აგავა (ლათ. Agave) ტროპიკული მცენარეა. მისი სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა უნდა აღინიშნოს.
ამ კულტურის ზოგიერთ წარმომადგენელს დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ ყურადღების ღირსია ამერიკული აგავები (Agave americana).
აგავა თბილი კლიმატის მცენარეა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოვლა-მოყვანისას. მისთვის დამახასიათებელია ხორციანი ფოთლების განვითარება, ამ თვისებით ტიპიური სუკულენტია.
ფოთლისათვის დამახასიათებელია მახვილი დაბოლოების არსებობა. მცენარე მოვლა-მოყვანის სათანადო დონისა და შესაფერისი კლიმატის პირობებში საკმაო ზომას აღწევს.
მისი ფოთლები მრავალმხრივი გამოყენებისაა, როგორც ტექნიკური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით. ის ტექნიკური თვალსაზრისით, ბოჭკოს მომცემი მცენარეა.
ფოთლებისაგან მიიღება, აგრეთვე, სხვადასხვა დასახელების საჭმელი, რაც ფართოდაა გავრცელებული. ზოგი სახეობის აგავის დადუღებულ-შაქრიანი წვენი, რომელიც გამოიყოფა მოჭრილი ყვავილედის ადგილისაგან, გამოყენებულია მექსიკაში ალკოჰოლიანი სასმელის დასამზადებლად.
შავი ზღვის სანაპირო ტენიან სუბტროპიკულ ზონაში გარცელებულია აგავა, უმთავრესად, დეკორაციული მიზნით. მისი ერთეულა ეგზემპლარები გვხვდება ბაღებსა და პარკებში. არის მისი სასელექციო სახეები სოხუმსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
A.Americana _ არის, აგრეთვე, ყირიმშიც. საინტერესოა ამ მცენარის ყვავილობის ბიოლოგია, რითაც ის განსხვავდება სხვებისაგან. დამახასიათებელია სიცოცხლეში ერთხელ ყვავილობა (6-15 წლის ასაკში).
ყვავილობისას მას ახასიათებს მაღალი საყვავილო ღეროს განვითარდება, რაც სიმაღლით, ზოგჯერ _ 8-15 მეტრს აღწევს. ის ვითარდება ამ მცენარის მსხვილი ფოთლების როზეტისაგან. საყვავილე ღეროზე ათასობით ყვავილია. ამ მცენარის ყვავილობა ძალზე მიმზიდველია და მრავალ ტურისტს იზიდავს. ყვავილობის დამთავრებას თან ახლავს მისი მიწისზედა ყველა ორგანოს დაღუპვა.
მცენარეს სამედიცინო ღირებულებაც აქვს. სახალხო მკურნალთა წყაროებში ის მოხსენიებულია, როგორც ძვირფასი სამკურნალო მცენარე. ამ მცენარისაგან დამზადებული პრეპარატები ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებითაც.
ხასიათდებიან სიცხის დამწევი ეფექტითაც. ხალხური მედიცინისათვის ცნობილია მისი „პრეპარატების“ მიღება, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გზით.
აგავას ნაყენის დამზადებისათვის საჭიროა გარკვეული წესის დაცვა, რაც უფრო ეფექტურს ხდის მას. ამ დროს, გასათვალისწინებელია მცენარის ასაკი (ის არ უნდა იყოს სამ წელზე ნაკლები ასაკის). უფრო ახალგაზრდა მცენარეში არაა დაგროვილი ყველა ის მახასითებელი ინგრედიენტი, რაც მის ნაყენში შედის.
აგავის ნაყენისათვის დამახასიათებელია სედატური მოქმედება და გამოიყენება ნევრალგიების დროსაც. მისი გამოყენება დაფიქსირებულია იშიაზის დროს. ბევრია მითითება მისი გამოყენებისა ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზის და რადიკულიტის დროს.
ლიტერატურაში არის წარმოდგენილი სპეციალური რეცეპტი, რომელიც საჭიროა მისი ნაყენის დამზადებისათვის შინაგანი მიღებისათვის. ამ შემთვევაში, მისი მომზადებისათვის საჭიროა ნორჩი ფოთლების გამოყენება. ნაყენის დამზადების სპეციალური მეთოდი გამოიყენება სხვადახვა დაავადებების სამკურნალოდ, უპირატესად ოსტეოართროზისა და ოსტეოქონდროზისა.
ნაყენის გამოყენება რეკომენდებულია გარკვეული სარეაბილიტაციო საშუალების სახითაც. უმადობას, რომელიც ზოგჯერ თან ახლავს მძიმე დაავადების გადატანას, მკურნალობენ სწორედ ასეთი ტიპის ნაყენით.
როგორც ავტორები მიუთითებენ, 50 გრამი აგავას დაქუცმაცებულ ფოთოლს ამატებენ 0,5 ლიტრ არაყს და აყოვნებენ მყარად დახშულ ქილაში, 7 დღის განმავლობაში. ეს პროცედურა, ტარდება ჩაბნელებულ (ბნელ) სათავსში. ნაყენს ამზადებენ ოთახის ტემპერატურის პირობებში.
შემდგომ, ნაყენს წურავენ და იღებენ 10-12 წვეთს-გახსნილს 50 მლ. წყალში. ნაყენის მიღების ჯერადობა, ავადმყოფობის დონის მიხედვით, მერყეობს დღეში 2-დან 3-მდე, ჭამის შემდგომ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 30 დღე. მკურნალობებს შორის საჭიროა ორ-სამკვირიანი შუალედის გაკეთება, რის შემდგომაც, პროცედურას იმეორებენ.
სახალხო მედიცინის რეცეპტების ასეთი გამოყენება, ბუნებრივია, დაზღვეული არაა გარკვეული გაუგებრობებისაგან. შესრულებისათვის საჭიროა ექიმის კვალიფიციური მოქმედება.
რაც შეეხება მცენარის სელექციასა და მიღებულ შედეგებს, ლიტარატურაში ცნობები ამის შესახებ ძალზე მწირია. მისი ფართო გამოყენებისათვის საჭიროა სამეურნეო ორგანიზაციების ფართო ყურადღება. ამ კულტურასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღს.
ავტორები: ზურაბ ბუკია; შოთა ლამპარაძე. მცენარის მორფოლოგიის, ბიოლოგიისა და სელექციის ზოგიერთი საკითხი.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.