თაფლი — სასარგებლო ინფორმაცია თაფლის შესახებ

10970 Views Comment Off

მონო და პოლიფლორული თაფლი

წარმოშობის მიხედვით თაფლი შეიძლება იყოს მონო ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება აკაციის, ცაცხვის, მზესუმზის ან სხვა რომელიმე მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი ყვავილისაგან ან ტყის თაფლოვანთა ნექტრისაგან მიღებული თაფლი.

ნატურალურ თაფლს მასში გლუკოზის ან ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის გამო ახასიათებს კრისტალიზაცია. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს 13-14°C ტემპერატურაზე. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. როგორც ერთი, ისე მეორე მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც.

ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

თაფლის ფიზიკური თვისებები

თაფლის ფერი  დამოკიდებულია ყვავილების ნექტარში არსებულ, საღებავ ნივთიერებებზე და შესაძლოა იყოს ბაცი მოთეთრო-მოყვითალოდან მუქ ოქროსფერ ან ყავისფრამდე. დროთა განმავლობაში,თაფლის  დაკრისტალების გამო, მისი ფერიც იცვლება და უფრო ბაცი ხდება.

სხვადასხვა ყვავილების თაფლი გამოირჩევა თავისებური გემოთი, რომელიც დამოკიდებულია იმ ყვავილების არომატზე, რომლებიდანაც ფუტკრებმა მოაგროვეს ნექტარი.

თაფლის სუნი (არომატი) ყვავილების სურნელზეა დამოკიდებული და შესაძლოა ოდნავ შესამჩნევი, ნაზიდან საკმაოდ მკვეთრ სურნელამდე იყოს. თუმცა შემაწუხებელი, მძაფრი არომატი ხშირად ხელოვნური თაფლისარომატიზატორებითაა გამოწვეული.

თაფლი ადვილად იღებს სუნს ახლო მყოფი ნივთიერებებისაგან, ამიტომ, აუცილებელია მისი შენახვა დახურულ ჭურჭელში, მძაფრი სუნიანი ნივთიერებებისაგან მოშორებით.

თაფლის ქიმიური თვისებები

თაფლის ქიმიური შემადგენლობა რთულია და დამოკიდებულია სათაფლე მცენარეებზე, ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე, ფუტკრის ჯიშზე და ა.შ. თაფლში დაახლოვებით 400 ორგანული და მინერალური ნივთიერებაა. თაფლის შემადგენლობის 13-20% უკავია წყალს.

თაფლის 75-80% — ს შეადგენს ნახშირწყლები — გლუკოზა (31%), ფრუქტოზა (38%) და სახაროზა (1%). მათი დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებისათვის. გლუკოზა და ფრუქტოზა ხელს უწყობენ ნერვული პროცესების დარეგულირებას, სისხლძარღვების გაფართოვებას, გულის კუნთის კვებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

ნახშირწყლების გარდა, თაფლის შემადგენლობაშია ფერმენტები: ინვერტაზა, დიასტაზა, კატალაზა და სხვ. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ძალზედ მცირე რაოდენობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. თაფლის ფერმენტები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის სეკრეციას, საკვები ნივთიერებების ათვისებას.

მინერალური ნივთიერებები, რომლებიც თაფლში მარილების სახითაა წარმოდგენილი, ძალზედ დიდ ბიოლოგიურ როლს თამაშობენ, რადგან მათი ფერმენტებთან, ვიტამინებთან და ჰორმონებთან ურთიერთობით მიმდინარეობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ქსოვილოვანი სუნთქვისა და სისხლის წარმოქმნის პროცესები.თაფლში არის კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და ფოსფორის მარილები. აღსანიშნავია, რომ თაფლში გვხვდება ყველა ის ელემენტი, რომელიც შედის ადამიანის სისხლის შემადგენლობაში.

თაფლის შემადგენლობაში აგრეთვე არის ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, რძემჟავა, ღვინის მჟავა), რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ საჭმლის მონელებაზე, ნივთიერებათა ათვისებაზე, მადის გაუმჯობესებაზე, კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციაზე.

თაფლის საკვებ ღირებულებას ამაღლებს მასში შემავალი ვიტამინები:

В1 (ანევრინი), В2 (რიბოფლავინი), В6 (პირიდოქსინი), Н (ბიოტინი), К (ფილოხინონი), С (ასკორბინმჟავა) და სხვ.

თაფლის სასარგებლო თვისებები

ხანგრძლივი დროის განმავლობაში თაფლი იხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი ტკბილი საკვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა უფრო იაფი შაქარი, თაფლი გახდა სამკურნალო პროდუქტი.

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

დიდი სამამულო ომის დროს თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.

თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.

თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.

თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

აღწერილია თაფლის დამამშვიდებელი მოქმედება ფსიქიური დარღვევებისას.

თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.

არსებობს აზრი, რომ დღის განმავლობაში თაფლის მიღება იწვევს ოფლიანობას, თუმცა ეს მოსაზრება არ დასტურდება. თაფლი მართლაც აძლიერებს ოფლის გამოყოფას მხოლოდ ცხელ ჩაისთან ან რძესთან ერთად ავადმყოფობის დროს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სიცხის დამწევი წამალი ოფლის გამოყოფის და სიცხის დამწევ ეფექტს ახდენს მხოლოდ ავადმყოფობის დროს და არ ამჟღავნებს მსგავს ეფექტს სხეულის ნორმალური ტემპერატურისას.

თაფლის ფართოდ გამოყენება სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პროფილაქტიკის და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.

კლინიკური დაკვირვებებით დადასტურდა, რომ თაფლის სისტემატური მიღება არა მხოლოდ არ სწევს შაქრის დონეს სისხლში, არამედ, აღინიშნება მისი დაწევის ტენდენცია. ამის მიუხედავად, დიაბეტით დაავადებულთათვის თაფლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის ქვეშ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.

ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია თაფლისზემოქმედება ლიპიდურ (ცხიმოვან) ცვლაზე. ყოველდღიურად 150გრ. თაფლის მიღებისას სისხლის შრატში მცირდება ქოლესტერინის დონე.

თაფლის საკვები ღირებულება და მიღების ნორმა

100 გრამი თაფლის (დაახლოებით 5 სუფრის კოვზი) საკვები ღირებულება:

ენერგეტიკული ღირებულება — 304 კკალ

წყალი — 17,1 მგ

ცილები — 0,3 მგ

ცხიმები — 0 მგ

ნახშირწყლები — 82,4 მგ

 ვიტამინები:

რიბოფლავინი (B2) – 0, 038 მგ

ნიაცინი (B3) – 0, 121 მგ

პანტოტენის მჟავა (B5) – 0, 068 მგ

პირიდოქსინი (B6) – 0, 024 მგ

ფოლაცინი (B9) – 2 მკგ

ასკორბინის მჟავა (ვიტ.С) – 0,5 მგ

მინერალები:

კალიუმი — 52 მგ

კალციუმი — 6 მგ

ნატრიუმი — 4 მგ

ფოსფორი — 4 მგ

მაგნიუმი — 2 მგ

რკინა — 0, 42 მგ

ცინკი — 0,22 მგ

თაფლის მიღების სადღეღამისო ნორმა

მოზრდილთათვის თაფლის ყოველდღიური ნორმა შეადგენს 60-100 გრ (უმჯობესია განაწილდეს დღის განმავლობაში რამოდენიმე მიღებაზე).

ბავშვებისათვის სადღეღამისო დოზა ორჯერ ნაკლებია (30-50 გრ). სასურველია თაფლის მიღება ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე

თაფლის ათვისება ადვილდება, თუ იგი გაზავებულია თბილ წყალში, ჩაიში ან რძეში. ავადმყოფობის შემდეგ სასურველია თაფლის მიღება თბილ ასკილის ნაყენთან ან ხილის წვენთან ერთად.

თაფლის მნიშვნელობა სპორტსმენებისათვის

თაფლის მიღება ამაღლებს ფიზიკურ მუშაობისუნარიანობას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 8 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 1 კგ. წონაზე 0,5-1,0 გრ. თაფლის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფიზიკური შრომისუნარიანობის განმსაზღვრელი ტესტების მონაცემებს (PWC-170; პნევმოტაქომეტრია, დინამომეტრია).

თაფლის მაღალმა ენერგეტიკულმა და სხვა საკვებ თვისებებმა მიიპყრეს სპორტული მედიცინის სპეციალისტების ყურადღება. თაფლი მრავალჯერ აპრობირებულია სპეციალური დიეტების შემადგენლობაში სპორტსმენთა საწვრთნო და საშეჯიბრო პერიოდების დროს.

სპორტსმენთათვის თაფლის მიღების ძირითადი პრინციპებია:

— შეჯიბრის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე;

— შესვენებების დროს (ფეხბურთი, ჰოკეი, კალათბურთი);

— დაძაბული ვარჯიშების პერიოდში – ყოველი საკვების მიღებისას და ძილის წინ, რათა გაძლიერებული კუნთური მუშაობის შედეგად არ მოხდეს წონის დაკლება;

— ერთდროული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას.

— მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა რაციონში თაფლი ფართოდ გამოიყენება სხვა ფუტკრის პროდუქტებთან ერთად.

თაფლის მიღების უკუჩვენებები

არის შემთხვევები, როდესაც თაფლის მიღება იწვევს გამონაყარს, ქავილს, სურდოს, თავის ტკივილს, კუჭ-ნაწლავის აშლილობას და ა.შ. ეს ემართებათ თაფლზე ალერგიულ პიროვნებებს, რომლებსაც ეკრძალებათ თაფლის მიღება.

დიდი სიფრთხილე მართებთ აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს. მათთვის თაფლის მიღება შესაძლებელია შეზღუდული რაოდენობით, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიბრთხილე საჭიროა თაფლის პირველად მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში. ამ შემთხვევაში საჭიროა თაფლის მცირე რაოდენობის მიღება და დაკვირვება რამოდენიმე დღის განმავლობაში.

არსებობს მოსაზრება, რომ 18 თვემდე ასაკის ბავშვისათვის აკრძალულია თაფლის მიღება, რათა მას შეუძლია გამოიწვიოს ბოტულიზმის განვითარება. ეს მოსაზრება არ დასტურდება მეცნიერული კვლევებით და ჩვილისთვის საკვებთან ერთად თაფლის მიცემისას გვმართებს ისეთივე სიფრთხილე, როგორც ნებისმიერი სახვა საკვების პირველად მიღებისას. თუ თაფლის მიცემა არ გამოიწვევს რაიმე რეაქციას, თამამად შეგვიძლია თაფლი ჩავრთოთ ბავშვის რაციონში.

თაფლის ხარისხი და სიმწიფე

თაფლის ხარისხი

თაფლის თვისებების შეფასება ხდება სპეციალისტების მიერ ორგანოლეფტიკური თვისებების მიხედვით და ქიმიური ანალიზით. ნატურალურ თაფლში გლუკოზის კრისტალების გარდა, აუცილებელია ყვავილის მტვრის არსებობა.

წარმოების პირობების დარღვევისას, პროდუქტის ხარისხი შესაძლოა გაუარესდეს. მაგალითად, დაკრისტალებულითაფლის მაღალ ტემპერატურაზე დადნობისას, ხდება ფერმენტ დიასტაზას დაშლა.

თაფლის ხარისხს აუარესებს ნარგავების ქიმიური დამუშავება, თაფლშიპესტიციდების ან სხვა ქიმიკატების მოხვედრა, გარემოს რადიაციული დაბინძურებისას რადიონუკლიდების მოხვედრა და სხვ.

თაფლის სიმწიფე

თაფლის სიმწიფის ნიშანია მისი ფიჭაში გადაბეჭდვა. ფიჭიდან ახლად გამოწურული თაფლი თხევადია. დროთა განმავლობაში იგი კრისტალდება და იცვლის ფერს. თხევად თაფლში ყოველთვის არის თვალით შეუმჩნეველი წვრილი კრისტალები, რომლებიც თანდათან იზრდებიან და ნელ-ნელა მოიცავენ მთელ მასას.

კრისტალების ზომაზეა დამოკიდებული თაფლის კონსისტენცია. თაფლის დაკრისტალება, როგორც წესი, ქილის ქვედა ნაწილიდან იწყება ან მთელ მასას ერთდროულად მოიცავს, თუმცა, ხანდახან თაფლის ზედაპირზე ან შუაში ჩნდება თხევადი ფენა, რომელიც ფრუქტოზისაგან შედგება. დროთა განმავლობაში, ეს ფენა, ფიზიკის კანონების მიხედვით, აუცილებლად გადაინაცვლებს ზედაპირზე.

თაფლში წყლის შემცველობა, როგორც წესი შეადგენს 14% და არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს. ამ შემთხვევაში თაფლი მომწიფებულადითვლება. მომწიფებული თაფლი, ფიჭიდან გამოდევნის შემდეგ, გარკვეული დროის განვლისას, კრისტალდება და ასეთ მდგომარეობაში წლების განმავლობაში კარგად ინახება და არ კარგავს თვისებებს.

