.

იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ფოთლების ზრდა და გავზარდოთ მოსავლიანობა, საჭიროა ბოლქვების წინასწარი მომზადება, ამისთვის მათ ათავსებენ 400C წყალში 24 საათის მანძილზე.

თესვის ნორმა 3 სმ-იანი დიამეტრის ბოლქვებით შეადგენს 10-11 კგ, 4 სმ დიამეტრისთვის – 13-15 კგ/მ2.

დარგვის წინ მათ წვერებს აჭრიან, რგავენ მჭიდროდ ერთმანეთთან, ან 2 სმ-ის დაშორებით, შემდეგ კარგად რწყავენ 10-15 ლ/მ2.

შემდგომი მოვლა მოიცავს მორწყვას ნიადაგის შეშრობის მიხედვით, 1-2 გამოკვებას აზოტოვანი სასუქებით.

ფოთლების ზრდისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა დღისით 18-200C, ღამით 12-150C. ასეთი პირობების დროს, მოსავალი მზადაა ასაღებად 25-30 დღის შემდეგ, როდესაც ფოთლების სიგრძე მიაღწევს არა ნაკლებ 20 სმ-ს. ხოლო ბოლქვების დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 1,5-2,5 სმ.

თუ ნიადაგი მშრალია, აღებამდე რეკომენდებულია ნიადაგის მორწყვა.

მოსავალს იღებენ ამოძირკვით, ბოლქვებს აშორებენ მიწას და აჭრიან ფესვებს, ფრთხილად ალაგებენ ფოთლების მოგრეხვის გარეშე, ერთი მიმართულებით და გადააქვთ გრილ საცავში.

მოსავლიანობა შეადგენს 14-16 კგ 1მ2-ზე.

დაავადებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პერენოსპოროზი. ფოთლებზე ჩნდება რუხი ლაქები, რომლებიც დაავადების განვითარებასთან ერთად იისფერ შეფერილობას იღებენ. ფოთლები ჭკნება და იღუპება.

დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე, საჭიროა ნათესი შეიწამლოს ბორდოს ნარევით ან სხვა ფუნგიციდებით (რიდომილ მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, ანტრაკოლი 0,2%, სპილენძის ქლორჟანგი 0,4% კონცენტრაციით).

ავტორი: ილია მჭედლიძე, სმმ დოქტორი /მებოსტნეობა/

იხილეთ აგრეთვე: თავიანი ხახვი – მოვლა-მოყვანა და ტექნოლოგიური რუკა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB