როგორ დავრგოთ მსხალი, მსხლის ბაღის გაშენება და მოვლა

მსხალი

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

• ბოტანიკური აღწერა

მსხალი ეკუთვნის ვარდყვავილოვანთა (pyrus) ოჯახის, ვაშლოვანთა ან თესლოვანთა ქვეოჯახის (Rosaceae) Pyrus L.-ის გვარს.

გავრცელების არეალის მიხედვით, მსხალი მეორე ადგილზეა ვაშლის შემდეგ. ბუნებრივ პირობებში საშუალო ან დიდი ზომის ხეა, იზრდება 5-25მ-დე და ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 80-100 წელი.

მსხლის ნაყოფის გემო და არომატი ნიადაგურ პირობებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე მსხლის ნაყოფი ხშირად მჟავეა, მშრალი და მწარე, უვითარდება დიდი რაოდენობით გამაგრებული უჯრედები.

• დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან

მსხალი სინათლის მოყვარულია, ნაკლებად გვალვაგამძლე. მოითხოვს ღრმა ნიადაგებს, რადგან მათი ფესვები ძირითადად 1,5 მეტრ სიღრმეზე ვითარდება.

მსხმოიარობას იწყებს 3-5 წლიდან, მეწლეობა ნაკლებად ახასიათებს. მსხლის უმეტესი ჯიშები, მსხმოიარობს მეჭეჭა ტოტებზე და სანაყოფე ჩანთებზე. ზრდისა და მსხმიარობის თავისებურებით წააგავს ვაშლს.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა ჯიშების მიხედვით 240-260 დღეს შეადგენს. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 18-25 ტონას შეადგენს. ნარგაობის საექპლუატაციო ხანგრძლივობა 25-30 წელია და იგი დამოკიდებულია ბაღის ტიპსა და საძირეზე.

ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მსხალი ცალკეული ფენოლოგიური ფაზის გავლისთვის საჭიროებს სხვადასხვა ტემპერატურას: კვირტების გახსნის პერიოდში საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა უნდა იყოს 100C, ხოლო სანაყოფე კვირტების ფორმირებისათვის საჭიროა მინიმუმ 150C ტემპერატურა. ძლიერი ვეგეტატიური ზრდის ფაზაში მსხალი 30C -ზე უკვე ზიანდება. ახალგაზრდა ნასკვებისათვის კრიტიკული ტემპერატურაა 1,50C, ხოლო გაშლილი ყვავილებისათვის კი 1.00C.

მსხლის კულტურა ტენის მიმართ საშუალო მომთხოვნად ითვლება, მაგრამ იგი დამოკიდებულია როგორც გარემო-პირობებზე, ასევე ნიადაგებზე და აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარებაზე.

მსხალი კარგად ხარობს და ხარისხიან ნაყოფს იძლევა შავმიწა და წაბლა კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგებზე, რომელთაც გააჩნიათ წყლის და საკვები ელემენტების კარგი შეკავების უნარი.

დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიანი არეალების პირობებში მსხალი შედარებით უფრო ხშირად ავადდება ქეცით. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი ეს დაავადება ვაშლთან შედარებით უფრო ნაკლებად აზიანებს მსხალს.

კულტურის ზოგადი დახასიათება

მსხალი, ბაღი, დარგვა, მოვლა

მსხლის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა

მსხლის ნაყოფი შეიცავს 7.61-13.17% შაქრებს, მათ შორის ფრუქტოზას 5.17-5.72%, გლუკოზას 2.2-2.57% და საქაროზას 0.25-4.88%. ნაყოფი გამოიყენება როგორც ნედლად მოხმარებისათვის, ასევე გადამუშავების და დაკონსერვებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ მსხლის ნაყოფში შაქრების შემცველობა ვაშლთან შედარებით ნაკლებია, მას უფრო ტკბილი გემო აქვს, რადგან მის ნაყოფში მჟავების რაოდენობაც მცირეა.

მსხლის ზოგიერთი გავრცელებული ჯიში

• გოგრა მსხალი

ნაყოფის აღწერა – ნაყოფი საშუალო ზომისაა (6.3X5.4), გაურკვეველი მოყვანილობის, ბორცვიანი ზედაპირით. ნაყოფის კანი გლუვია, მკვრივი, მომწვანო-მოყვითალო, ცალი გვერდი ხშირად ბაცვარდისფრად არის შეფერილი, ახასიათებს სუსტი ცვილისებრი ფიფქი.

კანზე კარგად ემჩნევა ხშირი და მუქი კანქვეშა წერტილები. რბილობი მოყვითალო-თეთრია, მსხვილმარცვლოვანი, საშუალოწვნიანი და ტკბილი. ხასიათდება კარგი გემური თვისებებით.

მსხმოიარობაში შესვლა – ძლიერად მზარდი ხეა, ივითარებს ხშირად დატოტვილ მრგვალ ვარჯს. ძლიერ საძირეზე დამყნილი მე-7-8 წელს შედის მსხმოიარობაში. მსხმოიარობა რეგულარულია, მკაცრი მეწლეობა არ ახასიათებს.

გვიან ყვავილობს ამიტომ გაზაფხულის წაყინვებისაგან ყვავილის დაზიანება იშვიათია.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – ნაყოფი იკრიფება სექტემბრის პირველ ნახევარში. დამატებითი ინფორმაცია – შენახვის კარგ პირობებში ძლებს 2-3 კვირა. ნაკლებად იტანს ტრანსპორტირებას. თუმცა ნაყოფი ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით. ნაყოფი ადვილად ავადდება ქეცით. პრაქტიკულია სამრეწველო ბაღებში გასაშენებლად.

გულაბი

ნაყოფის აღწერა – ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, ტიპური მსხლის ფორმის, ყუნწი გრძელია, ოდნავ მოღუნული. კანი სიმწიფეში თხელი და ნაზია. ძირითადი ფერი მოყვითალო-ლიმონისფერია. კარგად ემჩნევა კანქვეშა მწვანე წერტილები. რბილობი თეთრია, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის, წვნიანი. არ ახასიათებს სიმჟავე.

მსხმოიარობაში შესვლა – ხე ძლიერია. ახასიათებს სხვადსხვა ფორმის ვარჯი. ძლიერ საძირეზე დამყნილი მე-8-10 წელს შედის მხმოიარობაში. ახასიათებს უხვი და შედარებით რეგულარული მსხმოიარობა.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – მწიფდება აგვისტოს პირველ ნახევარში. ნაყოფი გამოიყენება, როგორც ზაფხულის ხილი.

დამატებითი ინფორმაცია – ნაყოფი მაღალი ხარისხისაა. ხასიათდება დიდი მომთხოვნელობით გარემო პირობების მიმართ. გადასამუშავებლად არ გამოიყენება. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს მეხილეობის რაიონებში. არჩევენ კახურ, ქართლური, მესხურ და სხვა გულაბის სახეობებს.

• ვილიამსი

ნაყოფის აღწერა – ნაყოფი მსხვილია. იგი მოგრძო ფორმისაა, ბორცვიანი ზედაპირით. კანი თხელია, ღია-მწვანე ფერის, სრულ სიმწიფის პერიოდში იღებს ლიმონისებრ-ყვითელ შეფერილობას.

ნაყოფის ზედაპირზე გაფანტულია მორუხო-ნაცრისფერი წერტილები. ზოგჯერ ჟანგისფერი ხალებიცაა, მზის მხარეზე უჩნდება ღია-მოვარდისფრო ლოყა. ყუნწი საშუალო სიგრძისაა. რბილობი თეთრია, ნაზი, მდნარი, ერბოსებრი. ნაყოფი სასიამოვნოდ მოტკბო-მომჟავოა. იგი გადამწიფებისას ძლიერ ქაშდება და კარგავს გემურ თვისებებს.

მსხმოიარობაში შესვლა – ხე საშუალო ზრდისაა, ივითარებს პირამიდული ფორმის ვარჯს. პანტაზე დამყნილი ხე მე-5-6 წელს შედის მსხმოიარობაში. კომშზე დამყნილი ძლიერ სუსტი ზრდისაა. მსხმოიარობა რეგულარულია, მკაცრი მეწლეობა არ ახასიათებს.

ყვავილობს გვიან. სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – ნაყოფი არ ცვივა. იკრიფება აგვისტოში. დაკრეფილი ნაყოფი 10-12 დღის შემდეგ მწიფდება.

დამატებითი ინფორმაცია – ჯიში გარემო პირობებისადმი შედარებით მომთხოვნია, ნაყოფი და ფოთოლი ქეცისადმი გამძლეა. ხე საუკეთესო ხარისხის პროდუქციას იძლევა შიდა ქართლში და კახეთის ზონაში. ჯიში ადვილად ზიანდება ნაყოფჭამიათი.

მოსავლის აღების ვადის დარღვევა/დაგვიანება დაუშვებელია – ნაყოფი ხეზე დამწიფებისას მთლიანად კარგავს გემურ თვისებებს.

• კონფერენსი

ნაყოფის აღწერა – ნაყოფი ყვითელია, მსხვილი. განსაზღვრულია საშემოდგომო-საზამთრო მოხმარებისათვის. სიმყიფის პერიოდი ყვავილობიდან დგება 130-145 დღის შემდეგ.

ადგილი თესლბრუნვაში

მსხლის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (pH)

მსხლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი. ან, მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება (კულტურის გაშენებამდე 4-5 წლით ადრე).

ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთის მხარეს არსებულ ფერდობებზე.

ამავე დროს, ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი. დიდი მნიშვნელობა აქვს გრუნტის წყლების დგომის დონეს. იგი არ უნდა იყოს 1 მეტრზე მაღლა. სხვა შემთხვევაში აუცილებელია სადრენაჟო სისტემის მოწყობა.

როგორც უკვე აღინიშნა, მსხალი კარგად იზრდება, მსხმოიარობს და ხარისხიან ნაყოფს იძლევა შავმიწა და წაბლა კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგებზე, რომელთაც გააჩნიათ წყლის და საკვები ელემენტების კარგი შეკავების უნარი. ასევე მსხალი კარგად ხარობს ყავისფერ, მუქ და რუხი ტყის ნიადაგებზე. ქვიშიან ნიადაგებზე მსხალი ცუდად ხარობს მსხლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6.0-დან 7.5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ მსხლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის მსხლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ნიადაგის არეს ხელოვნური რეგულირება აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

• ნიადაგის დამუშავება მსხლის ბაღში

მსხლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება.

თავდაპირველად, ახალგაზრდა ხეხილის ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე ბაღში შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა.

ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5- ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია მსხლის ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით.

ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.

მსხლის ბაღის გასაშენებელი ნიადაგის დამუშავება

საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის კულტირება უნდა ჩატარდეს წინამორბედი კულტურების (ტყე, ბუჩქნარი, საძოვარი, სათოხნი კულტურები) და უშუალოდ კონკრეტული არეალისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით.

ამ მხრივ, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სამი უმთავრესი მეთოდიდან ერთ-ერთი. ეს მეთოდებია:

• მთლიანი მეთოდი – გულისხმობს მთელი ფართობის ღრმა საპლანტაჟო მოხვნას სასუქების ერთდროული ჩაკეთებით;

• ზოლებრივი მეთოდი – პლანტაჟი და სასუქების შეტანა ხორციელდება მომავალი რიგების ადგილებზე;

• ადგილობრივი მეთოდი – იხვნება ჩვეულებრივი გუთნით, ხოლო ნერგები ირგვება ღრმა ორმოებში დაპლანტაჟებულ ფენებში უმჯობესდება აერაცია, წყლის რეჟიმი, ძლიერდება ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობა.

უმთავრესად, პრაქტიკაში მსხლის გასაშენებელი ნიადაგის მომზადება მიმდინარეობს შემდეგი სახით: თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.

იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით.

თუ მსხლის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა მსხალი ან ვაშლი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა მსხლის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

მსხლის ბაღის გაშენება

დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე. ასევე, შესაძლებელია დარგვისათვის გაკეთდეს 25-დან 35 სმმდე სიღრმის ტრანშეები.

ნერგი. მსხლის ხარისხიანი ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.

დარგვის სქემები:

• ძლიერ საძირეებზე (პანტა, კულტურული ნათესარი) დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 7-8 მეტრი, მცენარეებს შორის – 6-8 მეტრი;

• ნახევრად ნაგალა საძირეებზე (Ma, Ba-29) — 4,0-5,0X2,5-3,0. ანუ რიგთაშორის 4,5 მეტრი, მცენარეებს შორის – 1,5-2,0 მეტრი;

• ნაგალა საძირეზე (MC) – რიგთაშორის 3-4 მეტრი, ხოლო რიგში მცენარეებს შორის – 0,8-1,25 მეტრი. (ნაგალა საძირისათვის აუცილებელია საყრდენი სისტემა).

დარგვის წესი. დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე, (ნაგალა ნერგების ნამყენი ადგილი უფრო მაღლა: 10-15 სმ. სიმაღლეზე).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაგალა საძირეებზე დამყნობილი მსხლის ნერგების ნამყენი ადგილი, რაც უფრო ზევით იქნება განთავსებული ნიადაგის ზედაპირიდან მცენარე ზრდაში შეიზღუდება და მალე შევა მსხმოიარობაში.

დარგვამდე უნდა შეიკვეცოს ფესვები და დარჩენილ ფესვთა სისტემა, ორმოში თანაბრად უნდა გაიშალოს, მიეყაროს ფხვიერი მიწა, კარგად მოიტკეპნოს, მოირწყას და აიკვრას ჭიგოზე.

დარგვის დრო. შემოდგომა, ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე ყინვების დაწყებამდე ან ადრე გაზაფხული.

ნიადაგის განოყიერება დარგვისას

სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.

გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის შეტანა ერთ ჰექტარზე.

ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება. გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ნიადაგის განოყიერება მსხლის ბაღში. მსხლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

• აზოტი N-2,0-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე;
• ფოსფორი 0,13-0,22%/მშრალ ნივთიერებაზე;
• კალიუმი 1,4-1,8%/მშრალ ნივთიერებაზე;
• მაგნიუმი Mg-0,24-0,45%/მშრალ ნივთიერებაზე;
• კალციუმი Ca-1,1-1,3 %/მშრალ ნივთიერებაზე.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა მსხლის ბაღში შეტანილი იქნას 120-140 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

• აზოტი N – ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ;
• ფოსფორი P – ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში;
• კალიუმი K – იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.

მსხლის ტენით უზრუნველყოფა

მსხალი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია ყვავილობის დასრულების, ნაყოფების დამსხვილების ეტაპებზე და სიმწიფის პერიოდში.

მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

მორწყვა წვეთოვანი სისტემით. ერთი მორწყვის ნორმა: 60-80 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 15-25-ჯერ.

მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის ნორმა: 600-800 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 5-7-ჯერ.

მსხლის მოსავლის აღება-შენახვა

მსხლის მოსავალს იღებენ ჯიშებისათვის დამახასიათებელი სიმწიფის პერიოდების მიხედვით. თუ ნაყოფების გადატანა შორ მანძილზე ხდება, კრეფენ მოსახმარ სიმწიფემდე ცოტა ადრე, რომ გაადვილდეს მათი გადაზიდვა და პროდუქციამ გზაში არ დაკარგოს თავისი ხარისხი.

მსხალი იკრიფება ხელით, კალათებში ან ხელის სხვა ჭურჭელში და შემდეგ თავსდება შესანახ ბუნკერებში. ნაყოფის კრეფა წარმოებს ქვემოდან ზემოთ.

მსხლის შენახვისას საწყობების სათანადო დეზინფექცია-გასუფთავება, ასევე ტემპერატურის და ტენიანობის სათანადო რეგულირება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ისინი გავლენას ახდენენ დაკრეფის შემდეგ შენახვის ვადაზე/მდგომარეობაზე.

აღნიშნული პირობების გარდა მსხლის შენახვის ვადა ასევე დამოკიდებულია ჯიშისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. მაგალითად, მსხლის საშემოდგომო ჯიშები უფრო ნაკლები დროის განმავლობაში ინახება, ვიდრე მისი საზამთრო ჯიშები.

მსხლის შენახვის ოპტიმალური პირობები და საორიენტაციო ვადებია:

საზამთრო ჯიშები:

• ოპტიმალური ტემპერატურა – 0,5-1°С;
• ჰაერის ოპტიმალური შეფარდებითი ტენიანობა – 90-95%;
• შენახვის საორიენტაციო ვადა აღნიშნულ პირობებში – 4-8 თვე.

საშემოდგომო ჯიშები:

• ოპტიმალური ტემპერატურა – 0-1°С;
• ჰაერის ოპტიმალური შეფარდებითი ტენიანობა – 90-95%;
• შენახვის საორიენტაციო ვადა აღნიშნულ პირობებში – 1-2 თვე;

გასხვლა

არსებობს მსხლის გასხვლის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, საშუალო საძირეებზე გამოიყენება ცენტრალურ-ლიდერული ფორმირება ან შპინდელი, ნაგალა საძირეებზე – შპინდელი და სხვ.

ცენტრალურ-ლიდერული წესით გასხვლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ დროს კვეცავენ და ამოკლებენ გვერდით ტოტებს, რათა მეტად განვითარდეს ცენტრალური (ანუ ლიდერი) ტოტი თუმცა იგი ზედმეტად რომ არ გაიზარდოს, მასაც ამოკლებენ 1/3-ით.

ყოველ მომდევნო გასხვლისას ტოვებენ ისეთ ახლად წარმოქმნილ გვერდით ტოტებს, რომლებიც მავთულის გასწვრივ ვითარდებიან და საბოლოო ჯამში მცენარე კონუსურ ფორმას იღებს.

შპინდელის ფორმით სხვლის დროს კი დაუტოტავი ნერგი იკვეცება 70-80 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო დატოტვილი ზედა ტოტიდან 30-40 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში (ზაფხულში) ამოიჭრება ლიდერის კონკურენტი ტოტები, ხოლო ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე.

მეორე წელს, თუ მცენარეს ძლიერი ზრდა შეუნარჩუნდება, ლიდერი არ იჭრება, მოიჭრება მხოლოდ კონკურენტი და ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. ასეთნაირად გრძელდება 4-5 წლის განმავლობაში. შემდეგში ხდება მობერებული ვერტიკალურად მოზარდი, ჩახშირებული და ნაკლებად პროდუქტიული ტოტების გამოხშირვა.

ქლიავი, აგროტექნოლოგია

მსხლის გასხვლის მეთოდის შერჩევისას, ასევე მხედველობაშია მისაღები ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქარისაგან დაცულობის თვალსაზრისით.

მსხლის წარმოების აგროტექნოლოგიური რუკა
ფართობი 1ჰა; დაგეგმილი მოსავალი 20 ტ.

მსხალი, ბაღი, დარგვა, მოვლა

შენიშვნა: *მოცემულია მოღვარვით მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა და ფასი ხოლო წვეთოვანი სისტემით მორწყვისას კი მსხალი ირწყვება 20-30-ჯერ. **მოცემულია წამლობების საორიენტაციო ჯერადობა.***ფასები შეტანილია შედგენის დროს და ცვლადია, შესაბამისად ცხრილში ისინი ჩაანაცვლეთ, თქვენთვის მიმდინარე პერიოდის ფასებით. ცხრილი მოცემულია შაბლონის სახით.

შემდგენლები:

ზვიად ბობოქაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
შოთა ლამპარაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ნოდარ ბერიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა