ვაზის საძირე ლერწი აიჭრება შემოდგომით, ფოთოლცვენიდან ორი კვირის შემდეგ. აჭრის დროს ვაზს აცლიან ყველა რქას, უტოვებენ 2-3 კვირტს. ამისათვის რქებს წინასწარ ათავისუფლებენ მავთულისაგან, ნამხრევისა და პწკალისაგან, რქას აცლიან აგრეთვე მოუმწიფებელი წვერის ნაწილს, შემდეგ ლერწს გამოიტანენ, დაჭრიან და ახარისხებენ.
ლერწი სამი საძირისათვის დაიჭრება 110-120 სმ-ზე, ორისათვის _ 75-80 სმ-ზე და ერთისათვის _ 35-40 სმ-ზე. პირველ ხარისხს მიეკუთვნება 7-12 მმ სიმსხოს ლერწი, მეორე ხარისხს 6-7 მმ სიმსხოს ლერწი, რომელიც გამოიყენება სანერგეში დასაფესვიანებლად.
6 მმ-ზე ნაკლები სიმსხოს ლერწი ჩაითვლება წუნდებულად.
მიღებული დარგობრივი სტანდარტის თანახმად, სამყნობად აღებული საძირე უნდა იყოს დარაიონებული წმინდა ჯიშის, საღი, მომწიფებული და მექანიკურად დაუზიანებელი.
შემოსული რქის საერთო დიამეტრი ორჯერ უნდა აღემატებოდეს მისი გულგულის დიამეტრს. ამის დასადგენად რქის დიამეტრი გაიზომება მის ცენტრალურ ნაწილში, მუხლთაშორის შუა, გარდიგარდმო გადანაჭერზე.
კამბიუმი (მცენარის ლაფანსა და მერქანს შორის მოქცეული უჯრედების ფენა, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ზრდას სისქეში) ამ გადანაჭერზე უნდა იყოს ღია მწვანე ფერის; დიაფრაგმის განვითარება და ფერი განისაზღვრება მუხლთაშორისის სიდიდით, იგიც უნდა იყოს ღია მწვანე ფერის, რქის მომწიფება განისაზღვრება აგრეთვე მერქნის სიმაგრით; ქერქი ადვილად უნდა სცილდებოდეს ან გადაწევის დროს სკდებოდეს. თუ რქა წრიულად გადაიგრიხა, ეს ნიშანია რქის მოუმწიფებლობისა.
გარდა ამისა, რქის მომწიფების ხარისხი განისაზღვრება მასში სახამებლის შემცველობით. ამისათვის რქის ახალი გადანაჭერი 1-2 წუთით უნდა მოვათავსოთ იოდისა და სპირტის ხსნარში, მომწიფებულ რქის გადანაჭერს უნდა ჰქონდეს ღია მუქ ლურჯამდე გარდამავალი შეფერვა, ამ შემთხვევაში შეფერადების ინტენსივობა იზრდება რქაში სახამებლის შემცველობის გადიდებით.
საერთოდ რქა არ უნდა იყოს დაავადებული ლაქიანი ნეკროზით, ნაცრისფერი სიდამპლით და სხვ.
ლაქიანი ნეკროზის განსაზღვრისათვის საჭიროა რქები მოვათავსოთ საპროვოკაციო პირობებში: დავალბოთ წყალში ან დავაფაროთ პოლიეთილენის აფსკი და გავაჩეროთ 3-5 დღე 15-200C ტემპერატურაზე. თუ რქის ქერქის აფხეკისას შევამჩნევთ 5 მმ მუქ-ყავისფერ ლაქებს, იგი ნეკროზით დაავადებულად ჩაითვლება. ასევე, თუ რქის გასწვრივ გაჭრისას გამუქებული ქსოვილებია ან გარდიგარდმო გადანაჭერზე ნაცრისფერი ნაფიფქია, რქა ნაცრისფერი სიდამპლით დაავადებულად ჩაითვლება.
შენახვის წინ აუცილებელ პირობას წარმოადგენს აჭრილი და დამზადებული საძირე რქები 5-10 სთ. განმავლობაში დაილბოს სპეციალურ სადეზინფექციო (რეგისტრირებულ) ფუნგიციდებში. ასეთი წესით მომზადებული ფილოქსერაგამძლე ვაზის რქები სათანადო ეტიკეტირებით ჩაეწყობა სხვადასხვა ზომის სპეციალურ პერფორირებულ პოლიეთილენის ტომრებში, შეეკვრება თავი და ხანგრძლივი დროით შესანახად განთავსდება სათავსო-მაცივრებში (სტელაჟებზე) +2+40C ტემპერატურაზე, 80-85% ჰაერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში.
სანამყენე მასალის შერჩევა, აჭრა და შენახვა
სანამყენე მასალის აჭრის დრო ძირითადად დამოკიდებულია ადგილის ეკოლოგიურ პირობებზე, იმ ადგილებში, სადაც ზამთარში დიდი ყინვებია მოსალოდნელი, რასაც შეუძლია რქებისა და კვირტების დაზიანება, სანამყენე მასალა უნდა აიჭრას შემოდგომით, ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე; ხოლო იქ, სადაც ყინვების საშიშროება არ არის, საკვირტე მასალის აჭრა წარმოებს ადრე გაზაფხულზე, ვაზში წვენთა მოძრაობის დაწყებამდე, შერჩეული ვაზებიდან უნდა აიჭრას არანაკლებ 7-12 მმ-ის მქონე დიამეტრის რქები, მოუმწიფებელი წვერის ნაწილი უნდა მოცილდეს, 100-200-ცალიან კონებად შეიკრას და გაუკეთდეს ეტიკეტი.
სანამყენე მასალა რომ არ გამოშრეს, საჭიროა მისი დეზინფიცირება და შენახვა იგივე წესით, როგორც იყო აღწერილი საძირე რქების შენახვისას (შენახვა სათავსო-მაცივარში).. სათავსოში დაცული უნდა იყოს მუდმივი ტემპერატურა +2 +40C და 80-85% ჰაერის ფარდობითი ტენიანობა.
მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.
იხილეთ აგრეთვე: ვენახის გაშენება, ნერგის გამოყვანა და მოვლა-პატრონობა