არყი, არყის ხე (ლათ. Betula) — ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი არყისებრთა ოჯახისა, რომელიც 20 მ სიმაღლემდე იზრდება. ცნობილია 100-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.
საქართველოში ველურად ხუთი სახეობაა გავრცელებული: ლიტვინოვის, მეჭეჭიანი ანუ მტირალა, მედვედევის, სამეგრელოს და რადეს არყი. სამი მათგანი _ მედვედევის, სამეგრელოს და რადეს არყი კავკასიის ენდემებია. ხოლო მეჭეჭიანი ანუ მტირალა არყი კავკასიაში ყველგან გვხვდება.
მეჭეჭებიანი არყი, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთიანეთში, ზღვის დონიდან 1000-2300 მ სიმაღლეზე ფართოდ გავრცელებული ხეა.
მეჭეჭებიანი არყი სიმაღლით 20-22 მ აღწევს, ღეროს ქერქი თეთრი და პრიალა, ხანში შესვლისას კი იშაშრება. ახალგაზრდა ტოტები და ყლორტები დაფარულია მოყავისფრო ქერქით, რომელიც მრავალი ფისიანი ჯირკვალი მეჭეჭითაა მოფენილი, ახალგაზრდა ტოტები, ხნიერ ხეებზე ჩვეულებრივ დახრილ-ჩამოკიდებული მდგომარეობით ხასიათდება. ახალგაზრდობაში კი ტოტებს ჰორიზონტალური ან რამდენადმე აღმამდგომი მდგომარეობა უკავია.
სამკუთხა-კვერცხისებრი, თითქმის რომბული, წვერში წაწვეტილი ფოთლები გრძელყუნწიანია, კიდეებში მარტივად ან ორმაგ ხერხებისებრ მახვილად დაკბილული, 40-70 მმ სიგრძით და 30-50 მმ სიგანით, ქვედა მხრიდან ბადისებრი დაძარღვითა და ცვილისებრი ჯირკვლებით. ერთსახლიანი, სქესგაყოფილყვავილებიანი მცენარეა. ნაყოფის ფრთების სიგანე კაკლის სიმსხოს 2-3-ჯერ აღემატება.
ლიტვინოვის არყი უფრო ტანდაბალი ხეა (16-18 მ), მისი ახალგაზრდა ღეროც თეთრქერქიანია, ხნიერ ღეროსძირა ნაწილში კი ღრმად დაშაშრული და მოშაო რუხი ფერისაა. ქერქი ახალგაზრდა ტოტებზე უფრო მოვარდისფროა.
დახრილი ერთწლიანი ყლორტები ვეგეტაციის პირველ მესამედში ბუსუსებითაა შემოსილი, შემდგომ კი შიშველია, მაგრამ ჯირკვლებით თხლად მოფენილი. ასევე ფოთლები ჯერ ბუსუსიანია, შემდეგ კი უბუსუსო.
ფოთლები ვეგეტატიურ ყლორტებზე კვერცხისებრი, ხოლო გენერატიულ ტოტებზე რომბულ-კვერცხისებრია მახვილი წვეროთი, კიდეებზე ორმაგხერხკბილა, ნაყოფის (კაკლის) ფრთის სიგანე კაკლის სიგანის ტოლია, ზოგჯერ ოდნავ ვიწროც.
არყის ფოთლები, კვირტები, ქერქი და მერქანი შეიცავენ სამკურნალო ნივთიერებებს, რომელთაც გამოყენება აქვთ მთელი რიგი დაავადებების მკურნალობაში.
დადგენილია, რომ არყის კვირტები შეიცავს ჯერ კიდევ მცირედ შესწავლილ ოფლმდენ და შარდმდენ ნივთიერებებს, აგრეთვე არომატულ ეთერზეთებსა და ფისს. უკანასკნელი წლების გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ შარდმდენი ეფექტი აღინიშნება თირკმლების გაღიზიანების გარეშე, რასაც ზოგ შემთხვევაში ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს. არყის კვირტების წყლით გამონაწვლილს აკეთებენ ჩაის დაყენების მსგავსად, ერთი ჩაის კოვზ კვირტზე ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, ამ რაოდენობის გამონაწვლილს ერთი დღის განმავლობაში სვამენ სამჯერად მსუბუქ ფორმებში მიმდინარე გაციების დროს.
ხალხურ მედიცინაში არყის კვირტების ღვინოზე ნაყენს ურჩევენ შესაზელად სახსრებში მტვრევის შეგრძნების დროს, ზოგან კი მის დალევასაც ურჩევენ კუჭის მოქმედების მოწესრიგებისათვის.
არყის ფოთლებზე მოხვედრილი მავნე ბაქტერიები 3 საათის განმავლობაში იხოცებიან, არაყის მერქნისა და ქერქის მშრალი გამოხდით (ისეთ ჭურჭელში გახურებით, სადაც ჰაერის შეღწევა გამორიცხულია) მიიღება მუქი სითხე, რომელიც ხის კუპრის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს სწორედ ის კუპრია, რომელსაც სულ ერთი კოვზის რაოდენობით ერთი კასრი თაფლის გაფუჭება შეუძლია. მაგრამ მიუხედავად ცუდი გემოსა და სუნისა, კუპრი ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში კანის დაავადებების სამკურნალოდ. კუპრი ვიშნევსკის ცნობილი მალამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ფართოდაა გამოყენებული ჭრილობებისა და წყლულების მკურნალობაში.
კუპრი თავისი ანტისეპტიკური ბუნების გამო ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
არყის ღეროდან ადრე გაზაფხულზე გამონადენ წვენს ხალხური მედიცინა „გამაჯანსაღებელ სისხლს“ უწოდებს და დღეში სამჯერ სვამენ თითო ჩაის ჭიქას, ზოგჯერ კი უფრო მეტსაც ეგზემის და კანზე არსებული გამონაყარის სამკურნალოდ. გარდა ამისა, არყის წვენი სასარგებლოდაა მიჩნეული ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის წინააღმდეგ. მისგან რუსები ადრინდელ დროში ბურახსაც ამზადებდნენ.
არყის კვირტები
არყის კვირტები გამოიყენება გულის მიზეზებით გამოწვეული შეშუპების (გასიების) საწინააღმდეგოდ, როგორც შარდდამდენი საშუალება. თირკმლის ფუნქციის უკმარობის შემთხვევაში, მკურნალობის ამ სახის დანიშვნისაგან აუცილებელია თავშეკავება, იმის გამო, რომ მოსალოდნელია კვირტების ფისოვანმა ნივთიერებამ თირკმლის ქსოვილების გაღიზიანება გამოიწვიოს.
დადგენილია არყის კვირტების ნაღველმდენი მოქმედება, ამიტომ მათ უნიშნავენ ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების დაავადების დროს. აგრეთვე იყენებენ ტრაქეიტის დროს სადეზინფექციო და ამოსახველებელ საშუალებად.
არყის კვირტების სპირტზე ნაყენს (90 გრადუსიან სპირტზე) ამზადებენ 1:5-ზე (1 ნაწილი არყის კვირტები, 5 ნაწილი სპირტი), უნიშნავენ თითო ჩაის ან სუფრის კოვზს ერთ მიღებაზე შარდმომგვრელ და ნაღვლისმომგვრელ საშუალებად.
არყის კვირტების გამონახარშის მოსამზადებლად 10 გ კვირტებს 200 გ წყალს ასხამენ და ნელი დუღილით 15 წუთს ხარშავენ, წურავენ დოლბანდში, იღებენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.
არყის კვირტების ნაყენს ხალხში ოფლ და შარდდამდენ საშუალებად იყენებენ, აგრეთვე – რევმატიზმის წინააღმდეგაც. ახალ ფოთლებს მდუღარე წყალს ასხამენ და მის კომპერსებს სახსრებზე იდებენ.
არყის კვირტებისაგან მომზადებულ ნაყენს (30 გ და უფრო მეტი რაოდენობის კვირტებს ასმამენ 70 გრადუსამდე სიმაგრის 1 ლ სპირტს) იღებენ დღეში სამჯერ 15-20 წვეთს 1 სუფრის კოვზ წყალში განზავებით, კუჭის წყლულის და მისი სხვა დაავადებების დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც კუჭი საჭმელს ვერ ინელებს. მასვე იყენებენ თირკმლების ანთების ნიადაგზე წარმოქმნილი წყალმანკისა და თირკმლების ყველა სხვა დაავადების დროს, მრგვალი პარაზიტი ჭიების (ასკარიდები) წინაააღმდეგ;
სპირტზე ნაყენის ნაცვლად, აღნიშნული ავტორების რჩევით, შესაძლოა აგრეთვე არყის კვირტების გამონახარშის გამოყენება: 5-10 გ კვირტები 1 ჩაის ჭიქა წყალზე, რომელსაც დღეში სამჯერ სვამენ თითო ჭიქას იმ დაავადებების წინააღმდეგ, რისთვისაც სპირტზე ნაყენს იყენებენ. რევმატიზმის წინააღმდეგ არყის დასრესილი ფოთლების გამოყენებას ურჩევენ, რომელსაც მტივნეულ ადგილზე იდებენ და რამოდენიმე დღეს ტოვებენ.
არყის ფოთლები
კლინიკური შესწავლით დადგენილია ფოთლების ნაყენის დიურეტული (შარდმდენი) მოქმედება გულ-სისხლძარღვთა უკმარისობასთან დაკავშირებული შეშუპების დროს. ავადმყოფებს უძლიერდებათ დიურეზი, უქრებათ კიდურების სიმსივნე, უმცირდებათ სულის ხუთვის შეგრძნება და საერთო მდგომარეობა უმჯობესდება.
ფოთლიდან წყლიანი ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: ახალ ფოთლებს წვრილად აქუცმაცებენ, რეცხავენ ანადუღარი ცივი წყლით, ამ წყალს ღვრიან, შემდეგ 40-50 გრადუს ტემპერატურის ანადუღარ წყალს ასხამენ და სამნახევარი საათის განმავლობაში დგამენ, წყალს გადაასხამენ, დაქუცმაცებულ ფოთლებს წურავენ, ამის შემდეგ ნაყენს დადგამენ 6 საათის განმავლობაში, ნალექს მოაცილებენ. მოხმარებისათვის გამზადებულ ნაყენს ინტენსიური მწვანე მოყვითალო ფერი აქვს, ოდნვ მწარე გემოთი, შეიცავს 155 მგ C ვიტამინს. მწარე გემო ეკარგება ხის დაფხვნილ ნახშირით გაფილტვრის შემდეგ, მაგრამ მასთან ერთად C ვიტამინის შემცველობაც 155-დან 75 მგრ. პროცენტამდე მცირდება. შეიძლება აგრეთვე შაქრის ან მურაბის სიროფით შეტკბობა.
არყის ფოთლები სასარგებლო გამოდგა ნევროზისა და ნეფრიტის დროს, იგი რეკომენდებულია აგრეთვე შარდმჟავა დიათეზისათვისაც.
ნაყენის დოზა: 50-100, ზოგჯერ 200 მლ დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. არყის წვენი გამოიყენება საერთოდ მომამაგრებელ საშუალებად ბრონქიტის, ბრონქოექტაზის, ტუბერკულოზის დროს თითო ჭიქა 2-3-ჯერ დღეში. გამოიყენება აგრეთვე ფურუნკულოზის დროს.
ჩვილი ფოთლების წყლით გამონაწვლილი გამოიყენება ლამბლიოზის დროს 200 მლ დღეში 14-45 დღის განმავლობაში. არყის ფოთლების პრეპარატები კარგად მოქმედებენ ქოლეცისტიტის დროსაც.
ხალხში რადიკულიტისა და რევმატიზმის სამკურნალოდ არყის ნედლ ფოთლებს იფენენ მტკივნეულ ადგილებზე.
არყის ჩვილ ფოთლებს გაზაფხულზე ამზადებენ და ჩრდილში ახმობენ (უფრო ეფექტურია ახალი ფოთლების გამოყენება). კვირტებს ადრე გაზაფხულზე აგროვებენ მათ გაშლამდე. ზამთარში შეგროვილ კვირტებს ხალხი ნაკლებეფექტურად თვლის.
ჩაგა და ჩაგას ნაყენი
არყის ღეროზე სახლდება აბედა სოკოს ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც „ჩაგა“ ეწოდება. ჩაგა შეიცავს ქრომოგენური ნივთიერებების კომპლექსს, რომელთაც მედიცინაში ამ ბოლო დროს გამოყენება ჰპოვეს კიბოთი შეპყრობილი ავადმყოფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩაგას ნახარშით ხალხური მკურნალები ადრინდელ დროშიც ცდილობდნენ კიბოიანთა განკურნებას.
ჩაგას პრეპარატების ფართო კლინიკური შემოწმება ჩატარდა ავადმყოფებზე კიბოს მეოთხე სტადიაში, რითაც დადგინდა, რომ მათი გამოყენების შედეგად ავადმყოფობა უფრო კეთილად მიმდინარეობს, ავადმყოფებს უუმჯობესდებათ საერთო მდგომარეობა და სულ ემატებათ სიმხნევე. ავადმყოფებს ძალიან შეუმცირდათ ან სულ გაუქრათ ტკივილები, გაუუმჯობესდათ მადა და ძილი, ნორმალიზებული იქნა ნაწლავების ფუნქცია.
ჩაგას შემცველი ნივთიერებები გარკვეულწილად არეგულირებენ ავთვისებიანი სიმსივნით ჩახშობილ სისხლ და ფერმენტწარმომქმნელ სისტემებს. ისინი ამაღლებენ დაავადებისადმი ორგანიზმის მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ სპობენ ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზებს.
ჩაგას ნაყენის მომზადება შემდეგნაირად ხდება: სოკოს წყლით რეცხავენ და ალბობენ მდუღარე წყალში, ისე, რომ სოკო წყალში ჩაძირულ მდგომარეობაში უნდა იყოს, დალბობა გრძელდება 4-5 საათის განმავლობაში. დამბალ სოკოს ხორცის საკეპ მანქანაში ატარებენ ან ქვასანაყით ნაყავენ. სოკოს დასალბობად ნახმარ წყალს ნაყენის მოსამზადებლად იყენებენ. ერთ ნაწილ დაქუცმაცებულ ჩაგა სოკოს 5 ნაწილ (მოცულობის მიხედვით), დასალბობად გამოყენებულ წყალს ასხამენ, რომელიც 50 გრადუსამდეა გამთბარი, უფრო ცხელი წყლის გამოყენება სოკოს ნივთიერებების აქტივობას ამცირებს და ამიტომ არაა რეკომენდებული.
დგამენ 48 საათის განმავლობაში, წყალს ასხამენ, დანალექს წურავენ რამდენიმე ფენა დოლბანდში. ამით მიღებულ საკმაოდ სქელ სითხეს აზავებენ წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე. ნაყენის შენახვის ვადაა 3-4 დღე. ნაყენს იღებენ ანაციდური გასტრიტისა და სიმსივნეების დროს, როგორც საერთოდ მომამაგრებელ საშუალებას.
სიმსივნის დროს მოზრდილებს უნიშნავენ დღეღამაშე არანაკლებ 3 ჩაის ჭიქას. ჩაგას ნაყენი ტოქსიკური არაა, მაგრამ მისი დანიშვნა იზღუდება ისეთი დაავადებების დროს, როდესაც დაუშვებელია ბევრი სითხის მიღება. ამ შემთხვევაში სოკოს ნაყენი ხმარებული უნდა იქნას ჩაისა და სხვა სასმელების ნაცვლად, ან იყენებენ ორჯერ უფრო მაგარ ნაყენს (2 ნაწილი სოკო 5 ნაწილ წყალზე). ამასთან ურჩევენ რძის პროდუქტების მიღებას და ზღუდავენ ხორცისა და ცხიმების მიღებას. იკრძალება კონსერვების, შებოლილი პროდუქტებს, ძეხვისა და ცხარე საკაზმ-სანელებლების მიღება. ამ პროცედურის დროს არ შეიძლება გლუკოზისა და პენიცილინის ვენაში შეშვება.
ჩაგათი მკურნალობა ცალკეულ კურსებად ხდება 3-5 თვის განმავლობაში. მცირე შესვენებებით (7-10 დღე) თითოეული კურსის შემდეგ. ხანგრძლივი მკურნალობისას ზოგ ავადმყოფს ვეგეტატიური ნერვიული სისტემის აღგზნება უძლიერდება, რაც თანდათან გაუვლის პრეპარატის დოზის შემცირებით ან დროებით მოხსნის შემთხვევაში.
არყის ქერქისა და მერქნისაგან მიღებულ კუპრს ეგზემის და კანის სხვა დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ. წყლიან ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: გამხმარ და დაქუცმაცებულ 4 ჩაის კოვზ არყის ფოთოლს ასხამენ ორ ჭიქა მდუღარე წყალს, (ერთი დღის დოზა), თითოეულ ჭიქა ნაყენს სასმელ სოდას უმატებენ იმ რაოდენობით, რასაც დანის წვერი აიღებს.
მონახარშს კი შემდეგნაირად ამზადებენ: 4 ჩაის კოვზ გამხმარ და წვრილად დაჭრილ ფოთოლს (ან 2 ჩის კოვზ არყის კვირტებს) ასხამენ ორ ჭიქა წყალს, ხარშავენ ნელი დუღილით 15-20 წუთს და წურავენ, ერთი დღის დოზა, მიიღება რამდენიმე ჯერად, რომელსაც კვლავ მცირე რაოდენობის სასმელ სოდას უმატებენ.
ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.