მურა დათვი (Ursus arctos) საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ ცხოველებს შორის ყველაზე დიდი სახეობაა. ზოგიერთი ზრდასრული ინდივიდის სხეულის სიგრძემ შეიძლება 3 მეტრს, ხოლო წონამ 700 კილოგრამსაც კი მიაღწიოს.
მამრი ინდივიდები მდედრებზე დიდი ტანის არიან და მათი სხეულის ზომა საკვების ბაზაზე, გავრცელების არეალსა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ყველასთვის ცნობილი „გრიზლიც“ მურა დათვია, თუმცა მათი გაცილებით დიდი ზომები სწორედ მკაცრი კლიმატის, აგრეთვე პროტეინითა და ცხიმით მდიდარი საკვების დამსახურებაა.
მურა დათვები გვხდებიან თითქმის მთელი კავკასიონის ქედზე, მცირე კავკასიონის ზოგიერთ ნაწილში და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან. მათი პოპულაციები დაფიქსირებულია ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ბაწარის, კინტრიშის, ბორჯომის ნაკრძალებში, თუშეთში, მდინარეების: არხოტის, დურუჯის და ლიახვის ხეობებში, თრიალეთის ქედზე, ბორჯომის ხეობაში, გურია-აჭარის ქედზე და დუშეთის რაიონში.
მათ ფართო გავრცელებას ისიც განაპირობებს, რომ დათვებს მრავალნაირ ეკოსისტემაში შეუძლიათ არსებობა. ისინი თითქმის ყველა ვერტიკალურ სარტყელში გვხვდებიან და დაფიქსირებულები არიან ზღვის დონიდან 4000 მეტრ სიმაღლეზეც კი.
დათვი, ადამიანივით ომნივორია (ნაირმჭამელი). ისინი იკვებებიან, როგორც მცენარეული ისე ცხოველური საკვებით. უპირატესობას ანიჭებენ ცხიმით მდიდარ საკვებს, როგორიცაა: ტყის წაბლი ან თხილი.
დათვები სოლიტარული ცხოველები არიან, ისინი მარტო ცხოვრობენ და მხოლოდ გამრავლების პერიოდში – ივნისში ხვდებიან საპირისპირო სქესის ცხოველებს, შესაჯვარებლად. დედა დათვი ბელს ან ბელებს თებერვალში აჩენს, ხშირად ჰიბერნაციის (ზამთრის ძილი) პერიოდში.
ბელები დაახლოებით 200 გრამს იწონიან და უსუსურები არიან. ისინი მხოლოდ თვენახევრის მერე გამოდიან დედა დათვთან ერთად ბუნაგიდან, ამ დროს დედა დათვი საკმაოდ სახიფათოა, რადგან ნაშიერებს პოტენციური საფრთხეებისგან იცავს.
საინტერესო ფაქტი: ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ დათვი ზამთარში ძილს ეძლევა, ამ მოვლენას ჰიბერნაცია ეწოდება. თუმცა, დათვები ამ ქცევას ყოველ წელს არ ავლენენ, რაც ბევრ გარემოფაქტორზეა დამოკიდებული.
იმ შემთხვევაში თუ ზამთარი შედარებით რბილია და საკვები ხელმისაწვდომი, შესაძლებელია დათვი ძილს არ მიეცეს. მნიშვნელოვანია დაძინებამდე პერიოდი, რადგან ცხოველმა ზამთრისთვის საკმარისი რაოდენობის ცხიმი უნდა დაიმარაგოს, რასაც ორგანიზმი ძილის დროს, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გამოიყენებს.
წყარო: ჩვენი სოფელი