ძროხის რძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ასზე მეტ კომპონენტს შეიცავს. ამიტომ ეს პროდუქტი სასარგებლო და აუცილებელიცაა ყველა ასაკის ადამიანისთვის.
ქარხნული თუ სოფლის რძე?
მაღაზიაში ძირითადად ქარხნული წესით დამზადებული რძე იყიდება, თუმცა ბაზარზე სოფლის რძეც უხვადაა. განსხვავება მათ შორის დიდია. თუ სოფლის რძე პირდაპირ, ყოველგვარი დამუშავების გარეშე იყიდება, ქარხნული რძე ნატურალური რძის თერმული დამუშავებისა და ცხიმის ნორმალიზაციის შედეგად მიიღება. ქარხნული რძის კიდევ ერთი სახეობაა აღდგენილი რძე, რომელიც რძის ფხვნილისაგან მზადდება.
ზოგადად, რაც უფრო მეტადაა დამუშავებული რძე, მით მეტადაა დაკარგული მასში შემავალი სასარგებლო კომპონენტები. ამიტომ სოფლის რძე ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, თუმცა მისი არჩევა უფრო რთულია.
როგორ შევარჩიოთ სოფლის რძე?
სოფლის რძის არჩევისას რამდენიმე საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება:
→ რამდენად სუფთადაა მოწველილი რძე;
→ რამდენად სუფთა და უსაფრთხო ჭურჭელშია იგი მოთავსებული;
→ ხომ არ არის იგი ცხიმმოხდილი ან წყლით გაზავებული;
→ რამდენად ახალია რძე.
პირველ რიგში კარგად დააკვირდით რძეს: თუკი მასში მიწის ან თივის ნაწილაკებს ან ძროხის ბალანს შენიშნავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწველის დროს უბრალოდ არ იყო ჰიგიენური ნორმები დაცული. ასეთი რძე არ შეიძინოთ!
სოფლის რძეს ძირითადად მეორად ბოთლებში (ძირითადად “პლასტმასის”, ანუ პოლიეთილენის ან პოლივინილქლორიდის ბოთლებში) ყიდიან, როგორც წესი, ბოთლის ყოველგვარი სტერილიზაციის გარეშე (პლასტმასის ბოთლები ვერც უძლებს სტერილიზაციას). ამიტომ დიდია რისკი, რომ ბოთლიდან რძე დაბინძურდეს.
ასეთ ჭურჭელში შეძენილი რძე სახლში მიტანისთანავე მომინანქრებულ ჭურჭელში გადაიტანეთ, აადუღეთ და ისე შეინახეთ მაცივარში. გირჩევთ, თუ ამის შესაძლებლობა არის, თავად მიაწოდოთ გამყიდველს სტერილიზებული შუშის ქილები და სთხოვოთ, მომავალში რძე ამ ქილებით მოგიტანოთ.
ცხიმმოხსნილი ან გაზავებული რძის ამოსაცნობად:
→ დააკვირდით რძის ფერს და კონსისტენციას. მოუხდელი რძე თეთრია, ოდნავ მოყვითალო ელფერით. თუკი რძეს აქვს მოცისფრო ელფერი და წყალწყალა კონსისტენცია, მოხდილ (ცხიმმოცილებულ) ან წყალგარეულ რძეს გთავაზობენ.
→ შეანჯღრიეთ რძის ჭურჭელი. თუ ქაფი წარმოიქმნა, რძე გაუზავებელია;
→ დაიწვეთეთ რძე ფრჩხილზე: მოუხდელი და გაუზავებელი რძე ამოზნექილ წვეთს წარმოქმნის. თუკი რძის წვეთმა ფრჩხილზე ოდნავ შესამჩნევი სველი კვალი დატოვა, მაშინ რძე მოხდილია; თუ რძე ფრჩხილიდან ჩამოვარდნისას საერთოდ არ ტოვებს არანაირ კვალს – რძეში წყალია გარეული.
გაზავებული ან ცხიმმოხდილი რძე რა თქმა უნდა საზიანო არ არის, თუმცა მისი კვებითი ღირებულება ჩვეულებრივ რძეზე მნიშვნელოვნად დაბალია.
დაძველებული რძის ამოსაცნობად უბრალოდ დაყნოსეთ- დაძველებისას რძე მჟავდება და დამახასიათებელი მჟავე სუნი უჩნდება. თუმცა ზოგჯერ, არაკეთილსინდისიერი გამყიდვლები ამჟავების პროცესის შესაჩერებლად რძეში სოდას უმატებენ. ასეთი რძე სასმელად უვარგისია!
რძეში სოდის აღმოსაჩენად გადმოასხით ცოტაოდენი რძე კოვზზე და დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ძმარი ან ლიმონის წვეთი – თუ რძე “აქაფდა” (ჰაერის ბუშტუკები წარმოიქმნა), ეს იმას ნიშნავს, რომ რძეში სოდაა დამატებული. ასეთი რძე შეგიძლიათ რაიმეს გამოსაცხობად გამოიყენოთ. მომავალში კი შეეცადეთ იმავე გამყიდვლისგან რძე აღარ შეიძინოთ.
სოფლის რძის შენახვა და მოხმარება სახლში
მიუხედავად იმისა, რომ რძე ადუღებისას ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს, სოფლის რძე მოხმარების წინ აუცილებლად უნდა აადუღოთ. ადუღებისას ისპობა ბაქტერიების უმეტესობა და რძე უფრო უვნებელი ხდება.
თუ რძის შენახვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ტემპერატურაზე სოფლის რძე მალე მჟავდება, ამიტომ იგი აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ. ჯობს რძე წინასწარ აადუღოთ, გააგრილოთ და ამის შემდეგ შედოთ მაცივარში. ახალი რძე მაცივარში 5–7 დღე ინახება.
თუ რძე აგიმჟავდათ, იგი დასალევად გამოუსადეგარია, თუმცა მისი შემდგომი გამოყენება მაინც შესაძლებელია: მაგალითად, რაიმე კულინარიულ ნაწარმის მოსამზადებლად. ან უბრალოდ წამოადუღეთ ამჟავებული რძე დაბალ ცეცხლდე და შემდეგ დოლბანდში გადაწურეთ – მიიღებთ შესანიშნავ ხაჭოს, რომელიც კალციუმით მდიდარია და ძალიან სასარგებლოა.
ქარხნული რძის არჩევა
ქახნული რძის ასარჩევად უნდა გაითვალისწინოთ, რამდენი ხნის განმავლობაში და რა პირობებში აპირებთ მის შემდგომ შენახვას:
→ პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული პასტერიზებული რძე მხოლოდ მაცივარში ინახება და ისიც არა უმეტეს 36 საათისა. ე.წ. ”ტეტრაპაკში” მოთავსებული სტერილიზებული რძე კი მაცივარში 6 თვემდე ინახება;
→ სტერილიზებული რძე ოთახის ტემპერატურას (+20 გრადუსს) უძლებს და 10 დღემდე ასე შეიძლება შეინახოს;
→ ულტრასტერილიზებული რძე 3-6 თვე ინახება.
თუმცა, ამავე დროს, რაც მეტადაა დამუშავებული რძე (და რაც მეტია მისი შენახვის ვადა) _ მით ნაკლებად სასარგებლოა იგი.
აგრეთვე მიაქციეთ ყურადღება, ნატურალური რძისგანაა პროდუქტი დამზადებული, თუ რძის ფხვნილისგან არის აღდგენილი. რა თქმა უნდა, ნატურალური პროდუქტი უფრო სასარგებლოა.
პროდუქტის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება:
→ გამოშვების თარიღს და შენახვის ვადას. არ იყიდოთ ვადაგასული პროდუქტი;
→ შეფუთვის მთლიანობას;
→ პირობებს, რომელშიც ინახება რძე მაღაზიაში: თუ შენახვის პირობები დარღვეულია, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადას მნიშვნელობა აღარ აქვს და ეს პროდუქტი გაფუჭებულად შეიძლება ჩაითვალოს.
ქარხნული რძის შენახვა და მოხმარება სახლში
ქარხნული რძე სტერილურია, ამიტომ მოხმარების წინ მისი ადუღება სავალდებულო არ არის. თუმცა თუ პაკეტი გახსენით და ასე შეინახეთ – მაშინ შესაძლებელია რძე დაბინძურებულიყო. ამიტომ გახსნილი რძე აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ და მოხმარების წინ ჯობს წამოადუღოთ.
გაუხსნელი რძის პაკეტის შენახვის პირობები იგივეა, რაც მაღაზიაში. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ რძეს ნუ დალევთ, მხოლოდ კულინარული ნაწარმის ან ხაჭოს დასამზადებლად გამოიყენეთ.
წყარო: momxmarebeli.ge