მცენარეთა დაცვის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს-ეკოსისტემების მართვას

267 Views Comment Off

მცენარეთა დაცვის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს არა მავნებლების, დაავადებების ან სარეველების განადგურებას, არამედ ნათესებისა და ნარგავების ეკოლოგიური სისტემების მართვას. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები თქვენს ნაკვეთზე მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა ყველა სხვა მეთოდი ნაკლებეფექტური აღმოჩნდება!

გლეხები ოდითგანვე აგროვებდნენ ჭიანჭველებს, ჭიამაიებსა და სხვა მწერებს და ასახლებდნენ თავიანთ მინდვრებზე, სადაც ეს მწერები მრავალ მავნებელს ანადგურებენ. მაგალითად, ერთი დიდი ბუდის ჭიანჭველები ზაფხულის განმავლობაში ანადგურებენ 2 მილიონამდე მავნე მწერს, მაგრამ ჭიანჭველებით დასახლებული ბუჩქები (მაგალითად, მარწყვისა) ნაყოფს არ იძლევა და იღუპება.

ჭიანჭველების დაფრთხობა შეიძლება მათ ბუდეზე ხის ნაცრის მოყრით. მაშინ ჭიანჭველები მცენარეს სწრაფად ტოვებენ და ახალ «ბინაში» სახლდებიან. ჭიანჭველებს აფრთხობს აგრეთვე ოხრახუში. ვაშლის ხეზე მიბმული ასფურცელა და აბზინდა აფრთხობს ნაყოფჭამია პეპლებს.

კულტურულ მცენარეთა განუყრელი თანამგზავრებია სარეველები, რომლებიც არსებითად მათ «რეკეტად» გვევლინებიან — აცლიან საკვებ ელემენტებს და ამცირებენ მოსავალს. თუმცა როგორც აგროეკონომიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, კონტროლირებადი რაოდენობით სარეველები სასარგებლონიც კი არიან: ისინი ღრმა ფესვთა სისტემის წყალობით სახნავ ჰორიზონტში «ქაჩავენ» საკვებ ელემენტებს.

გარდა ამისა, სარეველები მიწისქვეშა ორგანოებში იმარაგებენ კულტურულ მცენარეთა მიერ გამოუყენებელ ჭარბ სასუქებს და ლპობის შემდეგ აბრუნებენ ნიადაგში. სარეველები სასარგებლო მწერების თავშესაფარია, ისინი ხელს უწყობენ ნიადაგის მიკროორგანიზმთა მოქმედების გააქტიურებას და ა.შ. ამიტომ, აგროეკოლოგიური თვალსაზრისით, კი არ უნდა ვებრძოლოთ სარეველებს, არამედ ვაკონტროლოთ მათი რაოდენობა და გამოვიყენოთ კიდეც ისინი.

მცენარეთა დაცვის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს აგროტექნიკურ ღონისძიებებს (ხვნა, კულტივაცია, სასუქის ნორმები, კულტურათა მონაცვლეობა, მოსავლის აღების ხერხები და სხვ.), მათზეა დამოკიდებული სასარგებლო და მავნე მწერების, მიკროორგანიზმებისა და ფრინველთა რაოდენობა.

სასარგებლო და მავნე მწერების განვითარება დამოკიდებულია ნათესების თესლბრუნვისა და სტრუქტურის სისტემებზე: რაც უფრო მრავალფეროანია კულტურულ და ველურ მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობა, მით უფრო მრავალფეროვანია სამტვერებელი მწერებისა და მავნებელთა მტაცებლების შემადგენლობა. თესლბრუნვისა და ნათესების სტრუქტურის სისტემა ისე უნდა აიგოს, რომ სასარგებლო მწერებს ხელსაყრელი პირობები შეექმნათ გამრავლებისათვის მთელი ვეგეტაციის მანძილზე. ასე, მაგალითად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მრავალწლიანი პარკოსანი ბალახების თესვა მარცვლოვნებთან, მზესუმზირასთან და სხვა კულტურებთან ერთად.

თესლბრუნვაში კულტურათა მონაცვლეობა აუარესებს მავნებელთა კვებას, ქმნის არახელსაყრელ პირობებს დაავადებებისა და სარეველების განვითარებისთვის. მაგალითად, არ შეიძლება სტაფილოს, კარტოფილის, მზესუმზირას თესვა ზედიზედ რამდენიმე წელს ერთსა და იმავე ადგილზე: ეს ხელს უწყობს სპეციფიკური მავნებლებისა და დაავადებების (სტაფილოზე წარმოქმნილი ფესვის ბუგრი, კარტოფილის ნემატოდა, კოლორადოს ხოჭო და ა.შ.) განვითარებას.

კულტურათა მონაცვლეობა აუცილებელია მავთულა ჭიებთან საბრძოლველადაც. მრავალწლიანი ბალახების შემდეგ, რომლებიც ხელს უწყობს ნიადაგში ამ ჭიების დაგროვებას, მიზანშეწონილია უწყვეტი თესვის კულტურების (ქერი, ბარდა, ფეტვი და ა.შ.) თესვა, რადგან ეს კულტურები ნაკლებად ზიანდება აღნიშნული მავნებლებისგან, რომელთა რაოდენობას ისინი, თავის მხრივ, მკვეთრად ამცირებენ.

კარტოფილის საუკეთესო წინამორბედია (ზონის მიხედვით) საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურები, ერთდროული პარკოსან-მარცვლოვანი ნათესები, შავი და მოთესილი ანეული, რაფსი, ხანჭკოლა, სელი, სოია, სიმინდი, ჭარხალი და სხვა სათოხნი კულტურები.

ცნობილია, რომ მცენარეები მასტიმულირებელ ანტაგონისტურ ზეგავლენას ახდენენ ერთმანეთზე, რაც გამოწვეულია მათ მიერ გამოყოფილი სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებებით. მაგალითად, ვაშლის ხისა და ჟოლოს ბუჩქის მეზობლობა ერთმანეთს დაავადებებისაგან იცავს. ერთმანეთს კარგად იცავს სალათა და წითელი ჭარხალი.

კარტოფილს ფუზარიოზული ჭკნობისაგან იცავს იონჯა. მისი მოსავლიანობის ნამატზე გავლენას ახდენს ნარგავებს შორის დათესილი ლობიო, კაპუცინი (დედოფლის ყვავილი), სტაფილო, ოხრახუში, ჭარხალი, ნიორი, ხახვი, ბოლოკი, კომბოსტო. ასევე ზრდის მოსავალს კარტოფილიც, როცა ამ ბოსტნეულებს შორს რგავენ. მოსავალი იზრდება აგრეთვე ამ კულტურების მონაცვლეობით მოყვანისას. კარტოფილს «მტრებიც» ჰყავს. ასეთია პომიდორი, მზესუმზირა, კიტრი, გოგრა. იგი ცუდად ხარობს ასევე ვაშლის, ალუბლისა და ჟოლოს ნარგავების ახლოს.

სტაფილო და ხახვიც კარგ მოსავალს იძლევა, თუ მათ ერთ კვალში ერთმანეთის მონაცვლეობით დათესავთ. კიტრის ბაქტერიოზის საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა მის გვერდით ხახვისა და ნივრის ცალკეული თავების განლაგება. კიტრზე დადებითად მოქმედებს ასევე წითელი კომბოსტო და ნიახური. მოცხარს კვირტის ტკიპებისგან იცავს მისი ბუჩქის ქვეშ დარგული ნიორი და ხახვი. ხახვი იცავს სტაფილოს სტაფილოს ბუზისგან, თეთრი და რუხი სიდამპლისგან, ხოლო კარტოფილი — ფიტოფტორისგან.

სიმინდს, სასილოსე მასის ცილებით გასამდიდრებლად, პარკოსან კულტურებთან ერთად თესავენ. ასევე მწვანე მასის გარანტირებული მოსავლის მიღებისა და მისი კვებითი ღირებულების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა სიმინდის დათესვა მზესუმზირასთან ან ჭარხალთან ერთად. სტაფილოს და პრასის ერთად დათესვით სტაფილოს ბუზები წყვეტენ კვერცხის დებას, ხოლო ახალგაზრდა პრასს ეს მავნებლები, ისევე როგორც ხახვის ჩრჩილი, ნაკლებად აზიანებენ.

ნიახურისა და ყვავილოვანი კომბოსტოს მეზობლობით წყდება კომბოსტოს თეთრულას თავდასხმა. თუ თავხვეულ კომბოსტოს პომიდორთან ერთად დავრგავთ, მას თეთრულა ვეღარ აზიანებს. შესაძლებელია ერთსა და იმავე ფართობზე რამდენიმე წლის განმავლობაში შაქრის ჭარხლის დათესვა ვარდკაჭაჭასთან ერთად. ამ დროს არ ხდება ნიადაგის ნემატოდებით დასახლება. ვენახში მწკრივთა შორის ბალახის მითესვა მკვეთრად ზღუდავს ფილოქსერის განვითარებას. ასევე კარგ შედეგს იძლევა ოხრახუშის დათესვა ვენახის მახლობლად. მარწყვის კვალის გასწვრივ დარგული ოხრახუში აფრთხობს ლოკოკინებსაც. გვირილასა და ფარსმანდუკის გახარება სასარგებლოა კომბოსტოს მახლობლად.

მცენარეთა ურთიერთმოქმედება მათგანვე გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერების მეშვეობით ცნობილია ალელოპათიის სახელწოდებით. ცნობილია ასეთ ნივთიერებათა 4 ჯგუფი: ანტიბიოტიკები, რომლებიც თრგუნავს მიკროორგანიზმთა ცხოველმოქმედებას; მარაზმინები, რომლებიც იწვევს უმაღლეს მცენარეთა ჭკნობას; ფიტონციდები, რომლებიც თრგუნავს მიკრობების ცხოველქმედებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარეთა იმუნიტეტში; კოლინები, რომლებიც აბრკოლებს უმაღლესი მცენარეების განვითარებას. აუცილებელია ალელოპათიის როლის გათვალისწინება შერეული თესვისას.

ინფექციური დაავადებებისგან მცენარეთა დასაცავად დღემდე იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს. ისინი მართლაც ანადგურებენ პათოგენურ მიკროფლორას, თუმცა ცოცხალ მიკროორგანიზმებში დარჩენილი მათი უმნიშვნელო რაოდენობაც კი უფრო მეტ საშიშროებას უქმნის მცენარეებს — უჯრედების ბუნებრივი მედეგობა ხშირად სუსტდება ამ ქიმიური პრეპარატებით. ინფექციური დაავადებებისგან სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაცვის ძირითად მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს მცენარეული უჯრედების გამძლეობის მექანიზმების გაძლიერება და იმავდროულად პათოგენურ ორგანიზმთა ცხოველმოქმედების დასუსტება.

ყველა მცენარეულ უჯრედს გააჩნია დაცვითი მექანიზმები, რომლებიც მათ ინფექციებისგან იცავს. ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს ფიტოალექსინები, რომელთაც ჯანმრთელი უჯრედები არ შეიცავს. ისინი წარმოიქმნებიან მიკროორგანიზმებთან ან მათი ცხოველმოქმედების პროდუქტებთან კონტაქტის საპასუხოდ. ფიტოალექსინები წარმოიქმნება უჯრედში დასენიანებულ ადგილზე და მიკროორგანიზმებს არ აძლევს გავრცელების საშუალებას.

თავის მხრივ, ფიტოალექსინები შეიძლება დაიშალოს მიკროორგანიზმებით. ამიტომ ინფექციური დაავადებებისგან მოსავლის დასაცავად აუცილებელია, ერთის მხრივ, პათოგენური ორგანიზმების მიერ ამ ნივთიერებათა დაშლის უნარის ჩახშობა. ამ პრობლემათა ერთდროული გადაჭრა შესაძლებელია ბიოენერგოაქტივატორების საშუალებით, რომლებიც აჩქარებს მცენარეთა ქსოვილის ზრდასა და გამყარებას, რითაც ხელს უწყობს მცენარეთა მდგრადობის გაძლიერებას მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.

მთელ რიგ დაავადებებთან (ფიტოფტოროზი, რიზოქტონიოზი, ბაქტერიოზი, ჩვეულებრივი ქეცი და ა.შ.) მცენარეთა ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად დიდ როლს ასრულებს კალციუმისა და ფოსფორის შემცველი სასუქები. აღნიშნულ დაავადებათა მომატებული მავნეობის ზონაში საჭიროა ამ სასუქების მომატებული დოზით შეტანა.

