კომპოსტი, კომპოსტის დამზადება და გამოყენება-ორგანული მეურნეობა

3750 Views Comment Off

კომპოსტირება — ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის ურთიერთ ზემოქმედების შედეგად.

კომპოსტირების პროცესი მიმდინარეობს რამოდენიმე ეტაპად. კერძოდ, მეზოფილური,თერმოფილური, გაციებისა და მომწიფების ეტაპები. ლპობის ძირითადი პროცესები ორგანული მასის შუაგულში მიმდინარეობს.

ამ დროს ძირითადად აქტიურდებიან მიკროორგანიზმები, რომელთა აქტიურობის ფონზე კომპოსტის შუაგულში ტემპერატურა ცელსიუსით 70 გრადუსს აღწევს. შედეგად ნადგურდება მავნე ორგანიზმები და მათი კვერცხები.

კომპოსტირების შემდგომ ეტაპზე ხდება სოკოების,სხვადასხვა ჭიებისა და სხვადასხვა ორგანიზმების დაშლა. ამ პროცესის გარეგნულ გამოვლინებაზე მეტყველებს კომპოსტის გროვის დაწევა.

ამ პროცესების შედეგად მიიღება აზოტით მდიდარი, უხეში, ახალი კომპოსტი. კომპოსტის დამწიფებას კიდევ 2-3 თვე სჭირდება, რომლის დროსაც ჭიაყელების აქტიური ცხოველმყოფელობის შედეგად კომპოსტი იღებს მუქ ფერს და ხდება ფორიანი.

კომპოსტში ძალიან ძვირფასია ე.წ. ჰუმინის მჟავები, რომლებსაც ძალიან დიდი როლი ეკისრებათ კომპოსტირების პროცესში და წარმოიქმნებიან კომპოსტირების ბოლო ეტაპზე, როდესაც კომპოსტის გროვაში წარმოიქმნება ნიადაგის მიკროფლორა.

დაკომპოსტების  საუკეთესო მაგალითს ბუნება გვაძლევს — ტყეში ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს. ყველანაირი ორგანული ნარჩენები, რომლებიც ტყეში არსებობს, ნიადაგის მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ტყის ნაყოფიერ მიწად გარდაიქმნება.

ეკოლოგიური მეურნეობა ბუნებაში არსებულ კანონზომიერებებს ეფუძნება -კულტურული მცენარეებისათვის მაქსიმალურად ბუნებრივი პირობების შექმნა. ამ მიმართულებით კომპოსტის დამზადებას და ნიადაგში შეტანას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კომპოსტი ერთი მხრივ აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, მის ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებს და მეორე მხრივ უზრუნველყოფს მცენარეებს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით.

კომპოსტირების დროს ორგანულ მასაში მატულობს მცენარისათვის ადვილად შესათვისებელი საკვები ელემენტები (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი). ხდება პათოგენური მიკროფლორისა და კვერცხების განადგურება, მცირდება ცელულოზისა და პექტინების რაოდენობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საკვები ელემენტების მცენარისათვის ადვილადშესათვისებელ ფორმაში გადასვლის პროცესს.

კომპოსტირებისათვის გამოიყენება ის ორგანული ნარჩენები, რომლებიც უხვადაა ჩვენს მეურნეობებში, როგორიცაა შინაური ცხოველების ან ფრინველის ნაკელი, ტორფი, ჩამდინარე წყლების ლამი, ფოთლები, ბალახი, სამზარეულოს ორგანული ნარჩენები, ნაცარი, კვერცხის ნაჭუჭი და სხვა.

კომპოსტირებაში არ შეიძლება გამოვიყენოთ!!!

• დაავადებული ან მავნებლებით ძლიერ დაზიანებული მცენარეები.

• სოკოვანი დაავადებებით დასნებოვნებული მცენარეები.

• შხამიანი მცენარეები (ლენცოფა, კონიო, აბუსალათინი, ლემა). მათ შეუძლიათ გაანადგურონ ნიადაგში მცხოვრები სასარგებლო მიკროორგანიზმები.

• მცენარეები, რომელთა დაშლის პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს

• მცენარეები, რომელთაც ახასიათებთ დიდი მჟავიანობა (ფიჭვის წიწვი)

• კატისა და ძაღლის ექსკრემენტები (შესაძლებელია პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს შეიცავდეს). ეს უკანასკნელნი ყოველთვის არ კვდებიან კომპოსტირების გროვის გახრწნის დროს.

• დაავადებული ცხოველის ნაკელი ან სხვა ორგანული ნარჩენები.

• მეტალი, პლასტმასი, შუშა, ხის დიდი ნაჭრები, დიდი რაოდენობით ქაღალდი.

კომპოსტის დამზადების ძირითადი პრინციპები

1) კომპოსტისათვის ბაღში უნდა შეირჩეს საშუალოდ დაჩრდილული ადგილი. იგი სახლიდან მოშორებით უნდა იყოს. კომპოსტის მასის სიგრძე 1-1,5 მეტრი, ხოლო სიგრძე ნებისმიერი შეიძლება იყოს.

2) შერჩეული ადგილი ბარით უნდა გაფხვიერდეს 30-60სმ-ის სიღრმეზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი დრენაჟი.

3) კომპოსტი ფენა-ფენა მზადდება. პირველ ფენად ბუჩქნარის ან ვაზის დაქუცმაცებული ანასხლავი, ფიჩხი, თივა, ნამჯა, ჩალა ან სხვა ძნელად შლადი ნარჩენები უნდა დავაწყოთ.

4) შემდეგ ფენად გამოდგება ნებისმიერი ორგანული ნარჩენი: ნაფცქვენები, ნაჭუჭი, ნაკელი, ჩამოცვენილი ფოთლები, სარეველა ბალახი და სხვა. ეს ყველაფერი 30-40 სმ-იან ფენად უნდა გაიშალოს.

5) ამ მასას ზემოდან 5 სმ მიწის ფენა უნდა მოეყაროს.

6) მიწას ზემოდან უნდა მოეყაროს ნაცრის ფენა.

7) ასეთი წყება უნდა განმეორდეს რამოდენიმეჯერ, სანამ კომპოსტის გროვის სიმაღლე 1-1,5 მეტრს არ მიაღწევს. გროვას ზემოდან უნდა დავაფაროთ ნამჯა ან თივა ან ძველი ტომრები.

8) მშრალ ამინდში კომპოსტი კვირაში ორჯერ უნდა მოირწყას წყლით. კარგი იქნება თუ მოირწყვება ჭინჭრის ნაყენით.

9) 4-6 თვის შემდეგ კომპოსტი მზად იქნება. ამ პერიოდის მანძილზე კომპოსტს უნდა მოვაცილოთ ზედა საფარი და ნიჩბით ან ფიწალით უნდა გადავაბრუნოთ, რათა კომპოსტის მასა ერთმანეთში კარგად გადაერიოს.

10) ძალიან კარგი იქნება კომპოსტს გადაბრუნების დროს თუ დავუმატებთ ჭიაყელებს ან ქვის ფქვილს ან ძვლის ფქვილს.

კომპოსტირების პროცესების ოპტიმალური მიმდინარეობისათვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორები

1) კომპოსტის მასალის კარგი აერაცია.

2) ოპტიმალური ტენიანობა.

3) მასალის მრავალფეროვანი ნარევი.

4) ნახშირბადისა და აზოტის (ჩ/N) ხელსაყრელი თანაფარდობა.

5) კომპოსტირების საწყის ფაზაში ორგანული მასის დათბუნება (ნამჯით ან სხვა მასალით დაფარვა).

კომპოსტირების პროცესის მსვლელობის დაწყებისათვის მწვანე მცენარეული მასა მშრალზე უფრო ეფექტურია, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა აზოტი, რომელიც ხელს უწყობს ლპობის პროცესის დაწყებასა და შემდგომ მიმდინარეობას.

კომპოსტის გამოყენება  

ნიადაგის გამანოყიერებელი კომპოსტი გამოიყენება როგორც ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების, ორგანული გამამდიდრებელი საშუალება.

ასევე კომპოსტის გამოყენება ზრდის ქვიშიანი ნიადაგის ტენიანობას, იცავს მცენარეს გვალვისგან. თიხნარი ნიადაგისთვის კომპოსტის გამოყენება აუმჯობესებს დრენაჟისა და აერაციის უნარს.

იგი უზრუნველყოფს ნიადაგის მკვებავი ნივთიერებებით გამდიდრებას. ნიადაგის განოყიერების მიზნით დროთა განმავლობაში კომპოსტის გამოყენება ამარტივებს მის დამუშავებას (დაბარვა, გამარგვლა, გათოხვნა).

ნიადაგის ფიზიკური თვისებების გასაუმჯობესებლად სასურველია 15-20სმ.-ით გაფხვიერებულ მიწას დაემატოს 2,5-5სმ. ფენის მწიფე კომპოსტი. უფრო ნაკლები ფენის სისქე შესაძლებელია ქვიშიანი ნიადაგისთვის და ბევრად უფრო მეტი — თიხნარი ნიდაგისთვის.

ზოგადად, სასურველია რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოხდეს ნიადაგში ფოსფორის და კალიუმის შემცველობის განსაზღვრა.

ჩვეულებრივ ბაღის ან ეზოს პირობებში მიღებულ კომპოსტში პH 7.0-ის ტოლია. კომპოსტის პH-ის ნეიტრალური დონე მიწასთან შერევისას არ ქმნის არანაირ პრობლემას.

ავტორი: სალომე ლომიძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
238 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB