საქართველოს პარლამენტმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი და მასში შემავალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.
წყლის რესურსების მართვის სფეროს რეფორმირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელიც ითვალისწინებს წყლის რესურსების მართვის სფეროში აქამდე არსებული სამართლებრივი პრინციპების გარდაქმნას და მათ შესაბამისობას საერთაშორისო მიდგომებთან და ევროკავშირის დირექტივებთან.
რეფორმის მიზანია წყლის რესურსების მართვის ისეთი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას ინტეგრირებული პრინციპების შესაბამისად.
ახალი კანონის ამოქმედებით დაინერგება მდინარეთა სააუზო მართვის მოდელი და აღდგება წყალსარგებლობის სპეციალური სანებართვო რეჟიმი, რაც წყლის რესურსების მართვას უფრო ეფექტიანს და ქმედითს გახდის.
გარდა ამისა, კანონპროექტის საფუძველზე მოხდება უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების გამიჯვნა; მდინარეთა აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების პრიორიტეტიზაცია; ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღებაზე და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებაზე სანებართვო სისტემის აღდგენა; ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების მოსაკრებლის აღდგენა („ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპი).
კანონპროექტით დადგენილი ნორმების ამოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან და მასში ასახულია ევროკავშირის ძირითადი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის (EU), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით და სხვადასხვა საჯარო უწყებასთან, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა.
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო