ნაკუთვნეული – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ვაზის, ჯიში, რაჭა, ლეჩხუმი

ნაკუთვნეული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომელიც სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად გამოიყენება.

სინონიმები: ნაგუთნეული, მრგვალოპორთა (მრგვალფოთლიანი), ნაგუთნოური, ნაკუთნოული, ნაკუთნოური.

წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ძირითადად გავრცელებულია სოფელ ორბელში, უსახელოში, ცაგერში არსებულ სხვადასხვა ჯიშის ვენახებში ერთეული ძირების სახით. ხასიათდება საშუალოზე ძლიერი ზრდით.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია.

მტევანი საშუალო ან მცირე ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. გვხვდება ცილინდრული ფორმის მტევნებიც, საშუალო სიკუმსისა და ფრთიანი. მარცვალი მომრგვალოა, მუქი ან ღია წითელი, ზოგჯერ მოშავო. რბილობი რბილი და წვნიანია.

სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 160 დღეს შეადგენს. მტევნის წონა 100 – დან 200 გრამამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 17-20%-ს, მჟავიანობა 6.5-7.5გ/ლ.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

თქვენი რეკლამა