თებერვალი ზამთრის მესამე თვეა, თოვლით და სიცივით, თუმცა დღის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იზრდება, მზე უფრო თბილი და ნათელი ხდება, შესაბამისად ბუნება და ჩვენი ბაღიც გასაღვიძებლად ემზადება.
მეურნე ადამიანი, საგაზაფხულო სამუშაოების შემსუბუქებისთვის სწორედ ამ თვეში იწყებს აქტიურ ზრუნვას.
თებერვლის თბილ დღეებში, ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ ხეხილის ხეები, უნდა მოვაშოროთ შემორჩენილი ფოთლები და ნაყოფი-ხშირად სწორედ მათში იზამთრებს ნაყოფის სიდამპლე, რამაც შეიძლება დაავადოს ნარგავები და შეამციროს მოსავლიანობა.
ასევე ყურადღებით დაათვალიერეთ ხეხილის ვარჯი, ქერქში ხშირად მავნებლები დებენ კვერცხებს, მათი მოშორება აუცილებელია რადგან, დათბობისთანავე მატლები გამოიჩეკება და ტოტებს, ყლორტებსა და კვირტებს დააზიანებს.
მნიშვნელოვანია მუხლუხო მატლების მოცილება, რომლებიც ხეებზე იზამთრებენ.
თუ ტემპერატურული რეჟიმი დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრად იცვლება, ხეები კირხსნარით შეათეთრეთ (10 ლიტრ წყალზე 2-3 კილოგრამი გადამწვარი კირი).
ამავე მიზეზით, ხეებზე ზოგჯერ ქერქი სკდება მაღლა იწევს (ვარჯს შორდება) და ქერქის ქვეშ დარჩენილი სიცარიელე მავნებელთა ბუდედ იქცევა. ამ შემთხვევაში ქერქი შეგიძლიათ წვრილი ლურსმნით მიაჭედოთ და იგი გაზაფხულზე ისევ შეეზრდება ხეს, ან მოაცილეთ და ბაღის მალამო წაუსვით, რომ ჭრილობა არ დარჩეს.
თებერვალში, თუკი თბილი ამინდები დადგა, აუცილებელია, დავიწყოთ ხეხილის და კენკროვანი კულტურების გასხვლაც, სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურების მოწესრიგება უპირველესი საქმეა, რომ მერე კარგი მოსავალი მოგვცეს.
კენკროვან კულტურებს გადაბერებული, დაავადებული და სუსტი ტოტები უნდა მოვაცილოთ, რომ მსხმოიარობა უხვი იყოს.
მნიშვნელოვანია აგრეთვე უხვი ნალექის პირობებში, ნარგავებში არ დადგეს თოვლის ნადნობი ან წვიმის წყლები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელად ჩაატარეთ სადრენაჟო ღონისძიებები, რომ მცენარეთა ფესვთა სისტემა ჭარბმა ტენმა არ დააზიანოს.
ამავე პერიოდში შეადგინეთ თესვის და დარგვის პირადი სამეურნეო კალენდარი. უნდა განსაზღვროთ, რისი დათესვა/დარგვა გინდათ, სად უნდა მოიძიოთ, მომზადეთ თესლი დასათესად, დააფასოვეთ დათესვის დროის მიხედვით, დაიწყეთ ჩითილების გამოყვანა-დახურულ სივრცეში.
გამხმარი, დატეხილი ტოტები, ნასხლავი, ფოთლები და სხვა ორგანული ნარჩენები მოაგროვეთ და გამოიყენეთ: კომპოსტირებისთვის, ბრიკეტირებისთვის, კვლების ამაღლებისთვის და ა.შ.
გაზაფხულზე ბევრი საქმე გექნებათ, ამიტომ გარკვეული სამუშაოები სჯობს ეხლა მოილიოთ.
შეადგინეთ ფერმერის დღიური, დაიწყეთ ჩატარებული სამუშაოების და გაწეული ხარჯების აღრიცხვა, რათა წლის ბოლოს შეძლოთ დადგენა, რამდენად შემოსავლიანი იყო თქვენთვის მეურნეობა, რამდენად დაფსდა თქვენი შრომა. გარდა ამისა ეს დაგეხმარებათ, შემდეგ წლის სამუშაოების უკეთ და ეფექტურად დაგეგმვაში.
წარმატებულ და მოსავლიან წელიწადს გისურვებთ!