ბოტანიკური აღწერა
ქაღალდის ხე (Broussonetia papyrifera – ქაღალდის ბრუსონეცია) ბუნებრივად გავრცელებულია იაპონიასა და კორეაში. 10 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია, კვერცხისებრი ვარჯითა და შებუსული ყლორტებით.
ფოთლები გრძელყუნწიანია, კვერცხისებრი, 3-ნაკვთიანი, 20 სმ-მდე სიგრძის, კიდეებზე წვრილკბილებიანი ან ორმაგხერხკბილა; ქვემოდან მთელ ზედაპირზე ან ძარღვების გაყოლებით გრძელბეწვიანია. მამრობით ყვავილებიანი მჭადა 6 სმ-მდე სიგრძისაა, მდედრობითი ყვავილები კი 3 სმ-მდე დიამეტრის თავაკა ყვავილედებშია შეკრებილი.
ნაყოფი მრგვალია, 2 სმ დიამეტრის, მოწითალო-ნარინჯისფერი. ბუნებაში მრავლდება თესლით და ფესვის ნაბარტყით. ქაღალდის ბრუსონეციის ახალგაზრდა ყლორტის ქერქი და ლაფანი გამოიყენება მაღალხარისხოვანი ქაღალდის წარმოებაში, მისგან ამზადებენ ქოლგებს, ქსოვილებს, წყალგაუმტარ საწვიმრებს და სხვ.
აგროტექნიკა
საკმაოდ ყინვაგამძლეა. საქართველოში ყინვისგან არ ზიანდება. ნიადაგისადმი მცირედ მომთხოვნია. კარგად ხარობს ჭარბტენიან პირობებში წითელ და ყვითელმიწა მჟავე ნიადაგებზე. იგი საკმაოდ გვალვაგამძლეცაა.
იმდენად კარგად ეგუება მშრალ კლიმატსა და მცირე ნაყოფიერების ნიადაგებს, რომ ხშირად გვხვდება მწირ ნიადაგებზე, ნაშალებზე, ყორეებზე, დანგრეულ შენობათა კედლებზე და სხვ. თითქმის ვერ იტანს ატმოსფერულ და ნიადაგის დაბინძურებას.
სინათლის მოყვარულია, ცუდად ან საერთოდ ვერ იტანს დაჩრდილვას. დაჩრდილული მცენარეები თითქმის არ ყვავილობენ და მალე ხმებიან.
გამწვანებაში გამოყენება
მეტად საინტერესო სახეობაა დეკორატიული მებაღეობისათვის, განსაკუთრებით შემოდგომაზე – წითელი ნაყოფებითა და მოყვითალო-ნარინჯისფერი ფოთლებით. აღმოსავლეთ საქართველოში ხშირად გვხვდება კულტურაში.
წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი .
იხილეთ გარეთვე: საპნის ხე – კულტურა, მისი დარგვა და გამოყენება