ბამბუკი – დარგვა, მოვლა, მოყვანის ტექნოლოგია

ბამბუკი

კულტურის მნიშვნელობა

ბამბუკის მწარმოებელმა ფერმერებმა კარგად იციან, რომ საქართველოში მრავალწლოვან მერქნიან ტექნიკურ კულტურებს შორის ბამბუკს კომერციული მნიშვნელობით და გავრცელების პერსპექტივებით საპატიო ადგილი უკავია.

ბამბუკს ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს დეკორაციული სახლების, ჯიხურების, სასადილო ოთახების და ტალავერების მოსაწყობად, მსუბუქი და გამძლე კიბეების გასაკეთებლად, კალათებისა და გოდრების დასაწნავად, საანკესო და სასპორტო ჯოხების დასამზადებლად, მევენახეობასა და მებოსტნეობაში, როგორც საუკეთესო საყრდენს.

ზამთარში მეციტრუსეები იყენებენ ციტრუსოვანთა დასაყრდენად, ასევე მისი ჩელტები გამოიყენება ღობეების და დეკორაციული გაზონების მოსაწყობად. მისი მერქნისაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ქაღალდი.

უკანასკნელ პერიოდში ბამბუკის ბოჭკოსაგან დამზადებული ანტიალერგიული ქსოვილები (მაისურები, წინდები) ძვირადღირებული და მოთხოვნადია აშშ-ში და ევროპაში. ასევე ბამბუკის მერქნისგან დამზადებული ფქვილი საუკეთესო კომპონენტია მეტალო-პლასტმასის ფილების წარმოებაში. გარდა მერქნისა, მისი ნედლი ღეროები და ფოთლები გამოიყენება საკვებად მეცხოველეობაში.

ბამბუკის ნარგაობა მისი ძლიერი ფესვთა სისტემის გამო საუკეთესო საშუალებაა ფერდობების და ხრამების ეროზიული პროცესებისაგან დასაცავად.

საქართველოში გავრცელებული ძირითადი სამრეწველო სახეობები: 

იაპონური მადაკე   (Phuilostachys   bambusoides)  ღერო სწორი და მაღალია, სიმაღლით მხოლოდ მოსოს ჩამორჩება და 10-12 მეტრს აღწევს, ფესურასთან დიამეტრი 6-7 სმ-ია, მუხლთაშორისები შედარებით გრძელი (30-35სმ) საკმაოდ მტკიცე და ელასტიკური მერქანი აქვს. ვეგეტაციას მაისის პირველ დეკადაში იწყებს. ბამბუკის ტოტები რგოლზე წყვილ-წყვილად და მორიგეობითაა განლაგებული, ფოთლები შედარებით დიდია, მუქი მწვანე ფერის. სამშობლო იაპონიაა

ჩინური მადაკე   (Ph Simonsoni)   თავისი მორფოლოგიური ნიშნებით ძლიერ ემსგავსება იაპონურ  მადაკეს და ხშირად მათ არც ანსხვავებენ ერთმანეთისაგან, იგი დაბალი ტანისაა 8-10 მეტრს არ აღემატება. დიამეტრი ფუძებთან 3-5 სმ-ია ახალგაზრდა ღერო დაფარულია შავი-მოიისფრო ფიფქით, რითაც ის განსხვავდება იაპონური მადაკესაგან.

მწვანე ცისფერი ბამბუკი  ( ph.vidi-giaucescens)  ახალგაზრდა ღერო მუქი მწვანე ფერისაა, მტრედისფერი ელფერით, შემდგომში თანდათანობით ყვითლდება. სიმაღლე 15-16 მეტრი და ყველაზე სწრაფი ზრდით ხასიათდება. ვეგეტაციას იწყებს აპრილის მეორე დეკადაში, საკმაო ყინვაგამძლეა უძლებს -180-მდე ყინვას მერქანი საკმაოდ მტკიცე აქვს. მისი სამშობლო ჩინეთია, ის განსაკუთრებით კარგად ხარობს ხევებში, მდინარისა და ღელის ნაპირებზე.

