ძროხის მაკეობა იწყება დაგრილების შედეგად მისი განაყოფიერებიდან, ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა ფერმერისგან ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რათა ის დამთავრდეს ჯამრთელი ხბოს დაბადებით.
ფურის მაკეობა გრძელდება საშუალოდ 285 დღე, თუმცა სხვადასხვა ჯიშების და პირობების მიხედვით ეს პერიოდი შეიძლება მოიცავდეს 240-311 დღეს.
შეწყვილების შემდეგ დამაკდა თუ არა ძროხა შეიძლება გავიგოთ რამდენიმე მეთოდით.
I მეთოდი
ჩაასხით ჭიქაში სუფთა წყალი და ჩააწვეთეთ 1-2 წვეთი ახალი მონაწველი რძე. თუ წვეთი წავიდა ჭიქის ფსკერისკენ, ძროხა მაკეა, თუ წვეთი გაიშალა და წყალი თეთრად შეიფერა ფური არ არის მაკე.
აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ დაგრილებიდან ერთი თვის შემდეგ.
II მეთოდი
დაგრილებიდან 40-50 დღის შემდეგ ავიღოთ 10-15 მლ. ახალი მონაწველი რძე (რძე არ უნდა იყოს პირველი ნაკადის) და გავაჩეროთ არანაკლებ 30 წუთისა, მაგრამ არაუმეტეს 3 საათისა. ავადუღოთ წყალი, გავაციოთ და ჩავსხათ ჭიქაში 4/5 ოდენებით. მასში ჩავამატოთ 10-15 წვეთი რძე.
თუ ძროხა მაკეა, რძის წვეთი ტალღისებრი რგოლებით დაილექება ჭიქის ფსკერზე, ზემოთ კი წყალი გამჭვირვალე გახდება. თუ ძროხა მაკე არ არის რძე თანაბრად ერევა წყალს და სითხე ღებულობს რძის ფერს.
III მეთოდი
დაგრილების შემდეგ პირველ დილას, ძროხას ხელიგული მაგრად გადავუსვათ კუდიდან თავამდე და შემდეგ თავიდან კუდამდე, თუ ძროხამ ამ მანიპულაციას ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო საკვების მიღება ან ცოხნა იგი მაკეა. თუ თავი მიანება საკვების მიღებას და თავი ასწია ძროხა არ არის მაკე.
გამოცდილი მწველავები ამტკიცებენ რომ, თუ თმა ბრწყინავს და ფაფუკია ეს ძროხის მაკეობის ერთ-ერთი ნიშანია.
თუ ძროხა მაკეობის პერიოდში იმყოფება არახელსაყრელ პირობებში და იკვებება არასრულფასოვნად, ეს უარყოფითად მოქმედებს ნაყოფი განვითარებაზე, ამიტომ ამ პერიოდში ისე უნდა ვკვებოთ რომ, მან არ განიცადოს ვიტამინების, მაკრო და მიკრო ელემენტების დეფიციტი.
ავტორები: თ. ყურაშვილი; კ. ყურაშვილი.