გორული მწვანე – ქართული ვაზის კარგი საღვინე ჯიში

მევენახეობა, გორული, მწვანე, ვაზის, ჯიში

საქართველოში გავრცელებულ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის მწვანე ფართოდ ცნობილი სახელწოდებაა. ასე მაგალითად, კახეთის რაიონებში ცნობილია მწვანე და ნაბადა მწვანე; ქართლში-გორული მწვანე, მწვანე, ჯიშიანი მწვანე და ლურჯი მწვანე; მესხეთში-საფარის მწვანე; იმერეთში-ოკრიბული მწვანე; რაჭაში-მწვანე; გურიასა და აჭარაში-მწვანე და მწვანა და შავშეთ-კლარჯეთში-მწვანურა.

როგორც ჩანს, საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია მწვანე-გავრცელებული, მაგრამ დასახელებული ჯიშები თავიანთი ამპელოგრაფიული ნიშნებით და სამეურნეო თვისებებით მკვეთრად განსხვავდებიან, რის გამოც ურთიერთისაგან გარჩევის მიზნით თითოეულ მათგანს ქართველმა მევენახემ კუთხისა ან მხარის დამატებითი სახელიც კი შეარქვა (კახური მწვანე, საფარის მწვანე, ოკრიბული მწვანე, რაჭული მწვანე და სხვ.).

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ზემოთ აღნიშნულ მწვანე ჯიშის წარმომადგენლებისათვის სამართლიანად შეურქმევიათ მარცვლის ფერის ამსახველი სახელი, რადგან სრული მწიფობის პერიოდში ამ ჯიშის ვაზის ყურძენი, განსაკუთრებით დაჩრდილულ ადგილებში, იფერება მუქ ან ღია მწვანედ.

კერძოდ ქართლის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის გორული მწვანე ძველთაგანვეა ცნობილი, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, რის გამოც იგი ამ მხარისათვის სამართლიანადაა მიჩნეული ძირითად სტანდარტულ ჯიშად.

მევენახეობის ლიტერატურაში და აგრეთვე ქართლის სხვადასხვა რაიონში იგი შემდეგი დამატებითი სახელწოდებით არის ცნობილი: მწვანე, სურამულა, თეთრფოთოლა, ჯიშიანი მწვანე და ლურჯი მწვანე. ადგილზე შემოწმებით დადასტურდა, რომ ამ ჯიშისათვის თეთრფოთოლა შეურქმევიათ, ახალგაზრდა ყლორტის ნაწილებისა და ფოთლების ქვედა მხარის მკვეთრად გამოსახული თეთრი ქეჩისებრი შებუსვის გამო.

მცირემოსავლიან და თხელმტევნიან ვარიაციიდან გამორჩევის მიზნით მასობრივად გავრცელებულ მწვანესათვის უწოდებიათ აგრეთვე ჯიშიანი მწვანე, ხოლო ლურჯი მწვანეს სახელწოდების მიკუთვნება გამოწვეულია ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში (განსაკუთრებით დაჩრდილულ ადგილებში), როგორც მარცვლების, ისე ფოთლების მუქ ლურჯად შეფერვის გამო.

საქართველოს ზოგიერთ მხარეში გორული მწვანე სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი. ასე მაგალითად: ხაშურის რაიონში და ზემო იმერეთის მხარეში იგი საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, ე.წ. ქვიშხურის სახელწოდებით (ეჭვგარეშეა, რომ გორული მწვანე ქვიშხეთიდან გავრცელდა იმერეთში). სურამისა და ხაშურის მიდამოებში გორულ მწვანეს სურამულასაც ეძახიან, ხოლო რაჭაში იგი თბილურის სახელწოდებით არის ცნობილი.

ადგილზე წარმოებული დაკვირვებებით და გადმოცემით დასტურდება, რომ ეს ჯიში რაჭაში შეტანილი უნდა იყოს რაჭველ მეზვრეთა მიერ, რომელნიც წარსულში ფართო მუშაობას ეწეოდნენ თბილისისა და მისი გარეუბნის ბაღ-ვენახებსა და ბოსტნებში, საიდანაც ეს ჯიში წაიღეს.

წერილობითი ცნობები გორული მწვანეს წარმოშობისა ან მისი შემდგომი გავრცელების შესახებ არ მოგვეპოვება. მეტად მცირეოდენი ცნობები ამ ჯიშის მოკლე დახასიათებით მოცემულია ი. ყანდურალოვის, ვ. გეევსკი და გ. შარერის და აკად. ივ. ჯავახიშვილის შრომებში. დასახელებულ ავტორებს ეს ჯიში მხოლოდ მწვანეს სახელით აქვთ მოხსენიებული და როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემ ჯიშს, ქართლის ვაზის ჯიშებს შორის, უთმობენ პირველ ადგილს.

შედარებით უფრო დაწვრილებითი ცნობები გორული მწვანეს შესახებ მოცემულია პროფ. ს. ჩოლოყაშვილის შრომაში, რომელიც გორულ მწვანეს ათავსებს ქართლის ენდემურ ვაზის ჯიშთა ჯგუფში, იძლევა მოკლე ბოტანიკურ აღწერას და მიუთითებს მის მთავარ სამეურნეო თვისებებზე.

გორული მწვანეს ვრცელი მონოგრაფია მოცემულია საკავშირო (ყოფილი საბჭოთა კავშირის) ამპელოგრაფიის მეორე ტომში, იგი აღწერილია დოც. ნ. ჩახნაშვილის მიერ. ამ ნარკვევში წარმოდგენილია ჯიშის ბოტანიკური, აგრობიოლოგიური და სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე გორული მწვანე ქართლის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით მის ცენტრალურ რაიონებში ფართო მასივების სახით ყოფილა გავრცელებული. ვაზები საკუთარ ძირზე იყო წარმოდგენილი და ფორმირებული დაბლარად ქართული წესით, ერთ ან ორ სანაყოფესა და სამამულეზე.

როგორც გადმოცემით დასტურდება, გორული მწვანეს პროდუქცია განკუთვნილი ყოფილა ძირითადად თეთრი ხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასამზადებლად. მის ყურძენს დაწურვისას აკუპაჟებდნენ აგრეთვე ჩინურთან და ამ ორი ჯიშის ნარევს ადუღებდნენ თავკვერის ტკბილზე და ჭაჭაზე. ამის შედეგად იღებდნენ ისტორიულად ცნობილ ხიდისთაურ წითელ ღვინოს, რომელიც თავისი გემური თვისებებით წარსულში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად გორული მწვანეს გავრცელების არეალი პირველ ხანებში მნიშვნელოვნად შეიზღუდა, მაგრამ ნამყენის წარმოებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯიში კვლავ აღდგა და ფართოდ გავრცელდა, განსაკუთრებთი შიდა ქართლის რაიონებში.

გორული მწვანე გავრცელებული იყო აგრეთვე კახეთის, იმერეთისა და რაჭის რაიონებში.

ბოტანიკური აღწერა

გორული მწვანე აღწერილია გორის რაიონის სოფ. წედისში. ეს სოფელი ქ. გორიდან მდებარეობს სამხრეთ- დასავლეთით მდ. წედისურას ხეობაში, ნაკვეთი მცირედ დახრილია სამხრეთისაკენ. ვაზები დამყნობილია რიპარია X რუპესტრის 3309-ზე და ფორმირებულია დაბლარად ქართული წესით.

შესადარებლად იგი აღწერილია აგრეთვე თბილისის გარეუბნის დიღმის სასწავლო მეურნეობის ვაზის საკოლექციო ნაკვეთში. ვაზები აქაც დაბლარადაა წარმოდგენილი, დამყნობილია ბერლანდიერი X რიპარია 5 ბბ-ზე და ფორმირებულია შპალერზე ქართული წესით. (ძველი მონაცემია, მაგრამ ვფიქრობთ გამოსადეგი)

ახალგაზრდა ყლორტი. კვირტები გაშლის პერიოდში დაფარულია ქეჩისებრი ბუსუსით და გადაჰკრავს ინტენსიური მოვარდისფრო ელფერი. ზრდის კონუსი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკებით მთლიანად დაფარულია ქეჩისებრი თეთრი ბეწვისებრი ბუსუსით და წვერისაკენ გადაჰკრავს ოდნავ მოვარდისფრო შეფერვა.

პირველი ახლადგაშლილი ფოთოლი, როგორც ზედა ისე ქვედა მხრიდან დაფარულია ქეჩისებრი თეთრი ბეწვისებრი ბუსუსით, ხოლო ნაპირებს გადაჰკრავს მოვარდისფრო ელფერი, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან ძარღვებს შორის არეებში. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩ ფოთლებს შებუსვა ზედა მხრიდან მცირედ ახასიათებს, ხოლო ქვედა მხრიდან ისევ ქეჩისებრადაა შებუსვილი, რომელთაც ნაპირებისაკენ ემჩნევა მოვარდისფრო ელფერი.

ხშირ შემთხვევაში მეორე ფოთოლს და ზოგჯერ მესამესაც ზედა მხრიდან ახასიათებს ბრინჯაოსებრი შეფერვა. შემდგომ მომდევნო ფოთლების ზედა მხრიდან შებუსვა თანდათან მცირდება და იგი უფრო ხშირად ძარღვების გასწვრივ რჩება მოგრძო ბეწვების სახით. ახალგაზრდა ფოთლის ყუნწი მთლიანად დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით და მოწითალო ელფერი გადაჰკრავს.

ახალგაზრდა ყლორტი მომრგვალოა; ფუძესთან მნიშვნელოვნად დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით, შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. ინტენსიური შებუსვა ახასიათებს აგრეთვე ყლორტზე განვითარებულ ულვაშებსა და ყვავილედებსაც.

ერთწლიანი რქა. შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია (8-10,5 მმ), სრული მწიფობის პერიოდში იგი იღებს ღია ყავისფერ ან მოყავისფრო შეფერვას. მთელ სიგრძეზე მას ახასიათებს მუქი მოყავისფრო ზოლები. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. ზოგ შემთხვევაში რქა მოფენილია მონაცრისფრო თხელი ბეწვისებრი ბუსუსით. მუხლთშორისის სიგრძე აღწევს 7-16,5 სმ.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი მუქი მწვანეა და საშუალოზე დიდი. მისი საშუალო სიგრძე 13,5-20,6 სმ, ხოლო სიგანე 13-19,4 სმ აღწევს, ფორმით თითქმის მომრგვალოა ან ოდნავ განიერ-ოვალური. ღრმად დანაკვთულია. ახასიათებს მეორადი ნაკვთებიც.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღია ჩანგისებრია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. გვხვდება აგრეთვე ისრისებრი და ღრმა თაღისებრი კვადრატული ფორმის ამონაკვეთებიც. იშვიათად იგი ელიპსურია მიახლოებული ნაკვთებით ან დახურული ოდნავ გადადებული ნაპირებით. ამონაკვეთის ფუძეზე ზოგ შემთხვევაში განვითარებულია ერთი უბრალო კბილი.

ზედა ამონაკვეთი საკმაოდ ღრმად ჩაჭრილია და ხშირად დახურულია განიერ ელიპსური ან კვერცხისებრი მოყვანილობის ნახვრეტით; ზოგჯერ კი იგი ვიწრო ელიფსურია. გვხვდება აგრეთვე ჩანგისებრი ფორმის ამონავეთები პარალელური ან მიახლოებული გვერდებით და მახვილი ან წამახვილებული ფუძით.

ქვედა ამონაკვეთი საკმაოდ ჩაჭრილია, ზოგჯერ კი ზედა ამონაკვეთის მსგავსად ღრმად შეჭრილ კუთხესა ქმნის. ფორმით ჩანგისებრია, რომლის ფუძე მახვილია და გვერდები თითქმის პარალელური აქვს. მეორადი ნაკვთები უფრო ხშირად მცირედ ან საკმაოდ ჩაჭრილია, ზოგჯერ კი უმნიშვნელოდაა შეჭრილი; იშვიათ შემთხვევაში, ჩანგისებრია მიახლოებული ნაკვთებით და მახვილი ფუძით.

ნაკვთების წვერის კბილები წესიერ სამკუთხედისებრია მომრგვალებული წვერით, ან ისევ სამკუთხედისებრია ამოზნექილი გვერდებით და მახვილი ან ზონჯერ მომრგვალებული წვერით. მეორადი კბილები მთავარ კბილებთან შედარებით უფრო მომცროა და ფორმით უფრო ხშირად წესიერ სამკუთხედისებრია, მახვილი ან ოდნავ მომრგვალებული წვერით. იშვიათ შემთხვევაში ხერხკბილა სამკუთხედისებრია ცალ გვერდზე ამოზნექილი და მოხრილი წვერით.

ფოთლის ზედაპირი მსხვილი ბუშტისებრია, ზოგჯერ კი გლუვია. ბუნებრივ მდგომარეობაში განიერი ძაბრისმაგვარია. მისი ნაპირები ხშირად ქვემოთაა დახრილი, ხოლო ყუნწის ამონაკვეთის ნაკვეთები ოდნავ ზემოთ არის აწეული. ფოთოლი ზედა მხრიდან შიშველია, ხოლო ქვევიდან ქეჩისებრ მოფენილია თეთრი მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან აღწევს 0,7-0,9; იგი შიშველია, ან უმნიშვნელო ბუსუსი გასდევს. ღია მწვანე ფერისაა ოდნავ მოყვითალო ელფერით. მზის მხრიდან კი ხშირად ახასიათებს მოვარდისფრო ელფერი.

ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. მტვრიანები თითქმის ბუტკოს ტოლია ან ოდნავ გრძელი. ყვავილში ხშირად 5 მტვრიანაა. გვხვდება აგრეთვე 4 და 6, ხოლო იშვიათად 7 მტვრიანაც. ნასკვი მოგრძო მსხლისებრი მოყვანილობისაა. ყვავილედში ყვავილების რიცხვი აღწევს _ 350-450 ცალს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 3,5-5,5 სმ აღწევს ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის იგი თითქმის მუხლამდე ხევდება და რქის დამახასიათებელ ღია მოყავისფრო ელფერს ღებულობს. ხშირ შემთხვევაში ყუნწი მუხლის ზონაში სწორ კუთხეს ქმნის, რაც ამ ჯიშის დამახასიათებელ თვისებად უნდა ჩაითვალოს.

მტევნის საერთო ფორმა განიერ-კონუსურია, განტოტვილი და ზოგჯერ იგი იმდენად ვითარდება რომ ხშირად მტევანი ფორმასაც კი კარგავს. იშვიათ შემთხვევაში ცილინდრულ-კონუსური მოყვანილობისაა. აგებულებით მტევანი თხელია ან საკმაოდ კუმსი. მისი საშუალო სიგრძე 16-19 სმ, ხოლო სიგანე 12,5-14,5 სმ აღწევს. დიდი მტევნის სიგრძე 25 სმ უდრის, ხოლო სიგანე 16 სმ.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით აღწევს 4-6 მმ, იგი ყავისფერია. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერ-კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედ არის მიმაგრებული.

მზით უხვად განათებულ ვაზებზე და განსაკუთრებით მზის მხრიდან, მარცვალი სრული მწიფობის პერიოდში ყვითელ-მომწვანოდ არის შეფერილი, ოდნავ მოვარდისფრო ელფერით, კანზე ივითარებს მუქი ფერის მეტად წვრილ წერტილებს და ალაგ-ალაგ დამწვრისებრ ლაქებს. ვაზის დაჩრდილულ ნაწილებში ამ ჯიშის მარცვალი სრული მწიფობის პერიოდშიაც მუქი მწვანე ფერის რჩება, რაც თითქმის მოუმწიფებელი მარცვლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მარცვალი საშუალო სიმსხოსია, სიგრძით 12-19 მმ-მდე, ხოლო სიგანით 11,5-19,3 მმ-მდე. საშუალოდ მისი სიგრძე აღწევს 13,5-14,0 მმ-მდე, ხოლო სიგანე 13,5-14,5 მმ. ფორმით იგი მომრგვალოა ან ოდნავ განიერ-ოვალური, ზოგჯერ ოვალური; შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს ან შებრტყელებული და სიმეტრიულია. მარცვლის კანი საკმაოდ სქელი და უხეშია; რბილობი საკმაოდ მკვრივი და ხორციანია, ჩვეულებრივ ტკბილი და ამავე დროს გემოთი ოდნავ მომწკლარტო.

წიპწა. მარცვალში 1-4 ცალი წიპწაა. ხშირად გვხვდება 1 და 2, ხოლო იშვიათად 3-4 წიპწა. წიპწის საშუალო სიგრძე აღწევს 6,5-7 მმ, ხოლო სიგანე 4,5-5 მმ. იგი ღია ყავისფერია, ხოლო მუცლის მხრიდან ღარებში მოყვითალო-მომწვანო ფერისაა. ღარები კარგად არის გამოსახული, ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა წელს ზემოთ; იგი მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია და საკმაოდ გამოსახული. ნისკარტი მოყავისფრო-ჟანგისებრია და მისი სიგრძე აღწევს 2 მმ-მდე.

აგრობიოლოგიური დახასიათება

გორული მწვანეს ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე ფენოლოგიური დაკვირვებანი წარმოებდა დიღმის სასწავლო მეურნეობის ვაზის კოლექციაში (თბილისის გარეუბანი) სოფ. წედისში და ხიდისთავის ექსპერიმენტულ ბაზაზე (გორის რ-ნი).

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სოფ. წედისის მიდამოებში გორული მწვანეს გაღვიძება სოფ. ხიდისთავის ზონასთან შედარებით რამდენიმე დღით იგვიანებს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან დასახელებული სოფელი მთისპირა ზონაშია მოქცეული, რის გამოც ტემპერატურის აქტიური მოქმედება ვაზზე უფრო დაგვიანებით იწყება.

თითქმის ამგვარი განსხვავებაა შემდგომი ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაშიაც, ასე, რომ ყურძნის სრული მწიფობა სოფ. წედისში რამდენიმე დღით იგვიანებს. სამაგიეროდ სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობაში უმნიშვნელო განსხვავებაა.

ასე მაგალითად, ხიდისთავისა და წედისის ზონებში გორული მწვანეს სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ფოთოლცვენის სრულ დამთავრებამდე 213 დღეს აღწევს. ზოგიერთ წლებში გორის რაიონში და, კერძოდ, ატენის ხეობაში შემოდგომის ნაადრევი ყინვების მოქმედების შედეგად ფოთლები ვაზს რთველის წინ ცვივა ხოლმე. ამგვარ პირობებში ყურძენი ვეღარ აღწევს ნორმალურ სიმწიფეს, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს მისგან დაყენებული ღვინის ხარისხს.

დიღმის მევენახეობის ზონაში სამი წლის საშუალო მონაცემებით აღნიშნული ჯიში კვირტების გაშლას იწყებს 20-22 აპრილიდან, ე.ი. ორი სამი დღით დაგვიანებით, ვიდრე ხიდისთავში (გორის რ-ნი), მაგრამ სითბოს მატებასთან ერთად შემდგომი ბიოლოგიური ფაზები დაჩქარებით მიმდინარეობს და ყურძენი სრულ სიმწიფეს 5-6 ოქტომბრისათვის აღწევს.

შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცალკეული ბიოლოგიური ფაზების დაწყება-დამთავრებას შორის უმნიშვნელო განსხვავებაა. როგორც წესი ყვავილობა მასობრივად იწყება ივნისის პირველ დეკადაში, ყურძნის შეთვალება 22-24 აგვისტოდან, ხოლო ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს ოქტომბრის დასწყისში.

კახეთის პირობებში გორული მწვანეს განვითარება რამდენიმე დღით იგვიანებს, მაგრამ სამაგიეროდ ტემპერატურის მომატების გამო შემდგომ ბიოლოგიური ფაზები დაჩქარებით მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ყურძნის ნაადრევად მომწიფებას. კახეთის პირობებში ყურძენი სრულ სიმწიფეს მასობრივად სექტემბრის ბოლო რიცხვებისათვის აღწევს.

ვაზის ზრდა და მოსავლიანობა

ქართლის პირობებში გორული მწვანე საშუალო ზრდით ხასიათდება; განსაკუთრებული მოვლისა და ღრმა, ღონიერ, ნიადაგურ პირობებში იგი მძლავრ ზრდა-განვითარებასაც კი აღწევს, თითქმის ამგვარი განვითარება ახასიათებს ამ ჯიშს კახეთშიაც მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის ბაზაზე-ქ. თელავში.

სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის რქები მასობრივად სიგრძით 1,5-2 მ-მდე იზრდება და ყურძნის სრული მწიფობის დროისათვის იგი 85%-მდე ასწრებს მომწიფებას, ხოლო ფოთოლცვენის დამთავრებისას-სრულ სიმწიფეს. ამ დროისათვის რქა მის მთელ სიგრძეზე ღებულობს ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს.

სათანადო მოვლის პირობებში გორული მწვანე მოსავლის პირველ ნიშნებს იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეოთხე წელსაც. სრულ მოსავალს მე-4-5 წლიდან იძლევა.

ვაზი ხასიათდება საშუალო მოსავლიანობით. მოსავლის მომცემია განვითარებული ყლორტების 80% და ზოგჯერ 90%. ვაზის ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტების ჩვეულებრივ უმოსავლოა.

ერთ რქაზე მასობრივად ერთი მტევანი ვითარდება, ზოგჯერ ორიც, მხოლოდ მტევნები ამ შემთხვევაში არათანაბარი განვითარებისაა. მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,15-1,2-მდე აღწევს. ერთი ძირი ვაზის მოსავალი 8-10 კვირტით დატვირთვისას სოფ. ხიდისთავის პირობებში (გორის რ-ნი) აღწევს 1,5-2,0 კგ, ხოლო მოსავალი ერთ ჰექტარზე (400-4500 ვაზის არსებობის შემთხვევაში) გადაანგარიშებით 80 ცენტნერს უდრის.

მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე (ქ. თელავში) წარმოებული დაკვირვების მიხედვით გორული მწვანეს მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,48 არ აღემატება. მტევნის საშუალო წონა 116-130 გ-მდე მერყეობს, ხოლო ერთი ვაზის საშუალო მოსავალი (8-10 კვირტით დატვირთვისას) 1206 გ აღწევს.

ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა გორულ მწვანეს საკმაოდ ახასიათებს, განსაკუთრებით არახელშემწყობ ამინდში. ს. ჩოლოყაშვილისა და ნ. ჩახნაშვილის მიხედვით, ეს ჯიში სუსტი თვითდამტვერვის უნარით ხასიათდება, რის მიზეზადაც ხსენებული ავტორები ასახელებენ მტვრიანების დეფექტურობას. ხელოვნურად შექმნილ საკვებ არეში მტვრის მარცვალი ალიგოტესთან და რქაწითელთან შედარებით დაგვიანებით ღივდება და ამავე დროს ნელა ჩაიზრდება ხოლმე.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ყვავილცვენას საგრძნობლად ანელებს ყლორტების წვერის წაწყვეტა, განსაკუთრებით თუ იგი ტარდება ყვავილობის დასაწყისში.

ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ

დაკვირვება ცხადყოფს, რომ გორული მწვანე უფრო მეტად მგრძნობიარეა ჭრაქის მიმართ. ამ თვისებას იგი ამჟღავნებს თითქმის ყველა ეკოლოგიურ პირობებში. ამიტომ მისი შეწამვლა ბორდოს ხსნარით სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 4-5-ჯერ, აუცილებელ აგროღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული.

ნაცრის მიმართ ჯიში შედარებით უფრო გამძლეა. არის შემთხვევა, როდესაც ქართლის ზოგიერთ რაიონში გორულ მწვანეს სრულებით არ წამლობენ გოგირდით, მაგრამ ვაზი ხშირად სრულებით არა, ან მეტად უმნიშვნელოდ ავადდება. ყოველ შემთხვევაში 1-2-ჯერ გოგირდის შეფრქვევა მასობრივი ყვავილობისას და მარცვლის განვითარების პერიოდში მიზანშეწონილ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული.

ყვავილობისას გოგირდის შეფრქვევა ხელს შეუწყობს ვაზის უკეეთ დაყვავილებას.ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი. გორული მწვანეს მოსავლიანობაზე და მისგან მიღებული პროდუქციის ღირსებაზე მკვეთრ გავლენას ახდენს ნიადაგური პირობები და ადგილის ექსპოზიცია. ვაკე და ღრმა ღონიერ ნიადაგებზე იგი მძლავრი ზრდით და უხვი მოსავლიანობით ხასიათდება, მაგრამ ამგვარ პირობებში მიღებული პროდუქციის ღირსება შედარებით დაბალია.

სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ, ღორღიან და კალციუმის კარბონატებით საკმაოდ მდიდარ ნიადაგებზე გორული მწვანე იძლევა მაღალი ღირსების პროდუქციას 23-24% შაქრის შეცულობით. ამიტომ ხარისხოვანი ღვინომასალის მისაღებად ქართლში მისი შემდგომი გავრცელება უნდა წარმოებდეს ზემოხსენებული ექსპოზიციისა და ტიპის ნიადაგებზე.

გვალვის მიმართ ამ ჯიშის გამძლეობა არ არის საბოლოოდ შესწავლილი, მით უმეტეს ქართლის ყველა რაიონში, სადაც კი გორული მწვანეა გავრცელებული. ვენახებს მასობრივად რწყავენ. მცირეოდენი მასალები მის გვალვაგამძლეობაზე მოგვეპოვება თბილისისა და მისი საგარეუბნო ზონაში (დიღომი- წულაური, თბილისის მდ. ვერისხევის ზონა, ორთაჭალა და დიდუბე). აღნიშნულ მიკროუბნებში წარმოებული დაკვირვებით ვაზის ზრდა დიდად არ ფერხდება, მაგრამ სამაგიეროდ უვითარდება შედარებით მომცრო მტევანი, უხეში და სქელკანიანი წვრილი მარცვლით.

ზამთრის ყინვებს გორული მწვანე საკმაოდ უძლებს, მით უმეტეს თუ ვეგეტატიური ნაწილები კარგადაა მომწიფებული. სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ექსპოზიციებზე და შემაღლებულ ადგილებზე იგი ყინვებს იტანს 14-18°-მდე ისე, რომ კვირტებიც არ ზიანდება. უფრო მეტი ყინვების მოქმედების შემთხვევაში მას მასობრივად უზიანდება კვირტები და რქებიც კი. განსაკუთრებით ყინვების მოქმედება მკვეთრად მჟღავნდება მდინარეთა ხეობების პირველ ტერასაზე.

ჯიშის სპეციფიკური აგროტექნიკის საკითხებიდან აღსანიშნავია გასხვლისა და მწვანე ოპერაციების ჩატარების საკითხი. დაკვირვებით დადასტურებულია, რომ გორული მწვანე ადვილად ეგუება, როგორც გრძელ ისე საშუალო და მოკლე სხვლას. ვაზის სიძლიერის შესაბამისად და მაღალი აგროტექნიკის ფონზე მისი დატვირთვა დასაშვებია 30 კვირტამდე.

აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ყვავილობის დაწყების მომენტში სანაყოფე რქაზე განვითარებული ყლორტების წვერების წაწყვეტა, რაც ხელს შეუწყობს უკეთ დაყვავილებას და ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვნად გადიდებას.

სამეურნეო და ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით გორული მწვანე ხარისხოვან საღვინე ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება და ქართლის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა შორის სამართლიანად უჭირავს პირველი ადგილი.

დიდი მტევნის წონა 240 გ. ხოლო მცირე მტევნისა 72 გ აღწევს, საშუალო წონა მერყეობს 126-დან 196,5 გ-მდე. საშუალო მტევანზე მარცვლების რაოდენობა მერყეობს 66-67-მდე, დიდ მტევანზე კი 170-მდე აღწევს.

გორული მწვანეს საშუალო მტევანში მარცვალი 96-96,5% შეადგენს; კლერტი 3,13-3,45%, კანი 16,5-17,1%, წიპწა 3,19- 3,28‰, ხოლო წვენის გამოსავალი 76,8-77,2% უდრის. ამრიგად იგი წვენის გამოსავლიანობით სავსებით აკმაყოფილებს საღვინე ჯიშისადმი წაყენებულ მოთხოვნას.

100 მარცვლის წონა მერყეობს 172-დან 186 გ-მდე. 100 მარცვალში 165-175 წიპწაა. 100 წიპწის წონა აღწევს 6,5-6,8 გ. ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 75%; ორწიპწიანი 20%; სამწიპწიანი 4% და ოთხწიპწიანი 1%. ამავე ადგილებიდან აღებული ყურძნის ნიმუშების ტკბილის ქიმიური ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა.

როგორც ანალიზის მონაცემებიდან ჩანს, ტკბილში შაქრიანობისა და მჟავიანობის საერთო შეფარდება შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად, ოდნავ მომჟავო, მაგრამ მეტად ხალისიანი თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად. შედარებით შემცირებული მჟავიანობით ხასიათდება გორული მწვანეს პროდუქცია კახეთში მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე (თელავი), რაც ეჭვს გარეშეა ამ მხარის ეკოლოგიური პირობების თავივსებურებებით უნდა აიხსნას.

გორული მწვანეს პროდუქცია მეღვინეობის თვალსაზრისით შესწავლილია აგრეთვე პროფ. გ. ბერიძის მიერ. დასახელებული ავტორის მიერ წარმოებდა ღვინის ქიმიური ბუნების შესწავლა და გემური თვისებების გამოკვლევა შიდა ქართლის უმთავრეს მიკრორაიონებიდან და მესხეთის ზოგიერთ იადგილებიდან მიღებულ ღვინომასალებზე.

ქართლის მეღვინეობის ძირითად რაიონებში, გორული მწვანის ღვინო ენერგიით ხასიათდება. ასე, მაგალითად, გორული მწვანეს ღვინოები მეჯვრისხევის, ხიდისთავის, ვაზიანის, მჭადისჯვრისა და სხვა ადგილებიდან, ახალი მარკის სუფრის ღვინის შექმნის ფართო შესაძლებლობას იძლევა.

შამპანური მევენახეობა-მეღვინეობის წარმოების თვალსაზრისით ქართლის რაიონებიდან პირველი ადგილი ეკუთვნის გორის რაიონს მასში შემავალი შემდეგი მიკრორაიონებით: მეჯვრისხევი, ხიდისთავი, ატენი. მომდევნო ადგილი ეთმობა კასპის რაიონს-ხანდაკის, ზემო ხანდაკის, ქვემოჭალის, კოდისწყაროს და კასპის მიკროუბნებით.

დასახელებულ მიკროუბნებში საშამპანურე ვაზის ჯიშთა შორის გორულ მწვანეს საპატიო ადგილი უჭირავს, როგორც საკუპაჟე ღვინომასალის მომცემ ჯიშს ხარისხოვანი შამპანური ღვინის დასამზადებლად. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გორული მწვანესა და ჩინურის კუპაჟი შამპანურისათვის გაცილებით მაღალხარისხოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ამ ჯიშებიდან ცალ-ცალკე დამზადებული, რასაც ქართული შამპანურის დამზადებისას უნდა მიექცეს ჯეროვანი ყურადღება.

დაკვირვებანი გორული მწვანეს ღვინის შენახვის უნარზე არ მოგვეპოვება, ვინაიდან იგი წარმოებაში ნარევის სახით მზადდებოდა და დღესაც მზადდება, მაგრამ მისი ორგანოლეპტიკური თვისებები მიგვითითებს ღვინის შენახვის კარგ უნარზე და ტრანსპორტაბელობაზე.

სათანადო მასალებიდან ირკვევა, რომ ქართლის ძველი მემამულე ბაგრატიონ-მუხრანელი თავის მამულში (ს. მუხრანში), ღვინოს ძირითადად გორული მწვანესაგან ამზადებდა და ეს ღვინო განთქმული იყო რუსეთის ფარგლებს გარეთაც, რომელსაც არაერთხელ მიუღია მაღალი შეფასება და ჯილდო პარიზისა და ნოვგოროდის გამოფენაზე, ყურძენი თავისი ორგანოლეპტიკური თვისებით საღვინეა.

ყურძენი საზამთროდ არ ინახება არც ვაზზე და არც დაკრეფილი. გორულ მწვანეს რამდენიმე ვარიაცია ახასიათებს, რომელთაგან აღსანიშნავია ე.წ. მუხა მწვანე. დოც. ნ. ჩახნაშვილის დაკვირვებით ეს ვარიაცია გორულ მწვანესთან შედარებით ნაკლები ზრდით ხასიათდება, ისხამს უფრო მომცრო ზომის მტევნებს, მარცვალიც წვრილი აქვს და საერთო მოსავლიანობითაც ჩამორჩება გორულ მწვანეს. ამის გამო იგი არ ჩაითვლება პერსპექტიულ ვარიაციად.

საერთო შეფასება და დარაიონება

ქართლის ცენტრალური რაიონებისათვის გორული მწვანე ძირითად ჯიშს წარმოადგენს. დასახელებულ მხარეში მისი პროდუქცია როგორც ამჟამად, ისე მომავალშიაც განკუთვნილი უნდა იქნეს ძირითადად ხარისხოვანი ევროპული ტიპის სუფრის ღვინის დასამზადებლად, ხოლო ზოგიერთ რაიონში (განსაკუთრებით მთისპირა ზონაში) იგი წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც საკუპაჟე მასალა ხარისხოვანი შამპანური ღვინის დასამზადებლად.

ეს ჯიში ფართოდ უნდა გავრცელდეს ქართლის ძირითადი რაიონების ყველა მიკროუბანში, სადაც კი მევენახეობა წამყვანია. ამავე დროს ამ მხარეში გავრცელებულ ვაზის პირდაპირ მწარმოებელთა ადგილი ამ ჯიშმა უნდა დაიკავოს, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობას ხარისხოვანი ყურძნის პროდუქციით, როგორც სუფრის ღვინის, ისე საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად.

როგორც დაკვირვება ცხადყოფს გორული მწვანე წარმატებით შეიძლება დაინერგოს აგრეთვე მესხეთში, განსაკუთრებით ახალციხისა და ასპინძის რაიონებში, აგრეთვე შუა და ზემო იმერეთის რაიონებში (ზესტაფონი, საჩხერე). აღნიშნულ რაიონებში ამჟამად არსებული ამ ჯიშის ნარგაობა როგორც კარგი ზრდა-განვითარებით, ისე პროდუქციის მაღალი ღირსებით ხასიათდება. ამიტომ აუცილებელია, რათა მთავარი ყურადღება მიექცეს გასამრავლებელი საკვირტე მასალის შერჩევას.

გორული, მწვანე, ვაზის, ჯიშიფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინოს“/GWA

დადასტურებულია, რომ მოსავლიან გორული მწვანის ნარგაობაში ხშირად გვხვდება ცრუყვავილა და მცირემოსავლიანი ვარიაციები, რომელნიც მოსახლეობაში ცნობილია უჯიშოს, ავფეხის და სხვა სახელწოდებით. საკვირტე მასალის შერჩევისას სწორედ ამ მდგომარეობას უნდა გაეწიოს ანგარიში და გორული მწვანეს გასამრავლებლად მასალა აღებულ უნდა იქნეს მხოლოდ წინასწარ სელექციური და მაღალმოსავლიანი ვაზებიდან.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

იხილეთ გარეთვე: გორულა (სასუფრე) – თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში

თქვენი რეკლამა