ალექსანდროული-ქართული ვაზის ჯიშების მიმოხილვა

1589 Views Comment Off

ალექსანდროული რაჭის მთავარი საწარმოო ვაზის ჯიშია. ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში იგი იძლევა ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც ფართოდაა ცნობილი “ხვანჭკარას” სახელწოდებითი, ხოლო დანარჩენ ადგილებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. ადგილობრივი მევენახეთა შორის (სოფ. ხვანჭკარა) და ლიტერატურულ წყაროებში, ალექსანდროული ცნობილია აგრეთვე კაბისტონის და კაბისტონას სახელწოდებით. ალექსანდროული ადგილობრივი ვაზის ჯიშია.

იგი გავრცელებულია ქვემო რაჭის სოფლებში, სახელდობრ: პირველსა და მეორე ტოლაში, ხვანჭკარაში, ჭრებალოში, სადმელში, ზედა და ქვედა ქვიშარში, ღვიარაში, ძირაგეულში და სხვაგან. მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ალექსანდრული მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს prol. pontica subpr. Georgica Negr. მოსაზრებანი ჯიშის წარმოშობის შესახებ მოყვანილი აკად. ივ. ჯავახიშვილის, პროფ. ს. ჩოლოყაშვილის და სხვათა ნაშრომებში.

ალექსანდროულის შორეულ წარსულში მეფე ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ საბერძნეთიდან შემოტანის შესახებ არ უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს. უპირველესად ყოვლისა იმის გამო, რომ ძველად ალექსანდროული კაბისტონისა ან კაბისტონას სახელწოდებით იყო ცნობილი, შემდეგ მას ალექსანდროული შეარქვეს სახელად, ალბათ, იმ ალექსანდრეს პატივსაცემად, რომელმაც პირველად ყურადღება მიაქცია მას და ფართოდ გამოიყენა იგი თავისებური ტიპის მოტკბო ღვინის დასამზადებლად.

ალექსანდროული, მისი არაუხვი მოსავლიანობის მიუხედავად, სხვა ჯიშებზე უფრო მეტად არის გავრცელებული რაჭაში, ძირითადად იმიტომ, რომ იგი იძლევა თავისებურ ბუნებრივად ნახევრად ტკბილ “ხვანჭკარას” ტიპის მეტად სასიამოვნო ღვინოს. ცნობები ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ, ისევე როგორც სხვა უძველეს ვაზის ჯიშების შესახებ, შემონახული არ არის. ჯიშის მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების სხვა ადგილობრივ ჯიშებთან დაპირისპირება და მათი შედარებითი შესწავლა ადასტურებს ალექსანდროულის კულტურულ ვაზის ჯიშების ადგილობრივი _ კოლხეთის კერიდან წარმოქმნას და მის საკმაოდ დიდ ხნიერებას.

ალექსანდროული გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რაიონებში და იშვიათად ცილდება მის ფარგლებს, იმისდა მიუხედავად, რომ იგი თავისუფლად შეიძლება მომწიფდეს საქართველოს მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში. ეს აიხსნება ჩვენი ჯიშების თავიანთი წარმოშობის პირვანდელ რაიონებში მოკალათებით, რაც ახალ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს მიზარშეწონილად, რადგან ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოებზე მოთხოვნილება დიდია, ხოლო ფართობები მათი წარმოებისათვის მცირეა. ამიტომ ჩვენი უძვირფასესი ვაზის ჯიშები უფრო გაბედულად და ფართოდ უნდა გავავრცელოთ მათთვის შესაფერ ახალ რაიონებში.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია ვენახების ექსპედიციური გამოკვლევის დროს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჟოშხაში კოლმეურნეობის ვენახში, რომელიც გაშენებულია მწკრივებად სამხრეთ-აღმოსავლეთის საკმაოდ დაქანებულ ფერდობზე. უფრო დეტალურად ჯიში აღწერილი და შესწავლილია მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ქ. თელავში, სადაც შეგროვილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ვაზის ჯიშები. ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაქანებულ ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, სადაც ნიადაგი არაკარბონატული ქვეთიხნარია.

ვენახი სარ-მავთულზეა გამართული და გაფორმებულია ქართული წესით 2 ნეკზე და 2 მოპირისპირე საკავებელზე, 3 კვ. მ კვების არეზე.ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა, 10-15 სმ სიგრძის, მოზარდი ყლორტის წვეროები გვირგვინის და პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი, ფოთოლაკების ჩათვლით შებუსვილია ყოველმხრიდან სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და შეფერილია მორუხო თეთრ ფერად, სუსტი მოვარდისფრო არშიის გაყოლებით გვირგვინისა და პირველი ორი ფოთოლაკის ირგვლივ. მეორე იარუსის (მესამე და მეოთხე) ფოთლების ზედა მხარის შებუსვა თანდათან მცირდება, იგი თხელი აბლაბუდისებრი ხდება და შეფერვაც მწვანე მონარინჯისფრო-ყვითელ იერს იღებს. ფოთლების ქვედა მხარე პირველ ორ ფოთოლაკზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს სქელ აბლაბუდისებრ შებუსვას და მოთეთრო შეფერვას, ხოლო ქვემოთ განწყობილ ფოთლებზე შებუსვა თანდათან კლებულობს და შეფერვაც მწვანე ხდება.ერთწლიანი რქა.

კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით ღია მიხაკისფერია, მუხლები უფრო მუქად არის შეფერილი, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისების სიგრძე საშუალოდ 9-10 სმ უდრის, ვიწრო ზოლები მუხლთშორისების გასწვრივ სუსტადაა გამოსახული.ფოთოლი. საშუალო იარუსის (მე-9-12) ფოთოლი საშუალო (16 X 6 სმ) ზომისაა, ფორმით მომრგვალოა, იშვიათად ოდნავ ოვალური. ფოთოლი მქრქალი მწვანეა, ჩვეულებრივ სამნაკვეთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, ან თითქმის დაუნაკვთავია. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, ზოგჯერ იგი გლუვი ან წვრილბურთულებიანია ან იშვიათად მიხრილ-მოხრილია სხვადასხვა მიმართულებით. ფოთლის ნაკვთები ოდნავ ძირსაა დახრილი. ფოთლის შუა ნაკვეთი უფრო ხშირად ბლაგვკუთხიანია, მეორადი დანაკვთა მას არ ახასიათებს. ფოთლის მთავარი ძარღვები შებუსვილია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და მომწვანო ყვითელია.

ზედა ამონაკვეთები ხშირად საშუალო სიღრმისაა, იშვიათად საშუალოზე უფრო ღრმაა. ამონაკვეთების ფორმა საგრძნობლად ცვალებადობს _ უფრო ხშირად გვხვდება ღია შეჭრილკუთხისებრი, ან ნაპრალისებრი, იშვიათად პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ამონაკვეთები, წამახვილებული ან ცალკბილიანი ფუძით. გვხვდება აგრეთვე დახურული ამონაკვეთები, რომლის თვალი უფრო ხშირად მომრგვალოა, იშვიათად ვიწრო ან განიერ ელიფსურია.

ქვედა ამონაკვეთები უფრო ნაკლებადაა გამოსახული, ხშირად ღია, ზეზეურია, ფორმით შეჭრილი კუთხისებრი ან ნაპრალისებრია, ზოგჯერ ფოთლის ქვედა ამონაკვეთები სულ არ არის გამოსახული ან ოდნავ შესამჩნევია.

ყუნწის ამონაკვეთების ფორმა საგრძნობლად ცვალებადობს. გვხვდება როგორც ღია ჩანგისმაგვარი ფორმისა, ისე ელიფსურთვლიანი დახურული. უფრო ხშირად გვხვდება ღია, ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთები მომრგვალო, წამახვილებული ან ცალკბილიანი ფუძით. იშვიათად გვხვდება აგრეთვე დახურული ელიფსურთვალიანი ამონაკვეთები ერთიმეორეზე გადასული ბოლოებით.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი ფორმის, ან იშვიათად მახვილწვერიანი, ოდნავ გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისებრი კბილებით. გვერდითი კბილები მახვილწვერიანია, ხერხისებრ დახრილი ან სწორმდგომია.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია აბლაბუდისებრი ბეწვებით, რომლის ქვეშ მოფენილია მოკლე სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსი. ორივე ერთად ქმნიან ფოთლის ქვედა მხარის საკმაო სქელ შებუსვას. ფოთლის შებუსვის ინტენსივობა ძლიერდება ფოთლების რქებზე იარუსებად განწყობის მიხედვით ზემოდან ქვევით.

ყუნწი გლუვი, უბუსუსოა, ან იშვიათად შესამჩნევია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვები. ყუნწის სიგრძე უდრის ფოთლის მთავარ ძარღვს, ან მასზე ოდნავ მოკლეა. ყუნწი ბაცი მწვანეა, რომელსაც გადაჰკრავს ღია იისფერი.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია კარგად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. ყვავილში უფრო ხშიარდ ხუთი, იშვიათად ექვსი სწორმდგომი მტვრიანაა. მათი ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25 უდრის, იშვიათად იგი 1,50 და ოდნავ მეტსაც აღწევს. ბუტკო მომრგვალო კონუსისებრი ფორმისაა, სვეტი (ყელი) მოკლე და სქელია, იგი მთავრდება კარგად განვითარებული დიდი დინგით. ხანდახან დინგი ორადაა გაყოფილი.

მტევანი

ალექსანდროულის მტევნები საშუალო ზომისაა. მათი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 10-დან 18 სმ-მდე, ხოლო განი 6-დან 10 სმ-მდე. საშუალო მტევნის ზომა უდრის 15X7 სმ. მტევნის ფორმა კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრი ან დატოტვილი. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა, გვხვდება თხელი მტევნებიც. საშუალოდ მტევანში 80-90, ხოლო დიდ მტევანში 140-150 მარცვალია. მტევნის ყუნწის სიგრძე მერყეობს საშუალოდ 4-დან 6 სმ-მდე, უფრო ხშირად იგი 4,5 სმ უდრის. ყუნწი ბალახისებრია, რქასთან მიმაგრების ადგილთან იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწი ხშირად შეფერილია წითლად, მისი სიგრძე 0,5-დან 1,0-მდე მერყეობს. მარცვლის საჯდომი ბალიში ხშირად ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ხორკლებით.მარცვალი. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, ფორმით მრგვალი ან ოდნავ ოვალურია. მარცვლების სიგრძე მერყეობს საშუალოდ 14,2-დან 17,5 მმ-მდე, განი 12,4-დან 15,0 მმ-მდე. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე უდრის 15X13,7 მმ. მარცვლების შეფერვა მუქი ლურჯი, თითქმის შავია, კანი თხელი, მაგრამ მკვრივია. რბილობი წვნიანია, ოდნავ კნატუნა. წიპწებთან რბილობი შესქელებულია და თავისუფლად არ ეცლება მათ. მარცვლის კანი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. წვენი უფერულია, იგი ტკბილი და სასიამოვნო გემოსია. სპეციფიკური ჯიშური არომატი სუსტად არის გამოსახული.

წიპწა

წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყევია. უფრო ხშირად მარცვალში სამი წიპწაა, იშვიათად ერთი ან ოთხი. საშუალოდ ერთ მარცვალზე ორი წიპწა მოდის. წიპწა მოგრძოა, ნისკარტისაკენ შევიწროებული, მიხაკისფერია, ხოლო ნისკარტის და მუცლის მხარეზე მონარინჯისფროა. წიპწის სიგრძე უდრის 6,5-7 მმ, ხოლო განი 3,5-3,8 მმ. ნისკარტის სიგრძე საშუალოდ 1,8-2,0 მმ უდრის. ქალაძა ოვალური ფორმისაა და მოთავსებულია წიპწის ზედა ნახევარში, იგი ოდნავ ამოზნექილია და სხეულისაგან მკვეთრად არ ერჩევა. ზედა ღარი ქალაძიდან ფუძისაკენ საკმაოდ ღრმაა და წიპწის ზედა ნაწილს ორად ყოფს. ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ კარგად გამოსახულია. მუცლის მხარეს ღარები საკმაოდ ღრმაა. ნაწიბური წინ წამოწეული და კარგად გამოსახულია. ნისკარტი მოგრძო კონუსისებრი ფორმისაა და მოყვითალო ნარინჯისფერია.

აგრობიოლოგიური დახასიათებასავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი ფენოლოგიური ფაზების მსვლელობაზე წარმოებულია ამბროლაურში, ცაგერში, ზესტაფონში _ საქარის საცდელ სადგურზე და მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში _ ქ. თელავში.

სავეგეტაციო ფაზების დადგომის ვადები საკმაოდ ცვალებადობენ როგორც ვაზის გაშენების ადგილის, ისე ცალკეული წლების მიხედვით. ასე მაგალითად, რომ შევადაროთ  ამბროლაურის, ცაგერის, ზესტაფონისა და თელავის პუნქტებზე ჩატარებული დაკვირვებანი დიდ განსხვავებას ფაზების დადგომის ვადებში ვერ მივიღებთ. მაგალითად, კვირტის გაშლის დასაწყისი ცვალებადობს 11 დღის, ყვავილობის დასაწყისი 12 დღის, სიმწიფის დასაწყისი 16 დღის და სრული სიმწიფე 5 დღის ფარგლებში. უფრო დიდ სხვაობას იძლევა ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობების გავლენა. ამ შემთხვევაში კვირტის გაშლის დასაწყისი მერყეობს 17 დღის, ყვავილობის დასაწყისი 23 დღის, სიმწიფის დასაწყისი 25 დღის, ხოლო სრული სიმწიფისა 20 დღის ფარგლებში.

საქართველოში ალექსანდროულის ყლორტები თავისუფლად ასწრებს მომწიფებას ფოთოლცვენის დაწყებამდე, გარდა ყლორტის მზარდი წვეროებისა, თუ ისინი ცის გახსნის დროს არ იყო წაწყვეტილი. საერთოდ რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და კახეთის ჰავის პირობები სავსებით უზრუნველყოფენ ერთწლიანი რქების სრულ მომწიფებას 100-120 სმ სიგრძემდე.ზრდის სიძლიერე. ალექსანდროული ვაზის საშუალო ზრდით ხასიათდება. ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე მისი ზრდა საშუალოზე უფრო ძლიერია და მოსავლიანობაც მეტია. საკოლექციო ვენახებში წარმოებული დაკვირვებით, ამ ნაკვეთების ჰავისა და ნიადაგურ პირობებში, ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ალექსანდროულის ვაზი საშუალო ზრდით ხასიათდება.მოსავლიანობა. მრავალი ქართული ვაზის ჯიშის მსგავსად, ალექსანდროული შედარებით ადრე იწყებს პირველსა და სრული მოსავალის მოცემას. ადგილებზე წარმოებულ დაკვირვებით ალექსანდროული პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მეორე-მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან.

ა. მიროტაძე რაჭაში ჩატარებული მოსავლის აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, ალექსანდროულს საშუალო მოსავლიან ჯიშად თვლის. მისი გაანგარიშებით ალექსანდროულის მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 40-დან 60 ცენტნერამდე მერყეობს. იმერეთში (საქარის საცდელ სადგურზე) მისი მოსავლიანობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც რაჭაში. კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, ჯიშისათვის შეუფერებელ დიდ კვების არეზე, მისი მოსავლიანობა საშუალოა და ზოგჯერ საშუალოზე (40-50 ცენტნერი) ნაკლები. შესაფერი კვების არის და დატვირთვის შერჩევით მოსავლიანობა საგრძნობლად შეიძლება გადიდდეს. და მართლაც, უკანასკნელ წლების მანძილზე ვენახების კარგი მოვლა-დამუშავების და სასუქების შეტანის შედეგად ალექსანდროულის მოსავლიანობა საგრძნობლად გაიზარდა. რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში ყურძნის მოსავალმა ჰექტარზე საშუალოდ ყველა ჯიშიდან 40-55 ცენტნერს მიაღწია. კერძოდ, საგრძნობლად გადიდდა ალექსანდროულის მოსავლიანობაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდროულიდან თავისუფლად შეიძლება მაღალი მოსავლის მიღება. ალექსანდროულის თითოეულ ვაზზე რქების 70% ორი მტევანი ასხია, რქების 25% _ ერთი მტევანი, ხოლო სამტევნიანი რქების რაოდენობა ზოგჯერ 4-5% აღწევს. საშუალოდ ერთ რქაზე ალექსანდროული ერთნახევრამდე მტევანს ისხამს. მტევნის საშუალო წონა ვენახის ადგილმდებარეობისა და წლების მიხედვით მერყეობს 56-დან 120 გ-მდე. ამრიგად, ერთი რქის მოსავალი 150 გ შეადგენს, ხოლო ვაზზე საშუალოდ 12 ყლორტის დატოვებით მისი მოსავალი 1500 გ და ჰექტარზე 2,25 (1,5X1,5) მეტრიან კვების არეზე 70 ცენტნერამდე აღწევს. ვენახების კარგი მოვლა-დამუშავების პირობებში თავისუფლად შეიძლება ალექსანდროულიდან აღნიშნულზე მეტი მოსავლის მიღებაც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდროული მისთვის შეუფერებელ პირობებში ხშირად თხელ მტევნებს ივითარებს. ამიტომ მისი მოსავლიანობის გასადიდებლად საჭიროა შემოღებული იქნეს ყვავილობის დაწყებისას ან მის წინ ახალგაზრდა მოზარდი ყლორტების წვეროების წაწყვეტა, რაც ხელს შეუწყობს მარცვლების უკეთ გამონასკვას და საშუალო სიმკვრივის მტევნების მიღებას.ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა. რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებულ ავადმყოფობათაგან ყველაზე მეტ ზიანს ვენახებს ჭრაქი (მილდიუმი) აყენებს. ალექსანდროული ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით საშუალო გამძლეობით, ხოლო იმერულ ჯიშებთან _ კუნძასა და ცოლიკოურთან შედარებით სუსტი გამძლეობით ხასიათდება.

კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებული დაკვირვებებით ალექსანდროული ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან შედარებით ზოგჯერ კარგი გამძლეობით ხასიათდება. უფრო მაღალი გამძლეობა აქვს ალექსანდროულს ნაცრის მიმართ. მისი გამძლეობა სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით საშუალოზე მაღალია. შედარებით ნაკლებად და სუსტად ზიანდება მტევნები ყურძნის ჭიისაგან.

ადგილობრივი მევენახეთა დაკვირვებით ალექსანდროული სხვა ჯიშებთან შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება ფილოქსერის მიმართ. რაჭა-ლეჩხუმში ყველაზე უფრო ალექსანდროულის ვაზები გადაურჩა ფილოქსერისაგან განადგურებას. ამჟამადაც მოიპოვება ალექსანდროულის ვაზები საკუთარ ძირზე კოლმეურნეთა საკარმიდამო ნაკვეთებზე.

საძირე ვაზის ჯიშებთან ალექსანდროულს მაღალი მონათესაობა არა აქვს. ჩვენში გავრცელებულ საძირე ვაზის ჯიშებიდან უკეთეს შედეგს ალექსანდროული რუპესტრის დულოსთან, შემდეგ რიპარიაXრუპესტრის 3309 და კირნარ ნიადაგებზე ბერლანდიურიXრიპარია 5 ბბ იძლევა. საძირე ვაზის ჯიშებთან არა მაღალი მონათესაობის გამო აუცილებელია ნამყენების გულდასმით გადახარისხება დარგვის წინ, რომ მხოლოდ პირველხარისხოვანი სავსებით შეხორცებული და კარგად დაფესვიანებული ნამყენები დაირგას ვენახში.ჯიშობრივი აგროტექნიკის თავისებურებანი. ალექსანდროულის შედარებით არამაღალი მოსავლიანობის ერთ-ერთი მიზეზია ჯიშის თავისებურებათა გაუთვალისწინებლობა.

ყოველი ჯიში მოითხოვს მისთვის შესაფერ აგროღონისძიებების გამომუშავებას, რომლის პირობებში მას შეეძლება მოგვცეს მაღალხარისხოვანი ყურძნის უხვი მოსავალი. ამ ღონისძიებათაგან, პირველ რიგში, აღსანიშნავია ვაზების დატვირთვის და ფორმირების საკითხი. ალექსანდროული იმიტომ არ იძლეოდა მაღალ მოსავალს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მას 8-10 კვირტს უტოვებდნენ იმისდა მიუხედავად, რომ ცალკეული უფრო მეტად დატვირთული ვაზები, იმავე ვენახებში უფრო ძლიერი ზრდით და მეტი მოსავლიანობით ხასიათდებოდა. აქედან გამომდინარე, რაჭა-ლეჩხუმის ნიადაგურ პირობებში მინერალურ და ორგანული სასუქების სისტემატური შეტანის პირობებში ვაზებს უნდა მიეცეს ორი ნეკი, ორი საკავებელი და დაიტვირთოს იგი ზრდის სიძლიერის შესაბამისად 18-20 და მეტი კვირტით.

ასეთი დატვირთვა, ვენახების კარგი მოვლა-დამუშავების და სისტემატური გაპატივების შემთხვევაში სავსებით უზრუნველყოფს ვაზების ნორმალურ ზრდას და უხვი მოსავლის მიღებას. არანორმალური ყვავილცვენის ყველა შემთხვევაში, როცა ალექსანდროულის მტევნები საშუალოზე თხელი ან ძლიერ მეჩხერია, აუცილებელია ვენახებში ყვავილობის დაწყების წინ ან მის დასაწყისში ჩატარდეს მოზარდი წვეროების წაწყვეტა მტევანზე მარცვლების უკეთ გამონასკვის მიზნით.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებთან

ალექსანდროული შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. რაჭა-ლეჩხუმში ყინვების სიძლიერე ხშირად 16-18º აღწევს. ზამთრის ასეთ ყინვებს ალექსანდროული, სხვა ადგილობრივ ჯიშებთან ერთად, კარგად იტანს, ან უმნიშვნელოდ ზიანდება მისგან. იგი შედარებით კარგად უძლებს აგრეთვე გვალვებსაც. თავის სამშობლოში იგი ძირითადად გავრცელებულია სუსტად დაქანებულ ფერდობებზე, სადაც მას კარგი ზრდა-განვითარება აქვს. შედარებით უფრო მეტად დაქანებულ მშრალ, ხირხატიან, საკმაოდ მწირ ნიადაგებზე, თუმცა მისი ზრდა-განვითარება სუსტია და მოსავალი მცირე, მაგრამ წვენი უფრო ტკბილია და ღვინოც მაღალხარისხოვანი დგება.

ნიადაგების მიმართ ალექსანდროული განსაკუთრებულ მოთხოვნას არ აყენებს, იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ მაღალხარისხოვან პროდუქტს (ღვინოს) იძლევა კირნარ ქვეთიხნარ და ხირხატ ნიადაგზე. ალექსანდროული შედარებით კარგად ხარობს აგრეთვე მძიმე თიხნარ ნიადაგებზედაც. ალექსანდროულის მოსავალი და მისი ხარისხი ვენახების ადგილმდებარეობასა და ნიადაგურ პირობების გარდა დამოკიდებულია აგრეთვე წლის მეტეოროლოგიურ პირობებზედაც, ძირითადად, იმაზე თუ რამდენად თბილი იქნება სავეგეტაციო პერიოდი და რამდენად თანაბრად იქნება განაწილებული ნალექები ამ პერიოდის მანძილზე.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ალექსანდროულის ყურძნის გარეგნული შეხედულება, მტევნის აგებულება და მისი წვენის ქიმიური შედგენილობა მიგვითითებს მისი უპირატესად ბუნებრივად ნახევრად ტკბილი `ხვანჭკარას~ და სასუფრე მშრალი ღვინის დასამზადებლად გამოყენების საჭიროებაზე. ყურძნის საღვინე მიმართულების დასახაისათებლად ქვემოთ მოყვანილია ყურძნის მექანიკური შედგენილობა და წვენის ქიმიური შედგენილობა.ყურძნის მექანიკური შედგენილობა.

ალექსანდროულის ყურძენი ლაბორატორიული გადამუშავების პირობებში წვენის საკმაო დიდი, ხოლო მაგარი ნარჩენების მცირე გამოსავლიანობით ხასიათდება. საწარმოო პირობებში წვენის გამოსავლიანობა ნაჩვენებზე შედარებით უფრო ნაკლებია და დაახლოებით 74-76% შეადგენს, ხოლო ჭაჭის გამოსავალი _ 24-26%.ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა. ალექსანდროული შაქრის დაგროვების დიდი უნარით ხასიათდება. შაქრის დაგროვების სიუხვე დამოკიდებულია ძირითადად ვენახების ადგილმდებარეობაზე.

უხვშაქრიანი ყურძნისა და მაღალი ღირსების ღვინოების მისაღებად საუკეთესოდ ითვლება ფერდობი, წყნარი და მზვარე ადგილები. ასეთი ადგილები ბევრგან არის, განსაკუთრებით ქვემო რაჭაში, სახელდობრ, მდ. რიონის მარჯვენა მხარეზე სამხეთრისაკენ და სამხრეთ-დასავლეთისაკენ დაქანებულ ფერდობებზე, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონი, სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთ ფერდობები ხირხატ და კირნარ ნიადაგებით. რიონის მარცხენა მხარეზე ნაკლები შესაძლებლობაა უხვშაქრიანი ყურძნის მისაღებად, რადგან ამ მხარის ვენახები ძირითადად განლაგებულია მძიმე თიხნარ ნიადაგებიან ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთით დაქანებულ ფერდობებზე.

ალექსანდროულის ყურძენი რაჭის პირობებში მაღალი შაქრიანობით ხასიათდება. მისი შაქრიანობა 27% აღწევს, ხოლო რთველის ვადის გადაწევით ყურძენი ადვილად ჭკნება და შაქრიანობა მასში თავისუფლად ადის 30%-მდე. იმერეთის პირობებში ალექსანდროული 26%-მდე აგროვებს შაქარს, მაგრამ იმერეთის ტენიანი ჰავა ყურძნის გადამწიფებისათვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მას ხშირად თან სდევს ყურძნის სიდამპლე, რაც საგრძნობლად ამცირებს ყურძნის მოსავალს.

კახეთის პირობებშიაც ალექსანდროული დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს, თითქმის 24% -მდე რთველის ჩვეულებრივ ვადებში, ზოგჯერ უფრო ადრეც. კახეთის პირობებში რთველის ვადის გადაწევით თავისუფლად შეიძლება ყურძნის ოდნავი შეჭკნობით მისი შაქრიანობის 26-28%-მდე გადიდება და მისგან ჩვეულებრივი ხვანჭკარის-ტიპის მაღალი ღირსების ღვინის მიღება. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში დაყენებული ალექსანდროულის ღვინო ამის დადასტურებას წარმოადგენს.

ყურძნის გადამუშავება და ღვინის დახასიათება

ალექსანდროულის ყურძენს იყენებენ ძირითადად ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ხვანჭკარას და სუფრის ხარისხოვან წითელი ღვინოების დასამზადებლად. ფართოდ ცნობილი ხვანჭკარას-ღვინო ჯიშ ალექსანდროულმა და ადგილის შესაფერმა პირობებმა წარმოქმნა. იგი ბუნებრივი ღვინოა, რომლის სიტკბო გამოწვეულია შაქრის სრული დაუდუღებლობით, ტკბილის მაღალი შაქრიანობითა და დუღილის დროს დამდგარი სიცივეების გამო.

რიონის მარჯვენა მხარეზე _ სოფ. ხვანჭკარა, ტოლა, ჭრებალოს მიკროუბნების სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ დაქანების ფერდობების ხირხატ, თიხნარ-კირნარ ნიადაგებზე ალექსანდროულისათვის შექმნილია ყველა პირობა (სითბო, სინათლე, ჰაერის სიმშრალე) ყურძნის გადამწიფებისათვის, რომლის დროს იგი ადვილად ჭკნება _ ჩამიჩდება და თუ შემოდგომა ხშირი წვიმებიანი არ იქნა, თავისუფლად აგროვებს 28-30% შაქარს ტკბილში. ასეთი უხვშაქრიანი ტკბილი სრულად არ დუღს მით უმეტეს, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარში რაჭაში საკმაო სიცივეები დგება. ამიტომ, როცა მადუღარ ტკბილში 13-14% სპირტი გროვდება დუღილი წყდება, ღვინო იწმინდება და მასში 5-7% დაუდუღარი შაქარი რჩება. მზა ხვანჭკარის ღვინო უნდა შეიცავდეს 12-14% სპირტსა და 5-8% შაქარს. ეს შეფარდება “ხვანჭკარას” ღვინისათვის დამახასიათებელია.

ამრიგად, როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, ალექსანდროულიდან რაჭაში მზადდება ძირითადად `ხვანჭკარა~ და ნაწილობრივ სუფრის ხარისხოვანი წითელი ღვინო. ძველად ღვინო ხვანჭკარა-შემდეგნაირად მზადდებოდა: უპირველეს ყოვლისა ყურძენი იკრიფებოდა გადამწიფებული, როცა მისი შაქრიანობა 28-30% აღწევდა. ჩვეულებრივ ეს რაჭაში ოქტომბრის პირველ ნახევარში ხდება. მოკრეფილ ყურძენს ათავსებდნენ ადგილობრივ `ხორგოდ~ წოდებულ ნავში, ანუ საწნახელში და სწურავდნენ ფეხით.

ყურძნის კარგად დაწურვის მიზნით, წურვის პროცესში ტკბილს აცლიან და დროებით ასხამენ ქვევრში, ხოლო როცა წურვას დაამთავრებენ ტკბილს ქვევრიდან ისევ საწნახელში აბრუნებენ. შემდეგ ტკბილსა და ჭაჭას კარგად აურევენ და ტოვებენ სადუღრად საწნახელში. დაახლოებით 7-8 დღის შემდეგ, როცა მძაფრი დუღილი დამთავრდება, მოტკბო ღვინო გადააქვთ სუფთად გარეცხილ ქვევრებში შესანახად. ვინაიდან რაჭაში ოქტომბრის პირველ ნახევრიდან, როცა რთველი და ტკბილის დუღილი იწყება საკმაო ცივა და რადგან დუღილი ნახევრად ღია შენობებში ტარდება, დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი რყევადობის შედეგად საფუვრების მოქმედება ნელდება და ჩერდება, რის გამო არა მარტო მაღალშაქრიანი (28-30%), არამედ ჩვეულებრივი (20-22%) ტკბილის დუღილიც კი ფერხდება და ღვინო ბოლომდე დაუდუღარი რჩება.

ამრიგად, ქვემო რაჭის ბუნებრივმა პირობებმა, ჯიში ალექსანდროულის შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვების უნარმა და ღვინის დაყენების აღნიშნულმა წესმა წარმოქმნეს ღვინის ადგილობრივი ტიპი ხვანჭკარას სახელწოდებით. ჩვეულებრივ ხვანჭკარა-ჯიშ ალექსანდროულის ყურძნიდან მზადდებოდა, რომელშიაც ხშირად 15-20% რაოდენობით მუჯურეთულისა და იშვიათად შავი კაბისტონის ყურძენიც ერია. ახლაც, ხშირად ხვანჭკარა ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და ზოგჯერ შავი კაბისტონისაგან მზადდება. ცხადია, ისეთი ხარისხოვანი ჯიშების მიმატება, როგორიცაა მუჯურეთული და ნაწილობრივ შავი კაბისტონი უფრო უზრუნველყოფს წელთა მანძილზე როგორც მოსავლიანობას, ისე ღვინის სტაბილურ ხარისხს.

