ჩვენი არა ერთი მკითხველი, დაინტერესებული მეურნე, წერილობით თუ პირად საუბრებში გვთხოვენ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მავნებელ მწერებთან, მღრღნელებთან თუ მცენარეთა სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ხშირად, მათივე თქმით, სხვადასხვა ქიმიური პრეპარატები უკუშედეგს იძლევიან.
რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის თუ წესების დაცვით ვიმოქმედებთ, თუმცა, ახლა ჩვენს მეურნეებს ვთავაზობთ სხვადასხვა ხალხური მეთოდით მავნებლებთან ბრძოლის წესს.
საუკეთესო საშუალებაა მწარე წიწაკის ნაყენი, რომლის გამოყენებით მთლიანად ინკურნება წვრილი ბუგრებისგან ვარდები, სხვადასხვა ჯიშის გეორგინები და ბოსტნეული. ეს ბუგრები შეუმჩნევლად ჭამენ და ბადეებივით აქცევენ ფოთლებს.
ავიღოთ 10-15 ცალი წიწაკა და წინა დღით დავალბოთ წყალში. მეორე დღეს გადავიღოთ ქვაბში და ავადუღოთ თავდახურულად, სასურველია, ეს გარეთ გავაკეთოთ, რადგან მძაფრმა სუნმა ცემინება და ალერგია არ გამოიწვიოს. წამოდუღებიდან ხუთი წუთის შემდეგ გადმოდგით, გაგრილდეს, გაწურეთ და წილობრივად 1:10 შეურიეთ წყალი.
მშრალ ამინდში, დილით მოასხურეთ ყველაფერს, ყვავილებს, ბოსტნეულს, სადაც კი შეამჩნევთ ბუგრების, პეპლების მავნებლობას. ეს პროცედურა გაიმეორეთ მესამე დღეს. 10-15 დღის შემდეგ ნახავთ, რომ ყვავილებს თუ ბოსტნეულს ახალი ნაყარი აქვს, გამთლიანდა და ფოთლებს სიხასხასე დაეტყო.
მწერების და ბუგრების წინააღმდეგ ასევე კარგი საშუალებაა პომიდვრის ნასხლავი. ყველამ იცის, რომ პომიდორს არც ისე იშვიათად სჭირდება ზედმეტი ნაყარის შეცლა. ის უნდა გავახმოთ და შემდეგ დაქუცმაცებული მოვხარშოთ. 20 წუთის დუღილის შემდეგ გადმოვდგათ. გაგრილდეს და შემდეგ გავწუროთ.
ეს ნახარში ერთი ლიტრის ოდენობით შევურიოთ ხუთ ლიტრ წყალს. მცენარეებს შევასხუროთ დილით, კარგ ამინდში. ის სპობს არა მარტო ბუგრებს, არამედ, სხვადასხვა ფოთოლჭამია და ნაყოფჭამია მატლებს, ე. წ. მუხლუხოებს.
თუ არ დავიზარებთ და ამ მეთოდს მთელი სეზონის მანძილზე გავიმეორებთ, საუცხოო შედეგს მივიღებთ. ამასთანავე, დავზოგავთ ჩვენს ეკონომიკას. შეგახსენებთ, რომ როცა ჭიანჭველას “გორები” შეგხვდებათ, არავითარ შემთხვევაში არ მოსპოთ! ერთ ასეთ ჭიანჭველების “გორას” შეუძლია სეზონზე მილიონამდე მწერი გაანადგუროს. ასევე ნუ ებრძვით თხუნელას, ის მავნებლების საუკეთესო გამანადგურებელია! მოსპეთ მხოლოდ მახრა!
საუკეთესოა ფარსმანდუკის ნაყენიც. მიწისზედა გამხმარი ნაწილი, ნახევარი კილოგრამი, დავაქუცმაცოთ და დავასხათ მდუღარე წყალი. დავდგათ ერთი საათით, შემდეგ ერთ ლიტრამდე ასეთ ნაყენს 10 ლიტრი წყალი დავამატოთ და დავდგათ ერთი დღეღამის განმავლობაში. მერე გავწუროთ და ზემოთ მითითებული წესის მიხედვით შევასხუროთ მცენარეებს თუ ბოსტნეულს.
კიდევ ერთი ძალზე გავრცელებული დაავადებაა გოგროვანების ნაცარი. ის განსაკუთრებით იჩენს თავს ზაფხულის პერიოდში _ კიტრის და გოგრის ფოთლები იფარება ნაცრისფერი ლაქებით, შემდეგ კი გაყვითლების პროცესი ენაცვლება და მცენარე ფაქტიურად კვდება.
ხშირად ასეთი პროცესი წვიმების ან პირიქით გვალვების დროს ვითარდება. ამიტომ, მუდამ ყურადღებით უნდა ვიყოთ და მივხედოთ გოგროვანებს. შემჩნევისთანავე სასწრაფოდ გამოვიყენოთ 0,5 %-იანი კოლოიდური გოგირდის ხსნარი.
ხალხურ მეთოდს თუ მიმართავთ, ასევე, იყენებენ ჩვეულებრივი შეშის წვისას გამოყოფილ ნაცარს, რომელიც თავის მხრივ გაცრილი უნდა იყოს და დილაადრიან, კარგ ამინდში, შევაფრქვიოთ გოგროვანთა ფოთლებს.
წყარო: gurianews.com
იხილეთ აგრეთვე: მცენარეთა მავნებლებ-დაავადებებთან ბრძოლის ბუნებრივი საშუალებები