ცხრატყავა – ჯანმრთელობის, სილამაზისა და ახალგაზრდობის ელექსირი

ცხრატყავა, ლონიცერა, ლურჯი, კენკრა

ცხრატყავა (Lonícera caeruléa) სასარგებლო, სამკურნალო კენკროვანი მცენარეა. ასეულობით  წლებია სახალხო მედიცინა აქტიურად  იყენებს ამ ძვირფას პროდუქტს.

მისი ნაყოფები შეიცავს მიკრო და მაკრო ელემენტებს. მაგრამ მთავარი ღირსება ასკორბინის და  სხვა  C, B1, B2, B9, P, A ვიტამინების,  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების  და  მინერალების, ალუმინის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, იოდის, ფოსფორის, რკინის, სპილენძის  არსებობაა. ასევე აღსანიშნავია მასში გლუკოზის, ფრუქტოზის, საქაროზის, გალაქტოზის საკმაოდ მაღალი შემცველობა.

ცხრატყავა 1-1.5 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, აქვს მოგრძო, ლურჯი ფერის მომჟავო-ტკბილი და ძალზე არომატული ნაყოფები. მწიფდება მაისის თვეში, ბუჩქი 5 კგ-მდე ნაყოფს იძლევა.

ცხრატყავა, ლონიცერა, კენკრა

საქართველოში მისი სამი სახეობაა გავრცელებული, ბაღის, ლურჯი და ჩვეულებრივი ტყის, პირველ ორი არის, როგორც  დეკორატიული  ასევე საუკეთესო, სასარგებლო პროდუქტის  მომცემი მცენარე, ხოლო ტყის ერთერთ სახეობას აქვს წითელი მიმზიდველი  ნაყოფები, რომლის მიღება სერიოზულ პრობლემას უქმნის ადამიანს.

ცხრატყავას ორგანიზმიდან გამოყავს მძიმე მეტალები, არის შარდმდენი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, საუკეთესოა დიაბეტით, სისხლნაკლებობით, ავიტამინოზით,ჰიპერტონიით დავადებულთათვის.

ცხრატყავას ნაყოფები ძირითადად ცოცხალ ხილად გამოიყენება, ვინაიდან ის ყველა ხილზე ადრე შემოდის იმ დროს, როცა ადამიანის ორგანიზმი ადრე გაზაფხულზე ვიტამინებისაგან გამოფიტულია. ეს კენკრა სამკურნალო თვისებებს თერმული დამუშავებისა და გაყინვის შემდეგაც  ინარჩუნებს.

ცხრატყავა, ლონიცერა, კენკრა

ცხრატყავა მრავლდება როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად. ძირითადად  ვეგეტატიური  გამრავლებისას  იყენებენ დაკალმებას, ბუჩქის დაყოფასა და ჰორიზონტალურ გადაწვენას.  ამ  დროს მცენარე მთლიანად ინარჩუნებს დედის ჯიშობრივ თვისებებს.

ცხრატყავა სხვა კენკროვნებთან შედარებით ადრე შედის ვეგეტაციაში და შესაბამისად ადრე ყვავილობს,  ამიტომ მისი გადარგვა შემოდგომით უფრო მიზანშეწონილია, საყურადღებოა, ყვავილებზე  არ მოქმედებს ადრეულ გაზაფხულის  წაყინვები. იგი თავისუფლად იტანს -40 გრადუს ყინვას.

მართალია მცენარე დიდ მოთხოვნას არ უყენებს  ნიადაგურ კლიმატურ  პირობებს. მაგრამ, საუკეთესოდ გრძნობს თავს ფართოდ გაშლილ, განათებულ ნოყიერ ნიადაგებზე.

ცხრატყავა, ლონიცერა, ლურჯი, კენკრა

სამკურნალო თვისებებით არა მარტო ნაყოფები, არამედ მისი ყვავილები, ფოთლები, ტოტები, ფესვები გამოიყენება.

რეცეპტები

კენკრის  ნაყენი:  3 სუფრის კოვზ კენკრას დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 3-4 საათი. მიირთვით  0.5 ჭიქის ოდენობით  ჭამამდე  დღეში 3ჯერ. იმუნიტეტის  ასამაღლებლად.

ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი: 3 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 20-30 წუთი. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, თირკმლების, ღვიძლის, ნაღვლის  ბუშტის დაავადების, დიარეის, შეშუპების დროს. სავლების სახით: ყელისა და პირის ღრუს ანთების დროს. თვალის ანთების, ჭრილობებისა და დამწვრობის  – ჩამოსაბანად.

ფოთლის ნაყენი: 1-2 მუჭა  ნედლ ფოთოლს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 30-40 წუთი, გადაწურეთ და დაბანის  შემდეგ გადაივლეთ თმაზე.

ფოთლების, ყვავილებისა და ტოტების ნახარში: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ხმელ ნარევს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 15-20 წუთი, გააგრილეთ და გადაწურეთ. ეფექტურია როგორც მატონიზებელი  და გამოსაშრობი საშუალება ცხიმიანი კანისთვის. გაგრილებული ნახარშით იწმენდენ სახეს.

ავტორი: ლალი გოგინავა.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: ცხრატყავა – კენკროვანი კულტურა

თქვენი რეკლამა