ბაქტერიული სასუქები – ნიტრაგინი, აზოტობაქტერინი და ფოსფორობაქტერინი

133 Views

ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებისათვის უდიდისი მნიშვნელობა აქვს მიკროორგანიზმებს, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას, მის ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს, იწვევენ მცენარისათვის საჭირო შესათვისებელი ფორმის საკვები ნივთიერებების დაგროვებას ნიადაგში.

მიწათმოქმედებისათვის სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობის გაზრდის და ნიადაგში მცხოვრები სხვა მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის გაძლიერების საშუალება ბაქტერიული სასუქების გამოყენებაა.

ნიტრაგინი

უძველესი დროიდან ცნობილია, რომ პარკოსანი მცენარეები: იონჯა, სამყურა, ბარდა, ცერცველა, სოია, ლობიო და სხვა ნიადაგს ამდიდრებენ აზოტით. ერთი ჰექტარი პარკოსნების ნათესი კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით 100-200 კგ აზოტს ტოვებს ნიადაგში. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც 20-40 ტონა ნაკელი შეიცავს.

ნიტრაგინი მზადდება როგორც ქარხნული წესით, ისე ადგილობრივად მსხვილი ვარდისფერი კოჟრებისაგან და სპეციალური ტექნოლოგიის დაცვით მიიღება ბაქტერიული სასუქი. დღეისათვის არსებობს კოჟრის ბაქტერიების 16 სახეობა, რომლებიც სხვადასხვა მცენარეებზე სახლდება.

ნიტრაგინი ნიადაგში შეიტანება თესვის დროს თესლთან ერთად. ნიტრაგინი პირველ რიგში გამოიყენება იმ პარკოსნებისათვის, რომლებიც პირველად ითესება ნაკვეთებზე. ნიტრაგინის ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს ნიადაგში არსებული ორგანული ნივთიერებები, რაც მეტია იგი, მით მეტია სასუქის ეფექტიანობა.

აზოტობაქტერინი

გარდა კოჟრისა, ნიადაგში მოიპოვება სხვა ბაქტერიებიც, რომელთაც აქვთ ატმოსფეროდან თავისუფალი აზოტის შეთვისების უნარი. ამ მხრივ მეტად საინტერესოა აზოტობაქტერინი.

არსებობს აზოტობაქტერინის რამდენიმე სახეობა, რომლებიც ერთმანეთისაგან ფერით განსხვავდებიან. აზოტობაქტერინი ჰაერიდან საგრძნობი რაოდენობის აზოტს ითვისებს. საშუალოდ ერთ ჰექტარზე 30-40 კგ აზოტს აგროვებს.

იგი გამოიყენება თითქმის ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში. მარცვლეულ, ტექნიკურ და ბოსტნეულ კულტურებში, საჭიროა 3კგ ერთ ჰექტარზე, ხოლო კარტოფილის შემთხვევაში – 6კგ.

მარცვლეულ და ბოსტნეულ კულტურებში აზოტობაქტერინის შეტანა წარმოებს თესლთან ერთად. ამისათვის თესლი უნდა დაინამოს, რათა აზოტობაქტერინი კარგად მიეკრას ზედ.

ყოველ 30-40-კგ თესლს ასხამენ ერთ ლიტრ წყალს და ხის ნიჩბით კარგად აირევა და 3კგ-ის დოზით უშუალოდ თესვის წინ შეერევა 1 ჰექტარისათვის საჭირო თესლს, რომლის დათესვის საუკაეთესო პერიოდია დილა ან საღამო.

აზოტობაქტერინის შეტანა შეიძლება ბუდნაშიც, რისთვისაც იგი წინასწარ აირევა 100-200კგ საბოსტნე ნიადაგში და თითოეულ ბუდნაში ჩაიყრება 5-10გრ-მდე.

აზოტობაქტერინის ეფექტიანობა დადასტურებულია უამრავი ცდებითა და გამოკვლევებით. პომიდორის მოსავლინობა იზრდება 20%-ით, კომბოსტოს მოსავლიანობა – 20-25%-ით, კარტოფილის – 30%-მდე.

აზოტობაქტერინის ეფექტიანობა მით უფრო მაღალია, რამდენადაც დაცულია მისი გამოყენების ყველა წესი.

ფოსფორობაქტერინი

ნიადაგში ფოსფორი მინერალურ და ორგანულ შენაერთებში იმყოფება. ერთ ჰექტარ სახნავ ფენაში საერთო ფოსფორის რაოდენობა 3-დან 9 ტონამდე აღწევს. მიუხედავად ამისა, ასეთ ნიადაგებზე მცენარე ხშირად ფოსფორის ნაკლებობას განიცდის, რაც იმით აიხსნება, რომ იგი მცენარისათვის შეუთვისებელ ფორმაშია და საჭიროა მისი გარდაქმნა.

ორგანული შენაერთების ფოსფორის მინერალიზაცია ნიადაგში განსაკუთრებული ჯგუფის მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგია, რომლებიც შლიან ორგანულ შენაერთებს და წარმოშობენ ფოსფორმჟავას, რომელიც უერთდება ნიადაგში არსებულ კათიონებს და წარმოშობენ მცენარისათვის როგორც ძნელად შესათვისებელ, ისე ადვილად შესათვისებელ მარილებს, რის შედეგადაც უმჯობესდება მცენარის კვება ფოსფორით.

ფოსფორობაქტერინი ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებების დამშლელი ბაქტერიაა. ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში ფოსფორობაქტერინის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

ფოსფორობაქტერინი ნიადაგში შეიტანება თესვის დროს თესლთან ერთად. თესლის ბაქტერიზაცია ხდება მზისაგან დაცულ ადგილას, ჩრდილში დათესვამდე 2-3 საათით ადრე.

ფოსფორობაქტერინი მაღალ შედეგს იძლევა ტორფიან, ნეშომპალა კარბონატულ, კორდიან- ეწერი ტიპის და შავმიწა ნიადაგებში. ორგანული ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე იგი გამოყენებული უნდა იქნეს ორგანული სასუქების შეტანის შემდეგ ან მწვანე სასუქების ჩახვნისას.

ავტორი: ირინე ცომაია /აგროქიმიკატების მოკლე ცნობარი/.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB