წითელთავიანი კომბოსტო (ლათ. Brassica oleracea convar. capitata rubra) ჯვაროსანთა ოჯახი.
ზოგადი ინფორმაცია
წითელთავიანი კომბოსტო, ისევე როგორც თეთრთავიანი, წარმოშობილია ველურად მზარდი სახეობებისაგან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონებში გვხვდება;
წითელი კომბოსტო თეთრზე გემრიელია, მიუხედავად ამისა, საქართველოში იგი ბევრად ნაკლებად არის გავრცელებული.
წითელთავიანი კომბოსტო შეიცავს 4-6% შაქარს, 1,5-2% ცილას, კაროტინს, C, B1, B2 ვიტამინებს, მარილებს, რკინასა და იოდს. ძირითადად გამოიყენება უმად, მარინადის სახით, სხვადასხვა სალათებისა და ცივი საუზმეულის დასამზადებლად.
თავების დიდი სიმკვრივისა და კარგი შენახვის უნარის გამო, იგი ვიტამინების უხვი წყაროა მთელი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
წითელთავიანი კომბოსტოს ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს ანტოციანის პიგმანტს. სწორედ ეს პიგმენტი აძლევს შეხვეულ თავებს სხვადასხვა ინტენსივობის ლილისფერ ან იისფერ შეფერილობას. ისიც დადგენილია, რომ ანტოციანის პიგმენტი ანტირადიაციული თვისების მქონეა.
წითელთავიანი კომბოსტო შეიცავს ფიტონციდებსაც, რომლებსაც ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს. ეს ბოსტნეული ტუბერკულოზის პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა.
კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები
ნიადაგის გაკირიანება ხელს უწყობს წითელთავიანი კომბოსტოს ზრდასა და განვითარებას. კირი შეაქვთ შემოდგომით ან გაზაფხულზე — 300-400 გრ 1მ2-ზე 3-4 წელიწადში ერთხელ;
კომბოსტოს საგვიანო ჯიშები მოჰყავთ ნიადაგში ნაკელის შეტანის პირველ წელიწადს, ადრეულები კი ნიადაგის გაპატივებიდან მომდევნო წელს; თავიდან რომ ავიცილოთ ნიადაგში მავნებლებისა და დაავადებათა გამომწვევი მიკრობების დაგროვება და მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება, აუცილებელია თესლ-ბრუნვის დაცვა.
ძველ ადგილს კომბოსტო უნდა დაუბრუნდეს არა უადრეს 4-5 წლის შემდეგ.
წინამორბედები
საუკეთესო წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, ხახვი, კარტოფილი, ჭარხალი, პამიდორი და მრავალწლიანი ბალახეული; წითელთავიანი კომბოსტოს მოყვანა არ შეიძლება კომბოსტოსა და ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელთა ბოსტნეული კულტურების შემდეგ.
ნიადაგი — ph — 6,6 – 7,2.
თესვა/დარგვის ხერხი: ჩითილით/თესლით
ჩითილების ასაკი
საადრეო ჯიშებისა და ჰიბრიდები ჩითილების გამოზრდას სჭირდება 45-60 დღე, საშუალო საადრეო და საგვიანო ჯიშებს — 35-40 დღე.
ჩათესვა ღია გრუნტში
წითელთავიანი კომბოსტო შეიძლება უჩითილებოდაც გამოვზარდოთ; თესლი რიგებად 2-3 სმ-ის სიღრმეზე უნდა ჩავთესოდ. რიგებს შორის მანძილი 70 სმ-ია. აღმონაცენებს გამოჩენისთანავე გამოხშირავენ ისე, რომ რიგებში მცენარეები 60-70 სმ-ით დაშორდნენ ერთმანეთს.
თესლის ჩათესვის სიღრმე: 2 – 3 სმ
თესვის/ჩარგვის სქემა
ჩითილების გამოსაყვანად თესლს ჩათესავენ 3-4 სმ-ის სიღრმის კვლებში. მუდმივ ადგილას ჩითილებს გადარგავენ 5-8 ნამდვილი ფოთლის ფაზაში;
- საადრეო ჯიშებისა და ჰიბრიდებისათვის რიგებს შორის მანძილი — 40-45 სმ უნდა იყოს, რიგებში მცენარეთა შორის — 30-35 სმ; საშუალო საადრეო ჯიშებისათვის რიგებს შორის მანძილი — 70 სმ, რიგებში მცენარეთა შორის — 50-60 სმ;
- საგვიანო ჯიშებისათვის რიგებს შორის და რიგებში მცენარეთა შორის — 70 სმ; ჩარგვა შეიძლება საბოსტნე კვლებში (ეტებში);
- წითელთავიანი კომბოსტო შეიძლება უჩითილებოდ მოვიყვანოთ. თესლი რიგებად უნდა ჩავთესოდ 2-3 სმ -ის სიღრმეზე, რიგებს შორის დაშორება 70 სმ-ია. აღმოცენების შემდეგ ნათესს გამოხშირავენ, რიგებში მცენარეთა შორის მანძილი 60-70 სმ უნდა დარჩეს.
გამოკვება
ვეგეტაციის პერიოდში 2-3-ჯერ შეაქვთ დამატებითი საკვები; ჩითილების დარგვიდან 20 დღის შემდეგ — წუნწუხი (1:20), ხარჯვის ნორმა — 1ლ — 1 მცენარეზე; სასუქის პირველი შეტანიდან 10 დღის შემდეგ — წუნწუხი (1:20). ხარჯვის ნორმა — 1ლ — 1 მცენარეზე; აზოტის ჭარბი რაოდენობა იწვევს ნიტრატების დაგროვებას, შეკრული თავების დახეთქვას, ცუდად ინახება.
მორწყვა
წითელთავიან კომბოსტოს დიდი მოთხოვნილება აქვს ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობაზე, მაგრამ ვერ ეგუება ჭარბტე-ნიანობას (თუ ნიადაგში წყალი ჩადგა, ფესვები კვდომას იწყებენ); ნიადაგმა წყალი რომ შეინარჩუნოს, ყოველი მორწყვის შემდეგ ნაკვეთი უნდა გაფხვიერდეს.
სითბური რეჟიმი
წითელთავიანი კომბოსტოც, კომბოსტოს სხვა სახეობებივით, ეკუთვნის სიცივის კარგად ამტან მცენარეთა ჯგუფს, ეშინია სიცხის.
თესლის გაღივების მინიმალური ტემპერატურაა 2-30C. მაგრამ გაღივების პერიოდი ასეთ ტემპერატურაზე ძალზე გაჭიანურებულია.
თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურის დროს (+18-200C) აღმოცენება 3-4 დღეში იწყება; პირველი ნამდვილი ფოთლის გამოღების დროს ახალგაზრდა მცენარეები უძლებენ -50C-მდე წაყინვებს. გაკაჟებული ჩითილები -5-70C-მდე, გაუკაჟებელი -(-2-30C-მდე). საშუალო საადრეო და საგვიანო ჯიშები და ჰიბრიდები — 8-100C-მდე წაყინვებს უძლებენ;
წითელთავიანი კომბოსტოს ზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-200C, 250C-ზე მაღალი სიცხე მცენარეზე უარყოფით გავლენას ახდენს.
300C-ზე შესამჩნევად ბრკოლდება ზრდა და განვითარება, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე მცენარე თავს არ იკრავს.
150C-ზე ქვემოთ კომბოსტო შეიძლება პირველივე წელიწადს აყვავდეს (განსაკუთრებით ადრეული ჯიშები და ჰიბრიდები).
სავეგეტაციო პერიოდი:
- საადრეო ჯიშების 70-90 დღე;
- საშუალო საადრეო ჯიშების 120-130 დღე;
- საგვიანო ჯიშების 130-160 დღე.
ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.
იხილეთ აგრეთვე: ბრიუსელის კომბოსტო – დარგვა, მოვლა, მოშენება