კაკალი (ლათ. Juglans regia) კაკლისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი ხეა, მისი სიმაღლე საშუალოდ 25 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ.
მარტოდ მდგომ კაკალს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს.
გავრცელება
ველური სახით კაკალი გვხვდება სამხრეთ კავკასიაში, ჩინეთის და ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, ირანში, შუა აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. კაკალი გავრცელებულია აგრეთვე, აშშ-ში, იაპონიაში, თურქეთში, საბერძნეთში, უკრაინაში, რუსეთში, მისი ნახვა შვეციასა და ნორვეგიაშიც კი შეიძლება.
საქართველოში იგი გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში. ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. ყველაზე დიდი კორომები ალაზნის ნაპირებზეა. კაკალი მდინარისპირა ჭალებში შერეულია მუხასთან, თელასა და რცხილასთან.
ბერძნული წყაროებში, ძვ.წ.აღ. VI-IV საუკუნეებში, საქართველოში გავრცელებულ სხვა კულტურულ მცენარეებთან ერთად მოხსენებულია კაკალიც.
ქიმიური შემადგენლობა
კაკალი შეიცავს A1, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს. კაკლის ფოთლები შეიცავს: ქინონებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ B-ს, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C), კაროტინს. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45-77%), ცილებს (8-21%), B1 ვიტამინსა და A პროვიტამინს. უმწიფარი ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით…
ბიოლოგიური თავისებურებანი
კაკალი ერთბინიანი, სქესგაყოფილი, ჯვარედინ დამამტვერიანებელი მცენარეა. ზრდასრულ ასაკში მცენარე საშუალოდ 25 მეტრ სიმაღლეს აღწევს, პროდუქტიულობას ინარჩუნებს ასზე მეტი წლის განმავლობაში.
თანამედროვე ინტენსიური მებაღეობისთვის განკუთვნილი ჯიშების სიმაღელე გაცილებით ნაკლებია საშუალოდ 4-6 მეტრი.
ტრადიციული ჯიშების ერთი ხე საშუალოდ 150-200 კგ ნაყოფს იძლევა (პირველი მოსვალი საშუალოდ 8-12 წელს), თანამედროვე ჯიშების ერთი ხე საშუალოდ 20-35 კგ-ს.
პირველი მოსვალი საშუალოდ 3-10 წელი (ჯიშების მიხედვით).
კაკალი სინათლისა და სითბოს მოყვარულია, ამასთან ყინვაგამძლეა, იტანს მინუს 20-22°C-ს ყინვას (ზოგი ჯიში მეტს). ფესვთა სისტემა კარგად აქვს განვითარებული. ყვავილობას იწყებს მარტ-აპრილში, ამიტომ გაზაფხულის წაყინვების შედეგად სანაყოფე კვირტები შეიძლება დაზიანდეს, მიუხედავად მცენარის მაღალი ყინვაგამძლეობისა.
კაკლის აგროტექნოლოგია
ნიადაგი
ძირითადად გავრცელებულია ზღვის დონიდან 1100-1200 მეტრ სიმაღლეზე, შეხვდებით 1500 მეტრზე, ყირგიზეთში კი 2000 მეტრზეც გვხვდება.
კაკლი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში, არ უყვარს ჭარბტენიანი და ეწერი ნიადაგები. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც.
ნიადაგის მჟავიანობა სასურველია იყოს pH 5,5-დან 8-მდე.
გამრავლება
კაკლის გამრავლება როგორც თესლით, ისე ვეგეტაციური წესით. ადრინდელ პერიოდში მიღებული იყო თესლით გამრავლება, ამისათვის სპეციალურად შერჩეული სადედე მცენარეებისაგან იღებდნენ თესლს, ხოლო ბოლო დროს მისი გამრავლება ხდება ვეგეტაციური მეთოდით (გადაწვენით, კალმით, და მყნობით), თუმცა პრაქტიკული გამოყენება უფრო მყნობით გამრავლებას აქვს.
მყნობისათვის ოპტიმალური ვადებია ივნის-ივლისი, ზოგი სპეციალისტის აზრით უმჯობესია კალმით მყნობა, ზოგი კი მიზანშეწონილად კვირტით მყნობას მიიჩნევს.
დარგვა
დარგვამდე მოამზადეთ ორმო, სიღრმე 0,7 მ., დიამეტრი 1 მეტრამდე.
თითოეულ ორმოში წინასწარ უნდა იქნეს შეტანილი 15-20 კგ. ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა).
ნერგების ორმოში დარგვის წინ უნდა შეიკვეცოს ფესვები, ამოივლოს წუნწუხში და ჩაირგოს ორმოში ისე, რომ ფესვის ყელი ან ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 7-10 სმ-ის ზევით უნდა დარჩეს. ახალდარგული ნერგი კარგად მოირწყეთ და ააკრით საყრდენზე (ჭიგო, სარი, ხარდანი).
კაკლის გაშენების ოპტიმალური ვადაა გვიანი შემოდგომა (ნოემბერი) და ადრე გაზაფხული (მარტი).
ბაღის გაშენება
კაკალის სამრეწველო ბაღის გაშენებისას ნიადაგს ამზადებენ, როგორც სხვა ხეხილოვანი კულტურებისათვის (პლანტაჟი, ჯვარედინი ხვნა, დადისკვა, ფარცხვა).
სახეობების, ჯიშების და ნიადაგის ნაყოფიერების დონის მიხედვით მცენარეთა განლაგება განსხვავებულია.
დარგვის სქემა 10×10 მ, 8×10 მ, 8×8 მ-ზე რიგებს შორის და რიგში მცენარეთა შორის.
ზოგიერტი ჯიშის ნერგები ირგვება 7×5 მ, 6×6 მ, 6×5 მ-ზე.
კაკალის სამრეწველო ბაღში პირველ სამ წელიწადს მიზანშეწონილია რიგთაშორის სათოხნი პარკოსანი კულტურების (სოიო, ლობიო და სხვა) ან სიდერატი კულტურების თესვა, რომელიც ყვავილობის პერიოდში ჩაიხვნება ნიადაგში.
მოვლა
მოვლა ითვალისწინებს კაკალის რიგთაშორისების პერიოდულ საგაზაფხულო და საშემოდგომო დამუშავებას, შემობარვას, 2-3 ნიადაგის გაფხვიერებას და ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანას, საჭიროების შემთხვევაში (გვალვა, ცხელი ამინდები და სხვა.) მორწყვას.
ახალგაშენებულ ბაღებში, ნაყოფმსხმოიარობაში შესვლამდე სასუქები შეაქვთ ვარჯის პროექციის ერთ მეტრ კვადრატზე 10-12 გრამი აზოტოვანი, 4-5 გრამი ფოსფოროვანი და 3-4 გრამი კალიუმიანი სასუქი.
მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ერთი ძირზე უნდა შეიტანოთ 30-40 კგ. ორგანული სასუქი, ხოლო მინერალური სასუქის შეტანის ნორმაა N100, P90, K60 კგ/ჰა-ზე.
კაკლის კულტურის გასხვლა-ფორმირების თავისებურებანი
კაკლის ფორმირებისთვის საუკეთესოა მეჩხერ-სართულიანი, ცენტრალურ-ლიდერიანი ფორმა. დარგვის დროს არ უნდა გადაიჭრას ცენტრალური ღერო.
ერთწლიანი ან ორწლიანი ნერგების, სუსტად განვითარებულ ქვედა ტოტებს ამოკლებენ სამ-ოთხ კვირტამდე.
შემდგომი წლების განმავლობაში გასხვლის მიაზანი, ცენტრალურ-ლიდერიანი, იარუსიანი ან უიარუსო ფორმის მცენარის ჩამოყალიბებაა. ცენტრალური ლიდერის გარშემო იარუსებად განვითარებული უნდა იყოს 6-10 ტოტი, რომლის დამოკლება არ შეიძლება.
შემდეგში, რეგულარულად ხდება კონკურენტი ტოტების მოცილება (გამოჭრა), გვერდითი ტოტებიდან ამოიჭრება გახშირებული, გამხმარი, ქვევით მიმართული და გადახლართული ტოტები, შემმოსავი ტოტები საჭიროებისამებრ გამომეჩხერდება. ლიდერს არ ეხებიან.
კაკლის მავნებელ-დაავადებანი
კაკალი ძალზედ მდგრადია მავნე ორგანიზმების ზემოქმედების მიმართ, თუმცა ზოგიერთ წელიწადში აღინიშნება შემთხვევები, როცა მცენარეზე ვრცელდება მავნებელთა რიგი სახეობები: კაკალის ქეჩისებური ტკიპა, ამერიკული თეთრი პეპელა, ვაშლის ნაყოფჭამია და ბუგრი.
მოსავალი
კაკალი იკრიფება (იბერტყება) სრული სიმწიფის სტადიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გული გამოშრობისას პატარავდება ზომაში და ცუდად ინახება.
როდესაც კაკალი მწიფდება, მწვანე გარსი სკდება და ნაყოფი ცვივა, რადგან ყველა ნაყოფის მთლიან სიმწიფეში შესვლა ერთდროულად არ ხდება, მიმართავენ ტოტებიდან მის ჩამობერტყვას.
კაკალს ინახავენ გრილ და მშრალ სათავსოში 3-10°C-ის ტემპერატურაზე. ასეთ პირობებში იგი ინახება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
“ჩვენი სოფელი”
იხილეთ აგრეთვე: კაკალი – მოყვანის ტექნოლოგია, ბაზრის კვლევა და პერსპექტივა