თაფლის დაკრისტალება მის კარგ ხარისხზე და სიმწიფეზე მეტყველებს.

თაფლის დაკრისტალების დრო დამოკიდებულია ყვავილებზე, საიდანაც შეგროვდა ნექტარი. შედარებით მალე კრისტალდება თაფლი, რომელშიც მეტია გლუკოზის შემცველობა, მაგ. მზესუმზირის, წიწიბურას, რაფსის.თაფლი, რომელშიც ჭარბობს ფრუქტოზა, (მაგ. წაბლი, თეთრი აკაცია) გარჩევით ნელა კრისტალდება და, შესაძლოა დარჩეს თხევად მდგომარეობაში.

თაფლის შენახვა

ხარისხიანი თაფლი ინახება წლობით და არ კარგავს თვისებებს

ეგვიპტეს აკლდამებში ნაპოვნია თაფლიანიქილები, რომლებშიც თაფლი არ გაფუჭდა ათასწლეულების განმავლობაში. თაფლი მალე ფუჭდება იმ შემთხვევაში, თუ სკიდან ამოღებულია იქამდე, ვიდრე ფუტკრები გამოაშრობდნენ ზედმეტ წყალს და მოამწიფებდნენ. ასეთი თაფლი იწყებს დუღილს და კარგავს გემოს — მჟავდება. მისი გამოყენება შეუძლებელია როგორც ადამიანისათვის, ასევე ფუტკრების საკვებადაც.

თაფლის ხარისხის შეფასებისას, მასში წყლის შემცველობას ადგენენ ხვედრითი წონის მიხედვით.

თაფლი უნდა ინახებოდეს კარგად დახურულ ჭურჭელში, მშრალ ადგილას. ხარისხიანი თაფლის ამჟავება შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ სინესტის მოხვედრამ.

გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ შენახვისას თაფლის ფერი თანდათან მუქდება, რაც არ ნიშნავს მისი ხარისხის გაუარესებას. დაკრისტალებული თაფლისდადნობა შესაძლებელია მხოლოდ 60 გრადუსამდე გათბობით წყლის აბაზანაზე, რადგან მეტ ტემპერატურაზე იკარგება თაფლის თვისებები.

ხელოვნური თაფლი

არსებობს აგრეთვე ხელოვნური თაფლი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნატურალურ თაფლთან. მას აწარმოებენ საქაროზის ინვერსიით ლიმონის მჟავის დამატებით. ზოგჯერ უმატებენ სინთეთიკურ არომატიზატორებს. ხელოვნური თაფლი შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც საკვები ნივთიერება, მაგრამ მას, არ გააჩნია სასარგებლო და სამკურნალო თვისებები. თაფლის ფალსიფიკაცია ფართოდ არის გავრცელებული. თაფლის ფალსიფიცირების ყველაზე მარტივი ხერხი: შაქრის სიროპს უმატებენ ძმარს და საღებავს; ასეთ „თაფლს“ ბოშურს უწოდებენ.

თაფლის ფალსიფიკაცია და რჩევები

თაფლის ფალსიფიკაცია

ხელოვნურ თაფლს არაფერი აქვს საერთო ნატურალურ თაფლთან. მას აწარმოებენ საქაროზის ინვერსიით ლიმონის მჟავის დამატებით. ზოგჯერ უმატებენ სინთეტიკურ არომატიზატორებს. ხელოვნური თაფლიშესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც საკვები ნივთიერება, მაგრამ მას, რა თქმა უნდა არ გააჩნია სასარგებლო, სამკურნალო თვისებები. თაფლის ფალსიფიკაცია ძალზედ გავრცელებულია. მას მიმართავენ როგორც თვითონ არაკეთილსინდისიერი მეფუტკრეები, ასევე თაფლის რეალიზატორები.

თაფლის ფალსიფიცირების ყველაზე მარტივი ხერხი: შაქრის სიროპს უმატებენ ძმარს და საღებავს; ასეთ ”თაფლს” ბოშურს უწოდებენ.

იყენებენ აგრეთვე ხილისა და ბოსტნეულის წვენის აორთქლებით გასქელებას, შემდეგ საღებავისა და არომატიზატორის (თაფლის ესენციის) ან ნატურალური თაფლის დამატებით. ასეთი ”თაფლი” ძალიან ჰგავს ნამდვილს და გემოც საკმაოდ სასიამოვნო აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა მას არ გააჩნია სამკურნალო თვისებები. მას იყენებენ საკონდიტრო ნაწარმში.