ძველად ხვანჭკარა-ყიფიანის ღვინოს სახელით იყო ცნობილი და მიუხედავად მისი მცირე რაოდენობით წარმოებისა, იგი მაინც ფართოდ იყო ცნობილი და დამსახურებულად ჰქონდა მოხვეჭილი მაღალი რეპუტაცია. ამჟამად ხვანჭკარა-ხალისით საღდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარედაც. ამ ღვინის ასეთი ფართო მოწონება გამოწვეულია მისი მაღალი გემური თვისებებით, რომლის გამო იგი თანაბრად მოსწონს ღვინის თითქმის ყველა ასაკის მომხმარებელს. ამ ღვინის ღირსება შემდეგში გამოიხატება: იგი ინტენსიურად შეფერილი _ მუქი ლალისფერია, ბუკეტი კარგადაა გამოსახული, ღვინო საშუალო სხეულიანია, იგი საკმაო სირბილითა და ნაზი სასიამოვნო მოტკბო გემოთი ხასიათდება.

ღვინის დადებით თვისებებთან ერთად უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი მხარეც, რაც შემდეგში მდგომარეობს: ძველი ტექნოლოგიით დაყენებული `ხვანჭკრას” ღვინო სტაბილური არ არის, იგი გაზაფხულზე იწყებს განმეორებით დუღილს, იმღვრევა და თავის სასაქონლო თვისებებს კარგავს.

აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად პროფ. კ. მოდებაძემ ამ სასიამოვნო ღვინის სასაქონლო თვისებების გასაუმჯობესებლად მოგვცა ტექნოლოგიის ახალი სქემა. ამ სქემის მიხედვით საჭიროა ალექსანდროულის ყურძენი გვიან დაიკრიფოს, როცა მისი შაქრიანობა 28-30% მიაღწევს. დუღილი უნდა წარმოებდეს დახურულ შენობაში 20-25º ტემპერატურის დროს ახდილ 100-200 დეკალიტრიან ჩანებში. მადუღარ ტკბილს დღე-ღამეში 3-4-ჯერ უნდა დაერიოს. დუღილს ხელოვნურად აჩერებენ ღვინის ჩანიდან კასრებში ჩამოშვებით, მაშინც როცა მისი შაქრიანობა 6-8% იქნება. ღვინოს უკეთებენ სულფიტაციას ანგარიშით _ 80-100 მგ ლიტრზე.

კასრების მაცივარში დატოვებით ღვინოს 10 დღის განმავლობაში აცივებენ _5-6º ტემპერატურაზე. ღვინოს აცლიან ლექს, ფილტრავენ და ახდენენ მის პასტერირებას 55-60º-ზე და აცივებენ 0º-ზე, რომლის შემდეგ ფილტრ `კომეტაში~ გატარებით ასხამენ ბოთლებში, სადაც იგი უნდა გაცხელდეს 15-20 წუთით 55-60º ტემპერატურამდე. ამ წესით დამზადებული ღვინო შემდეგ არ დუღდება, რადგან დუღილის გამომწვევი სოკოები პასტერირების დროს იღუპებიან და ღვინო სტაბილური ხდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხვანჭკარას დამზადება შეიძლება მეორე წესითაც ღვინის ეკაფილტრში გატარებით, რომლის დროს მადუღარი სოკოები ფილტრის ფირფიტებზე რჩება და ღვინო მისგან თავისუფლდება. ორივე ეს წესი კარგია, მაგრამ მათგან უფრო საიმედოა პასტერიზირების წესი, მასთან ერთად იგი არ აუარესებს ღვინის ხარისხს, პირიქით მას უფრო სასიამოვნოს ხდის, მაშინ როდესაც ამავე ტიპის `ქინძმარაულის~ ღვინის გემური თვისებები პასტერირების შედეგად საგრძნობლად უარესდება.

ალექსანდროულიდან სუფრის წითელ ღვინოებს ძირითადად მდ. რიონის მარცხენა მხარეზე, ბუგეულ-ამბროლაურის მიკრორაიონში აყენებენ. ამ რაიონის ვენახები გაშენებულია ძირითადად ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ დაქანების მძიმე, თიხნარ ნიადაგებიან ფერდობებზე. ამ არაშესაფერ ექსპოზიციისა და ნიადაგების გამო ამ დაქანებებზე ალექსანდროული უფრო გვიან მწიფდება და შაქარსაც გაცილებიც უფრო ნაკლები რაოდენობით აგროვებს, რის გამო აქ ალექსანდროულისა და წულუკიძის თეთრადან მხოლოდ ჩვეულებრივ სასუფრე წითელ და თეთრი ღვინოებს ამზადებენ.

ჭაჭაზე ნაყენებ წითელი ღვინოების გარდა რაჭაში ალექსანდროულს უჭაჭოდაც, ე.წ. `ჩქეფად~ აყენებდნენ. ჩქეფად დაყენებული ალექსანდროულის ღვინო ოქროსფერი და გემოთი სასიამოვნო დგება. ვლ. ფოფძახის და ს. თომაძის (ივ. ჯავახიშვილი) მიხედვით ჩქეფი ანუ უყენები `უჭაჭოდ ქვევრში ჩასხმულსა და დადუღებულ ღვინოს ეწოდება, ხოლო ჭაჭაზე დადუღებულ ღვინოს საყენები ქვიანო.

მათივე დახასიათებით ალექსანდროულის ღვინო დიდხანს ინახება და უმჯობესდება შენახვისას, `ღვინო ძველობს, ე.ი. დიდხანს ინახება და კარგად მგზავრობს, თანაც შემრგოც არისო~. წარმოებაში, განსაკუთრებით ლეჩხუმში, ხშირად ალექსანდროულს მაღალმოსავლიან ოჯალეშთან ან უსახელოურთან ერთად წურავენ ჩვეულებრივი წითელი ღვინის მისაღებად. ასეთი კუპაჟი გამოწვეულია ჯიშების ერთად გაშენებით, ხოლო წმინდა ნარგავებიდან ალექსანდროულს ჩვეულებრივ ცალკე აყენებენ. ლეჩხუმში ალექსანდროულის ყურძნიდან კარგი ღირსების ღვინო ლაჯანურას ხეობაში (სოფ. გაგულეჩი, ალპანა, აჭარა, ზოგიში და სხვ.) დგება.

ალექსანდროულის ყურძნის კრეფას ვენახების ადგილმდებარეობის და ღვინის ტიპის შესაბამისად სხვადასხვა დროს იწყებენ. ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში ალექსანდროული “ხვანჭკარას” ღვინისათვის უნდა დაიკრიფოს 26-30% შაქრიანობისა და 5-6‰ მჟავიანობის დროს, ხოლო დანარჩენ ადგილებში სუფრის წითელი ღვინისათვის იგი უნდა დაიკრიფოს 20-22% შაქრისა და 6-7,5‰ მჟავიანობის დროს.

ალექსანდროულის სუფრის ღვინო, დამზადებული ფერდობების ვენახებიდან მიღებულ მოსავლიდან, ხასიათდება ლამაზი ლალისფერით, საკმაო სხეულით, სიხალისით, შემადგენელ ნაწილების ჰარმონიულობითა და სასიამოვნო გემოთი. დანარჩენ ადგილებში და რაჭის გარეთ ალექსანდროულის ყურძნიდან ასეთი მაღალი ღირსების ღვინო იშვიათად დგება.

ალექსანდროულის ღვინის მაღალი ხარისხი დასტურდება აგრეთვე ღვინის შემადგენელი ნაწილების სიმდიდრითაც. ალექსანდროულის ყურძნიდან დაყენებული როგორც `ხვანჭკარა~, ისე სუფრის წითელი ღვინო მდიდარი ქიმიური შედგენილობით ხასიათდება. ეს გარემოება საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ალექსანდროულის ღვინო დიდ ხანს შეინახება და გაუმჯობესდება შენახვისას.

პირდაპირი მონაცემები ამის დასადასტურებლად არ მოიპოვება, რადგან ალექსანდროულის ღვინო მალე და ადვილად საღდებოდა, რის გამო მას დასაძველებლად არ ინახავდნენ, ხოლო ძველი წესით დამზადებული ხვანჭკარა მეორე წელს უკვე ხვანჭკარა არ იყო შაქრის სრულად დადუღების გამო.ვარიაციები და კლონები. ჯიშ ალექსანდროულის ფარგლებში ვარიაციები გამოვლინებული არ არის. მევენახეობის ინსტიტუტის რაჭა-ლეჩხუმის დასაყრდენ პუნქტზე მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯიში მუჯურეთული, რომელიც ძირითადად ალექსანდროულთან ერთად არის გაშენებული ვენახებში მისგან წარმოშობილი ვარიაცია უნდა იყოს, რადგან იგი თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით ძლიერ წააგავს ალექსანდროულს და განსხვავდება მისგან ძირითადად მარცვლის ფორმით, რომელიც უფრო გრძელი და ბოლოგანიერია, ვიდრე ალექსანდროულისა. აღნიშნულის მიუხედავად მუჯურეთული მოსახლეობაში ცალკე ჯიშად არის მიჩნეული.

საერთო დახასიათება და დარაიონება

ალექსანდროული ადგილობრივი (რაჭული) მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში და შეტანილია საქართველოს უძვირფასეს ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმეტში. თავის სამშობლოში ალექსანდროული რიონის მარჯვენა მხარეზე ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში იძლევა ორიგინალურ ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოს, ფართოდ ცნობილ `ხვანჭკარას~ სახელწოდებით, ხოლო დანარჩენ რაიონებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს.

ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება: პროდუქციის მაღალი ხარისხი, მისი ვარგისობა როგორც ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, ისე სუფრის ღვინის დასაყენებლად. ახასიათებს შედარებით კარგი გამძლეობა ფილოქსერის, ნაცრისა და გვალვის მიმართ, აგრეთვე მიდრეკილება ყურძნის გადამწიფებისას მარცვლების ჭკნობის.

ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება ჯიშის არამაღალი მოსავლიანობა და მილდიუმის მიმართ შედარებით სუსტი გამძლეობა.

ალექსანდროული, როგორც შედარებით საადრეო და ხარისხოვანი ვაზის ჯიში, უფრო მეტად უნდა გავრცელდეს და ფართოდ უნდა გამოიცადოს აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიაც _ პირველ რიგში ქართლსა და კახეთში. კახეთში მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთზე ქ. თელავში იგი თავისუფლად მწიფდება, ხოლო რთველის ვადის ერთი კვირით გადაწევით ადვილად გადამწიფდება და იძლევა მეტად სასიამოვნო ხვანჭკარას-ტიპის ღვინოს.

enoteca.ge
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1546 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB