მწვანე ბაღლინჯო, ბოსტნეული კულტურების მავნებელი მწერი

ბაღლინჯო, ფაროსანა, ბოსტნეული, მავნებელი

ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო (Nezara viridula L) წარმოადგენს მრავალი მცენარეული კულტურების მავნებელს. საქართველოში ეს მწერი დიდი ხანია გავრცელებულია, მაგრამ მისი მავნებლობის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად იყო ცნობილი სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის, მეცნიერებისათვის და მოსახლეობისათვის.

როდესაც საქართველოში აზიური ფაროსანა გავრცელდა მოსახლეობას ზოგჯერ ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო აზიური ფაროსანა ეგონა. მიზეზი სწორედ ის არის რომ მწერის ეს ორი სახეობა ერთი და იგივე ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მათი ფერში და  აგებულებაში განსხვავება არსებობს.

ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო (Nezara viridula L) პოლიფაგი მწერია, ის იკვებება 150-მდე მცენარეული კულტურის სახეობით. ის გავრცელებულია უპირატესად დედამიწის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში. ამ მწერის გავრცელების არეალი ფართოვდება ევრაზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ მწერის გავრცელება  განსაკუთრებით შეიმჩნევა ქვეყნის სამხრეთით. საქართველოსთვის ეს ფაქტი საყურადღებოა, რათა თავიდან ავიცილოთ ჩრდილოეთიდან ამ მწერის დამატებით შემოსვლა. (სურათები 1,2)

სურ. 1

ბაღლინჯო, ფაროსანა, ბოსტნეული

სურ. 2

ბაღლინჯო, ფაროსანა, ბოსტნეული

ბოსტნეულის ბაღლინჯოს სამშობლოდ მიჩნეულია აფრიკის კონტინენტი, მწერის იმაგოს (ზრდადასრულებული) გააჩნია სხადასხვა შეფერილობები, დაახლოებით 10-ზე მეტი, ამიტომ ისინი სხვადასხვა სახეობებს მიეკუთვნებიან. ყველაზე გავრცელებულია ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო.

მსოფლიოში ეს მწერი მიჩნეულია მრავალი მცენარეული კულტურის სერიოზულ მავნებლად. მწერის სიგრძე 12-13 მილიმეტრია, მწერი კვერცხს დებს  მცენარის ფოთლის ქვედა მხარეს 30-130 ცალს. მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე  მწერს შეუძლია დაახლოებით 260-350 ცალი კვერცხის დადება. ნიმფები 5 ასაკობრივ ჯგუფს გადიან.

მწერის სასიცოცხლო ცილკის ხანგრძლივობა  შეადგენს დაახლოებით  65-70 დღეს. ნიმფები და ზრდასრული მწერი იკვებება მცენარის სავეგეტაციო ნაწილებით. ისინი იკვებებიან როგორც მწიფე, აგრეთვე კვახე ნაყოფებითაც. მწერის მიერ დაზიანებული მცენარის ქსოვილი წარმოადგენს პათოგენი მიკროორგანიზმების შეღწევის  ადგილს, ხოლო თვითონ მწერი შეიძლება სხვადასვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების გადამტანი იყოს.

ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო ხელსაყრელი ამინდის პირობებში იძლევა 3 თაობას.  მწერი კვებას განაგრძობს გვიან შემოდგომამდე სანამ არ აცივდება. იზამთრებს სხვადასხვა შენობა ნაგებობებში, ხის ნაპრალებში და ძნელად შესაღწევ ადგილებში.

2018-2019 წლებში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, საცდელ ნაკვეთში მიმდინარეობდა ამ მწერზე დაკვირვება.

2018 წელს ზემოთხსენებულ ბაზაზე პომიდვრის საცდელ ნაკვეთებში შევნიშნეთ ნიმფების მასიური მოძრაობა. ამავე წელს პომიდრის მოსავლიანობაზე და ნაყოფის ხარისხზე სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, მაგრამ ზოგიერთ მწიფე ნაყოფს გააჩნდა ღია მოყვითალო ლაქები.

2019 წელსაც იგივე განმეორდა და ამ მწერმა  სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლო პომიდვრის საცდელ  ნაკვეთში, მიზეზი არის ის რომ საცდელი ნაკვეთებში რეგულარულად შეგვქონდა პესტიციდები და მათ შორის ინსექტიციდები, რამაც ხელი შეუშალა ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯოს მავნებლობის განვითარებას. 2019 წელს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე და თბილისის ერთ-ერთ კერძო ნაკვეთში, სადაც პომიდვრის, წიწაკის  კულტურები იყო განთავსებული, ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯომ სერიოზული ზიაანი მიაყენა, პომიდვრის როგორც მწიფე, აგრეთვე კვახე ნაყოფები მასიურად დააზიანა. (სურათები 3,4,5)

სურ 3.

ფაროსანა, ბაღლინჯო, ბოსტნეული

სურ.4

ფაროსანა, ბაღლინჯო, ბოსტნეული

ტკბილი წიწაკის ნაყოფებს აღენიშნებოდა ღია მოყვითალო ფერის ლაქები, რომელმაც პროდუქციას სარეალიზაციო სახეს დაუკარგა. ამის მიზეზი იყო ის, რომ  ამ საკოტროლო ნაკვეთებში მცენარეების რეგულარული წამლობა ინსექტოციდებით არ განხორციელებულა.

სურ. 5

ფაროსანა, ბაღლინჯო, ბოსტნეული

გარდა ბოსტნეული კულტურებისა შევნიშნეთ რომ მწერმა დააზიანა სიმინდის კულტურა, თეთრი სიმინდის ტაროს მრავალ მარცვალს ფერი ქონდა შეცვლილი.

ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯოს და აზიურ ფაროსანას ბევრი მსგავსი საერთო მახასიათებლები გააჩნიათ, როგორც გარეგნულად აგრეთვე მავნებლობის თვალსაზრისით, კონკრეტულად მავნებლობის თვალსაზრისით ამ მწერის მიერ გამოწვეული ზიანი ძალიან ჰგავს აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზიანს.

ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო აგრეთვე არის სხვადასხვა პარკოსანი და მრავალწლოოვანი მცენარეული კულტურების მავნებელი, ამ მწერის მავნებლობა საქართველოში რადგან გამოიკვეთა ყურადღებით უნდა ვიყოთ და უნდა გავატაროთ დროულად ყველა ღონისძიება, რათა მომავალში სერიოზული პრობლემების წინაშე არ დავდგეთ.

დაკვირვებების შედეგად დავადგინეთ რომ ამ მწერის წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა  ბიფეტრინის შემცვლელი პრეპარატები. შეიძლება გამოვიყენოთ სხვა პირეტროიდული  პრეპარატები, რომლებიც დამზადებულია მოქმედ ნივთიერებებზე: ციპერმეტრინი, ლამბდა-ციჰალოტრინი, ალფაციპერმეტრინი და სხვა. ფოსფორორგანული პრეპარატებიდან უნდა გამოვიყენოთ ის პრეპარატები, რომელთა მოქმედი ნივთიერებაა: ქლორ-პირიფოსი, მალათიონი). ნეონიკოტინოიდური პრეპარატებიდან უნდა გამოვიყენოთ ის პრეპარატები, რომელთა მოქმედი ნივთიერებაა: იმიდაკლოპრიდი, აცეტამიპრიდი, თიაკლოპრიდი, თიამეტიქსამი. /პრეპარატების გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გაარკვიეთ რამდენად მავნებელია მაგ. ფუტკრებისთვის, რომ შესაბამისად გამოიყენოთ და არ დაზარალდეთ – აგროკავკასია/.

ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯოს საკითხი საქართველოში უფრო დაწვრილებით არის  შესასწავლი დარგის სპეციალისტების მიერ, რათა წინასწარ მზად დავხვდეთ შესაძლო  მოსალოდნელ პრობლემას. რაც შეეხება წინასწარ კოორდინირებული პროგნოზირების საკითხს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ეს იქნება სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ფერმერი თუ სხვა ნებისმიერი პიროვნება, ვინც შეამჩნევს ამ ტიპის პრობლემას ქვეყნის ნებისმიერტერიტორიზე, ვალდებულია შეატყობინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს, ან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო  კვლევით ცენტრს, ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ან მუნიციპალიტეტებში არსებულ სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის (ექსტენციის ცენტრის) სამსახურებს.

ავტორი: ფრიდონ სანაია.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

თქვენი რეკლამა