ფალსიფიცირებულს, არასრულფასოვანს მიეკუთვნება აგრეთვე ისეთი თაფლი, რომელიც გამოხდილია მაღალი ტემპერატურის გამოყენებით და მასში დიასტაზა დაშლილია.

შაქრის სიროპის მიცემა ფუტკრებისათვის გამოიყენება მეფუტკრეების მიერ წელიწადში ორჯერ: ადრე გაზაფხულზე, რათა ფუტკრის ოჯახმა დაიწყოს გამოღვიძება და მუშაობა და, აგრეთვე შემოდგომით, თაფლის ამოღების მერე, რაც ხელს უწყობს ფუტკრის დედის მიერ კვერცხის დების გახანგრძლივებას და ოჯახის გაძლიერებას ზამთრისათვის.

მეფუტკრეების ასეთი ქმედება მიმართულია ფუტკრის ოჯახის საკეთილდღეოდ და თაფლის ხარისხზე არ ახდენს უარყოფით გავლენას, რადგან მიცემულ შაქარს თვითონ ფუტკრები იყენებენ საკვებად. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მეფუტკრე მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელებს ფუტკრის ოჯახის კვებას შაქრის სიროპით, ფუტკრები ამ სიროპს გადაამუშავებენ და ფიჭაში შეინახავენ. ასეთი თაფლი ნაკლებად სასარგებლოა, რადგან მასში დაქვეითებულია სამკურნალო თვისებები.

ფალსიფიკაციის მარტივი ხერხია – თაფლის გაზავება შაქრის სიროპით. ვაჭრები, თაფლის ხარისხის დასამტკიცებლად ხშირად ფალსიფიცირებული თაფლის ქილაში ზემოდან ასხავენ კარგი თაფლის ფენას ან დებენ ფიჭის ნაჭერს.

რამოდენიმე რჩევა ფალსიფიცირებული თაფლის გასარჩევად:

თაფლს, პირველ რიგში უნდა ჰქონდეს სასიამოვნო სუნი და გემო. ქაფი მიუთითებს თაფლის არასაკმარის სიმწიფეზე, ხოლო მჟავე სუნი — ამჟავებაზე.

გავრცელებულია აზრი, რომ თაფლის ხარისხის შემოწმება შესაძლებელია ქიმიური ფანქრით ან თაფლზე იოდის დაწვეთებით. თუმცა, ქიმიური ფანქრით ვგებულობთ მხოლოდ წყლის გადამეტებულ შემცველობას, ხოლო იოდით — ცარცის დანამატის არსებობას.

თაფლის ლაბორატორული შემოწმებისას ადგენენ მასში ყვავილის მტვრის არსებობას, გლუკოზის პროცენტულ შემადგენლობას და ა.შ.

თაფლის შეძენისას გაითვალისწინეთ რამოდენიმე რჩევა:

— ეცადეთ თაფლი შეიძინოთ უშუალოდ მეფუტკრისაგან ან თაფლის მომწოდებლისაგან, რომლებიც უფრთხილდებიან საკუთარ ან ფირმის სახელს და არ დაუშვებენ უხარისხო პროდუქტის შემოთავაზებას.

— საეჭვოდ უნდა მიიჩნიოთ მძაფრი არომატი, რომლითაც თაფლს გაწონებთ გამყიდველი და ამ დროს, იგი, როგორც წესი სინთეთიკური არომატიზატორებით მიღწეული შედეგია.

— იცოდეთ, რომ ზაფხულში ნაყიდი ახალი თაფლი თხევადი უნდა იყოს, ხოლო გვიან შემოდგომით ან ზამთარში ყიდვისას, ხარისხიანი თაფლიდაკრისტალებული იქნება (გარდა წაბლისა და თეთრი აკაციის)

— ფიჭიანი თაფლის ყიდვისას ნამდვილად გეცოდინებათ, რომ თაფლი ფუტკრის მიერ არის დამზადებული, თუმცა ამ შემთხვევაში არ ხართ დაზღვეული იმისაგან, რომ თაფლი, ფუტკრის მიერ შაქრის სიროპის გადამუშავებით არ არის დამზადებული.

— 1 ლიტრი თაფლის წონა 1,4-1,5 კგ-ს უდრის (სხვაობა დამოკიდებულია თაფლის შემადგენლობაზე ანუ მის სიმკვრივეზე). 3-ლიტრიან ქილაში თაფლის წონა დაახლოვებით 4,5 კილოგრამია.

თაფლის ნაირსახეობები

თაფლის გემო, ფერი და თვისებები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა სახის ყვავილებიდან არის შეგროვილი ნექტარი. მაისის თაფლი – შეგროვილია ადრე გაზაფხულზე, პირველად აყვავებული მცენარეებიდან. ზოგადად, ჯანმრთელობისთვის ითვლება ყველაზე სასარგებლოდ, რადგან გამოირჩევა დიდი რაოდენობით ვიტამინების შემცველობით

ცაცხვის თაფლი — თხევად მდგომარეობაში არის ბაცი ყვითელი. კრისტალიზირებული მოყვითალო-ნარინჯისფერი ან წაბლისფერი და წვრილმარცვლოვანი ხდება. მკვეთრი გემოთი ხასიათდება და ცოტა სიმწარეც დაკრავს. გარდა სხვა სასარგებლო თვისებების, გამოიყენება გაციებისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს.

წიწიბურას თაფლი — თხევად მდგომარეობაში მუქი ჩაის ფერია. კრისტალიზირებული ყავისფერი და მსხვილმარცვლოვანი ხდება, თავზე მომდგარი უფრო თხევადი ფენით. გემო მძაფრი აქვს, ოდნავ მსუსხავი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასა დ ჯანმრთელი ღვიძლის უებარი საშუალებაა.

აკაციის თაფლი — ბაცი ფერის, თითქმის მოთეთრო, ნაკლებად არომატული. დიდხანს არ შაქრდება. ყველა სხვა ნატურალურ ნექტაროვან თაფლზე მეტ საქაროზას შეიცავს. გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული საშუალება, აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკისათვის.

მზესუმზირის თაფლი – გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობისას და რადიონუკლიდების ორგანიზმიდან გამოდევნის მიზნით

მანანის (Calluna, Вереск, Wrzos) თაფლი — თხევად მდგომარეობაში არის მუქი წაბლისფერი და ჟელესმაგვარი. კრისტალიზირებული ნარინჯისფერი ან მუქი წაბლისფერი და წვრილმარცვლოვანი ხდება. ოდნავ მწკლარტე გემო დაჰკრავს. გამოიყენება შარდმდენი სისტემისა და პროსტატის მკურნალობისას.

 რაფსის (Rapeseed, Рапс, Rzepak) თაფლი — თხევად მდგომარეობაში მოჩალისფეროა. კრისტალიზირებული თეთრი ან კრემისფერი და წვრილმარცვლოვანი ხდება. ძალიან ტკბილია. ეს თაფლი ხასიათდება გლუკოზისა და ამინომჟავების განსაკუთრებით მაღალი შემცველობით. რეკომენდირებულია გულისა დ სისხლი მიმოქცევი პრობლემების მქონეთათვის.

წაბლის თაფლი – მუქი ყავისფერი, სპეციფიური მწარე გემოთი. დიდხანს არ შაქრდება. გამოირჩევა გამოხატული ბაქტერიციდული თვისებებით, ამიტომ გამოიყენება ანგინის დროს და ჭრილობების დამუშავებისათვის. იგი წარმატებით გამოიყენება კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს: ხელს უწყობს ნაღველის გამოყოფას, ეფექტურია კუჭის წყლულის მკურნალობისას. აგრეთვე, გამოიყენება არტერიული წნევის დასარეგულირებლად, თრომბოფლებიტის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, პროსტატიტის დროს.

ფათალოს თაფლი  – ivy, კახურად–სურო, ლიანაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში. იგი გვხვდება თითქმის ყველა რაიონში და თბილისის ქუჩებშიც. ყვავის გვიან შემოდგომით, გამოირჩევა თავისებური, ნაზი სურნელით და, შესაბამისად მისი ნექტრიდან დამზადებული თაფლიც განსაკუთრებული გემოსია.

თაფლის კიდევ უამრავი სახეობა არსებობს.

იმ ადგილებში, სადაც არ აღინიშნება ერთი სახის მცენარის ყვავილობა, ფუტკრები ნექტარს სხვადასხვა ყვავილებიდან აგროვებენ და სათანადოდ, თაფლი ითავსებს სხვადასხვა მცენარის სამკურნალო თვისებებს. ასეთ შემთხვევაში თაფლს მრავალყვავილოვანი ან ნაირყვავილოვანი ეწოდება. ასეთი თაფლი სასარგებლოა ყველასათვის, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება.

წყარო: www.bee.ge
რედაქცია: აგროკავკასია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2290 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1216 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB