საქართველოში უკანასკნელი 20-35 წლის მანძილზე ინტენსიურ მეურნეობებში და ბუნებრივ საძოვრებზე მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკოლოგიური სიტუაცია.
ქიმიური სასუქების, პესტიციდების ინტენსიურმა გამოყენებამ, ნიადაგების ხშირმა და არასწორად დამუშავებამ, საძოვრებზე არამდგრადმა ძოვებამ, წყლისმიერმა და ქარისმიერმა ეროზიებმა და სხვა, განაპირობა ნიადაგის ფიზიკური და ბიოლოგიური დეგრადაცია და გარემოს ქიმიური დაბინძურება.
ნიადაგზე ზემოქმედების შედეგად დაირღვა მისი სტრუქტურა, დაქვეითდა ჰუმუსისა და საკვებ ნივთიერებათა შემცველობა, წარმოიქმნა სახნავი ზოლის ქვედა გამკვრივებული ფენა, გაუარესდა ნიადაგის ფიზიკური თვისებები – წყალგამტარობა, ტენტევადობა, აერაცია და სხვა. დადგენილია, რომ ასეთი სახის დეგრადირებულ – “გადაღლილ” ნიადაგებზე მოსავლიანობა დაქვეითებულია საშუალოდ 55-65%-ით.
ნიადაგების დეგრადაცია არის უარყოფითი პროცესი, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვილ ორგანულ ნივთიერებებს- ჰუმუსს, რის შედეგადაც ნიადაგი განიცდის ნაყოფიერების დაკარგვას, დეგრადაციას და მისი ეკონომიკური ღირებულება დაცემულია სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად.
ნიადაგების დეგრადაცია ძირითადად არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგია და არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. ამ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი საფრთხეს უქმნის დედამიწის მოსახლეობას საკვებით უზრუნველყოფაში და ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
ნიადაგების დეგრადაციის ძირითადი მიზეზებია:
→ მოსახლეობის ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივირების ნაკლებობა;
→ სოფლის მეურნეობის წარმოების საკითხებში ნაკლები ინფორმირებულობა;
→ სიღარიბე;
→ მდგრადი ორგანული სოფლის მეურნეობის ნაკლები განვითარება და სხვა.
საძოვრებისა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვის, უკონტროლო ძოვების, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის არასწორი მშენებლობის, დასახლებების ქაოტური მშენებლობებისა და სხვა ფაქტორების შედეგად ყოველწლიურად ნიადაგების უზარმაზარი ტერიტორიები განიცდიან ეროზიასა და დეგრადაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიწის სწორად მართვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი წარმოადგენს საზოგადოების გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური განვითარების საფუძველს.
არსებობს ნიადაგების დეგრადაციის ხელმშემწყობი ფაქტორები, რომლის გააქტიურებასაც (როგორც ბუნებრივად, ისე ანთროპოგენურად) უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთი ფაქტორებია:
– ადგილის რელიეფი, რელიეფი განაპირობებს დეგრადაციის ხარისხს და მის ინტენსივობას. ნიადაგის ნაყოფიერი ფენისათვის ერთ-ერთი საშიში პროცესი ეროზია დიდად არის დამოკიდებული რელიეფის დახრილობასა და დანაწევრების ხარისხზე;
– კლიმატი, ნიადაგის დეგრადაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ატმოსფერული ნალექები, ჰაერის ტემპერატურა და ქარი სხვა ფაქტორებთან ერთად (რელიეფი, მცენარეული საფარი, ნიადაგების შედგენილობა და სხვა) გადამწყვეტ როლს თამაშობს ნიადაგის ეროზიის განვითარებაში;
– მცენარეული საფარი. რელიეფთან და კლიმატთან ერთად ნიადაგის დეგრადაციის პროცესის ინტენსივობა ბევრად არის დამოკიდებული მცენარეულ საფარზე. მცენარეული საფარი იცავს ნიადაგს ზედაპირული ჩამონადენისა და ქარისმიერი ეროზიის ზემოქმედებისაგან;
– ნიადაგების შემადგენლობა, მდგრადობა არის ნიადაგის უნარი გაუძლოს მის ზედაპირზე სხვადასხვა ფაქტორის უარყოფით ზემოქმედებას. ნიადაგების მდგრადობის ხარისხი დამოკიდებულია მის მექანიკურ და აგრეგატულ მდგომარეობაზე, ფიზიკურ, ბიოლოგიურ და ქიმიურ თავისებურებებზე. ეროზიის მიმართ ნიადაგების მდგრადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აგრეთვე ნიადაგში არსებული ჰუმუსის რაოდენობაზე, კარბონატებისა და კათიონების შემცველობაზე;
– ნიადაგის არასწორი ექსპლოატაცია – მოხმარება, მისი არასწორი გამოყენება დეგრადაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ნიადაგის დეგრადაციის შესუსტების ან სრული შეწყვეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიადაგის დამუშავებისა და გამოყენების სწორი რეგულირება.
ამჟამად, როგორც წესი მოსახლეობის მიერ სათანადო ყურადღება არ ექცევა ნიადაგის დეგრადაციისაგან დაცვის ტრადიციულ და ეფექტურ ხერხებს, როგორიცაა თესლბრუნვა, ნაკვეთმონაცვლეობა, სხვადასხვა კულტურების შეთესვა, ნიადაგის სწორად დამუშავება, სასუქების არაგეგმაზომიერი და არასწორი გამოყენება, ორგანული სასუქების გამოყენების დეფიციტი, ქარსაცავი ზოლების გაჩეხვა, არასწორი ძოვება, მინდვრების გადაწვა და სხვა.
ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა
იხილეთ აგრეთვე: ნიადაგის დეგრადაცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები