მსხალი (Pyrus communis L.) ტიპიური ზომიერი კლიმატის ხილია, რომლის წარმოშობის ძირითადი კერები განლაგებულია აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკებში (ჩინეთი), მცირე და შუა აზიაში.
სახეობათა წარმოქმნის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს სამხრეთ კავკასია და კერძოდ, საქართველო, სადაც მსხლის მრავალი სახეობაა აღწერილი. რომელთაგან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია პანტები (Pyrus caucasica Fed.) და ბერყენები. სწორედ პანტიდან წარმოიშვა მსხლის ადგილობრივი ჯიშების უმრავლესობა.
მსხალი მიეკუთვნება ვარდისებრთა (Rosacea) ოჯახს, Pyrus-ის გვარს, რომელიც აერთიანებს 24-ზე მეტ სახეობას. ძირითადი სამრეწველო ჯიშები წარმოშობილია ორი სახეობიდან – Pyrus communis L. (ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალიაში გავრცელებული ჯიშები) და Pyrus pyrifolia Burm. (სამხრეთ და ცენტრალურ ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ჯიშები).
მე-19 საუკუნის მიწურულამდე საქართველოში მხოლოდ მსხლის ადგილობრივი წარმოშობის ჯიშები არსებობდა. მსხლის უცხოური ჯიშები პირველად ქართლის ვაკეზე გავრცელდნენ. ეს ჯიშები ყინვებისადმი ნაკლებად მდგრადები იყვნენ, რის გამოც ნაკლებად გვხვდებიან მთიან რეგიონებში.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