ჯინჭარა – სამკურნალო მცენარე

სამკურნალო

ჯინჭარა (ლათ. Phlomis tuberosa L) ტუჩოსანთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი 50-150 სმ სიმაღლის მცენარეა გრძელი თასმისებრი ფესვებით, რომელთა ნაწილზე ბოლქვისებრი მრგვალი გამსხვილებებია განვითარებული.

ღეროს ქვედა ნაწილსა და ძირში არსებული 15 სმ-მდე სიგრძის და 12 სმ სიგანის ფოთლები ღრმად გულისებრად ამოჭრილფუძიანია. ღეროს შუა და ზედა ნაწილში კვერცხისებრი ფოთლებია განლაგებული, კენწრული ფოთლები ლანცეტაა.

ვარდისფერგვირგვინიანი ყვავილები ფოთლების იღლიებში მრავალყვავილიან (10-16 ) რგოლებადაა განწყობილი, მრავალრიცხოვანი გაფშეკილი ბეწვებით.

იზრდება ბუჩქნარებში, ბალახოვან ფერდობებზე ნასვენ მიწებზე, მთის ქვედა და შუა სარტყელში. გვხვდება კახეთში, ქართლში, აფხაზეთში, მესხეთსა და ჯავახეთში. უფრო მცირე რაოდენობით სხვა რაიონებშიც აღინიშნება.

არეალი საკმაოდ ფართოა, მაგრამ ჯინჭარას საერთო მარაგი მცირეა.

სამკურნალო

ჯინჭარას გვარის წოდება წარმოშობილია ბერძნულიდან Phomilus – “ალი”, ასეთი დასახელება მას იმიტომ მიეცა, რომ უძველეს დროში ჯინჭარასა და ქერიფქლას ერთ-ერთი სახეობის ფოთლებისაგან ლამპის პატრუქებს ამზადებდნენ.

კარგი თაფლოვანი მცენარეა, იმავე დროს ფრიად მიმზიდველი შესახედაობისაცაა. ფესვების მსხვილი ბოლქვისებრი გამონაზარდები მდიდარია სახამებლით და საჭმელად გამოიყენება როგორც გამხმარ, ასევე მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში. ზოგჯერ მას ფქვავენ და რძის ფაფას აკეთებენ.

სამკურნალო

მიწისზედა ნაწილები ალკალოიდებს შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭის დაავადებების (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება), პნევმონიის, ბრონქიტის ფილტვის ტუბერკულოზის, გინეკოლოგიური დაავადებების, წყალმანკის, სიყვითლის, გაციებით გამოწვეული დაავადებების, ციებ-ცხელების და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში კარგად მოქმედებს ნახარში (1-2 სუფრის კოვზი ბალახი 1 ჭიქა წყალზე), რომელსაც ნახევარ-ნახევარ ჭიქას იღებენ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, ორი თვის განმავლობაში.

სამკურნალო

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა