ქუთაისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია გრძელდება

ქუთაისის, ცენტრალური, პარკი

ქუთაისის ცენტრალური პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის მთავარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იყო, პარკი საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა აღდგენას.

ამორტიზებული და დაზიანებული იყო საფეხმავლო ბილიკები, პარკის ფურნიტურა და განათების ბოძები.

პარკში, ფაქტობრივად, არ არსებობდა სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, რის გამოც წყალი გროვდებოდა კონკრეტულ მონაკვეთებში და იწვევდა არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ფილების დაზიანებას.

პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია დენდროლოგი და პროექტი ხორციელდება მისი რეკომენდაციების სრული დაცვით, პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების დამატებაც.

პროექტის ფარგლებში, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები.

პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“, ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები და რეაბილიტირდება არსებული საზოგადობრივი საპირფარეშო.

რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა პარკის არსებული მდგომარეობის სრულყოფილ შესწავლას, ამისათვის, ჩატარდა ტაქსაცია და სრულად აღინუსხა პარკში არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ახორციელებს, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.9 მილიონი ლარით ფინანსდება.

თქვენი რეკლამა