ციცქა ადგილობრივი, ფართოდ გავრცელებული ვაზის სტანდარტული ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ნაზ თეთრ ღვინოს. ზემო და შუა იმერეთში მას იყენებდნენ შამპანური ღვინის დასაყენებლადაც.
ზემო იმერეთის ზოგიერთ სოფლებში ციცქა ცნობილია აგრეთვე შანთისა და ციცქოს სახელწოდებით, ხოლო შუა იმერეთის სოფლებში მას დამატებით მამალ ციცქას-უწოდებენ.
უცხოეთის ამპელოგრაფიულ ნაშრომებში (ვიალა და ვერმორელი, გუიონი, პიულა და გოეთე) ციცქა მოხსენებულია და მოკლედ დახასიათებულია Tsitska da Chanti სახელწოდებით. ციცქა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი ეკუთვნის Prol. pontica subprol. georgica Negr.-ის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
ციცქა წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების წარმოქმნის კოლხეთის კერიდან და თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით მეტად ახლო დგას ამ კერის სხვა ვაზის ჯიშებთან.
ჯიშის წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ ამომწურავი მასალები არ მოიპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველაზე უძველეს აგრონომიულ ლიტერატურულ წყაროებში ციცქა სხვა ვაზის ჯიშებზე უფრო ადრეა მოხსენებული და აგრეთვე, რომ მას აქვს გავრცელების დიდი არეალი გვაძლევს საფუძველს მივაკუთვნოთ იგი დასავლეთ საქართველოს უძველეს ვაზის ჯიშთა წყებას.
აკად. ივ. ჯავახიშვილს ციცქას წარმოშობის ადგილისა და სახელწოდების გამოსარკვევად მოჰყავს მსგავსი სახელწოდების სოფლები, სახელდობრ: ციცხე, ციცქიური და ფიქრობს, რომ ამ სოფლებთან უნდა იყოს დაკავშირებული თვით ჯიშის სახელწოდების წარმოქმნა და მისი პირვანდელი გავრცელება. ციცქას ბოტანიკური და სამეურნეო ნიშან-თვისებების დიდი მსგავსება ადგილობრივი ჯგუფის სხვა ვაზის ჯიშებთან, მისი ფართოდ გავრცელება იმერეთის თითქმის ყველა რაიონში და ჯიშის ფარგლებში განსხვავებული ფორმების არსებობა უდაოდ მოწმობს ჯიშის ადგილობრივ წარმოშობას და მის დიდ ხნიერებას.
ციცქა გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში. მას დიდი ფართობი უჭირავს ზემო და შუა იმერეთში, სადაც იგი ძირითადი საწარმოო ვაზის ჯიშია. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ციცქა მეტად მცირედაა გავრცელებული და გვხვდება ძირითადად ლაგოდეხის რაიონის სოფლებში.
უდიდესი ფართობი ციცქას იმერეთში უჭირავს. იმერეთის რაიონებს შორის ციცქას უფრო მეტი გავრცელება შეიძლება აიხსნას ამ რაიონების ტერიტორიის შედარებით შემაღლებული ადგილმდებარეობით და მთა-გორაკებიანი რელიეფით, რაც ხელს უწყობს ციცქისაგან უფრო ნაზი პროდუქტის მიღებას და ნაცრისაგან ნაკლებ დაავადებას. ჯიში შამპანურ მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება. საქართველოს გარეთ ციცქა უკრაინასა და მოლდავეთშია, როგორც უხვმოსავლიანი და ხარისხოვანი საღვინე ჯიში.
ბოტანიკური აღწერა
ჯიში აღწერილია და დეტალურად შესწავლილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ. ვენახი 25 წლისაა, გაფორმებულია სარ-მავთულზე შპალერული წესით. ვენახი მდებარეობს ცივ-გომბორის მცირედ დაქანებულ ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობზე 562,5 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა მოზარდი 15-20 სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსვილია ორივე მხრიდან საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და მოთეთრო ფერისაა, სუსტი მოვარდისფრო არშიის შემოვლებით ფოთოლაკებისა და ყუნწის გასწვრივ. მეორე იარუსის მე-3 და მე-4 ფოთოლაკიდან დაწყებული მათი შებუსვა ზედა მხრიდან საგრძნობლად მცირდება და მომწვანო-ყვითელი ფერისა ხდება ღია ბრინჯაოსფერი იერით. ფოთლების ქვედა მხარეზე რჩება სქელი მოთეთრო ქეჩისებრი ბუსუსი მოვარდისფრო იერით. ყლორტის წვერი შებუსვილია სქელი აბლაბუდით, მომწვანო თეთრი ფერისაა და ახლავს მოვარდისფრო იერი.
ერთწლიანი რქა. კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყვითალო რუხი ფერისაა მოყავისფრო იერით. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი ვიდრე მუხლთაშორისები, უფრო ხშირად მუქ ყავისფრად. მუხლთაშორისები მოკლეა, საშუალოდ მათი სიგრძე 6-8 სმ უდრის, იშვიათად მასზე გრძელი ან მოკლეა.
ფოთოლი. შუა იარუსის (9-12) კარგად განვითარებული ფოთლები საშუალო ზომისაა (17X16 სმ), რომელთა სიგრძე მერყეობს 16-დან 20 სმ- მდე, ხოლო განი 15-დან 19 სმ-მდე. ფოთოლი სამნაკვთიანია, უფრო ხშირად კი ხუთნაკვთიანი. ფოთლის ფირფიტა მომრგვალო ან უფრო ხშირად ოდნავ წაგრძელებულია. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, ან წვრილ ბურთულებიანია; მისი მოხაზულობა ტალღისებრია, ან ფოთლის ნაკვთების ზევით აწევის გამო ოდნავ ღარისებრია. ფოთლის ფირფიტა მუქი მწვანე ფერისაა,
ზედა ამონაკვეთების სიღრმე საგრძნობლად ცვალებადობს. უფრო ხშირად გვხვდება ზეზეური და საშუალო სიღრმის ამონაკვეთები. ამონაკვეთების ფორმა დანაკვთის სიღრმესთან შესაბამისად სხვადასხვაგვარია. ჩვეულებრივ გვხვდება შევიწროებულყელიანი, ან თითქმის პარალელურგვერდებიანი ღია ჩანგისმაგვარი ამონაკვეთები, იშვიათად ამონაკვეთები შეჭრილი კუთხისმაგვარი ან ნაპრალისებრი ფორმისაა, ხოლო უფრო იშვიათად გვხვდება აგრეთვე დახურული ამონაკვეთები ვიწრო ელიფსური ან მომრგვალო თვალით. ამონაკვეთების ფუძე უფრო ხშირად მახვილია, იშვიათად იგი მომრგვალოა, კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება აგრეთვე ამონაკვეთები ცალკბილიანი ფუძით.
ქვედა ამონაკვეთები, როგორც წესი, უფრო სუსტადაა გამოსახული და ნაკლებად ღრმაა. უფრო ხშირად გვხვდება კუთხისმაგვარად შეჭრილი ან პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთები წამახვილებული ფუძით. ხანდახან ქვედა ამონაკვეთები სულ არ არის, ან ისე სუსტადაა გამოსახული, რომ იგი თითქმის შეუმჩნეველია.
ყუნწის ამონაკვეთის ფორმა შედარებით მცირედ მერყეობს. უფრო ხშირად გვხვდება მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი ან თაღისმაგვარი ამონაკვეთები. ბუნებრივ პირობებში ფოთლის ნაკვთების ზევით აწევის გამო ყუნწის ამონაკვეთი დახურული გვეჩვენება, მაგრამ ფოთლის გასწორების შემდეგ იგი ჩვეულებრივ ღიაა.
ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება სამკუთხედისმაგვარი მახვილწვერიანი კბილებით, იშვიათად ოდნავ გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისებრი კბილებით. მეორე რიგის ძარღვები ბოლოვდება ხერხის კბილებისმაგვარი ფორმის კბილებით.
ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, რომელსაც ქვემოდან თან ერთვის საკმაოდ ხშირი ჯაგრისებრი ბუსუსი. ფოთლების შებუსვა რქის გასწვრივ ზემოდან ქვემოთ მატულობს, რის გამო ქვედა იარუსის ფოთლები ქეჩისებრ შებუსვილია. ფოთლის ყუნწი გლუვია, მისი სიგრძე ერთი მეოთხედით ნაკლებია ფოთლის მთავარ ძარღვზე, ღია მწვანე ფერისაა და ზოგჯერ მოვარდისფრო იერი ახლავს.
ყვავილი. ნორმალური აგებულების ყვავილი ორსქესიანია. უფრო ხშირად ყვავილში 5 მტვრიანები სწორმდგომია. მტვრიანათა ძაფების სიგრძე უდრის ბუტკოს სიმაღლეს ან ოდნავ მასზე მეტია. მტვრიანათა ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან უდრის 1,0 ან 1,25. ბუტკო დაღარულია, აქვს მსხლისებრი ფორმა, კარგად გამოსახული ცილინდრული ყელი (სვეტი) და ორად გაყოფილი დიდი დინგი.
მტევანი. ციცქას მტევანი საშუალო ზომისაა. მტევნების სიგრძე მერყეობს საშუალოდ 12-დან 18 სმ-მდე, ხოლო მათი განი 6-დან 12 სმ-მდე. საშუალო მტევნის სიგრძე-სიგანე 14X8 სმ შეადგენს. მტევნის ძირითადი ფორმა კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ცილინდრული ფორმის მტევანიც. ხშირად მტევნები მხრიანია, მხრების ზომა აღწევს ძირითადი მტევნის სიგრძის ნახევარს.
მტევანი ძლიერ მკვირივია, მასთან ერთად გვხვდება მკვრივი და იშვიათად საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მტევნის ყუნწი საკმაოდ გრძელი და მკვრივია, მისი სიგრძე მერყეობს 2,5-დან 5 სმ-მდე, საშუალოდ იგი 3-4 სმ უდრის. ყუნწი ბალახისებრია, ფუძესთან ხევდება და იღებს რქის ფერს. მარცვლის ყუნწი მწვანეა, სიგრძით 4-4,5 მმ, მარცვლის ბალიში კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია მოყავისფრო ხორკლებით.
მარცვალი. მარცვალი საშუალო ზომისაა. მისი სიგრძე მერყეობს 15-დან 19 მმ-მდე, განი 14-დან 18 მმ-მდე, ხოლო საშუალოდ 16,5-15,5 მმ უდრის. მარცვალი ძირითადად მომრგვალოა, იშვიათად ოდნავ ოვალური ფორმისაა და სიმეტრიული. მარცვალი მომწვანო-ყვითელია, მზის მხარეზე მოქარვისფრო იერით.
მარცვლის კანი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით, რომლიდანაც გამოკრთის რუხი წინწკლები. მარცვლის კანი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. რბილობი წვნიანია, მდნარი. წვენი უფერული, გემო ხალისიანი ტკბილი. ჯიშის სპეციფიკური არომატი მარცვალში მცირედ არის გამოსახული.
წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1-დან 4-მდე, უფრო ხშირად მარცვალში ორი წიპწაა. წიპწა მსხლისმაგვარი ფორმისაა და მოყავისფროა. წიპწის სიგრძე უდრის 7-7,5 მმ, ხოლო განი 4,5-5,0 მმ. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, მისი ფორმა ელიფსურია, იშვიათად მომრგვალო, იგი ოდნავ გამოწეულია ან ბრტყელი. ზედა ღარი ნაკლებად ღრმაა და მკვეთრად არ ყოფს წიპწის ზედა ნაწილს. ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ კარგად ემჩნევა. მუცლის მხარე ქედიანია. მუცლის მხარეს ღარები საშუალო სიღრმისაა, განწყობილია პარალელურად და ქრება ნისკარტის არეში. ნაწიბური კარგად გამოსახულია წიპწის მთელ სიგრძეზე. ნისკარტი მსხვილი და მოყვითალოა, სიგრძე 2 მმ, განი 1,5 მმ უდრის, რომელიც წვერისკენ ოდნავ შევიწროებულია.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა საგრძნობლად ცვალებადობს, დასახელებულ ადგილების ეკოლოგიური პირობებისა და, პირველ რიგში, ცალკეული წლების მეტეოროლოგიური ფაქტორების გავლენით. როცა სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა მოკლდება და აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (უკრაინა, კახეთი) მცირდება, ჯიში იძულებულია გააგრძელოს თავისი სავეგეტაციო პერიოდი, რომ უფრო სრულად ამოწუროს შემოკლებული პერიოდის თბიერების რესურსები და მოასწროს მომწიფება.
ასე, მაგალითად, ციცქა იმერეთის პირობებში თავისუფლად ამთავრებს თავის ვეგეტაციას და ყოველწლიურად სრულად მწიფდება, უკრაინაში კი იგი უფრო ხშირად სრულ სიმწიფეს ვერ აღწევს და იძულებულია დაამთავროს ვეგეტაცია 15-28 ოქტომბერს. კახეთში სრულ სიმწიფეს ციცქა მხოლოდ ზოგიერთ თბილ და მშრალ წლებში ასწრებს. ეს გარემოება ძირითადად იმით აიხსნება, რომ სავეგატაციო პერიოდის ხანგრძლიობაზე მეტად დიდი გავლენა აქვს სითბოსა და ნალექების რაოდენობას; როგორც ცნობილია ნალექი ამცირებს აქტიურ ტემპერატურათა ჯამს და ანელებს მის მოქმედებას.
ასე მაგალითად, ქ. ოდესაში ნალექების წლიური ჯამი 400-500 მმ ძლივს აღწევს, მაშინ, როდესაც ქ. თელავში იგი 700-800 მმ უდრის, ხოლო ქ. ზესტაფონში 1200 მმ აჭარბებს. მეორე მხრივ, როგორც ჩანს ჯიში ყველგან თანაბრად ვერ იყენებს თბიერების მთელ მარაგს და გრილ რაიონებში კმაყოფილდება სითბოს უმცირესი, მისთვის განსაზღვრული ოდენობით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ციცქა მისი გავრცელების თითქმის ყველა რაიონში ნაგვიანევი სიმწიფით ხასიათდება, იგი სიმწიფის IV პერიოდის ჯიშია.
უკრაინისა და კახეთის პირობებში ციცქა მხოლოდ ზოგიერთ წლებში აღწევს სრულ სიმწიფეს. აღნიშნულის მიუხედავად მისი ერთწლიანი ნაზარდი (რქები), როგორც იმერეთში, ისე კახეთში და უკრაინაშიაც თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და კარგად შემოსული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.
მოსავლიანობა. სხვა ადგილობრივი ჯიშების მსგავსად ციცქაშედარებით ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. მისი ნამყენები დარგვიდან მეორე წელს იძლევა პირველ ნიშანს, ხოლო მეოთხე წლიდან – სრულ მოსავალს.
ციცქა უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. იმერულ საწარმოო ვაზის ჯიშებს შორის ციცქას უდავოდ უპირველი ადგილი უჭირავს როგორც მოსავლიანობით, ისე პროდუქციის ხარისხითაც. ციცქის მაღალ სამეურნეო თვისებების წარმოქმნა-განვითარებაში ნათლად ჩანს ხალხის მრავალსაუკუნოვანი შეგნებული შერჩევისა და მოვლა-აღზრდის გავლენა. იგი ახლაც ინარჩუნებს პირველობას იმერული ვაზის ჯიშებს შორის.
ციცქას მოსავლიანობა ადგილმდებარეობის, ნიადაგის თვისებების, კვების არის, გასხვლა-ფორმირებისა და ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად საგრძნობლად ცვალებადობს.
იმერეთის პირობებში (ზესტაფონის და ბაღდადის რ-ნი) საქარის საცდელი სადგურის მონაცემებით ციცქას მოსავალი ტყის კარბონატულ ნიადაგებზე, ვაზების ორმხრივი შპალერის წესით გასხვლისა და კარგი მოვლა-დამუშავების პირობებში საშუალოდ 100-120 ცენტნერს შეადგენს, ხოლო ცალკეული წლების ხელშემწყობ მეტეოროლოგიურ პირობებში ციცქას მოსავალი 200 ცენტნერამდე აღწევს.
შედარებით უფრო ნაკლები მოსავლიანობით ხასიათდება ციცქა ზემო იმერეთში, სადაც მისი მოსავლიანობა ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე საშუალოდ 40-50 ცენტნერს უდრის, ხოლო ზოგიერთ ნაკვეთებზე 75-100 ცენტნერს აღწევს.
საერთოდ ციცქა მოსავლიანობის მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს საშუალოდ 1,45-1,65-მდე. უფრო ხშირად ჯიში რქაზე 2, იშვიათად 1 მტევანს ივითარებს. მტევნის საშუალო წონა წლების და ადგილმდებარეობის მიხედვით მერყეობს 140-დან 160 გ-მდე.
კარგად განვითარებული დიდი მტევნების წონა თავისუფლად აღწევს 400-500 გრამს. ყველა ამასთან ერთად ციცქა ისხამს შტამბიდან ამონაყრებზე და ნაყოფიანი ყლორტების სიმრავლით (94-98%) ხასიათდება. ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს.
ავადმყოფობათა, მავნებელთა და მავნე მეტეოროლოგიურ ფაქტორების მიმართ გამძლეობა
ადგილობრივი მევენახეების ხანგრძლივი დაკვირვების მიხედვით ციცქა მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ და მისგან ადვილად ზიანდება, განსაკუთრებით მისთვის შეუფერებელ დაბლობ და ტენიან ადგილებში. ჭრაქის მიმართ ციცქას გამძლეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ცოლიკოურთან შედარებთი იგი უფრო ნაკლებაგამძლეა. წლის მეტეოროლოგიური პირობების მიხედვით დროულ და ხარისხოვან წამლობას სავსებით შეუძლია უზრუნველყოს მოსავლის დაცვა როგორც ჭრაქის, ისე ნაცრისაგან.
შედარებით კარგი გამძლეობით ხაისათდება ციცქა ფილოქსერის მიმართ. ფილოქსერის შემოჭრიდან დღემდე ხალხის მიერ წარმოებული მრავალი დაკვირვება ცხადყოფს ფილოქსერის მიმართ ციცქას და ზოგიერთი სხვა ჯიშის უფრო მეტ გამძლეობას ვაზის სხვა ჯიშებთან შედარებით. ამჟამადაც იმერეთში საკარმიდამო ნაკვეთებზე როგორც ძველი, ისე ნაწილობრივ ახალი ვენახების მომეტებული ნაწილი საკუთარ ძირზეა გაშენებული ჯიშ ციცქას ვაზით. ეს ძირითადად, ნამყენი ვაზის სიმცირით აიხსნება, რადგან ციცქას ვენახებიც, შეიძლება ცოტა უფრო გვიან, მაგრამ მაინც იღუპება ფილოქსერისაგან.
ციცქა ჰავისა და ნიადაგის პირობების მიმართ შეგუების კარგი თვისებებით ხასიათდება. მხოლოდ ნაცრის მიმართ სუსტი გამძლეობა ზღუდავს ციცქას უფრო ფართო გავრცელებას დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
გაზაფხულის წაყინვებისაგანაც იგი შედარებით ნაკლებად ზიანდება და თუ დაზიანდა, სათადარიგო კვირტებიდან ივითარებს ნაყოფიან ყლორტებს, რითაც ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებს მოსავალს. დაკივრვების პერიოდში არ ყოფილა აღნიშნული გვალვისაგან ციცქას სამეურნეო მნიშვნელობის დაზიანება. იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე გარდა დაჭაობებულ, მლაშე და ბიცობ სახესხვაობებისა, მაგრამ მაღალხარისხოვან ღვინოს ციცქა იძლევა ზემო და შუა იმერეთში ნეშომპალა-კარბონატულ და ტყის კარბონატულ ნიადაგებზე გაშენებულ ვენახებიდან.
ტექნოლოგიური დახასიათება
ციცქას მტევნების გარეგნული შეხედულება, წვენის ქიმიური შედგენილობა და მტევნებისა და მარცვლების მექანიკური ანალიზის მონაცემები ნათლად მიგვითითებს ჯიშის საღვინედ გამოყენების უპირატესობაზე. მართლაც, ციცქა წმინდა საღვინე ჯიშია, იგი იძლევა მაღალი ღირსების სუფრის თეთრ ღვინოს და კარგ მასალას შამპანურისათვის.
ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად წვენის გამოსავლიანობა ლაბორატორიულ პირობებში მერყეობს 72,5-დან 85%-მდე.
წარმოების პირობებში ყურძნის წვენის გამოსავალი შედარებით უფრო ნაკლებია. საბჭოთა მეურნეობის პირობებში ხრახნილიანი წნეხით დაწურვის დროს სამი წლის მანძილზე ყურძნის შემადგენელი ნაწილების გამოსავალი საშუალოდ უდრიდა: ჭაჭა 26,64%, წვენი 72,34%.
ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა ჯიშური თვისებების გარდა დამოკიდებულია ვენახის ადგილმდებარეობაზე და წლის მეტეოროლოგიურ პირობებზე. ციცქა, როგორც საგვიანო ვაზის ჯიში გრძელი სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს (ზოგიერთ წლებში 30%-მდე).
ზემო იმერეთის მთაგორიან ( ჭიათურის და საჩხერის) რაიონებში შედარებით ნაკლები რაოდენობით (22-22%) აგროვებს შაქარს, ვიდრე შუა იმერეთის-ზესტაფონის, თერჯოლისა და ბაღდადის რაიონებში. საშუალოდ ციცქის ტკბილის შაქრიანობა სხვადასხვა ადგილებში მერყეობს 18%-დან 25%-მდე. სუფრის ნაზი მაღალხარისხოვანი ღვინის მისაღებად. ციცქა უნდა დაიკრიფოს 19-21% შაქრიანობის დროს, ამაზე უფრო მეტი შაქრიანი ყურძნის დაკრეფის შემთხვევაში მჟავიანობის შემცირების გამო ღვინო უხეშდება და ნაკლებ ჰარმონიული ხდება.
შაქრის დაგროვება უფრო ინტენსიურად სექტემბერში მიმდინარეობს. ოქტომბერში შაქრის დაგროვება გრძელდება, მხოლოდ უფრო სუსტად. ამავე ცხრილიდან ჩანს, რომ ორჯონიკიძის რაიონში ციცქა ერთ და იმავე ვადებში შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობით აგროვებს შაქარს, ვიდრე ზესტაფონის რაიონში.ყურძნის გადამუშავება და პროდუქციის დახასიათება. ციცქას მთელი მოსავალი მიდის ძირითადად ევროპული ტიპის სუფრის ღვინისა და საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად.
განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი სუფრის თეთრი ღვინოები დგება შუა იმერეთში მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე მდებარე-სვირის, კვალითის, ფუთის, ილემის და მათ მეზობელ მიკრორაიონებში. ამ მიკრორაიონების ღვინოები გამჭვირვალე, მოყვითალო ჩალისფერია, ხასიათდება საკმაო სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ხოლო სიძველეში უფრო ნაზი, ჰარმონიული ხდება და ივითარებს ხილის ძლიერ ბუკეტს.
ზემო იმერეთში მდ. ჩხერიმელას და ძირულას ხეობის ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე ციცქა იძლევა გამჭვირვალე, ღიაჩალისფერ, საკმაო სხეულიან, ნაზ, ხალისიან ღვინოს კარგად გამოსახული ხილის არომატით. ღვინის მაღალმა თვისებებმა მოუპოვა ციცქას პირველობა შამპანურ წარმოებაშიც.
შამპანური წესით დაყენებული ციცქას ღვინო ხასიათდება მაღალი ღირსებით და თავისუფლად აკმაყოფილებს შამპანური წარმოების მთავარ მოთხოვნას. განსაკუთრებით მაღალხარისხოვან საშამპანურე ღვინომასალას ციცქა იძლევა ზემო იმერეთის მაღლობ და ფერდობ ადგილებზე.
ციცქიდან იმერეთში მზადდება ღვინომასალა შამპანურისათვის, აგრეთვე ევროპული და იმერული ტიპის სუფრის თეთრი ღვინო. ადგილმდებარეობისა და წლების მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად ციცქა უმჯობესია დაიკრიფოს: შამპანურისათვის 18-19% შაქრიანობისა და 11-12‰ მჟავიანობის, სურფის ევროპული ტიპის ღვინისათვის 19-21% შაქრიანობისა და 7-9‰ მჟავიანობის, ხოლო იმერული ტიპის ღვინისათვის 20-22% შაქრიანობისა და 7-8‰ მჟავიანობის დროს. შაქრიანობა-მჟავიანობის შორის ასეთი შეფარდება იმერეთში, ადგილმდებარეობის და წლის მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, მყარდება დაახლოებით 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე.
ყურძნის გადამუშავება ღვინის ტიპების შესაბამისად სხვადასხვაგვარად წარმოებს. განსაკუთრებული სიფაქიზით იკრიფება და ხარისხდება ყურძენი შამპანური წარმოებისათვის. ყურძენი იწურება პირდაპირ წნეხში (საჭყლეტ მანქანაში გაუტარებლად) განსაკუთრებული წნევის პირობებში რამდენიმე ფრაქციად და ცალ-ცალკე მიდის სადუღრად. ევროპული ტიპის ღვინისათვის საჭყლეტ მანქანიდან ყურძენი მიდის წნეხში და სწრაფად იწურება. ყურძნის წვენი იწრიტება, იწმინდება და მიდის სუფთა კასრებში სადუღრად. ოდნავ განსხვავებულად მზადდება იმერული ტიპის ღვინო. საწნეხელში ყურძნის დაწურვის შემდეგ ტკბილი გადააქვთ სუფთად გარეცხილ ქვევრებში სადუღრად. ამის შემდეგ უმატებენ 16 კგ სუფთა ჭაჭას ყოველ ერთ იმერულ საპალნეზე (18 დეკალიტრი), ახურავენ სარქველს, უტოვებენ ჰაერის გამოსავლელს და მჭიდროდ გლესავენ თიხით.
წარმოებაში უფრო ხშირად ციცქა სხვა ჯიშებთან ერთად იწურება, რაც ზოგჯერ ამცირებს მის ხარისხს, როცა მინარევში მდარე ჯიშის ყურძენი საგრძნობ (50%) რაოდენობას შეადგენს. კარგ შედეგს იძლევა ციცქას და ცოლიკოურის ერთმანეთთან მიმატება თითოეული 50% რაოდენობით; კარგია აგრეთვე ამავე შეფარდებით ციცქასა და მჭკნარა დონდღლაბის ნარევიც. მოსახლეობა მჭკნარა დონდღლაბს აშენებს ძირითადად ციცქასა და ცოლიკოურთან შესარევად (მისამატებლად), ამით დიდდება ვენახის საერთო მოსავალი და უმჯობესდება ღვინის ხარისხი.
ციცქა მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშია, იგი იძლევა საუკეთესო ღირსების სუფრის ღვინოს და ხარისხოვან მასალას საბჭოთა შამპანურისათვის. ციცქას სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, იგი ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, გემო ნაზი და ჰარმონიული აქვს. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს.
მთელ რიგ სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე ციცქას ღვინის ნიმუშები მუდამ მაღალ შეფასებას იღებს, როგორც ნაზი შინაარსიანი სასიამოვნო გემოს ღვინო. განსაკუთრებით მაღალი ღირსების მასალას-მომწვანო ჩალისფერ, კრიალა, ნაზ, ჰარმონიულ, ძლიერ ხალისიან და არომატიან ღვინოს ციცქა იძლევა ზემო იმერეთში მდ. ძირულისა და ჩხერიმელას ხეობაში. ამჟამად ციცქა ფართოდ ვრცელდება კოლექტიურ და საბჭოთა მეურნეობის დიდ ფართობებზე, რითაც მკვიდრი ბაზა შეექმნა ჩვენში ხარისხოვანი შამპანურისა და მაღალხარისხოვანი სუფრის სამარკო ღვინოების გამოშვებას.
შენახვისას ციცქას ღვინო უმჯობესდება, ივითარებს ბუკეტს და მაღალ გემურ თვისებებს. კასრებში სამი წლის შენახვის შემდეგ ღვინო ისხმება ბოთლებში დასაძველებლად. ციცქას ღვინო კარგია 6-7 წლისა, ხოლო უკეთესია 12-18 წლის ასაკში. სიძველეში იგი ივითარებს ძლიერ ბუკეტს, რომელშიც გამოკრთის გუდრონის იერი. საქარის საცდელ სადგურის ძველი საკოლექციო ღვინოების დაჭაშნიკებისას გამოირკვა, რომ ციცქას ღვინო ძლებს 40-50 წლის ასაკამდე.
ჯიშ ციცქას ფარგლებში აღნიშნულია სახესხვაობა: მამალი ციცქა თხელი მტევნით და მსხვილი მარცვლით (კვარაცხელია) და ციცქა მკვრივი მტევნითა და ძლიერ დანაკვთული ფოთლით (მიროტაძე), რომელთა შესწავლა გრძელდება საქარის საცდელ სადგურზე.
*ფოტო ქართული ღვინის ასოციაცია
საერთო შეფასება და დარაიონება
ციცქა ადგილობრივი ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად ზემო და შუა იმერეთის რაიონებში. იძლევა მაღალხარისხოვან ევროპულ და იმერულ ტიპის სუფრის ღვინოს და კარგ მასალას შამპანურისათვის. მაღლხარისხოვან სუფრის ღვინოს ციცქა იძლევა ძირითადად შუა იმერეთის ნეშომპალა-კარბონატულ და ტყის კარბონატულ ნიადაგებზე, ხოლო მაღალი ღირსების მასალას შამპანურისათვის ზემო იმერეთის კირნარ ნიადაგებზე.
ჯიშის დადებით თვისებებს შეადგენს – უხვი მოსავლიანობა და პროდუქციის მაღალი ხარისხი, ჯიშის გავრცელება იმერეთის თითქმის ყველა რაიონში და შედარებით მაღალი გამძლეობა ფილოქსერის მიმართ, რაც ვენახის კარგი მოვლა-დამუშავების პირობებში რამდენიმე წლით ახანგრძლივებს საკუთარ ძირზე გაშენებულ ვენახების არსებობას.
აღსანიშნავია აგრეთვე ციცქას შედარებით კარგი გამძლეობა ზამთრის ყინვების მიმართ და ნაყოფიანი ყლორტების საკმაო რაოდენობით გამოღების უნარი ვაზების დასეტყვის ან გაზაფხულის წაყინვის შემთხვევაში, აგრეთვე პროდუქციის მრავალმხრივი გამოყენება – სუფრის სხვადასხვა ტიპის ღვინის, შამპანურის, ყურძნის წვენისა და ხარისხოვანი კონიაკის მისაღებად. აგრეთვე ღვინის შედარებით კარგი გამოსავალი.
ჯიშის უარყოფითი თვისებებია: სუსტი გამძლეობა ნაცრისა და ნაწილობრივ ჭრაქის მიმართ, განსაკუთრებით დაბლობ, ტენიან ადგილებში, აგრეთვე ყურძნის გვიან მწიფობა. მოწინავე აგროწესების გამოყენებითა და ჯიშისათვის შესაფერი ადგილის შერჩევით შეიძლება აღნიშნული ნაკლის მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც თავიდან აცილება.
ციცქა შეიძლება რეკომენდებულ იქნეს ზემო და შუა იმერეთის გარდა, დასავლეთ საქართველოს სხვა მევენახეობის რაიონებში შემაღლებულ და ფერდობ ადგილებზე გასაშენებლად, სადაც იგი შედარებით ნაკლებად დაზიანდება ნაცრისა და ჭრაქისაგან. ჯიში უნდა გამოიცადოს აგრეთვე კახეთის და ქვემო ქართლის მევენახეობის თბილ რაიონებში მოსავლიანობისა და პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად.
ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.