ცქრიალა (შამპანური) ღვინომასალების წარმოება ზემო იმერეთში

ცქრიალა. ღვინო, შამპანიური, იმერეთში

ზემო იმერეთი მდებარეობს იმერეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის გაგრძელებაზე. იგი წარმოადგენს პლატოს, ძირითადად, 500 მ აბსოლუტურ სიმაღლეებზე. ძირულა-ყვირილას შუამდინარეთში მისი სიმაღლე კლებულობს ჩრდილოდასავლური მიმართულებით.

მდინარეული ხეობების სიღრმე რეგიონის შუა ნაწილებისაკენ მატულობს: იგი შორაპნის მიდამოებში უდრის 150-200 მ, ჭიათურასთან-300 – 400 მ, ხოლო ლიხის ქედის დასავლეთ კალთებთან- 700 – 900 მ.

ზემო იმერეთის პლატო არაერთგვაროვანია და მასზე წარმოდგენილია რელიეფის ორი, გენეტიკურად და მორფოლოგიურად განსხვავებული ტიპი:

რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს – ჭიათურის სტრუქტურულ პლატოს ახასიათებს არაღრმად დანაწევრებული ვრცელი შუამდინარეთები. თუ ამ პლატოს მაღალ პუნქტიდან გადავავლებთ თვალს, მისი ზედაპირი მოვაკებულად წარმოგვიდგება; რომელიმე ხეობის ფსკერზე მყოფი კი წარმოიდგენს მას, როგორც ნამდვილ მთიან ტერიტორიას;

რეგიონის დანარჩენი (სამხრეთ-აღმოსავლური) ნაწილი – ძირულას დენუდაციური პლატო წარმოადგენს ძველი პენეპლენის (მოვაკებული ზედაპირის) ნაშთს, დანაწევრებულს ეროზიული ხეობების მჭიდრო ქსელით. ზოგადად ეს ადგილები ტიპიური საშუალომთიანი რელიეფის შთაბეჭდილებას ქმნის.

ზემო იმერეთის პლატოს ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია მდ. ყვირილას განტოტვილი სისტემით. რეგიონის ძირითად ნაწილს რწყავენ: ყვირილა, ძირულა და ჩხერიმელა, მათი მრავალი შემდინარით, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია მდ. საძალისხევი, გეძრულა, დუმალა და სხვ.; რაჭის ქედიდან ჩამომდინარე ძუსა, ბუჯა, კაცხურა, ჯრუჭულა და ლიხის ქედიდან _ გვიზგა, რიკოთულა და სხვ.

ნიადაგური საბურველი რეგიონის დასავლურ, შედარებით დაბალ ნაწილში, წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული, ყვითელმიწა და წითელმიწა ნიადაგებით (მარუაშვილი, 1964).

რეგიონის ოროგრაფიული თავისებურება განსაზღვრავს ამ მხარის კლიმატურ პირობებს. აქ მზის ნათების ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია და საშუალო წლიური სიდიდე ტერიტორიულად იცვლება 2100-2300 საათს შორის. მზის ჯამური რადიაცია საკმაოდ მაღალია და წელიწადში 130- 135 კკალ/სმ2-ს შორის მერყეობს. რადიაციული ბალანსის წლიური მაჩვენებელი_ 48 _ 50 კკალ/სმ2. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,0 -13,50C.

უცივესი თვის (იანვრის) ტემპერატურა ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლემდე დადებითია და მერყეობს 3-დან 00C -მდე. საშუალო მინიმალური ტემპერატურა იანვარში ყველგან უარყოფითია-0,50C -დან -5,50C -მდე. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა სიმაღლის მიხედვით იცვლება 255-დან 200 დღემდე.

ზაფხული, მართალია ცხელი არ არის, მაგრამ საკმაოდ თბილი და ხანგრძლივია. უთბილესი თვეა აგვისტო, რომლის საშუალო ტემპერატურა რეგიონში მერყეობს 23- 150C შორის. სავეგეტაციო პერიოდი, 100C -ზე მეტი საშუალო თვიური ტემპერატურით, 7 _ 5 თვეს გრძელდება. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე 4100-დან 25000C -მდე მცირდება.

რეგიონში მოსული ატმოსფერული ნალექების ჯამი შეადგენს 900-1500 მმ-ს. აქ განსაკუთრებით მცირე რაოდენობის ნალექები მოდის მდ. ყვირილას ხეობაში, ჭიათურა-სხვიტორის მონაკვეთში (900-1200 მმ). ეს ადგილი, დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ყველაზე უფრო მშრალია.

ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 2_ 4 მ/წ უდრის, მაღალ ადგილებში უფრო ძლიერდება.

მევენახეობა_ ზემო იმერეთის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული დარგია. აქ გავრცელებულ ვაზის ჯიშებს შორის აღსანიშნავია: ცოლიკოური, ციცქა, ძელშავი, გორული მწვანე (ქვიშხური), ალიგოტე, პინო და სხვა. ცქრიალა ღვინოებისთვის აქ ძირითადად იყენებენ ადგილობრივ ჯიშებიდან: ციცქას, ძელშავს და გორულ მწვანეს (ქვიშხური); შემოტანილ ჯიშებიდან: ალიგოტეს, პინოს (შავი, თეთრი) და შარდონეს.

ზემო იმერეთში მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღებას ძირითადად განაპირობებს ნიადაგურ-კლიმატური პირობების თავისებურება; მათ შორის, შედარებით გრილი და ზომიერად ნოტიო ამინდის პირობები.

ცოლიკოურის, ციცქასა და გორულ მწვანესაგან აქ, განსაკუთრებით, დაბალ ზონაში, მზადდება მაღალხარისხოვანი ევროპული ტიპის სუფრის ღვინოები; შედარებით ამაღლებულ ზონაში კი იმავე ჯიშებიდან (ცოლიკოურის გარდა) ბუნებრივად ცქრიალა ღვინოები იწარმოება.

ზემო იმერეთში მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ რეგიონში ჩამოყალიბებული, მაღალხარისხოვანი სუფრისა და ცქრიალა ღვინოებისთვის საჭირო ნედლეულის მწარმოებელ ტრადიციულ ციცქას.

ციცქა ადგილობრივი მაღალხარისხოვანი თეთრყურძნიანი, საგვიანო სიმწიფის, საღვინე ვაზის ჯიშია. მკვლევართა აზრით, მისი წარმოშობის მხარედ ხარაგოულის მუნიციპალიტეტის სოფ. ციცქიური ითვლება. მისი კვირტის გაშლა აპრილის მეორე დეკადის დასაწყისში, ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურის 120C-ზე მდგრადი გადასვლიდან, აღინიშნება; ყვავილობა – მაისის ბოლო რიცხვებში. ყურძენი სიმწიფეს აგვისტოს მეორე ნახევარში, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 28000C დაგროვებისას იწყებს. ტერიტორიის დაბლობ ნაწილში, 450 მ სიმაღლემდე, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ოქტომბრის პირველ დეკადაში 38000C -მდე გროვდება, ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის. ამ დროს მისი შაქრიანიბა აღწევს 21,5 %-ს, მჟავიანობა კი _ 8,4 გ/დმ3-ს.

ყურძნის შაქარ-მჟავიანობაზე, ვაზის ჯიშების თავისებურებასთან ერთად, დიდ გავლენას ახდენს ადგილმდებარეობის რელიეფური (ჰიფსომეტრია, ფერდობის ექსპოზიცია, დახრილობა), კლიმატური და ნიადაგური პირობები. როგორც აკად. თ. დავითაია  შენიშნავს, კლიმატი წარმოადგენს კლიმატური ფაქტორების რთულ კომპლექსს, რომელთაგან შეიძლება გამოიყოს ძირითადი, რომლებიც განსაზღვრავენ ღვინის ტიპს და ხარისხს.

ყურძნის მომწიფების პერიოდში კლიმატურ პირობებიდან აღსანიშნავია: ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა; მოღრუბლულ, ნალექიან და მოწმენდილ დღეთა რაოდენობა; ჰაერის ტემპერატურის ამპლიტუდა.

ზემო იმერეთის მევენახეობის გავრცელების არეალში ნალექების წლიური ჯამი 900 _ 1500 მმ-ის, სავეგეტაციო პერიოდში კი _ 450-700 მმ-ის ფარგლებში იცვლება. მდ. ყვირილას ხეობის მთისწინებზე ცალკეულ წლებში ვაზის ბუნებრივად დატენიანება არასაკმარისია და იგი ზოგჯერ მორწყვას საჭიროებს.

ციცქას შაქარ-მჟავიანობის მათემატიკური დამოკიდებულება ზღვის დონიდან ადგილის სიმაღლესთან ასეთი სახისაა (გოგიტიძე, 1980, 10):

S = -0,00004 · H2 + 0,03 · H + 16
T = 0, 00003 · H2 – 0,014 · H + 9,

სადაც S არის შაქრიანობა (%-ში), T _ საერთო მჟავიანობა (გ/დმ3), H _ ზღვის დონიდან ადგილის აბსოლუტური სიმაღლე.

ზემო და შუა იმერეთში, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში, ყურძნის შაქრიანობა სიმაღლის მატებით განსაზღვრულ სიდიდემდე ჯერ მატულობს, შემდეგ კი თანდათან მცირდება. ასე მაგალითად, ზემო იმერეთში 400 მ სიმაღლემდე ციცქას შაქრიანობა 22 %-მდე მატულობს, 800 მ სიმაღლემდე კი თანდათან 16%-მდე მცირდება; საერთო მჟავიანობა 200 მ-ზე 7,4 გ/დმ3-დან, 600 მ-ზე _ 11,5 გ/დმ3-მდე მატულობს, 750 მ-ზე _ 15 გ/დმ3 შეადგენს. 600-დან 800 მ სიმაღლემდე შაქრიანობის 19,5-დან 16%-მდე შემცირების მიუხედავად, მისი საერთო მჟავიანობა მეტად მაღალია, რაც 750 მ-ზე ზევით მისი გავრცელების არეალს ზღუდავს.

შიდა ქართლიდან ზემო იმერეთში შემოტანილი გორული მწვანესაგან იწარმოება ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალასათვის საუკეთესო ღვინომასალა. ეს ჯიში პერსპექტიულია ზემო იმერეთის ზომიერი ტემპერატურის პირობებში. სამეურნეო მნიშვნელობით მისი გავრცელება დასაშვებია 750 – 800 მ სიმაღლემდე, სადაც ეს ჯიში 18 – 17 %-მდე შაქარს აგროვებს, 12 _ 13 გ/დმ3-მდე მჟავიანობის შენარჩუნებით. 400 მ სიმაღლეზე გავრცელებული აღნიშნული ჯიში 24 %-მდე შაქარს და 6 გ/დმ3 მჟავიანობას იძენს, 600 მ-ზე კი, შესაბამისად, _ 21,5% და 9,5 გ/დმ3. გორული მწვანესაგან ევროპული ტიპის სუფრის ღვინოების მისაღებად ხელსაყრელია 400-550 მ სიმაღლის ადგილები, სადაც 24 _ 22 % შაქრიანობისა და 6- 8 გ/დმ3 მჟავიანობის პროდუქცია მიიღება; 550 მ-ზე ზევით კი მისგან ცქრიალასათვის კონდიციური ღვინომასალა იწარმოება.

ზემო იმერეთში, ციცქასა და გორული მწვანეს გარდა, გავრცელებულია ცქრიალასათვის მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ადგილობრივი ძელშავი, საფრანგეთიდან შემოტანილი ალიგოტე, პინო და შარდონე. მაშასადამე, როგორც ვხედავთ, ზემო იმერეთს გააჩნია სათანადო კლიმატური და ნიადაგური შესაძლებლობები, რომ შიდა ქართლთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის ცქრიალა ღვინომასალის წარმოების სანედლეულო ბაზად იქცეს (გაგუა, გოგიტიძე, ცხაკაია, 2012).

დასკვნა. ზემო იმერეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონის კლიმატური და ნიადაგური პირობები, აქ გავრცელებული ზოგიერთი ადგილობრივი და შემოტანილი ვაზის ჯიშებისაგან, წარმოქმნიან სპეციფიკურ, ხარისხოვან ევროპული ტიპის სუფრის ღვინოებს. შემაღლებული მთისწინა და დაბალმთიან ზონაში, 450-დან 750 მ სიმაღლის ფარგლებში, მეტად ხელსაყრელი პირობები იქმნება ცქრიალა ღვინომასალების საწარმოებლად.

გივი გაგუა,
საქართველოს აგროკლიმატური რესურსები.

თქვენი რეკლამა