ხურტკმელი (კინკრიჟა) – დარგვა, მოვლა, მოყვანა, ბაღის გაშენება

ხურტკმელი, კინკრიჟა, კრუჟოვნიკი

ზოგადი ინფორმაცია

ხურტკმელი (კინკრიჟა, ლათ. Grossularia reclinata, რუს. крыжовник) 1-1.2  მეტრი სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, ბლაგვნაკვთებიანი, 6 სმ-მდე სიგრძის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.

ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1,5 სმ-მდე სიმსხოს ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო შეფერვით.

ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფიც გამოიყენება.

წარმოშობა და გავრცელება

ხურტკმელის სამშობლოდ დასავალეთ ევროპას და ჩრდილოეთ აფრიკას მოიაზრებენ, ველური სახით გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილო კავკასიაში, უკრაინაში, შუა აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და  ჩრდილოეთ ამერიკაში.

შემადგენლობა და გამოყენება

ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) 13,5 %-მდე შაქრებს, 2.0 %-მდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1.0 %-ზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, C, P, B და A ვიტამინებს შეიცავს.

გარდა მის ამის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიამი. ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი.

ნედლი ნაყოფი კარგი ხილია, მისგან ამზადებენ მურაბას, კონფიტიურს, კომპოტს, მარმელადს, ღვინოსაც კი.

საზამთროდ ნაყოფს ახმობენ, ამზადებენ მარინადს ან კონფიტიურს, ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ. ხურტკმელის ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ.

გამოიყენება ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლს, ხალხური მედიცინა მას აგრეთვე იყენებს კუჭსასაქმებლად, შარდ და ნაღველმდენ საშუალებად, კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ძირითადი აგროტექნიკა

ხურტკმელი კარგად იტანს გვალვასაც და სიცივესაც, სინათლის მომთხოვნია, ბუნებრივად გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის ბევრ რაიონში, მთის შუა სარტყლისა და სუბალპურ ტყეებში, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე.

  • ნიადაგი

ხურტკმელი კარგად მოდის კარგი აერაციის მქონე მსუბუქ თიხნარ, ქვიშნარ, თხელ, ხირხატ ნიადაგებზე. ამ კულტურის თიხნარ ნიადაგებზე მოყვანისას ხშირი გაფხვიერებაა საჭირო.

ნიადაგის მჟავიანობა: pH=6,0-6,5.

გრუნტის წყლები: ნიადაგის ზედაპირიდან 1-1.5 მ-მდე.

დარგვის სქემა: 1.0 – 1.0 მ; 1.2 – 1.2 მ; 1.2 – 1.5 მ; 1.5 – 1.5 მ; 2.0 – 1.5 მ; 2.5 – 1.5 მ; რიგებს შორის და რიგში მცენარეთა შორის მანძილი დამოკიდებულია ჯიშის ნიშან-თვისებებზე, ნიადაგის ნაყოფირებაზე და ა.შ (სამრეწველო ბაღისთვის მანძილის შერჩევისას გაითვალისწინეთ ტექნიკა).

  • გამრავლება

მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად – კალმებით, ბუჩქის დაყოფით, გადაწვენით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.

  • ნაკვეთის მომზადება დასარგავად

დარგვისთვის უნდა შეირჩეს კარგად განათებული ნაკვეთი, ჩრდილში უხვი მოსავლის მიღება შეუძლებელია, ასეთ ნაკვეთებზე როგორც წესი ნაყოფი წვრილიცაა და რაოდენობაც მცირეა, ასევე უნდა ვერიდოთ ამ კულტურის ზედმეტად დატენიანებულ ნიადაგებზე გაშენებას.

ბაღის გაშენებამდე შერჩეულ ფართობზე უნდა ჩატარდეს ნიადაგის ღრმად დამუშავება (პლანტაჟი) 45-50 სმ-ის სიღრმეზე. ნიადაგის აგრო-ქიმიური გამოკვლევის საფუძველზე ორგანულ-მინერალური სასუქის შეტანა, ნიადაგის ჯვარედინული მოხვნა და დაფარცხვა.

  • დარგვა

ხურტკმელის დარგვა მუდმივ ადგილზე შესაძლებელია როგრც ადრე გაზაფხულზე ისე შემოდგომით, გამოცდილი მებაღეები უპირატესობას შემოდგომას ანიჭებენ, ყინვების დადგომამდე დაახლოებით 5-6 კვირით ადრე.

დასარგავი ორმოს საშუალო ზომებია: 0,5 х 0,5 х 0,5 მ.

დარგვის წინ დასარგავ ორმოში შეაქვთ:

  • 10 კგ. გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი;
  • 100-150 გრ. ხის ნაცარი;
  • 50 გრ. სუპერფოსფატი.

დარგვამდე ნერგს აუცილებლად უნად მოვაცილოთ ყველა შემხმარი ფესვი, რგავენ 5-6 სმ, უფრო ღრმად, ვიდრე იყო დაფესვიანებისას, ოდნავ დახრილად, კარგად ტეკეპნიან.

დარგვის შემდეგ უნდა მოირწყას 1 მცენარეზე – 0.5-1.0 ვედროს გაანგარიშებით, უნდა დაიფაროს ორგანული მულჩით და გადაიჭრას ნიადაგის ზედაპირიდან 5-7 სმ-ზე.

  • მოვლა

იმისთვის, რომ ბუჩქი კარგად განვითარდეს და უხვმოსავლიანი იყოს აუცილებიელია ნიადაგის რეგულარული გაფხვიერება.

ხურტკმელის ფესვთა სისტემა, ძალიან ახლოსაა ნიადაგის ზედაპირთან, ამიტომ ფესვის გართხმის რადიუსში, ფრთხილად უნდა დამუშავდეს (მხოლოდ ზედა ფენა) არა უმეტეს 7 სმ. სიღრმისა, ამ რადიუსის გარეთ ნიადაგს უფრო ღრმად ამუშავებენ.

მნიშვნელოვანია სარეველების დროული მოშორება.

მცენარის ნორმალური განვითარებისა და ნაყოფიერებისთვის, დიდ ყურადღება ექცევა ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნებას, ამიტომ, გვალვიან პერიოდში საჭიროა ხშირი, მაგრამ ზომიერი მორწყვა.

ნაყოფის მომწიფებამდე 2-3 კვირით ადრე მორწყვა უნდა შეწყდეს.

პირველ წელს კარგი იქნება თუ კვება ჩატარდება მინიმუმ ორჯერ, პირველდ ყვავილობის და მეორედ მოსავლის აღების შემდეგ.

ერთ მცენარეზე საშუალოდ შეაქვთ 8-10 კგ. ნაკელი ან კომპოსტი, 100 გრ. ხის ნაცარი; 40 გრ. სუპერფოსფატი, შემდეგში კვება შეიძლება განხორციელდეს ყოველ მეორე წელს, თუ არ არის განსაკუთრებული საჭიროება.

სამრეწველო ბაღის გაშენების დროს, საჭიროა გამოვიყენოთ ამ კონკრეტული ჯიშისთვის განკუთვნილი კვება და მორწყვის რეჟიმი, გარემო და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

  • ფორმირების პრინციპი

პირველ წელს ყველა ტოტი მოკლდება 1/3-ით, ხოლო ფესვის ამონაყრიდან, ტოვებენ 3-4 ყველაზე ძლიერს და სწორი მიმართულებით მზარდ ამონაყარს.

მეორე წელს ახალ ტოტებს (იმ წლის) ისევ ამოკლებენ 1/3-ით, ხოლო ფესვის ამონაყრიდან, ტოვებენ 6-8 ყველაზე ძლიერს და განვითარებულს.

მესამე წელს, როცა მცენარე პირველ მოსავალს იძლევა, მას უკვე ექნება, სხვადასხვა წლის 12-15 ტოტი. ამ წელსაც იგივე სქემით ვმოქმედებთ (ახალ ტოტებს ვამოკლებთ 1/3-ით) ფესვის ახალი ამონაყრიდან ისევ ვტოვებთ 3-4 საუკეთესოს.

5-7 წლისთვის, როდესაც მცენარე აღწევს სრულ მოსავლიანობას, ბუჩქს უნდა ჰქონდეს 18-20 სხვადასხვა ასაკის, კარგად განვითარებული ტოტი. აქედან მოყოლებული, შემდეგ წლებში 7 წელზე მეტი ხნის ტოტები ნოლზე უნდა გადავჭრათ, ასევე უნდა მოვაშოროთ სუსტი და დაზიანებული ტოტები.

მოსავალი

ხურტკმელის კარგ მოსავალს საშუალოდ 12-15 წელი იძლევა, ნაყოფიერია ერთი ჯიშის რამდენიმე ბუჩქის დროსაც, თუმცა მოსავლიანობა და ნაყოფის ხარისხი იზრდება, როცა ერთ ნაკვეთზე 2-3 ჯიში მოჰყავთ.

იხილეთ აგრეთვე: ხურტკმელი (კინკრიჟა) – სამკურნალო მცენარე

თქვენი რეკლამა