სამკურნალო მცენარეული ნედლეულის პირველადი დამუშავება

სამკურნალო

სტატიაში განხილულია მცენარეული ნედლეულის დამუშავების და შრობის წესები. გაეცნობით ღონისძებათა იმ კომპლექსს, რომელთა ჩატარება აუცილებელია მინარევებისაგან გასუფთავებული და კეთილხარისხოვანი ნედლეულის მისაღებად. შეგროვებისთანავე აუცილებელია მცენარეული ნედლეულის პირველადი დამუშავება.

პირველადი დამუშავების ქვეშ განიხილება სამუშაოს მთელი კომპლექსი, რაც გულისხმობს შეგროვილი ნედლეულის მოყვანას დადგენილი მოთხოვნების შესაბამის მდგომარეობაში. ეს პროცესი იწყება სწრაფად შეგროვების შემდეგ, წყდება შრობის დროს და მთავრდება შრობის შემდეგ. საერთო ტექნოლოგიურ პროცესში პირველადი დამუშავება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც განაპირობებს შემდგომ ნედლეულის ხარისხს.

პირველადი დამუშავება თავისი ხასიათით სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია დასამუშავებელი მცენარის თავისებურებაზე. ძირითადი არის გასუფთავება ორგანული და მინერალური მინარევებისაგან, არასასურველი, შეცდომით შეგროვილი არასასაქონლო ნედლეულისაგან, ასევე ნედლეულის დაზიანებული ნაწილებისაგან (ფერშეცვლილი, დამპალი, დაობებული, უხეში ღეროები, ფესვის გამერქნებული ნაწილები, ზედმეტად დაწვრილმანებული ნაწილები) ყველა ოპერაცია მიმდინარეობს ხელით ან მექანიზაციის სპეციალური საშუალებებით. განვიხილოთ ეს ოპერაცია ცალკეული ჯგუფის ნედლეულისთვის.

ზოგიერთი სახის ფოთლების შეგროვებისას წინასწარ ჭრიან შეფოთლილ ყლორტებს, რომლებსაც შემდეგ აცილებენ ფოთლებს. შრობისათვის მომზადების პროცესში უნდა გასუფთავდეს, პირველ რიგში, ორგანული მინარევებისაგან. ხშირ შემთხვევაში შერეულია სხვადასხვა მცენარეული სარეველა მცენარეები ან მათი ნაწილები. მათ შორის შეიძლება შეგხვდეს ფოთლები ისეთი მცენარეებისა, რომლებიც ძალიან ჰგავს გარეგნული ნიშნებით შესაგროვებელ ნედლეულს. მაგ. ვირისტერფას ნედლეულში შეიძლება მოხვდეს ოროვანდის ფოთლები, ბაღის პიტნისთვის დამახასიათებელია მინარევის სახით პიტნის ველური სახეობების ფოთლები; მწარე აბზინდასათვის აბზინდას სხვა სახეობები და ა.შ.

ორგანულ მინარევებთან ერთად აცილებენ ძალიან მტვრიან და გაჭუჭყიანებულ ფოთლებს, ასევე გაყვითლებულ, გამუქებულ, სოკოებით დაავადებულ (ლაქებიანი, ჟანგიანი), მწერებისაგან დაზიანებულ ფოთლებს, აუცილებელია მცენარის სხვა ნაწილების მოცილება, თუ ნედლეულში არის ტოტები ფოთლებით, ყვავილებით და ნაყოფებით, აცილებენ ფოთლებს, დანარჩენს გადაყრიან. ასევე ღეროების ნაწილებს, ფოთლის გრძელ ყუნწებს ამოკლებენ ან მთლიანად აცილებენ. მინერალური მინარევები ასეთ ნედლეულში ძირითადად მტვერია, რომელსაც შრობის შემდეგ მავთულის საცერში გაცრით აცილებენ.

ყვავილების დამუშავება მათი აგებულებისა და მათდამი წაყენებული მოთხოვნების მიხედვით შეიძლება შრობამდე და მის შემდეგ. ღიღილოს და ზაფრანას ყვავილებს ამუშავებენ შრობამდე, ხოლო ანწლის, ფარსმანდუკის ყვავილებს – შრობის შემდეგ. ღიღილოს დამუშავება გულისხმობს გარეთა ენისებური ყვავილების გამოყოფას, ხოლო ზაფრანას შემთხვევაში – გვირგვინის მოცილებას ყუნწებისაგან ისე, რომ ყუნწის სიგრძე არ აღემატებოდეს 1,5–2სმ–ს. ყვავილების მომზადება შრობისათვის გულისხმობს ისეთვე ღონისძიებების გატარებას, რომლებიც განხილულია ფოთლების შემთხვევაში.

ნედლეულის გათავისუფლება სხვადასხვა ორგანული მინარევებისაგან, ასევე, მსგავსი სახეობების ყვავილებისაგან. ეს განსაკუთრებით ეხება სააფთიაქო გვირილას, რომლის ნაცვლად შეცდომით აგროვებენ გვირილას სხვა სახეობებს. რაც შეეხება იმავე მცენარის სხვა ნაწილებს, ეს დამოკიდებულია მცენარის ხასიათზე.

ზოგი მცენარის ყვავილებს აგროვებენ გრძელი ყუნწებით და შემდეგ აცლიან. ზოგ შემთხვევაში დასაშვებია ყვავილედში ბუტონების და დაყვავილებული ყვავილების არსებობა. ყვავილებს გაშრობამდე აცილებენ ფერშეცვლილ, დამჭკნარ, დაცვენილ ყვავილებს და მცენარის სხვა ნაწილებს. თითქმის ყველა შემთხვევაში საჭიროა შრობის შემდეგ ყვავილების გასუფთავება ყვავილედის დაწვრილმანებული და გამუქებული ნაწილებისაგან.

ბალახის სასაქონლო სახე და მოთხოვნები მათ მიმართ სხვადასხვანაირია. ძირითადად ნედლეულს წარმოადგენს ფოთლების და ყვავილების ნარევი მცირე რაოდენობით წვრილი ღეროების მინარევით, უფრო მსხვილი გამერქნებული ღეროების ნაწილებს აცილებენ.

ნედლეულის დაწვრილმანება, დაჭრა ხდება შრობის შემდეგ. ბალახის მომზადება შრობისათვის გულისხმობს ისეთვე ღონისძიებების გატარებას , როგორებიც განვიხილეთ ფოთლების და ყვავილების შემთხვევაში. აუცილებელია ნედლეულის გათავისუფლება სხვადასხვა ორგანული მინარევისაგან, ასევე, მსგავსი სახეობებისაგან. აჭრიან ფესვებს, გაშავებულ და გაყვითლებულ ფესვთანურ ფოთლებს, უხეშ და გამერქნებულ ღეროს ნაწილებს.

ბალახს, სუფთა ნაზარდების შემთხვევაში, მოთიბავენ სპეციალური მანქანებით, შეყოლილი მინარევებისაგან ასუფთავებენ. ერთწლოვან მცენარეებს, განსაკუთრებით პლანტაციებში, ზოგჯერ ფესვებიანად ამოთხრიან, შემდეგ ფესვებს აჭრიან.

ნაყოფების მომზადება შრობისათვის რთული არ არის. მინარევები გვხვდება იშვიათად. თუმცა არის გამონაკლისები. თითქმის ყველა ხილ–კენკროვანი სახეობების ნედლეულისათვის დამახასიათებელია მოუმწიფებელი ან გადამწიფებული ნაყოფების, ასევე ყუნწების, ფოთლების და ყვავილედის არსებობა, რომელთა მოცილება ან მათი რაოდენობის შემცირება დასაშვებ რაოდენობამდე აუცილებელია შრობამდე.

პირველადი დამუშავება ბალახოვანი მცენარეების (მდოგვი, სელი). თესლების თითქმის ერთნაირია. მთლიანი მცენარის კონას კრავენ და აცლიან მინდორში მომწიფებას და გაშრობას. შემდეგ გამოცეხვავენ თესლებს და ასუფთავებენ მინარევებისაგან (მიწა, ქვიშა, სარეველა), სხვანაირია კომშის თესლების პირველადი დამუშავება. მომწიფებულ ნაყოფებს გაჭრიან დანით, ნაყოფის ბუდიდან ამოიღებენ ერთმანეთთან მიწებებულ თესლებს, ასუფთავებენ პრიალა კანისა და ნაყოფის რბილობისაგან და სწრაფად აშრობენ რომ არ დაობდეს, შრობის დასაჩქარებლად თესლებს გადაარჩევენ პატარა ჯგუფებად ან საერთოდ ცალკეული თესლების სახით.

მიწისქვედა ორგანოებს მიწიდან ფრთხილად ამოღების შემდეგ დაბერტყავენ, თუ აუცილებელია გარეცხავენ გამდინარე ცივი წყლის ნაკადით, ძირშივე მოჭრიან და გადაყრიან ღეროს, ფესვთანური ფოთლების მკვდარი ნაწილების ნარჩენებს, ხოლო ნედლეულს დაჭკნობის მიზნით ტოვებენ 2-3 დღით. თუ იგი დიდი ზომისაა, აუცილებელია სიგრძესა ან სიგანეზე დაჭრა სტანდარტულ ზომებამდე. ზოგ შემთხვევაში ნედლეულს აცლიან კორპს, მაგ. ძირტკბილას, ტუხტის, კოთხუჯის ფესვებს; ბოლქვები და ტუბერები შეიცავს ტენიანობის დიდ პროცენტს და დიდხანს ინარჩუნებს აღმოცენების უნარს. ამიტომ გასუფთავების შემდეგ 1-2 წუთით ჩაყურსავენ მდუღარე წყალში და შემდეგ გაშლიან გასაშრობად.

კვირტების დამუშავება. ამ ჯგუფში შედის არყის, ფიჭვის, ვერხვის კვირტები. არყის ხის კვირტების შესაგროვებლად ჭრიან იმ ტოტებს, რომლებზეც არის კვირტები განლაგებული. შემდეგ ხდება მათი ყურადღებით დათვალიერება, გამწვანებული, გაშლილი კვირტებისა და სხვა მინარევების მოცილება. შემდეგ კრავენ პატარა კონებად და აშრობენ. ტოტებს აცილებენ კვირტებს, აწვრილმანებენ, შემდეგი დამუშავება გულისხმობს დაწვრილმანებული კვირტების გასუფთავებას ტოტების ნამსხვრევებისაგან გაცრით, ამორჩევით, დახარისხებით. ასევე მზადდება სხვა კვირტებიც.

ქერქების დამუშავების დროს აცილებენ შემთხვევით მოხვედრილ სხვა მცენარის ქერქის ნაჭრებს. ამავე დროს აცილებენ სქელ ქერქებს და ქერქებს მერქნის ნაწილით, გარედან ქერქის ზედაპირს ასუფთავებენ ლიქენებისაგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქერქის დამპალი და გაშავებული ნაწილების მოცილებას, გაშრობის შემდეგ ქერქი კვლავ ექვემდებარება გადამოწმებას და წუნდებული ნაწილების გამოვლენისას შემდგომ გაწმენდას. ის ფაქტი, რომ სამკურნალო მცენარეული ნედლეული არის დიდი რაოდენობით, ერთმანეთისაგან განსხვავებული შემგროვებლების შრომის შედეგი, აქვს გარკვეული პრიმიტიულობა არა მხოლოდ შეგროვების ტექნიკით, არამედ პირველადი წარმოების ოპერაციებშიც, რომლებსაც გადის შეგროვებული ნედლეული.

პირველადი დამუშავების პროცესი, როგორც წესი, სრულდება ხელით, ან მარტივი ინსტრუმენტების საშუალებით. შესაძლებლობის ფარგლებში მექანიზებულია პროცესი, მხოლოდ კულტივირებული სახეობების პირველადი გადამუშავებისას ან ველურადმოზარდი მცენარეების მასიური ზრდის შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება შეგროვების კოოპერირებული ფორმა.

ამასთანავე, აღსანიშნავია ის, რომ ნედლეულის პირველადი გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი ტარდება თავის დროზე და სათანადოდ. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ნედლეულის დროული და სწრაფი გადატანა გადამამუშავებელ საწარმომდე ან შრობისათვის სპეციალურად მოწყობილ საშრობ ფარდულამდე. შეიძლება შრობა განხორციელდეს შეგროვების ადგილზე მოწყობილ დროებით საშრობში. გადატანა უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტრანსპორტით და ტარით, ნედლეულის რაოდენობის და სპეციფიკის გათვალისწინებით.

ალიოშა ბაკურაძე, დალი ბერაშვილი.
სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების საფუძვლები

თქვენი რეკლამა