ბევრია დამოკიდებული ნიადაგის დამუშავების ხერხებზე. მაგალითად, ნიადაგის აოშვიდან 8-15 დღის შემდეგ არა ნაკლებ 20-22 სმ სიღრმეზე ხვნა ხელს უწყობს მარცვლოვანთა ბუზების კვერცხებისა და მატლების, ღეროს ჩრჩილის, ბუგრების, ხორბლის თრიფსისა და პურის ხერხიების სრულ განადგურებას. მცირდება ავადმყოფობის გამომწვევთა რაოდენობაც, ხოლო გამომარცვლიდან 1-5 დღის შემდეგ მოხვნა იწვევს სარეველებისა და ჩანაცვენი მარცვლების აღმოცენებას, რომლებიც მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების კერებს წარმოადგენს.

მავნებლების კვერცხები და მატლები იღუპებიან მოხვნიდან 10-20 დღის შემდეგ ჩატარებული კულტივაციისგან. გარდა ამისა, ფხვიერი ნიადაგის ზედაპირზე მათ ანადგურებენ ჩიტები და სხვადასხვა მტაცებელი მწერები: ბზუალები, ჭიამაიები, ჭიანჭველები, ობობები. მათი ცხოველმოქმედებისთვის აუცილებელია ხელსაყრელი პირობების შექმნა და პესტიციდებით მოწამვლისაგან მათი დაცვა.

დიდი მნიშვნელობა აქვს სათესლე მასალის მომზადებას (ჯანსაღი ბოლქვების გამორჩევა და 14-18აჩ ტემპერატურაზე გათბობა). ბოლქვების დაჭრა რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კარტოფილის ხელახლა დასნებოვნება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებებით.

ადრეულ კარტოფილს 20-25 დღის განმავლობაში აღვივებენ სინათლეზე 16-20 გრადუს ტემპერატურაზე, რაც ძაფისებრი ღივიანი ბოლქვების მოცილების საშუალებას იძლევა. გაღვივება ხელს უწყობს მოსავლის უფრო სწრაფ ფორმირებას ფიტოფტოროზის მასობრივად გამრავლებამდე. კარტოფილის აღმოცენების გაზრდას და დაავადებათა განვითარების თავიდან აცილებას ხელს უწყობს ბოლქვების დაყოვნება სინათლეზე მათ გამწვანებამდე.

თესლების გამოწრთობა აძლიერებს მათ გამძლეობას გარე ფაქტორების მოქმედების მიმართ. მაგალითად, ოდნავ გაჯირჯვებული (დაბერილი) თესლები 40 გრადუსამდე გაცხელებით რომ გამოვაშროთ ან მარილის 1%-იანი ხსნარით დავამუშაოთ, ასეთი თესლებისგან აღმოცენებული მცენარეები უფრო მომზადებული იქნება შესაბამისი არახელსაყრელი პირობების შესაგუებლად.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლის აღების სწორი ორგანიზაციაც ამცირებს მავნებელთა რაოდენობას. მაგალითად, სიმინდის მარცვლის ადრეული აღება ამცირებს მოსავლის დანაკარგს და ამავე დროს, მკვეთრად აქვეითებს ღეროს ფარვანის მუხლუხების რაოდენობას. და პირიქით, მოსავლის აღების ვადების დარღვევა და აგროტექნიკურ ღონისძიებათა შეუსრულებლობა ან მათი უხარისხო და არადროული განხორციელება არა მარტო აუარესებს მცენარეთა მდგომარეობას და ამცირებს მოსავალს, არამედ ზრდის მწერთა მავნეობასაც.

ასე, მაგალითად, ხორბლის აღების 10 დღით დაგვიანება იწვევს მოსავლის დანაკარგს 0.5ც/ჰა-თი მარცვლის ხვატარის გამო (მცირე რიცხოვნობის შემთხვევაში), ხოლო ერთი თვით დაგვიანება დაახლოებით 1,5ც/ჰა-თი. ხორბლის აღების 10 დღით დაგვიანებით მავნე კუსებურას გავრცელების რაიონში ამ მავნებლის მიერ მარცვლის დაზიანება 2-3-ჯერ იზრდება. ხერხიებით ხორბლის ნათესების ძლიერი დაზიანების შემთხვევაში რეკომენდებულია მოსავლის ნაწილ-ნაწილ აღება, რომლის დროსაც დანაკარგი 25-30კგ/ჰა-ს შეადგენს. კომბაინით ერთბაშად აღების შემთხვევაში დანაკლისი 15-20-ჯერ იზრდება.

რამაზ გახოკიძე
მარი ჩიტაია-resonancedaily.com

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1333 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB