ორგანული სასუქებია ისეთი სასუქები, რომლებშიაც მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებები ორგანულ ნაერთების სახითაა წარმოდგენილი.
ისინი აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ამდიდრებენ ნიადაგს მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და ხელს უწყობენ ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას.
ორგანული სასუქების ჯგუფს ეკუთვნის: ნაკელი, წუნწუხი, ტორფი, ფეკალი, მწვანე სასუქები (სიდერატი) და სხვ.
ნაკელი ძირითადი ორგანული სასუქია. ის წარმოადგენს ცხოველის მაგარ და თხევად გამონაყოფთა ნარევს საფენთან, რომელსაც განუცდია ნაწილობრივ ლპობა.
ნაკელის საშუალოდ დღე-ღამური რაოდენობა:
- მსხვილი რქოსანი პირუტყვი 20-30 კგ მაგარ და 10-16 ლ შარდს;
- ცხენი-15-20 კგ მაგარ და 4-5 ლ შარდს;
- ცხვარი-1,5-2,5 კგ მაგარ და 0,6-1 ლ შარდს;
- ღორი-1,2-2,2 კგ მაგარ და 2,4-4,5 შარდს.
დღეისათვის ორგანული სასუქებიდან ყველაზე ფართო გამოყენება აქვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელს.
სოფლის მეურნეობაში ნაკელის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ნაკელი სრული სასუქია, მისი ეფექტი ყოველგვარ ნიადაგზე, თითქმის ყველა კულტურის ქვეშ იძლევა შესამჩნევ ეფექტს, მისი მოქმედება მჟავე კორდიან-ეწერ ნიადაგებზე ყველაზე ეფექტურია.
ნაკელი მცენარისათვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს და ამასთან ერთად აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ასე, მაგალითად ნაკელის შეტანით მატულობს მსუბუქი და ქვიშნარი ნიადაგების ბმულობა, ხოლო მძიმე თიხნარი ნიადაგები შედარებით ფხვიერი ხდება.
ნაკელი ხელს უწყობს ნიადაგის მიერ წყლის შეთვისებას, უმჯობესდება მისი თბური თვისებები და სტრუქტურა, უფრო ცხოველმყოფელი ხდება ნიადაგის მიკროორგანიზმები.
ნაკელში აზოტი წარმოდგენილია ცილოვანი ნივთიერებებით და ამონიაკის სახით. ცილოვანი ნივთიერებები გვიან იშლება და ნაკელის მოქმედების ხანგრძლივობა (4-5 წელი) სწორედ ამაზეა დამოკიდებული. საზოგადოდ ნაკელში საკვები ნივთიერებების შემცველობა-მისი რაოდენობა ძირითადად დამოკიდებულია პირუტყვის სახეზე.
ნაკელის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს შენახვის პირობები. წყლის აორთქლებისა და ორგანული ნივთიერებების მინერალიზაციის შედეგად აზოტის, ფოფორისა და კალიუმის პროცენტული რაოდენობა მატულობს, მაგრამ ნაკელის ხანგრძლივად შენახვის პირობებში აზოტის შემცველობა ნაწილობრივ კლებულობს, ამიტომ აუცილებელია დაცული იქნეს მისი შენახვის მოთხოვნები. რაც შეეხება ფოსფორსა და კალიუმს, მათი რაოდენობა თითქმის უცვლელი რჩება.
პირუტყვის სახეობიდან და შენახვის პირობებიდან გამომდინარე ნაკელში აზოტის, ფოსფორის და კალიუმის რაოდენობა (განსაკუთრებით აზოტის) დიდ ფარგლებში მერყეობს, საშუალოდ კი უდრის: აზოტი-0,5%, ფოსფორი (P205)-0,2%, კალიუმი (K2O) 0,6%. 1 ტ ნაკელი საშუალოდ შეიცავს 5,0 კგ. აზოტს, 2,0 კგ. P2O5 და 6,0 კგ. K2O-ს. იგი შეუცვლელი და ყველაზე იაფი სასუქია.
საკვები ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით გამოირჩევა ცხვრისა და ცხენის ნაკელი, შედარებით ნაკლებია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელი, ხოლო ამ თვალსაზრისით ფრინველის ნაკელი პირველ ადგილზეა.
