რას წარმოადგენს ფუტკრის შხამი?
მუშა ფუტკრებს და დედა ფუტკარს გააჩნიათ თავდაცვის ორგანო – ნესტარი, რომელიც ესობა კანში და კაუჭების გამო მისი ამოღება საკმაოდ ძნელია, შხამის გამომუშავებელი ორი ჯირკვალი და შხამის რეზერვუარი. კბენისას ფუტკრის ნესტარი რჩება კანში, ხოლო თვითონ ფუტკარი იღუპება.
ფუტკრის შხამი – აპიტოქსინი (“Apis” – ფუტკარი, “toxin” – შხამი) – ფუტკრის დიდი და მცირე შხამიანი ჯირკვლის სეკრეტია. შხამის რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია ფუტკრის ასაკზე, საკვების ხარისხზე და წელიწადის დროზე.
15-20 დღის ასაკის ფუტკრის ჯირკვლებში 0,3 – 0,8 მგ. თხევადი შხამია. ახლად გამოჩეკილ ფუტკარს კბენა არ შეუძლია.
ფუტკრის შხამი კბენის ადგილზე იწვევს ძლიერ ტკივილს, სიწითლეს, შეშუპებას. მისი არსებობა ფუტკარს აძლევს ოჯახის დაცვის საშუალებას, თუმცა ამ დროს თვითონ გმირი – მცველი იღუპება.
ფუტკრის შხამის ფიზიკური თვისებები
ფუტკრის შხამი გამჭირვალე, ოდნავ მოყვითალო, წებოვანი სითხეა, მწარე გემოთი და ძლიერი სპეციფიური, თაფლის მსგავსი სუნით. კბენისას გავრცელებული შხამის სუნი, ააქტიურებს სხვა ფუტკრებს ბუდის დასაცავად.
рН უდრის 4,5—5,5 მის შემადგენლობაში 40%-მდე მშრალი ნივთიერებაა; ჰაერზე მალე მაგრდება, წყალში ადვილად იხსნება, შედარებით ძნელად – სპირტში.
წყალხსნარში მალე იშლება, ხოლო ცხიმის ფენის ქვეშ და გამომშრალ მდგომარეობაში რამდენიმე წელი ინარჩუნებს თავის თვისებებს.
115 გრადუსამდე გაცხელებისას ან გაყინვისას შხამი არ კარგავს თვისებებს, მდგრადია მჟავების და ტუტეების მიმართ, მაგრამ მგრძნობიარეა პეპსინის, რენინის და სხვა ფერმენტების მიმართ, ამიტომ კუჭში მოხვედრისას, კუჭის წვენის მოქმედებით ხდება მისი დაშლა.
ფუტკრის შხამის ქიმიური შემადგენლობა
ფუტკრის შხამი შეიცავს მინერალური ნივთიერებების, ამინომჟავებისა და ცილების კომპლექსს. ფუტკრის შხამის ძირითადი ტოქსიური ნივთიერებებია აპამინი და მელიტინი, რომლებიც შეადგენს მშრალი ნივთიერების მასის 50%-ს.
მელიტინი შედგება 12 ამინომჟავისაგან და მისი ტოქსიკური მოქმედება ვლინდება უჯრედების მემბრანის დაზიანებით. ადამიანზე მოქმედებისას იწვევს არტერიული წნევის დაწევას, გლუვი კუნთების შეკუმშვას; აფერხებს სისხლის შედედებას; გააჩნია ანტიბიოტიკური თვისებები.
ფუტკრის კბენისას შეგრძნება გამოწვწულია მელიტინის ნერვულ სისტემაზე, კუნთებზე, სისხლზე და სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებით. სისხლთან შეხებისას მალიტინი იწვევს ჰემოლიზს (ერითროციტების დაშლას). მელიტინი აფართოვებს სისხლძარღვებს, მას გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი თვისება, რის გამოც შეყვანის ადგილზე იწვევს ანთებით პროცესს.
აპამინი და მელიტინი იწვწვენ ნერვული სისტემის აგზნებადობის მომატებას. აპიტოქსინი, ისევე, როგორც სამედიცინო წურბელების ჰერუდინი, მაგრამ მეტი ეფექტით, იწვევს სისხლის გათხევადებას, რაც ფართოდ გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობაში.
ფუტკრის შხამის სხვა ცილები იწვევენ აგზნებადობის მომატებას, კრუნჩხვას, შლიან თრომბოციტებს.
ფუტკრის შხამის შემადგენლობაშია აგრეთვე:
ჰისტამინი (დაახლოვებით 1%), რომელიც აფართოვებს სისხლძარღვებს და იწვევს გლუვი კუნთების შეკუმშვას; ორი საკმაოდ აქტიური ფერმენტი: ფოსფოლიპაზა А და გიალურონიდაზა.
პირველი ფერმენტი შლის ქსოვილის უჯრედის ნივთიერებებს, რამაც შეიძლება უჯრედი დააზიანოს. გიალურონიდაზა აძლიერებს სისხლძარღვის კედლის გამტარიანობას, რაც ხელს უწყობს შხამის სწრაფ შეწოვას, ქსოვილებში შეღწევას და აძლიერებს მის ადგილობრივ მოქმედებას.
ფუტკრის შხამი – ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია; მცირე კონცენტრაციაშიც კი არ აძლევს მიკრობებს გამრავლების საშუალებას და ინარჩუნებს სტერილობას.
ზამთრის პერიოდში შხამის ტოქსიკური მოქმედება გარჩევით სუსტია, ვიდრე ზაფხულში. ფუტკრის შხამის ფერმენტების აქტივობა 30-ჯერ ძლიერია, ვიდრე გველის შხამის.
ფუტკრის შხამის მოპოვება
1 გრამი ფუტკრის შხამის მისაღებად საჭიროა 10 000 ფუტკარი. ფუტკრის შხამის დასამზადებლად იყენებენ სპეციალურ აპარატებს, რომლებშიც, ელექტროდენის მცირე იმპულსებით გაღიზიანებაზე საპასუხოდ, ფუტკრები გამოყოფენ შხამს, ამ დროს ნესტარი არ ზიანდება და ფუტკარი არ კვდება.
ფუტკრის ოჯახს შხამს, როგორც წესი ართმევენ ძირითადი ღალის დაწყებამდე, როდესაც ოჯახი ძლიერია და მასში უკვე მოხდა ზამთარგამოვლილი ფუტკრების ახლებით შეცვლა. გამომშრალი შხამი ინახება ბნელ, გრილ ადგილას და 7-8 წელი არ კარგავს თვისებებს.
ფუტკრის შხამის გამოყენებას გააჩნია უკუჩვენებები, მაგალითად ინდივიდუალური მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, ამიტომ მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ფუტკრის შხამის სამკურნალო თვისებები
ფუტკრის შხამი – ფართო სპექტრის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. მისი მოქმედების ეფექტის შეფასება ხდება მოქმედების პირობით ერთეულებში.
1 ასეთი ერთეული უდრის ერთი ფუტკრის კბენისას გამოსულ შხამის ოდენობას, ანუ დაახლოვებით 0, 1 მგ.
ფუტკრის შხამით მკურნალობა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში და დამკვიდრდა ოფიციალურ მედიცინაშიც.
ფუტკრის შხამის მოქმედება ძირითადად ვრცელდება ნერვულ და სისხლძარღვოვან და იმუნურ სისტემებზე.
ფუტკრის შხამს გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული (იგი სტერილურობას ინარჩუნებს 1 : 50 000 გაზავებისას), ანთების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი მოქმედება. აპიტოქსინით მკურნალობენ ჰიპერტონიას; იგი ამცირებს სისხლის შედედებას და ამიტომ იყენებენ თრომბოზების პროფილაქტიკისათვის; ამცირებს სისხლში ქოლესტერინის ოდენობას; აუმჯობესებს ჟანგვით-აღდგენით პროცესებს; ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განკურნებას.
ფუტკრის შხამი აფართოვებს თავის ტვინისა და კორონარულ სისხლძარღვებს (გამოიყენება პოსტინფარქტული სტენოკარდიის კუპირებისათვის); ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატებას და ერითროციტების დალექვის დროის (РОЭ) დაკლებას; ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას; ასტიმულირებს მიოკარდიუმს და არეგულირებს გულის რითმს.
დადებითად მოქმედებს აპიტოქსინი კუჭ-ნაწლავის სისტემაზე; იგი ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს ნაწლავთა ტონუსს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მადას.
ფუტკრის შხამი ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას; ააქტიურებს სისტემას თირკმელზედა ჯირკვალი – ჰიპოფიზი – ჰიპოთალამუსი, რის შედეგადაც მატულობს ორგანიზმის წინააღმდეგობა დაავადებების მიმართ და აპიტოქსინის სამკურნალო ეფექტი რევმატიული, ალერგიული და სხვა დაავადებების დროს ჰორმონალური პრეპარატების გამოყენების გარეშე.
მცირე დოზებით გამოყენებისას, ფუტკრის შხამი ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, ეფექტურია ბრონქული ასთმის მკურნალობისას.
ფუტკრის შხამის სამკურნალო დოზები ბევრად მცირეა, ვიდრე ტოქსიკუი; მისი სამკურნალო ეფექტი ვლინდება ჰომეოპათიური დოზების გამოყენებისაც.
ფუტკრის შხამით დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სამკურნალოდ (აპითერაპია) მალამოების სახით ან ელექტროფორეზის დროს სახსრების დაავადებებისას, მიოზეტიბის, რადიკულიტის, ნევრალგიების, ბრონქული ასთმის, შაკიკის და სხვა დაავადებების დროს.
ასეთებია, მაგალითად:
”ვარიკობინი” – ფუტკრის შხამზე დამზადებული კრემ-გელი, რომლის მთავარი მოქმედია მელიტინი, რომლის მოქმედება გაძლიერებულია მცენარეული ექსტრაქტებისა და ეთერზეთების დამატებით. გამოიყენება ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.
”რეუმობინი” – სამასაჟო კრემი, რომელსაც, მელიტინის წყალობით, გააჩნია გამახურებელი და დაღლილი კუნთისა და სახსრის აღმდგენი თვისებები. ფართოდ გამოიყენება სპორტსმენებში.
ფუტკრის შხამს იყენებენ, აგრეთვე ბუნებრივი ფუთკრის კბენით სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით.
ფუტკრის შხამის გამოყენების უკუჩვენებები
ფუტკრის შხამის გამოყენება შეუძლებელია მისი ინდივიდუალური აუტანლობის დროს, სისხლის დაავადებების და სისხლდენების დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეკომპენსაციის. ღვიძლის დაავადებების, კუჭქვეშა ჯირკვლის და თირკმელების დაავადებების დროს, მწვავე ინფექციური დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
ფუტკრის შხამის მცირე დოზები, როგორც წესი არ იწვევს ორგანიზმზე შესამჩნევ უარყოფით მოქმედებას, ხოლო დიდმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიონ ადგილობრივი ან ზოგადი შეშუპება, თავბრუსხვევა, კანის გაწითლება ან გალურჯება, სუნთქვის გაძნელება და შოკური მდგომარეობა.
ფუტკრის შხამის ხშირი შეყვანისას, მაგალითად მეფუტკრეებში, ორგანიზმში ხდება ანტისხეულების გამომუშავება და შხამის მოქმედების ეფექტი აღარ ვლინდება. ასეთ ადამიანებში აღინიშნება აგრეტვე ორგანიზმის მდგრადობა მრავალი ინფექციური დაავადების მიმართ.
იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება რამოდენიმე ათეული კბენა, ზოგ შემთხვევაში – რამოდენიმე წელი, ხოლო ხანდახან საერთოდ არ გამომუშავდება. ზამთრის პერიოდში იმუნიტეტი ოდნავ კლებულობს, ხოლო ხანგრძლივი დროის განმავლობაში შხამის გარეშე დარჩენისას, შესაძლოა გაქრეს.
ადამიანზე ფუტკრის შხამის მოქმედება
ფუტკარი კბენს ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ მისგან საშიშროებას გრძნობს. არ უყვართ ფუტკრებს, როდესაც მათ აწუხებენ (სკის დათვალიერება) გვიან საღამოს ან ცივ, ქარიან, წვიმიან ამინდში. ფუტკრები ღიზიანდებიან სწრაფ, მკვეთრ მოძრაობებზე, მზაფრ სუნზე (სუნამო, ხახვი, ნიორი, ალკოჰოლი). მათი დასამშვიდებლად კარგ ეფექტს იძლევა ხელებზე ლიმნის ან პიტნის წასმა.
ფუტკრის შხამის მოქმედება ადამიანზე ინდივიდუალურად განსხვავდება. ზოგი უმტკივნეულოდ იტანს მრავალ კბენას, ზოგს კი ერთზეც კი უვითარდება ძლიერი რეაქცია.
ჩვეულებრივ, ადამიანი კარგად იტანს 5-10 კბენას. ამ შემთხვევაში ვითარდება ადგილობრივი რეაქცია, რომელიც გამოიხატება მწვავე ტკივილში, ნაკბენის ადგილის ირგვლივ სიწითლეში, შეშუპებაში, ადგილობრივად ტემპერატურის 2-3°С -ით მომატებაში. განსაკუთრებით მტკივნეულია ნაკბენი ყურის, ცხვირისმიდამოებში, თითების ბალიშებზე. საშიშია კბენა თვალში, პირის ღრუში, სასაში.
ერთდროულად 100-300 კბენის შემთხვევაში (20-60 მგ. შხამი), ვითარდება ორგანიზმის ზოგადი მოწამვლა – მატულობს ტემპერატურა, ხშირდება სუნთქვა და გულს ცემა, შესაძლოა კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შემცივნება. მძიმე შემთხვევაში შესაძლოა გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, კომატოზური მდგომარეობა.
მომატებული მგრძნობელობა ფუტკრის შხამის მიმართ აღინიშნება 0,5-2% – ში.
ლიტერატურაში აღწერილია ადამიანის 800-1000 ფუტკრით დაკბენის შემთხვევები, როდესაც არ ყოფილა მძიმე შედეგი, თუმცა მომატებული მგრძნობელობის დროს ერთი ფუტკრის კბენაც საკმარისია სავალალო შედეგის განვითარებისათვის.
პირველადი დახმარება ფუტკრის კბენისას
ფუტკრის კბენის შემთხვევაში აუცილებელი მაქსიმალურად სწრაფად იქნას ამოღებული ნესტარი, რათა შეჩერდეს შხამის შესვლა ორგანიზმში. ამის გაკეთება შეიძლება პინცეტით, დანის პირით ან სხვ. კბენის ადგილი უნდა დამუშავდეს ცივი წყლით და შემდეგ, წყალბადის ზეჟანგით, კალენდულის ნაყენით ან სპირტით. შხამის შეწოვის შესაჩერებლად, კარგია ყინულის დადება.
სასურველია დაზარალებულმა მიიღოს საგულე წვეთები, დიმედროლი, სუპრასტინი ან სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატი და დიდი რაოდენობით სითხე.
წყარო: bee.ge; სტილი დაცულია