მოსო  ბამბუკი  (ph. gubescens)   ბამბუკის ეს სახეობა ყველაზე მსხვილღეროიანია ბამბუკებს შორის, სიმაღლით 15-20მ. ხოლო დიამეტრით ფუძესთან 8-16 სმ. ღეროს ძირითადი ნაწილი შიშველია, ტოტებს თითქმის   წვეროზე ინვითარებს. ღეროს კედელი სქელია 10-13 მმ-ის ფარგლებში. ვეგეტაციას ყველაზე ადრე – აპრილის პირველ რიცხვებში იწყებს.

ბამბუკი საქართველოში

საქართველოში ბამბუკის ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია: აჭარა, გურია, სამეგრელო და აბხაზეთი, ასევე შესაძლებელია  სამრეწველო პლანტაციების  გაფართოება, კოლხეთის დაბლობზე და კახეთში მდ. ალაზნის სანაპირო ზონაში.

ბამბუკი სწრაფი ზრდით ხასიათდება, რასაკვირველია თუ მას შექმნილი აქვს ოპტიმალური პირობები ის კარგად ვითარდება მაშინ თუ ნიადაგის ტენიანობა 75-80%-ის ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 80-85%-ის ფარგლებშია. ის ვერ იტანს ჭარბტენიანობას, წყლის დაგუბებას და უჟანგბადო ფენას.

ბამბუკი სწრაფად მზარდი მერქნიანი კულტურაა, იგი 6-7 კვირაში ამთავრებს ზრდას. ბამბუკების ღეროების სწრაფი ზრდა განპირობებულია როგორც სახეობის ბიოლოგიური თავისებურებებით, ასევე ნიადაგურ კლიმატური პირობებით, მაგალითად მსხვილღეროიანი, მოსო და მომწვანო -მტრედისფერი ბამბუკი ვეგეტაციას იწყებს, როცა საშუალო დღეღამური ტემპერატურა 100-ზე მეტია, სხვა სახეობები კი 16-180-ზე იწყებს ვეგეტაციას. ეს კი დაახლოებით მაის -ივნისშია  ჩვენს პირობებში.

ბამბუკის ზრდის პერიოდი მოკლეა. ის 50-60 დღის განმავლობაში ამთავრებს სიმაღლეში ზრდას. ამ დროის განმავლობაში თავის სამშობლოში (ჩინეთი, იაპონია) 50 მეტრამდე იზრდება ჩვენთან კი 10-24მ აღწევს.

ბამბუკის სამრეწველო პლანტაციის გაშენება

ძირითად მალიმიტირებელ ფაქტორს ბამბუკის გასაშენებელი ფართობის შერჩევაში წარმოადგენს ზამთრის მინიმალური ტემპერატურის მოსალოდნელობა.

სუბტროპიკულ მცენარეთა ყინვაგამძლეობის  კლასიფიკაციაში ის მერვე ჯგუფში მოიხსენიება სუბტროპიკულ ხურმასთან ერთად, რომლის მიხედვით ნარგაობის სუსტი დაზიანება აღინიშნება -150-ზე, ძლიერი -200-ზე, დაღუპვა -250-ზე.

ბამბუკის გასაშენებლად ვარგისია, როგორც დაბლობი განსაკუთრებით მდინარეებისა და ღელის პირა ნაფენები, ასევე ბორცვიან გორაკოვანი ადგილები, ხევები და ტენიანი ხეობები.

ბამბუკი კარგად იზრდება ჰუმუსით მდიდარ წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე, ასევე ვაკე ადგილებზე განლაგებულ სუსტ, საშუალო ეწერ და ალუვიურ ნიადაგებზე.  იგი კარგად ხარობს სუსტ მჟავე ნეიტრალური რეაქციის  ნაკვეთებზე. დასავლეთ საქართველოში ბამბუკი შესაძლებელია გაშენდეს ზღვის დონიდან 400-500მ. სიმაღლეზე.

ნაკვეთების შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ცივი და ცხელი ქარების მოქმედების მიმართულება და ინტენსივობა. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია  ქარსაფარი ზოლების მოწყობა. ვაკე და 10‑0-მდე დაქანების ფერდობებზე რეკომენდირებულია ნიადაგის მთლიანი დამუშავება 35 სმ სიღრმეზე ფენების აურევლად. 100 დან 200-მდე დაქანებულ ფერდობებზე ხდება ნიადაგის ზოლებრივი დამუშავება. 200-ზე დაქანების ფერდობებზე ბამბუკის დასარგავად საჭიროა ერთი მეტრის სიგანისა და 35-40 სმ სიღრმის ორმოების ამოღება.დამუშავების საუკეთესო ვადაა 1 ნოემბრიდან 15 თებერვლამდე.

 ბამბუკის გამრავლება  და სანერგე მეურნეობა

დღემდე ბამბუკის ახალი პლანტაციების გაშენება ტარდება არსებული სამრეწველო პლანტაციებიდან ახალგაზრდა ნერგების გადარგვის გზით, სწორედ ამის შედეგია ამჟამად არსებული ნარგაობის სიჭრელე და გადარგული ნერგების  გახარების დაბალი პროცენტული მაჩვენებლები. ბამბუკი როგორც წესი მრავლდება თესლით, ანუ გენერაციული გზით და ვეგეტატიური გზით. თესლით გამრავლება პრაქტიკულად რთულია, რადგან ბამბუკი იშვიათად ყვავილობს. ასევე დაბალია თესლის აღმოცენების უნარი.  სამრეწველო ნარგაობის გაშენების ყველაზე ეფექტური გზა არის ვეგეტატიური გამრავლება. სანერგიდან  აღებული ერთ ან ორწლიანი ნერგებით ან ფესურებით.

ბამბუკის ნერგების მისაღებად სანერგე შეიძლება შედგებოდეს შემდეგი განყოფილებისაგან:

 1). სადედე მცენარეთა განყოფილება, რომელიც უნდა გაშენდეს  წინასწარ შესწავლილი და აპრობირებული, სახეობისათვის დამახასიათებელი ნიშანთვისებიანი ბამბუკის ნერგებით.3 წლის შემდეგ, მოვლის ინტენსიური ტექნოლოგიით, ისინი თვითონ იძლევიან ყოველწლიურად სარგავ მასალას.

2). ფესურებიდან ნერგების მიღება-აღზრდის განყოფილება, სადაც ფესურების სათანადო მოვლა-აღზრდით 2-3 წლის შემდეგ მიიღება სტანდარტული ნერგები.

3). თესლით გამრავლების განყოფილება, სადაც ძირითადად სასელექციო მუშაობას მიმართავენ, ვინაიდან თესლით გამოყვანილი ნერგები უფრო ეგუება შეცვლილ გარემო პირობებს, ამასთან მეტი შესაძლებლობაა ბამბუკის ახალი სტადიურად ახალგაზრდა ფორმების მისაღებად.

ბამბუკის სანერგის მოსაწყობად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელ რიგ ფაქტორებს,როგორიცაა:კლიმატური, ნიადაგური, რელიეფური, სასმელი და სარწყავი წყლის არსებობა,გზების სიახლოვე ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობისათვის.

სანერგისათვის შერჩეული უნდა იქნეს ისეთი ნაკვეთი,სადაც ზამთრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტირი მინიმუმი -10­0- ტემპერატურის ქვემოთ არ ეცემოდეს. ამასთან სასურველია ნაკვეთი დაცული იყოს ქარების ზემოქმედებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკვეთზე უნდა მოეწყოს ქარსაცავი ზოლები სწარაფმოზარდი ჯიშებით.სანერგე უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური კადრებით, ასევე ჰქონდეს სერტიფიკატი სტანდარტული ნერგების სარეალიზაციოდ.

ასეთი ტიპის სანერგის მოწყობისა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ფონზე წლითი-წლობით გაიზრდება ფერმერულ მეურნეობებში ბამბუკის ნარგაობის გაშენების სურვილი.

ნაკვეთის დაგეგმვა პლანტაციის გასაშენებლად

ფართობის დასარგავად მომზადების შემდეგ იგი უნდა დაიგეგმოს ვაკე და 100– მდე დაქანების ფერდობებზე კვადრატული ან ჭადრაკული წესით, ხოლო მეტი დაქანების ფერდობებზე-ჰორიზონტალების გასწვრივ,კონტურულად.დადგენილია, რომ ვაკე და 100– მდე დაქანებულ ფართობებზე მსხვილღეროვანი ბამბუკებისთვის რგვის ოპტიმალურ სიხშირეს წარმოადგენს კვების არე 3×4 მეტრზე,სადაც ჰექტარზე ირგვება 833 მცენარე.წვრილღეროვანი ბამბუკებისათვის რგვა უნდა მოხდეს 3×2 მ.კვების არით,ანუ 1666 ძირი 1-ჰა-ზე. დაგეგმვის დამთავრების შემდეგ უნდა ამოიღონ 50 სმ. სიგანისა და 35 სმ. სიღრმის ორმოები.ბამბუკის დარგვამდე 2 კვირით ადრე ტარდება ორმოების შევსება 5-7 კგ.გადამწვარი ნაკელის ან კომპოსტის შეტანით.თითოეულ ორმოში აუცილებელია აგრეთვე შეტანილი იქნას 50 გრ. ფოსფორიანი და 20გრ. კალიუმიანი სასუქები.

ბამბუკის ნერგების დარგვა წარმოებს შემოდგომით, ოქტომბერ-ნოემბერში,ხოლო გაზაფხულზე , 15 თებერვლიდან 15 მარტამდე.დაგვიანებული საგაზაფხულო დარგვა ხშირად სარისკოა,რადგან ზოგიერთ შემთხვევებში მოულოდნელი დათბობის გამო ნიადაგში ფესურებმა ადრე გაიღვიძონ და ასეთი ფესურების ნიადაგიდან ამოღება  და გადარგვა რისკებთანაა დაკავშირებული.

ნერგების გადარგვა და მოვლა

დარგვის დროს თვალყური უნდა ვადევნოთ იმას,რომ სანერგიდან, ან პლანტაციიდან აღებული დასარგავი ნერგები არ დაზიანდეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ფესურების გადარგვის პროცესი.ფესურის გახარების პროცენტი მაღალია თუ მასზე 2-3 კარგად განვითარებული კვირტია გამოსახული. ფესურებით სანერგის, ან პლანტაციის გაშენების დროს უნდა გვახსოვდეს: სადედე პლანტაციიდან აღებული ფესურა (40-50სმ. სიგრძის) 24 საათის განმავლობაში იქნას ჩარგული ორმოში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ახლად ჩასახული კვირტების ჰაერზე გამოშრობა.ამასთან ფესურა ირგვება 10-15 სმ-ის სიღრმეზე, ზემოდან ეყრება ფხვიერი მიწა და ფრთხილად იტკეპნება განსაკუთრებით კვირტების არეში, რადგან არ მოხდეს ნაზი კვირტების მექანიკური დაზიანება. დარგული ფესურები ირწყვება  და დარგვის ადგილას ესობა სარი .კარგია თუ ახლად  დარგული ფესურები დაიფარება მულჩით.

რაც შეეხება ღერო-ტოტებიან ნერგებს,ისინი სანერგიდან ამოითხრება მიწის კომთან ერთად. ღერო გადაიჭრება დაახლოებით 2/3-ზე, ისე რომ მთავარ ღეროზე შერჩეს 3-4 წყვილი გვერდითი ტოტები.როგორც ახალი პლანტაციების გასაშენებლად შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ სამრეწველო პლანტაციებში არსებული ბამბუკის ნერგები.დღეისათვის ძირითადად ,საქართველოში სპეციალურ სანერგე ნაკვეთების არ არსებობის გამო, მბამბუკის გასაშენებლად ამ მეთოდს იყენებენ.აქვე დავძენთ იმასაც,რომ არსებულ პლანტაციაში ნერგების შერჩევას მეტი სიფრთხილე სჭირდება, კერძოდ: უპირველეს ყოვლისა უნდა შეირჩეს ახალგაზრდა 2-3 წლიანი ღეროები,ასეთი ღეროების უმეტესობა პლანტაციის პერიფერიულ ტერიტორიებზეა განლაგებული.ძველ პლანტაციებში ბამბუკის ნერგები ითხრება და გადაიტანება მუდმივ ადგილზე დასარგავად, აუცილებლად მიწის ბელტიანად, რომელთა დიამეტრი უნდა იყოს არა ნაკლებ 30-40 სმ -სა, დარგული ნერგები მოტკეპნისა და მორწყვის შემდეგ აიკრას სარზე.

ბამბუკის ნარგაობის მოვლა პლანტაციაში

დარგვიდან 10-15 დღის შემდეგ ბამბუკის ახალი ნარგავები უნდა შევამოწმოთ და ცუდად დარგული მცენარეები შევასწოროთ. ნიადაგის დაჯდომით გამოწვეული, დაწეული ნერგი თავისი ბელტით უნდა ამოვწიოთ მაღლა. ნერგების გამოვარდნის (გახმობის) შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ჩავატაროთ მათი შევსება ახალი ნერგით. ვაკე და 100-მდე დაქანებულ ფერდობებზე ნიადაგის მწკრივთა შორის დამუშავებას აწარმოებენ 4-5 სმ.სიღრმეზე კულტივატორით, ხოლო ფერდობ ადგილებზე ხელით. რიგთაშორისების დამუშავება შესაძლებელია ჩავატაროთ როგორც ზამთრის ისე ზაფხულის თვეებში, ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს თუ, რომელი სახეობის ბამბუკებთან გვაქვს საქმე. მაგალითად მოსოს სახეობა გაცილებით ადრე იძლევა ამონაყრებს, ვიდრე მადაკე, და ჩინური მადაკე, შესაბამისად გაშენებული პლანტაციიის კულტივაცია და ნერგების ირგვლივ ნიადაგის გაფხვიერება სათანადო კორექტირებას მოითხოვს.

ბამბუკის პლანტაცია აუცილებლად უნდა შემოიღობოს და დაცული იქნას ცხოველებისაგან, რადგან მისი ახალგაზრდა ამონაყარი და ფოთოლი ერთ-ერთ საუკეთესო საკვებს წარმოადგებს პირუტყვისათვის. უხვთოვლიანი ზამთრის პირობებში საჭიროა ნარგავების დაფერთხვა და თოვლისაგან განთავისუფლება, რათა არ მოხდეს მათი დამტვრევა, დეფორმირება , დაღუპვა.

ბამბუკის პლანტაციის განოყიერება

როგორც სხვა კულტურებში, ასევე ბამბუკის პლანტაციებში ორგანული სასუქების გამოყენება ( ნაკელი, კომპოსტი) 10-15 ტონა ჰა-ზე იძლევა დიდ ეფექტს.

მინერალური სასუქებიდან ფოსფორი და კალიუმი შეაქვთ ნიადაგის საზამთრო დამუშავების დროს, აზოტიანი სასუქები კი ადრე გაზაფხულზე, მიწის ზედაპირზე ამონაყრების გამოჩენამდე.

ბამბუკის დარგვის პირველ წელს მინერალური სასუქები შეაქვთ მცენარის ირგვლივ წრიულად 1 მ. დიამეტრზე, ფესვის ყელიდან 10 სმ. დაშორებით, ხოლო დარჩენილ ფართობზე (მწკრივთაშორისებში) შეიძლება დავთესოთ სიდერატები.

მეორე-მესამე წელს სასუქების შეტანის არეალი იზრდება 2-3 მეტრამდე ფესვის ყელიდან. პირველ წელს მინერალური სასუქებიდან: ფოსფორი თითოეულ მცენარეზე შეიტანება 10 გრ. კალიუმი 5 გრ. აზოტი 10 გრ. შემდგომ წლებში ახალი ამონაყრების წარმოქმნასთან ერთად დოზები იზრდება და იგი შესაბამისად მე-5 წელს 10-15-20 გრამს შეადგენს.(სუფთა ელემენტზე გადაანგარიშებით).

ბამბუკის სრულმოსავლიან სამრეწველო პლანტაციაში რეკომენდირებული ყოველწლიურად 1 ჰა-ზე 150 კგ. აზოტის. 100 კგ ფოსფორის და 100 კგ. კალიუმის სუფთა ელემენტის შეტანა. ბამბუკის შეკრულ პლანტაციებში სასუქები შეაქვთ ნიადაგის ზედაპირზე მობნევით, ან მცირე (3-4 სმ) სიღრმეზე ჩათოხვნით.

ბამბუკის პლანტაციის ექსპლუატაცია

ბამბუკის ნარგავების კარგად განვითარების პირობებში , რაც დამოკიდებულია ნიადაგურ – კლიმატურ პირობებზე და ნერგის მოვლაზე, დარგვიდან მეოთხე, მეხუთე წელს თითქმის ყველა სახე ბამბუკისა მოგვცემს სრულფასოვან ღერებს აჭრისთვის, ხოლო 7-8 წლიანი პლანტაცია სრულმოსავლიანობას აღწევს. ასაჭრელად ვარგისად ჩაითვლება ბამბუკის სრულიად მომწიფებული 3 წლიანი ღეროები. აჭრა უნდა წარმოებდეს ზუსტად დადგენილი წესით და დროში. უწესოდ აჭრის შემთხვევაში ერთ-ორწლიან პლანტაციაში მცენარეები კნინდებიან და ნადგურდებიან. ბამბუკის ღეროების ხნოვანება გარეგნულად ძნელად დასადგენია, ამიტომ ამონაყარის ზრდის დამთავრების შემდეგ უნდა დაინომროს ფერადი საღებავით. წლის უკანასკნელი ციფრის აღნიშვნით. ღეროების აჭრის საუკეთესო ვადებია ნოემბრიდან დეკემბრამდე. გაზაფხულზე ამონაყრების მასიური ვეგეტაციის პეროიდში პლანტაციაში ღეროების მოჭრა დაუშვებელია. ღერო იჭრება ბაღის ხერხით მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ.სიმაღლეზე. მოჭრილ ღეროებს 7-10 დღის შემდეგ გაეცლება გვერდითი ტოტები, დახარისხდება , შეიკვრება კონებად და გაიტანება პლანტაციიდან. აჭრილი ტოტები ფოთლების გაცვენის შემდეგ საუკეთესო მასალაა ქუჩებისა და ეზოების დასაგველი ცოცხების გასაკეთებლად. გაწმენდილი ღეროების რეალიზაცია წარმოებს კარგად ვენტილირებულ საწყობში გამოშრობის შემდეგ, იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მისი ნაადრევი ლპობა და ფიზიკო-მექანიკური თვისებების გაუარესება.

ბამბუკის ძლიერ პლანტაციებს აქვს თვისება ყოველწლიურად გვერდითი ფართობების, ან კულტურული ნარგაობის ,,დასარევლიანებისა“ ანუ აქტიურად მზარდი მიწისქვეშა ფესვები თავისუფლად გადიან საზღვრებს გარეთ, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს სახნავ- სათესი, თუ კულტურული ნარგაობის შევიწროვებას. ამ მიზნით პრაქტიკოსი მებაღეები მიმართავენ 1-მ-იანი თხრილის ამოღებას საზღვარზე, რაც იცავს  მომიჯნავე კუტურებს ბამბუკის ფესვებისა და ღეროებისაგან.

ბამბუკის პლანტაციას ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად ახასიათებს მკვრივი  ფესვების ზედაპირული  განვითარება, რომლებიც გადაიხლართებიან ერთმანეთში და არ აძლევენ ახალ ფესვებს განვითარების საშუალებას, ან თუ ვითარდებიან ასეთი ფესვებიდან ამონაყრებს ძლიერ სუსტი , ცოცხისებრი ზრდა ახასიათებთ. როდესაც ბამბუკის ასაკოვან პლანტაციაში დიდი რაოდენობით ვითარდება სახეობისათვის არადამახასიათებელი წვრილი ცოცხისებური ამონაყრები, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პლანტაცია იწყებს გადაგვარებას და საჭიროა ზომების მიღება. ასეთ შემთხვევაში ერთად-ერთ რადიკალურ ღონისძიებას წარმოადგენს ადრე გაზაფხულზე ერთ მეტრამდე პლანტაციაში არსებული ბამბუკის გადანაჭერი კუნძებისა და ფესურების ამოძირკვა-გამოხშირვა. ამოთხრის შემდეგ დარჩენილი ორმოების შევსებით 30 ტონა ტორფკომპოსტით ჰა-ზე. აღნიშნული აგრო ღონისძიება ეფექტს იძლევა 5-6 წლის განმავლობაში, აღნიშნული პერიოდის გავლის შედეგ ეს ღონისძიება უნდა განმეორდეს.ნორმალური მოვლისა და  ექსპლუატაციის პირობებში 1 ჰა ბამბუკის პლანტაცია   სახეობების მიხედვით იძლევიან 3-5 ათას სარეალიზაციოდ ვარგის ღეროებს.

ბამბუკის მავნებლები, ავადმყოფობანი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ბამბუკის ნარგაობას აზიანებს მავნებლები: ბამბუკის შავი ცრუფარიანა, ბამბუკის ფარიანა, ბამბუკის მალული ფარიანა და ბამბუკის მწვანე ბუგრი.

ავადმყოფობებიდან მნიშვნელოვანია: ბამბუკის ნაზარდის ჭკნობა, ფოთლის ჟანგა, ღეროს ჟანგა, ბამბუკის ფოთლების ლაქიანობა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიურ მეთოდს წარმოადგენს დაავადებული მცენარეების ბორდოს 1-%-იანი ხსნარის შესხურება აპრილ-მაისში. ეს ღონისძიება ტარდება ახალგაზრდა ნარგაობაში.

სრულასაკოვანი ბამბუკის ნარგაობაში ტექნიკური სიძნელის გამო, საჭიროა ფიზიკურად განადგურდეს მავნებლების გავრცელების კერები. ასეთი ღეროები სასწრაფოდ უნდა აიჭრას და გატანილი იქნას პლანტაციიდან. ბამბუკის ცრუფარიანას წინააღმდეგ რეკომენდირებულია ასევე კრიპტოლემუსის გაშვება სეზონში ორჯერ.

ამრიგად, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ფერმერულ და გლეხურ მეურნეობათა უმეტესობა გორაკ-ბორცვან ზონებშია განლაგებული, სადაც ბუნებრივია შეგვხვდება ფერდობები, ვაკე ადგილები, ხევები.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების  განაშენიანების დროს მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ  ცალკეულ მცენარეთა ბიოეკოლოგიური მოთხოვნილება ადგილმდებარეობის, ექსპოზიციისა და  მიკროკლიმატის მიმართ. ამ კონტექსტში უნდა ფიგურირებდეს ბამბუკის კულტურაც, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, როდესაც გერმანელი ინვესტორების მიერ გურიის რეგიონში შემოთავაზებული იქნა ბამბუკის სამრეწველო პლანტაციების გაშენებისა და მისი მერქნისაგან ფქვილის დამამზადებელი კომბინატის მშენებლობა, აღნიშნული პროექტის შესაძლო განხორციელების შემთხვევაში ბამბუკის კულტურა საპატიო ადგილს დაიკავებს ამ რეგიონის სასოფლო -სამეურნეო ბიზნეს სექტორში.

შემდგენელი: ზაურ გაბრიჩიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

*შენიშვნა: თუ ბამბუკს ეზოში რგავთ გაითვალსიწინეთ, ზოგი ჯიში სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა მთელ ეზოს მოედოს, ამიტომ დაადგინეთ ჯიში და დასარგავი ადგილი შემოსაზღვრეთ ბეტონის ბარიერით ან არხით.

თქვენი რეკლამა