ნაკელის შენახვის წესები
იმის გამო, რომ ნაკელის როგორც რაოდენობა, ასევე მისი ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული შენახვის პირობებზე, მას უნდა მიექცეს შესაფერისი ყურადღება. დღეისათვის ნაკელის შენახვის ორი წესი გამოყენება: ცხლად და ცივად შენახვა.
ცხლად შენახვისას ნაკელი ეწყობა 50-70 სისქით დაუტკეპნავ შტაბელებად. ჩახურებულ ნაკელს ზემოდან უმატებენ შემდეგ ფენას, მანამ სანამ შტაბელის სიმაღლე არ მიაღწევს 2,5-3 მ-ს. შემდეგ მას თავზე აყრიან 10-20 სმ-ის სისქით მიწას.
შენახვის ასეთ პირობებში იკარგება აზოტის დიდი რაოდენობა, ამიტომ არ შეიძლება ჩაითვალოს იგი პერსპექტიულად.
ცივად შენახვისას ნაკელი ყოველდღიურად გროვდება სანაკელე ორმოში ან ტრანშეიში და იტკეპნება. ასე გრძელდება სანაკელე ორმოს ნაკელით ამოვსებამდე და გადაიფარება 10-20 სმ-ის სისქის მიწით.
დატკეპნილ ნაკელში ტემპერატურა არ აღემატება 30-400C-ს, ამიტომ აზოტის დაკარგვა შესამჩნევად შემცირებულია.
ნაკელის ნიადაგში შეტანის წესები
შენახვის ხანგრძლივობის მიხედვით ნაკელი შეიძლება იყოს ახალი, ნახევრად გადამწვარი და გადამწვარი.
ახალი ნაკელი მართალია მცენარისათვის შესათვისებელ საკვებ ელემენტებს დიდი რაოდენობით შეიცავს, მაგრამ იგი ნაკლებად გამოიყენება, რადგან ჯერ ერთი, მასში დიდი რაოდენობით გვხვდება ქვეშსაფენი, რაც ხელს უშლის ნაკელის თანაბარ განაწილებას ნიადაგის ზედაპირზე და შემდგომში ჩახვნის დროს მანქანა-იარაღების მუშაობას აფერხებს.
მეორეც ის, რომ მასში გვხვდება ჯერ კიდევ სიცოცხლის უნარიანი სარეველათა თესლი, რაც საგრძნობლად ასარევლიანებს ნიადაგს და ასეთმა ნაკელმა შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოიტანოს ვიდრე სარგებელი.
ნახევრადგადამწვარ ნაკელში, მართალია შენახვის პერიოდში საკვებ ელემენტთა რაოდენობა მცირდება, მაგრამ მასში ქვეშსაფენი უკვე დაშლილია, საკმაოდ ფხვიერია და ადვილად ნაწილდება ნიადაგის ზედაპირზეც, შედარებით მცირეა მასში აღმოცენების უნარის მქონე სარეველათა თესლი.
გადამწვარი ნაკელი, თავისი შედგენილობით გაცილებით ბევრად ჩამორჩება ახალ ნაკელს, შენახვის პერიოდში საკვები ელემენტების 50% კარგავს, მაგრამ იგი უკეთესია ვიდრე ახალი ნაკელი. სოფლის მეურნეობაში ყველაზე ეფექტურია ნახევრადგადამწვარი ნაკელი.
ნაკელის, როგორც სასუქის ნიადაგში შეტანის ვადებს და წესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საგაზაფხულო კულტურის ქვეშ და ანეულზე ნაკელი უნდა შევიტანოთ ძირითადი ხვნის წინ და აზოტის მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით შეტანისთანავე უნდა ჩაიხნას ნიადაგში, პირველ რიგში.
გაზაფხულზე ნაკელის შეტანა დასაშვებია ისეთ ფართობებზე, რომლებიც დაკავებული იყო შემოდგომით ნათესი რომელიმე შუალედური კულტურით და განკუთვნილია საშემოდგომო თავთავიანებისათვის.
ნაკელის მოქმედების ხანგრძლივობა საშუალოდ 4-5 წელიწადს გრძელდება.
ავტორი: იოსებ სარჯველაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
*ნაკელის არასწორი შენახვა და გამოყენება გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მაგალითად სარეველების გავრცელება ან მცენარის ფესვების დაწვა, გამოიჩინეთ სიფრთხილე.
იხილეთ აგრეთვე: ორგანული სასუქების გამოყენება – სათიბებისა და საძოვრებისთვის