ჭინჭრის დედა (ლათ. Lamium album L.) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ტუჩოსანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, მრავალრიცხოვანი სწრორმდგომი ღერები 30-60 სმ-ის სიმაღლისა, ოთხკუთხა და ღრუა.
ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყუნწიანია, კვერცხისებრი ან გულისებრი ფორმის, სიგრძით 10 სმ, სიგანით 8 სმ, წამახვილებული წვერითა და დაკბილული კიდეებით.
ყვავილები ორტუჩაა, თეთრი ან მოყვითალო-თეთრი გვირგვინით, ოთხი მტვრიანით, მოშავო-იისფერი ყვავილის მტვერით და ერთი ბუტკოთი, ყვავილები შეკრებილია მტევნებად ზედა ფოთლების უბეებში. ნაყოფი იყოფა ოთხ მუქ-ნაცრისფერ კაკლად.
ყვავილობს აპრილ-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ბაღებში, ბუჩქნარებში, მინდვრებში, წყალსაცავისა და გზის ნაპირებზე, ტყის პირებში.
სამკურნალოდ აგროვებენ ჭინჭრის დედას ფოთლებსა და ყვავილებს, რომლებაც ჩრდილში ახმობენ.
ყვავილები შეიცავენ ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოს, ჰისტამინს, ვიტამინ C-ს, ფოთლები – ალკაოლოიდ ლამიინს და გარდა ამისა იმ ნივთიერებებს, რომლებლიც ყვავილშია.
ხალხურ მედიცინაში ჭინჭრის დედა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან სდევს ფაღარათი. ყვავილების ნაყენი გამოიეყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება ტრაქეიტების ბრონქიტების, ბრონქული ასთმის და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების დროს.
მის ნაყენებს ხშირად ხმარობენ როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას, აგრეთვე სისხლნაკლებობის დროსაც. ზოგიერთი ავტორის ცნობით ნაყენი გამოიყენება ღვიძლის, თირკმელების, შარდის ბუშტის და ქალური დაავადებების (თეთრად შლის) დროს.
ხალხში საკმაოდაა გავრცელებული ამ მცენარის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად. ბავშვებში საყმაწვილოს ფურუნკულოზის, ეგზემის, კანის წყლულების და სხვა გამონაყარის დროს. ყვავილების ნაყენი გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაბანად ან საფენების სახით. ბუასილის დროს კარგია ნაყენის აბაზანები.
ჭინჭრის დედას გააჩნია აგრეთვე ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ სასურველია მისი გამოყენება უძილობის და ნევროზების დროს. კარგია მისი გამოყენება ფარსმანდუკთან ერთად.
ნაყენის მომზადება
ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნედლეული (ფოთლები ან ყვავილები) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი.
დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააცხელეთ 15 წუთი, გადმოდგით, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა.
ჭრილობებისა და გარეგანი საფენებისათვის ნაყენი მზადდება უფრო მეტი კონცენტრაციის (2 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე).
ავტორები: ს. ჩაგელიშვილი; მ. გოგორიშვილი.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.